„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ელექტროხაზის დაერთება მოხდა თვითნებურად “- კალაძე წყნეთის ტრაგედიაზე

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დედაქალაქის მერმა, ტრაგიკულად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა და მთავრობის წევრებთან ერთად, გარდაცვლილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.

როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, დასასვენებელ პავილიონში, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, ელექტროხაზი თვითნებურად იყო დაერთებული, რომელზეც მუნიციპალიტეტის მხრიდან არანაირი ნებართვა გაცემული არ ყოფილა.

ძალიან მძიმე ტრაგედია მოხდა. მთელი გულით ვუსამძიმრებ მოზარდის ოჯახს, რომელიც ორი დღის წინ უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. ძალიან რთულია ამ ყველაფერზე საუბარი და სიტყვების მოძებნაც კი. მინდა, მივუსამძიმრო მის ოჯახს, ახლობლებს, ნათესავებს, მეგობრებს.

პირველადი მონაცემებით, ბავშვის გარდაცვალების მიზეზად სახელდება ფანჩატურში კუსტარულად დამონტაჟებული ელექტრომოწყობილობა. ყველამ
უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერი კუსტარული დაერთება არის უკანონობა. არავის აქვს უფლება, შესაბამისი ნებართვისა და სპეციალისტების ჩართულობის გარეშე, მსგავსი ტიპის სამუშაო აწარმოოს. არ მინდა წინასწარ რაიმე განცხადება გავაკეთო. რასაკვირველია, გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს. 

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ აღნიშნულ დასასვენებელ პავილიონში ელექტროხაზის დაერთებაზე მუნიციპალიტეტის მხრიდან არანაირი ნებართვა გაცემული არ ყოფილა - მისი დაერთება მოხდა თვითნებურად. 

ასევე, ხაზს ვუსვამ იმ ფაქტს, რომ მერიის მიერ მოწყობილ ფანჩატურებში, გარდა რამდენიმე საქალაქო მნიშვნელობის პარკისა, არ არის დამონტაჟებული ელექტროგაყვანილობები.

ზოგიერთ მედიასაშუალებაში არასწორი, დამახინჯებული ინფორმაცია გავრცელდა, რომ თითქოს, ტრაგიკული შემთხვევა უკავშირდება ვაკის რაიონის გამგეობის მიერ დაწყებულ გამწვანების სამუშაოებს. ეს არის სრული სიცრუე და ცილისწამება. ამ დიდი ტრაგედიის ფონზე, ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაცია უადგილო და ძალიან უხერხულია. მოვუწოდებთ და ვთხოვთ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, ნუ შეუწყობთ ხელს ტყუილების ტირაჟირებას და დეზინფორმაციის გავრცელებას ამ ტრაგედიის ფონზე. ნურავინ შეეცდება პოლიტიკური ქულების ჩაწერას, ამ უბედურების გამოყენებით“, - აღნიშნა კალაძემ.

 

შეგახსენებთ: წყნეთში, დენის დარტყმის შედეგად დაღუპული მოზარდი  ახალგაზრდა კალათბურთელი დათუნა ჟღენტია. უბედური შემთხვევა   10 ივლისს მოხდა. სკვერში, ახლადმოწყობილ ფარდულში მოზარდები თამაშობდნენ, ერთერთ მათგანს კი დენმა დაარტყა, მის გადარჩენას თანატოლები და ადგილობრივები ცდილობდნენ თუმცა ბიჭი სასწრაფო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა.