გოგებაშვილზე მომხდარი მკვლელობის უცნობი და ექსკლუზიური დეტალები

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

როგორც ოპოზიციური სატელევიზიო არხები გვიმტკიცებენ, საქართველოში კრიმინალმა იმატა. არადა, შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ტელევიზიებს შესაძლებლობა აქვთ, გამოითხოვონ ოფიციალური მონაცემები და დარწმუნდებიან, რომ მათი ინფორმაცია მცდარია. დანაშაული არ გაზრდილა, მაგრამ როდის იყო, ჩვენში ვინმეს სიმართლე აინტერესებდა. აბა, სად ის, რომ ჟურნალისტი ბედნიერი სახით გეტყვის, დანაშაულმა იკლო, მშვიდად იყავით, ხალხოო და სად ის, რომ შეწუხებული, შეშფოთებული სახითა და ხმით გამცნობს, საქართველო 20-იანი წლების ჩიკაგო გახდა, კრიმინალმა იმ დონეზე იმატა, ქუჩაში გასვლა სახიფათოა, განსაკუთრებით, ღამის საათებშიო. მერე გაიხედავ და სწორედ ეს ჟურნალისტი, მეგობრებთან ერთად, სწორედ ღამის საათებში, რომელიმე კლუბს თავზე იმხობს და ზუსტად იცის, რომ შინ მშვიდად მივა...

 

რაც შეეხება 20-იანი წლების ჩიკაგოს, გარჩევები ამ ქალაქის ქუჩებში მართლაც ხდებოდა და ყველაფერი ალ კაპონეს სახელს უკავშირდებოდა - იტალიელი მაფიოზის, რომლისთვისაც პრობლემის გადაწყვეტის საუკეთესო გზა, ამ პრობლემის მოშორება ანუ კონკურენტების მოკვლა იყო. ამიტომ, მისი „ქილერები“ ბოსის დავალებას სიამოვნებით ასრულებდნენ - ქუჩაშიც კლავდნენ, რესტორანშიც, სადალაქოშიც და ავტომობილშიც.

სამწუხაროდ, საქართველოში „ქუჩური გარჩევები“ არცთუ იშვიათად გვახსენებს თავს. ამას წინათ დავწერეთ, რომ ერთი შეხედვით, „უმიზეზო მკვლელობები“ ჩვენთან, წელიწადში ერთხელ მაინც ხდება. ვითომ არაფერი, ვიღაცამ ვიღაცას ესროლა და მთელი სამეზობლო თუ სამეგობრო ამტკიცებს, არ იყო ცუდი ბიჭი, ყველას უყვარდა, ყველას ეხმარებოდაო. სინამდვილეში, ყველაფერი ეს, ავბედითი 90-იანების გამოძახილია, იმ დროის, როცა სიმართლე იმის მხარეს იყო, ვისაც უფრო მეტი იარაღი ჰქონდა და იმ პერიოდში უმიზეზოდ ჩახოცილი ახალგაზრდობის გამო შურისძიება დღემდე გრძელდება. ჰო, დღემდე და... არცთუ იშვიათად, დაინახავთ 40-45 წლის კაცს, რომელიც ქუჩაში დაცვის თანხლებით გადაადგილდება. ფიქრობ, რად უნდა ამ ადამიანს დაცვა, ეგ კი არა, მილიონერები დადიან დაცვის გარეშე, აღარ არის ის დრო, ვინმე გაიტაცონ, ვინმეს გამოსასყიდი სთხოვონო.

საქმე ის გახლავთ, რომ ამ ადამიანებს ვენდეტის ეშინიათ, იმ ვენდეტის, რომლის აჩრდილიც მუდმივად თან დასდევთ და მოსვენებას უკარგავთ.

სანამ კონკრეტულად გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარზე გადავალთ, გეტყვით, რომ დღეს დაცვით დედაქალაქში არა ერთი და ორი ადამიანი გადაადგილდება, ისეთი, ვისაც ეშინია, რომ წარსულში ჩადენილის გამო, მასზე შურს იძიებენ და იძიებენ არა მარტივად, არამედ, მკვლელობით, ქუჩაში ჩაცხრილვით. ასეთი საქმეები, როგორც წესი, ან მაშინვე იხსნება, ან გაუხსნელი რჩება. მეტსაც გეტყვით, გასულ ზაფხულს, ძველი ნაცნობი დავინახე, ღია კაფეში იჯდა და ლუდს წრუპავდა. გაღიმებული წავედი მისკენ და ასე, 4-5 ნაბიჯი რომ დამრჩა გადასადგმელი, გვერდითა მაგიდებიდან სამი ჯეელი წამოხტა, წინ დაუდგა და ხელი იარაღზე წაივლო. ოფიციალური დაცვა, რომელიც თურმე, მუდმივად თან ახლავს, ჩვეულებრივი დამსვენებლებისგან თუ კაფეს კლიენტებისგან არაფრით განსხვავდება, ყურადღებას არ იქცევს ანუ მათ, რომლებსაც ვენდეტის ეშინიათ, რეალურად, თან „მაგარი ტიპობა“ სურთ, აქაოდა, არაფრის გვეშინიაო და თან დაცვა დაჰყვებათ.

ახლა, ნამდვილად არ ვაპირებ იმის მტკიცებას, რომ გივი (გიჩო) მარგველაშვილისა და საბა სახოკიას დავა, სწორედ 90-იანებში დაიწყო, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ამბავი ერთი-ორი კვირის წინ არ დაწყებულა და ახლავე აგიხსნით, რატომ:

სახოკიას მეგობრები დადებითად ახასიათებენ და ეს არც არის გასაკვირი. მეგობარი თუ ჰქვია, გარდაცვალების შემდეგ კი არა, სიცოცხლეშიც დადებითად უნდა დაგახასიათოს. მას ჰქონდა ბიზნესი, ფინანსურად არ უჭირდა და როგორც ამბობენ, საკმაოდ დიდი სამეგობროც ჰყავდა, ბევრს ეხმარებოდა, თითქოს არავინ მტრობდა... აი, ეს მონაყოლი, ერთი-ერთში ემთხვევა არცთუ დიდი ხნის წინ მოკლული ბიზნესმენის ლევან კაჭარავას, იგივე, „ტილიკას“ ისტორიას. წყნეთის გზაზე ჩაცხრილული კაჭარავა ლამის მთელმა თბილისმა დაიტირა, ყველა ამბობდა, რომ მტერი არ ჰყავდა, რომ მუდმივად ყველას ეხმარებოდა, რომ მეგობრებისთვის საიმედო საყრდენი იყო და... კაჭარავა დაცვით არ დადიოდა ანუ რეალურად, არ ეშინოდა, დარწმუნებული იყო, რომ მისი მოკვლის სურვილი არავის ჰქონდა, თუმცა ფაქტია - მის მოსაშორებლად პროფესიონალი „ქილერები“ დაიქირავეს, რადგან საქმე ისეა შესრულებული, სამართალდამცავებს ხელმოსაჭიდი, ჯერჯერობით, არაფერი აქვთ. დღემდე ვერაფერი გაიგეს მისმა მეგობრებმაც, რომლებსაც არც სანაცნობო წრე უჭირთ, არც - ფინანსები, თუმცა ვინ და რატომ გაიმეტა ლევან კაჭარავა სასიკვდილოდ, ალბათ, უპასუხოდ დარჩება.

საბა გახოკია მარგველაშვილის მცველმა მოკლა. ძალიან საინტერესოა ისიც, რომ მარგველაშვილს არ ჰყავდა „ლიჩნიკები“, მას ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტთან და ის ვისაც აგზავნიდა, იმით კმაყოფილდებოდა, თუმცა ბოლო შვიდი თვის განმავლობაში, გიჩოს კახაბერ კამლაძე იცავდა. ერთი შეხედვით, მცველმა იმოქმედა ისე, როგორც უნდა ემოქმედა - გამაფრთხილებელი გასროლაც განახორციელა გახოკიას მისამართით, ისიც კი დაიყვირა, შეჩერდი, პოლიციააო და მხოლოდ მას შემდეგ გახსნა ცეცხლი, რაც გახოკიამ მეორე იარაღი მიუშვირა.

ვიმეორებ: ეს ადვოკატის პოზიციაა, მაგრამ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული და ეს იმიტომ, რომ... კამლაძემ გახოკიას არარეგისტრირებული იარაღიდან ესროლა ანუ ის ორი იარაღით გადაადგილდებოდა, ერთი ოფიციალური იყო, მეორე - არაოფიციალური. უფლებას ვიტოვებ, ვივარაუდო, რომ არაოფიციალური იარაღი მისი საკუთრება არ არის და, უბრალოდ, ექსტრემალურ სიტუაციაში აერია.

მეგობრები იმასაც ამბობენ, რომ გახოკია და მარგველაშვილი ერთ სკოლაში სწავლობდნენ და ბავშვობიდანვე დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. სამუშაო ვერსიად ეს ნაკლებად გამოდგება, რადგან მათ სკოლა 20 წელზე დიდი ხნის წინ დაამთავრეს და რაც მთავარია, სკოლის პერიოდში ისეთი კონფლიქტი ნამდვილად არ ჰქონიათ, ერთმანეთზე მოსაკლავად გაეწიათ. ის, რომ გიჩო თავდასხმას ელოდა, დაცვის აყვანის სურვილიდანაც ჩანს და როგორც მისი მეგობრები გვეუბნებიან, სპეციალური დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები განგებ შეარჩია, რადგან პროფესიონალიზმით გამოირჩევიან და საჭიროების შემთხვევაში, დამხმარე ძალა ადგილზე ოპერატიულად მიდის. გახოკიამ, სავარაუდდოდ, დეტალურად არ იცოდა, ან კონკრეტულ მომენტში დაცვის წევრი, უბრალოდ, ვერ შენიშნა, თორემ ასე ჯიქურ არ მივიდოდა მოსაკლავად და გასროლის შემდეგ, არ შეეცდებოდა ადგილი მშვიდად დაეტოვებინა. როცა ვამბობ, მოსაკლავად, ვგულისხმობ, მკვლელობის მცდელობას და არა იმას, რასაც ზოგიერთი ამბობს, დაჭრა უნდოდაო. როცა კაცს „ვინჩესტერის“ მარკის თოფიდან ესვრი, გამორიცხულია იმის განსაზღვრა, რომ აუცილებლად ფეხში მოარტყამ და თან ისე, არტერიას არ დაუზიანებ; წაქცეულს ზემოდან კიდევ ორ გასროლას რომ დააყოლებ, არ ნიშნავს, მოკვლა არ გინდა - გახოკია მარგველაშვილის მოსაკლავად იყო მისული, უბრალოდ, ვერ მოახერხა.

როგორც გარდაცვლილის, ისე დაჭრილის მეგობრები ამბობენ, რომ სადაო და გასაყოფი ბიზნესი იყო. ის ბიზნესი, რომელიც თითქოს არსაიდან შექმნეს, იმასაც ამბობენ, თავის დროზე, ერთმაც და მეორემაც ვიღაცას წაართვესო, თუმცა ამ ვერსიის ნამდვილობაზე თავს ვერ დავდებ. ფაქტია, ორივე მხარე ერთმანეთისკენ იშვერს ხელს, არა ის იყო კრიმინალი, არა - ისო.

გიჩო მარგველაშვილი რომ ნასამართლევია, ყველამ იცის და როგორც გვიყვებიან, მას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კრიმინალური ავტორიტეტები პატივს სცემდნენ. იმასაც ამბობენ, მარგველაშვილი ციხეს რამდენჯერმე მამისა და ბებიის ავტორიტეტმა გადაარჩინაო, თუმცა...

დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა და მკურნალობას რენიმაციულ განყოფილებაში გადის. დიდი ალბათობით, გამოძიება სიმართლეს დაადგენს, თუმცა გამორიცხულია, მარგველაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, რადგან მას არც იარაღი ჰქონია, არც უსვრია და გადარჩა. მთავარი ეჭვმიტანილი მკვდარია და ვერ გაასამართლებენ, მაგრამ ფაქტი ის გახლავთ, რომ წელიწადში რამდენჯერმე, შუა ქუჩაში, ახალგაზრდები ერთმანეთს სასიკვდილოდ იმეტებენ, გულგრილად ესვრიან და კლავენ. ყველაფერ ამას, რიგითი ადამაინები მიეჩვივნენ, თითქოს, აღარც განიცდიან და მხოლოდ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვერსიებითა და ტყუილ-მართალით იკვებებიან.

სამოქალაქო ომმა, შემდეგ კი საძმოებმა და შეიარაღებულმა ბანდ-ფორმირებებმა თავისი კვალი დღემდე მოიტანა და არავინ იცის, როდის დაესმება ყველაფერ ამას წერტილი. ხომ ადვილი მისახვედრია, რომ ვიღაცას ვიღაცის მოსაკლავი ტყვია შენახული აქვს და შესაფერის მომენტს ეძებს, რათა საჭირო დროსა და საჭირო ადგილას გაისროლოს.

ზემოთაც გითხარით და ახლაც გავიმეორებ - საქართველოში არა ერთი და ორი ახალგაზრდა გადაადგილდება დაცვის თანხლებით და მათ ზუსტად იციან, რომ ვიღაცამ, შეიძლება, სასიკვდილოდ გაიმეტოს, თუმცა ამის შესახებ ხმამაღლა არაფერს ამბობენ. სამწუხაროდ, არც პოლიციას მიმართავენ - ეჭვი მაქვს, შეიძლება მომკლანო.

ავტორი-ბათო ჯაფარიძე