2023 წლის "თბილისობა" 3 მილიონ ლარზე მეტი ჯდება

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მიმდინარე წელს დედაქალაქში მერია "თბილისობის" დღესასწაულის გრანდიოზულად აღნიშვნას გეგმავს. 30 სექტემბერსა და 1 ოქტომბერს ღონისძიებები გაიმართება ორბელიანის მოედანზე, რიყის პარკში და სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში.

მერიას 3 140 175 ლარის მომსახურების შეძენა ტენდერის გარეშე სურს.

"ღონისძიებების სპეციფიკიდან გამომდინარე, დაგეგმილ აქტივობათა უმრავლესობა საავტორო ნამუშევრებს წარმოადგენს. ამასთან, ზემოაღნიშნული აქტივობების მიმდინარეობის პარალელურად, იკვეთება კვალიფიციურ შემსრულებლებთან თანამშრომლობის საკითხები, რაც თავის მხრივ, დროში შეზღუდვას იწვევს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო შესყიდვის წინასწარ დაგეგმვა", - ასე ასაბუთებს მერია საჭირო მომსახურების ტენდერის გარეშე შეძენას.

შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია, რომ "თბილისობის" დღესასწაულზე დაგეგმილია: სხვადასხვა ჟანრის კონცერტები, ელექტრონული ლაივშოუები, თეატრალური წარმოდგენები/პერფორმანსები, საუბრები ეზოებში. გარდა ამისა, მოეწყობა საბავშვო-გასართობი აქტივობები, სამეწარმეო და კვების სივრცეები, გასტრონომიული ზონები, ტკბილეულის ფესტივალი, გამოფენა-გაყიდვა "თბილისური მრავალფეროვნება" და "გაუსინჯე თბილისს გემო/Taste Tbilisi". ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდება საზეიმო კონცერტი - გაიმართება თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია და გათამაშდება მიუზიკლი "და, აი, ჩვენ აქ ვართ - მამა მია!".