„ქვეყანას ხორცმეტებისგან ვასუფთავებთ და ჯილდო უნდა მოგვცეთ!“

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ცნობილი მშობლების შვილებმა თბილისში ორი „ბარიგა“ მოკლეს

იშვიათად, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ოჯახის წევრების გარდა, გარდაცვლილი ადამიანი არავის ეცოდება. მაგალითად, სერიული მკვლელი, არასრულწლოვნებზე მოძალადე, ნარკოდილერი... ისე, „ბარიგა“, რომელსაც ლამაზი სიტყვა, „ნარკოდილერი“ უწოდეს, სერიულ მკვლელთან უნდა იგივდებოდეს. ეგებ, ნარკოტიკის თითოეულ გამყიდველს ყველაზე ცნობილ სერიულ მკვლელზე მეტი მსხვერპლი აწევს კისერზე?! ალბათ, ამიტომაც იყო, ხუთიოდე წლის წინ, თბილისში მომხდარი მკვლელობა საინფორმაციოებმა ჩვეულებრივ ამბად რომ აღიქვეს და შემდეგ ეს თემა ყველამ დაივიწყა. მიზეზი რამდენიმე გახლდათ და მათგან უმთავრესი ის იყო, რომ გარდაცვლილის პროფესია სამართალდამცავებმა მალე გაარკვიეს, ის ჩვეულებრივზე ჩვეულებრვი „ბარიგა“ გახლდათ, ოჯახმაც ბოლომდე ვეღარ თუ აღარ იბრძოლა, რადგან სოციალურ ქსელში ამ მკვლელობას არაერთი აგრესიულად გამოეხმაურა, კარგია რომ მოკლეს, რაც მაგან ახალგაზრდები დაღუპაო და... ნაგავს რაც უფრო მეტად გაქექავ, მით მეტი სიმყრალე იგრძნობა, ამიტომ ოჯახი გაჩერდა და გაჩუმდა. სამაგიეროდ, ძალოვნები არ გაჩერდნენ და ძიება ყველა მიმართულებით დაიწყეს.

 

ნელ-ნელა ძალოვნებმა იმის გარკვევა დაიწყეს, რომ ნარკოდილერი საკმაოდ პოპულარული იყო კლუბური ნარკოტიკების მოყვარულთა შორის. მძიმე ნარკოტიკს იშვიათად ჰყიდიდა, მაგრამ არა - დაფასოებულსა და „ჩეკებით“, არამედ - დიდ პარტიას, მაგალითად, 100 გრამს ერთად და დიდ კუშსაც იღებდა. თურმე, ის მუდმივად იმეორებდა, მძიმე ნარკოტიკზე რომ დამიჭირონ, ციხეში ამომალპობენ, კლუბურზე კი თავს როგორმე დავიძვრენო. აქედან დასკვნა - მძიმე ნარკოტიკს მხოლოდ ისეთ ადამიანებზე ჰყიდიდა, ვისაც ბოლომდე ენდობოდა და ჩავარდნის არ ეშინოდა, თორემ უცხოს რომ ეთქვა, მაგალითად, კოკაინი მინდაო, ისეთ ამბავს დააწევდა, უპატიოსნესი კაცი გეგონებოდათ. ასე იყო თუ ისე, ეს „უპატიოსნესი“ კაცი ახლა მორგში იწვა და სამართალდამცავები თავს იმტვრევდნენ, ვის შეიძლებოდა გაემეტებინა სასიკვდილოდ. შეიძლება, მსურველი ბევრი იყო, მაგრამ იმ ბევრში ნამდვილი მკვლელის პოვნა გაჭირდებოდა.

ძალოვნები მალე გამოუტყდნენ ერთმანეთს, რომ ბარიგის მკვლელის მოძებნა მხოლოდ იმისთვის იყო საჭირო, საქმე გახსნილად ჩათვლოდათ, თორემ მის გარდაცვალებას დიდად არავინ დარდობდა და არავინ ვიშვიშებდა, ვაი, ეს რა დაგვემართაო. ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც მომხდარიდან ორიოდე კვირაში, კიდევ ერთი, ახლა უკვე „ბარიგობისთვის“ წარსულში ნასამართლევი კაცი მოკლეს. თათბირზე გამოითქვა ვერსია, რომ ვიღაც ნარკოდილერებს დაერია და ეს, ერთი მხრივ, არ იყო ცუდი ამბავი (რა თქმა უნდა, ეს ხუმრობით თქვეს, მაგრამ გულის სიღრმეში, ეგებ, ასეც ფიქრობდნენ), თუმცა მეორე მხრივ, ვიღაცას ქუჩა-ქუჩა ევლო და ხალხი ეხოცა, არ გამოვიდოდა. ამიტომ, საქმეს მთელი სერიოზულობით მოეკიდნენ და გაკითხვები ნარკოდამოკიდებულებში დაიწყეს. არავინ არაფერი იცოდა და რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, „ბარიგების“ სიკვდილი მათ ძალიან უხაროდათ, მეტის ღირსები არიან, ეგენი რატომ უნდა ცოცხლობდნენო და რეალურად, რომ არა ნარკოტიკების გამსაღებლები, ნარკოდამოკიდებული ადამიანები, უბრალოდ, არ იქნებოდნენ.

