ვინ არის რუსი ბიზნესმენი, რომლის ცოლის მკვლელიც თბილისში დააკავეს

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იდუმალებით მოცული კრიმინალური საქმის უცნობი დეტალები

 რამდენიც უნდა ვეცადოთ, 90-იანებს, უბრალოდ, ვერ დავივიწყებთ და ეს არა მარტო იმის გამო, რომ უახლოესი წარსულია, არამედ იმიტომაც, რომ ეს იყო საქართველოში ბოლო (იმედია, საბოლოო) ძმათამკვლელი ომი, ეს იყო დაპირისპირება ქართველ ახალგაზრდებს შორის, სამოქალაქო ომი, საძმოები, შეიარაღებული დაჯგუფებები, ავტომატით გატანილი სამართალი, დაყაჩაღებულ-აწიოკებული ოჯახები. 90-იანების ექო დღევანდელობასაც მოჰყვება - მაშინდელი წყენის გამო, არაერთი ადამიანი ვენდეტისთვის მზადაა და შესაბამის მომენტს ელოდება. წელი ისე არ გავა, რომ თითქოს უწყინარ სიტუაციაში ვიღაც არ მოკლან და ვერავინ ხვდება, რატომ, ან რისთვის. შემდეგ იხსენებენ, რომ 90-იანებში, მანაც ვიღაც მოკლა, ვიღაც გაამწარა და შური, სავარაუდოდ, იმის გამო იძიეს.

 

საკუთარი 90-იანები რუსეთსაც ჰქონდა და მასშტაბების გათვალისწინებით, იქ მსხვერპლი ბევრად მეტი იყო. რაღა ბევრად, იყო დღეები, როცა მთელი რუსეთის მასშტაბით, დღეში 1000 ადამიანზე მეტს კლავდნენ, გარდაცვლილთა 80%-ზე მეტი, მოსკოვსა და ლენინგრადზე (ამჟამინდელი სანკტ-პეტერბურგი) მოდიოდა. შესაძლოა, ბევრი შემედაოს, რატომ და რისთვის ვიხსენებ ახლა რუსეთს, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ ისტორია, რომელსაც გიამბობთ, სწორედ რუსეთის დედაქალაქში დაიწყო და საქართველოს დედაქალაქში დასრულდა. დასრულდა არცთუ დიდი ხნის წინ და დასრულდა მხოლოდ იმის გამო, რომ ვიღაცას რაღაც არ დაავიწყდა.

90-იანებში, რუსეთში რეკეტი ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ამბავი იყო. საკმარისი გახლდათ, ოთხ-ხუთ მეგობარს ორი იარაღი ეშოვა, რომ მაშინვე ფულის გამოძალვას იწყებდა და ურჩებს, უბრალოდ, კლავდა. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ფულის გადახდის წინააღმდეგ წასულ მცირე თუ მსხვილ მეწარმეებს ტყეში მარხავდნენ, მაგრამ ძირითადად, მათ ადგილზე კლავდნენ, რათა სხვებს შეშინებოდათ და... მართლაც ძალიან ეშინოდათ, ამიტომ, პრაქტიკულად, ყველა იხდიდა.

ასე მიადგნენ ერთ-ერთ რუს ბიზნესმენს, რომელსაც ფულის გამოძალვა... კარის მეზობელმა და ბავშვობის მეგობარმა დაუპირა. იმის მიუხედავად, რომ მეგობრები იყვნენ, ბიზნესმენმა ვერა და ვერ დაითანხმა, მის კომპანიაში კარგ გასამრჯელოზე ემუშავა, ბავშვობის ძმაკაცი სულ იმას იმეორებდა, ფული მარტივად უნდა ვიშოვო და არა - მუშაობითო. ჰოდა, ექვსკაციანი დაჯგუფება ჩამოაყალიბა, სადაც ეროვნებით რუსი მხოლოდ თავად იყო, დანარჩენი ხუთიდან კი ორი ქართველი, ორი ჩეჩენი და ერთი აზერბაიჯანელი გახლდათ. ფულის გამოძალვის მიზნით, სწორედ ჩეჩნები მიუგზავნა ბიზნესმენს და როცა ბავშვობის ძმაკაცს სთხოვა დახმარება, მან ურჩია, გადაიხადე, ვიცნობ მაგ ჩეჩნებს, არ მოგასვენებენო. ბიზნესმენმაც ერთხელ გადაიხადა, მეორედ, მესამედ და როცა აღარ შეეშვნენ, უკვე სხვებს მიაკითხა დასახმარებლად. „სხვებმა“ უთხრეს, ეგ ბანდა ვიცით, შენი მეგობარია მეთაური და იმას დაელაპარაკეო, რამაც ბიზნესმენი გააოგნა. მეგობარს საღამოს მეუღლესა და ბავშვებთან ერთად მიადგა, სასმელი მიიტანა და სამი ჭიქის მერე ჰკითხა - ის ჩეჩნები მართლა შენი ხელქვეითები არიანო? ისე ჩანდა, თითქოს მეგობარი ამ კითხვას ელოდა და ძალიან მშვიდად დაუქნია თავი, აბა, როგორ გინდა, მე ცოტას გართმევ, სხვები რომ მოსულიყვნენ, უფრო მეტს გამოგართმევდნენ და მე იმიტომ არ გამოვჩნდი, რომ არ გენერვიულაო. ამის გამგონე ბიზნესმენმა ვერ მოითმინა, ბავშვობის მეგობარს არყის ბოთლი თავზე გადაამტვრია და თავის ბინაში გავიდა. ნახევარ საათში, ბანდის თავგატეხილი მეთაური ბინიდან სწორედ იმ ჩეჩნებმა წაიყვანეს და ერთი თვის განმავლობაში აღარ გამოჩენილა. ერთი თვის შემდეგ კი...

ბიზნესმენის ცოლი სახლიდან 5 წლის ბავშვთან ერთად გავიდა, შვილი ბაღში უნდა წაეყვანა, როცა უკნიდან ნიღბიანი მამაკაცი მიუახლოვდა და თავში გასროლით ადგილზე მოკლა. მამაკაცი ისე მიიმალა, მისი სახე ვერავინ დაინახა, თუმცა ერთ-ერთი მეზობელი ამტკიცებდა, აღნაგობითა და სიარულის მანერით, ჩვენს მეზობელს ძალიან ჰგავდაო. სამართალდამცავებმა დაჯგუფებაზე ძებნა გამოაცხადეს, მით უმეტეს, რომ ქალის მამა ძალოვან უწყებაში მუშაობდა და სიძეს უსაყვედურა კიდეც, რატომ არ მითხარი, თუ გავიწროვებდნენო, თუმცა მაშინ სამართალდამცავებს არც საქართველოში სცნობდნენ და არც - რუსეთში, ყველაფერს იარაღი წყვეტდა, იარაღი კი კრიმინალების ხელში უფრო მეტი იყო. თავხედური მკვლელობის გამო, მილიციის თანამშრომლები დღეს და ღამეს ასწორებდნენ, ექვსეულს ეძებდნენ ყველგან, სადაც კი მოძებნა შეიძლებოდა, თუმცა ვერსად მიაგნეს. როგორც ჩანს, ისინი კარგად იყვნენ მომზადებულნი დასამალად, მაგრამ... გამომძიებლებმა ჭკუა იხმარეს, ის მეწარმეები მოიკითხეს, რომლებსაც ექვსეული ფულს სძალავდნენ და სწორედ მათგან გაიგეს, რომ ფულისთვის ერთ-ერთი ქართველი თვის პირველ რიცხვებში მიდიოდა. ფულს ყველა იხდიდა, რადგან მკვლელობის შესახებ გაიგეს და სიცოცხლეს ყველა უფრთხილდებოდა. მომდევნო თვის დასაწყისში, რამდენიმე ობიექტზე ოპერატიული ჯგუფი ჩასაფრდა. სამართალდამცავებს მკაცრი ინსტრუქცია ჰქონდათ - თუ ბანდის წევრი გამოჩნდებოდა, უბრალოდ, უკან უნდა მიჰყოლოდნენ და გაეგოთ, სად იმალებოდნენ დაჯგუფების დანარჩენი წევრები. ასეც მოიქცნენ და როცა ეჭვმიტანილი ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში შევიდა, სპეცდანიშნულების რაზმი გამოიძახეს. ახლაც ვერავინ ამბობს, როგორ და რანაირად, მაგრამ სპეცდანიშნულების რაზმმა მხოლოდ ოთხი მათგანის დაკავება შეძლო, ბანდის მეთაურმა ანუ მკვლელობაში ეჭვმიტანილმა და ერთ-ერთმა ქართველმა კი მიმალვა შეძლეს. ამბობდნენ, ისინი მეექვსე სართულიდან გადახტნენ და გადარჩნენო, რაც გამორიცხული იყო. გამორიცხული გახლდათ ისიც, რომ შეიძლებოდა, ისინი ვინმეს გაეშვა, თუმცა უდიდესი ალბათობით, მათ ქვედა სართულზე ჩახტომა მოახერხეს, იქიდან კი, როგორღაც თავი დააღწიეს. ასე იყო თუ ისე, ბანდის ორი წევრი გაიქცა, ოთხეული კი დააკავეს. მათ წარმოდგენა არ ჰქონდათ, სად შეიძლებოდა გაქცეულიყვნენ მეგობრები, ორი კონსპირაციული ბინის მისამართი კი დაასახელეს, მაგრამ იქ არავინ მისულა. სასამართლო მალე დასრულდა, ყველას 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩამოურიგეს, მაგრამ ეს ყველაფერი არ იყო - ერთ-ერთი ჩეჩენი, სასამართლოს შემდეგ, საკანში ჩამომხრჩვალი იპოვეს, ამბობდნენ, მოკლული გოგოს მამამ არ მოისვენა, სანამ ბანდის ერთ-ერთი წევრი საიქიოს არ გაისტუმრაო.

გაქცეულების კვალი ვერსად იპოვეს, რეალურად, ვერც ქართველის ვინაობა დაადგინეს, მხოლოდ სახელი იცოდნენ - გიორგი, მაგრამ ისიც იცოდნენ, რომ ლამის ნახევარ საქართველოს გიორგი ჰქვია. ძებნა ოფიციალურად 5 წლის შემდეგ შეწყდა და გაქცეული რუსი ძებნილის სიიდან მოხსნეს, შემდეგ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარეს, ბოლოს კი გარდაცვლილად გამოაცხადეს. ბევრი მცდელობის მიუხედავად, ამ ხნის განმავლობაში, გაქცეულს თავი არ გამოუვლენია, არ დაკავშირებია არცერთ ნაცნობსა თუ ნათესავს - ის, უბრალოდ, გაქრა.

2016 წელს, საქართველო საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებოდა. ოპოზიცია იმაზე წუწუნებდა, რომ სწორედ ამ დროს, საქართველოში სამი რუსი ბიზნესმენი ჩამოვიდა, რომლებიც აქ ინვესტიციების განხორციელებით იყვნენ დაინტერესებულნი, თუმცა ამომრჩეველი ამას ყურადღებას ნაკლებად აქცევდა. ჰოდა, ამ სამეულიდან ერთ-ერთი ბიზნესმენი პოლიციის განყოფილებაში მივიდა და განაცხადა - ჩემი ცოლის მკვლელი ვნახე თბილისში, ის რუსეთში გარდაცვლილად ჰყავთ გამოცხადებული, მაგრამ დღეს ქუჩაში დავინახე, ავედევნე და ვიცი, სადაც ცხოვრობსო. განცხადების საფუძველზე, საქმე ოფიციალურად აღიძრა და მითითებული პიროვნება დააკავეს. მას, მართლაც, რუსული სახელი და გვარი ჰქონდა, თუმცა არა ის, რომელსაც ბიზნესმენი უთითებდა. ბიზნესმენმა საქმეში რუსი სამართალდამცავები ჩარია და მოსკოვიდან 90-იანებში აღებული თითის ანაბეჭდების ნიმუშები გადმოაგზავნეს, რომელიც დაკავებულისას დაემთხვა. დაპატიმრებულმა აღიარა, რომ სახელი და გვარი გამოიცვალა, ამის სრული უფლება ჰქონდა, თუმცა უკვე საქართველოს მოქალაქე იყო, ჩვენს ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრობდა. თქვა, რომ რუსეთში საქმე, უბრალოდ, შეუკერეს და თავის დროზე ამიტომაც გამოიქცა.

ქართველი სამართალდამცავები საქმეს ბოლომდე მიჰყვნენ და დაამტკიცეს, რომ დაკავებულს საბუთები გაყალბების გზით ჰქონდა ნაშოვნი, დაბადების ადგილადაც თბილისი ეწერა, რის საფუძველზეც, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვეს და რუსეთს გადასცეს.

სასამართლო ექვსი თვის განმავლობაში გრძელდებოდა. დაკავებული ჯიუტად ამტკიცებდა, რომ 90-იანებში არავინ მოუკლავს, რომ ბავშვობის მეგობარმა ცოლთან შეუსწრო და ამის შემდეგ შეიძულა, ცოლიც მან მოაკვლვინა, მაგრამ რუსეთში მონახეს ორი მეწარმე, რომლებმაც დაადასტურეს, რომ 90-იანებში დაკავებული მათ არეკეტებდა, რომ ბანდის მეთაური სწორედ ის იყო და ყველაზე მეტი სისასტიკითაც, სწორედ ის გამოირჩეოდა. იმის მიუხედავად, რომ დაკავებულმა დანაშაული არ აღიარა, 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

რაც შეეხება ქართველ „პადელნიკს“, დაპატიმრებულმა მისი ვინაობა არ დაასახელა, თქვა, რომ არ ახსოვს, რა ერქვა, ან საერთოდ, რა გვარი იყო. არადა, დიდი ალბათობით, ყალბი საბუთები სწორედ მისი მეშვეობით გააკეთა საქართველოში. მაშინ, ჩვენთან, ყალბი საბუთები კი არა, გარდაცვალების მოწმობაც მარტივად კეთდებოდა.

ყველაზე საინტერესო მაინც ის გახლდათ, თუ როგორ იცნო წლების შემდეგ ბიზნესმენმა ბავშვობის მეგობარი. როგორც მან ახსნა, პატარაობისას, ძმაკაცს ეზოში თამაშის დროს შემთხვევით ქვა მოარტყა და წარბი შვეულად გაუხეთქა. იარა დიდი იყო და ნაიარევიც დიდი დარჩა. ჰოდა, მთელი ცხოვრება იმ ნაიარევს ვაკვირდებოდი, ვნერვიულობდი, რომ ჩემს გამო, ასეთი იარა დარჩა მეგობარსო და სრულიად შემთხვევით, ამ იარამ თბილისის ქუჩებში წარსული გაახსენა...

 ავტორი: ბათო ჯაფარიძე