მკაცრდება თუ არა კონტროლი ქუჩის მხატვრობაზე და რა შემთხვევაში ჯარიმდებიან ადამიანები

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ქუჩის მხატვრობა საქართველოში ძალიან გავრცელებულია. არსებობს ნახატები, რომლებზეც გაცემულია ნებართვა შენობა-ნაგებობის მფლობელის ან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს მიერ, მაგრამ ქუჩის თვითნებური მოხატვა, საქართველოს კოდექსის 150-ე მუხლის მიხედვით, ფასდება, როგორც ვანდალიზმი და ჯარიმდება 1000 ლარით, მაგრამ მიუხედავად ამისა, დედაქალაქში მაინც მუდმივად გვხვდება ძეგლებზე, ვიტრინებზე, შენობებზე და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე წარწერები, ნახატები და სიმბოლოები.

რატომ ვდგავართ იგივე პრობლემის წინაშე, როცა კანონი მოქმედებს? „ვერსია“ ამ საკითხის გასარკვევად დაუკავშირდა თბილისის მერიას:

- ვანდალიზმის ფაქტები კონტროლდება. ადამიანის იდენტიფიცირება ხდება მაშინ, როდესაც ჩანს ვიდეოკამერებში და ჯარიმდება 1000 ლარით, მაგრამ თუ მოქალაქე არც ჩანაწერებში ჩანს და არც ფაქტის თვითმხილველი გვყავს, მაშინ მისი პოვნა რთულია.

- იგეგმება თუ არა კონტროლის გამკაცრება?

- კანონი, რომელიც ახლა მოქმედებს არაა ლმობიერი და არც 1000 ლარია ცოტა, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ რთულია ამ კანონის აღსრულება, რადგან დედაქალაქში ყველგან კამერები ვერ დაყენდება. მათ გარეშე კი თითქმის შეუძლებელია ადამიანის პოვნა და დაჯარიმება.

- როდის და როგორ ხდება მერიის რეაგირება აღნიშნულ ფაქტებზე?

- მერია ვანდალიზმზე ყოველთვის რეაგირებს. თუ ასეთი ფაქტი ხდება რომელიმე სკვერში, ან ისეთ ადგილას, სადაც შესაძლებელია ვიდეოჩანაწერების ამოღება, მაშინ ის ეგზავნება შესაბამის ორგანოს, რომელიც აღასრულებს კანონს.

- როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა?

- მხოლოდ მერია ვერ მოაგვარებს ამ პრობლემას. ვანდალიზმს ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ. ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობადობის ამაღლება და მოქალაქეების აქტიურობა.

- იგეგმება თუ არა წარწერებითა და ნახატებით დაზიანებული კედლების რეაბილიტაცია?

- დიახ, შეიქმნა აპლიკაცია „ფიქს თბილისი“, რომლის დახმარებითაც მერიისთვის უფრო მარტივია თბილისის ფარგლებში დაზიანებული ადგილების მოძებნა. ამ აპლიკაციის გადმოწერა შეუძლი ყველა მოქალაქეს, რომლებსაც აქვთ საშუალება აპლიკაციაში განათავსონ თბილისში მდებარე დაზიანებული ადგილების ფოტოები. ეს ყველაფერი ეგზავნება მერიას, რომელსაც აუცილებლად აქვს რეაგირება. რეაბილიტაციის დასრულებისას, მოქალაქე, რომელმაც განათავსა ფოტო, იღებს ინფორმაციას.

ჯარიმდებიან ადამიანები, რომელთა იდენტიფიცირებაც ხერხდება, პრობლემად კი რჩება ისეთი ადგილები, სადაც კამერები არ აყენია. ხალხის ნაწილი არღვევს კანონს და ამისთვის ჯარიმას არ იხდის, რის გამოც ისევ იგივე პრობლემას ვაწყდებით.

ავტორი: მარიამ ჯიღაურიშვილი