მოკლედ, ასე იყო თუ ისე, ძალოვნებს დანაშაული აუცილებლად უნდა გაეხსნათ და აგენტურული ქსელი ბოლომდე აამუშავეს. მოპოვებულ ინფორმაციებს ერთმანეთს ადარებდნენ, ცდილობდნენ, რაღაც კანონზომიერება ეპოვათ, თორემ იმდენი ჭორ-მართალი აიზილა ერთმანეთში, თავსა და ბოლოს ვერ იგებდნენ, თანაც ინფორმატორთა უმრავლესობა ნარკოდამოკიდებული იყო და ამტკიცებდა, ჩემი ყურით მოვისმინეო, მაგრამ თუ მოსმენის დროს თრობის ქვეშ იყო, შესაძლოა, საერთოდაც არაფერი ჰქონდა მოსმენილი და უბრალოდ, საკუთარ ფანტაზიებს უზიარებდა გამოძიებას.

გამოძიება ჩიხში შევიდა. არაფერი ჰქონდა ხელჩასაჭიდი და ერთადერთი სამხილი, რომელიც დანაშაულის ადგილზე იპოვა და არ ახმაურებდა, ხელნაკეთი „ბრელოკი“ იყო, რომელზეც ერთ მხარეს გულის ფორმა იყო ამოტვიფრული, მეორე მხარეს - ლომის. ხელნაკეთ ნივთებს საქართველოში, ვისაც არ ეზარება, ვყელა აკეთებს, ყველას საკუთარი გვერდი აქვს სოციალურ ქსელში, ყველა ხარისხზე დებს თავს. სინამდვილეში, ხელნაკეთი ნივთების 95%-ზე მეტი, უბრალოდ, იაფფასიანი ბიჟუტერიაა, მათგან ნივთების შექმნა ინტერნეტში ისწავლება, ვიღაცები სწავლობენ, ითვისებენ და თავი „პროფესორებად“ მოაქვთ. მოკლედ, „ბრელოკის“ გამკეთებელ-დამამზადებელი მალე იპოვეს, ნივთებს სოციალური ქსელით ჰყიდიდა და ისიც თქვა, ლომი ზოდიაქოს ნიშნის აღმნიშვნელია, გული - სიყვარულის და მარტივად იყიდება, 10 ლარს ვაფასებო. მას არ ახსოვდა, ვის მიჰყიდა კონკრეტულად ეს ლომი, რადგან ზოდიაქოს ამ ნიშნით, დაახლოებით, ათი ცალი ჰქონდა გაყიდული, თუმცა გამომძიებლებს არ დაეზარათ და ათივე გადაამოწმეს. პრაქტიკულად, ყველა მყიდველი გოგონა იყო, სავარაუდოდ, ან თავისთვის უნდოდათ, ან შეყვარებულებს აჩუქეს და ყველა გოგონას გამოკითხვამ ორი დღე წაიღო. ოთხს „ბრელოკი“ თავად ჰქონდა დატოვებული, ექვსს - გაჩუქებული და ახლა ამ ექვსეულის შესწავლა დაიწყეს. საეჭვო არავინ მოეჩვენათ, თუმცა ერთ-ერთი მათგანი, ცნობილი მამის არანაკლებ ცნობილი შვილი, ღამის კლუბების ხშირი სტუმარი იყო და სამართალდამცავებს „მოსაშარდად“ და ნარკოტიკებზე გადასამოწმებლად, მხოლოდ მამის ხათრით არ დაჰყავდათ. მას თვალთვალი დაუწყეს.

მალე გაირკვა, რომ ბიჭი დროს სამ მეგობართან ერთად ატარებდა. ისინიც ცნობილი მამების შვილები იყვნენ, ისინიც ღამის კლუბებს სტუმრობდნენ და მათზეც იყო ინფორმაცია, რომ ნარკოტიკებს არცთუ იშვიათად იღებდნენ. შეეძლოთ მათ „ბარიგების“ მოკვლა? რა თქმა უნდა, შეეძლოთ, მაგრამ რატომ, ან რისთვის? ფული მათთვის პრობლემა არ იყო, არც ის იყო პრობლემა, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ გადაადგილებულიყვნენ და რაღატომ უნდა გაერისკათ? ანუ იყო შესაძლებლობა, მაგრამ არ იყო მოტივი. არადა, მოტივი გამოძიებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტიორია - არის მოტივი, არის დანაშაული. მოტივის გარეშე კი, დანაშაულის დამტკიცება, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია. ამის მიუხედავად, ოთხეულზე თვალთვალი გრძელდებოდა და ამან თავისი შედეგი მოიტანა...

დაახლოებით, ათი დღის შემდეგ, ბიჭებმა კიდევ ერთ „ბარიგას“ დიდი პარტია ნარკოტიკი შეუკვეთეს და შეხვედრა მიყრუებულ ადგილზე დაუნიშნეს. სატელეფონო საუბრის მოსმენის შემედეგ, იმ ადგილზე პოლიციამ ჩასაფრება მოაწყო. ნარკოდილერი შეხვედრაზე მარტო მივიდა, ავტომობილიდან თამამად გადმოვიდა და როცა ოთხეულის ხელში დანები დაინახა, ცოტა დაფრთხა, შემდეგ ნარკოტიკი მათ წინ დააგდო და რაც შეეძლო, მშვიდად უთხრა - „თქვენი იყოს, მაგრამ იცოდეთ, ამ წამლის უკან ძალიან სერიოზული ხალხი დგას და ჩემს „გადაგდებას“ არ გაპატიებენო“. ბიჭებს ჩაეცინათ და ის იყო, „ბარიგა“ დანებით უნდა აეკუწათ, მათ თვალი პროჟექტორების სინათლემ მოსჭრა და სირენების გამაყრუებელი ხმაც გაისმა. ბიჭებმა დანები დაყარეს და ხელები აწიეს, „ბარიგას“ კი სახეზე ენით აღუწერელი სიხარული ეხატა. ის წამალზე ჩავარდა, მაგრამ სამაგიეროდ, გადარჩა. ოთხივე დაკავებული ცალ-ცალკე კამერებში განათავსეს და ცალ-ცალკე დაკითხეს. გამომძიებლებს ეგონათ, რომ ეჭვმიტანილები დუმილს შეინარჩუნებდნენ, გავლენიანი მამების ზარებს დაელოდებოდნენ, მაგრამ ოთხივე ერთდროულად ალაპარაკდა და ყველა ერთსა და იმავე ისტორიას ჰყვებოდა.

„ჰო, ის ორი ბარიგა ჩვენ მოვკალით და გაჩერებას არ ვაპირებდით. ჩვენ საქართველოს სანიტრები გავხდით, ქვეყანას ხორცმეტებისგან ვასუფთავებთ და დაკავების ნაცვლად, ჯილდო უნდა მოგვცეთ. აქედან გაგვიშვით და დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანის შესაძლებლობა მოგვეცით. სხვაგვარად, საქართველოს ახალგაზრდობას ნარკოტიკი დაღუპავს“, - ამბობდნენ დაკავებულები.

მათივე მონათხრობის მიხედვით, „ბარიგებს“ დიდი ოდენობით ნარკოტიკს უკვეთავდნენ, ისინიც მარტივად ენდობოდნენ, რადგან ზუსტად იცოდნენ, ვინ იყვნენ მათი მამები და ისიც იცოდნენ, რომ ბიჭებისთვის ფული პრობლემა არ იქნებოდა. ამიტომ, დანიშნულების ადგილზე თამამად მიდიოდნენ, იქ კი ხვდებოდნენ, რომ განწირულები იყვნენ. საქმე მალე შეიკრა და სასამართლოს გადაეცა, თუმცა გადაეცა ისე, რომ ხმაური არ ატყდა, დაზარალებული მხარე ჟურნალისტებს არ ეძახდა, ვერ ამხელდნენ, რომ „ბარიგების“ ნათესავები იყვნენ, ეგ კი არა და, სასამართლო პროცესებზე სიარულსაც გაურბოდნენ. საბოლოო ჯამში, სასამართლომ ოთხივეს ერთნაირი სასჯელი - 7-7 წელის მისცა, რაც განზრახ, ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობისთვის ზედმეტად მსუბუქი სასჯელი იყო, თუმცა თავისი როლი მამების გავლენებმაც შეასრულეს და იმანაც, ვინ იყვნენ გარდაცვლილები. ცოცხლად დარჩენილ „ბარიგას“ დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გასაღებისთვის, 20-წლიანი „სროკი“ აჰკიდეს.

აქ მარტივად შეიძლებოდა წერტილის დასმა, მაგრამ... სასჯელის ნახევრის მოხდის შემდეგ, ოთხეული გაათავისუფლეს, თუმცა ოთხივემ კატეგორიული გაფრთხილება მიიღო, რომ „ბარიგებზე“ გამოცხადებული ნადირობის სეზონი უნდა დასრულებულიყო და... ალბათ, დასრულდა კიდეც, რადგან მას შემდეგ, ანალოგიური დანაშაულის შემთხვევა აღარ გვქონია.