საერთაშორისო ფესტივალს „ღამის სერენადები“ ლიანა ისაკაძის სახელი მიენიჭა

კულტურა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საერთაშორისო ფესტივალს „ღამის სერენადები“ მისი დამაარსებლის, ლეგენდარული მევიოლინის ლიანა ისაკაძის სახელი მიენიჭა. წელს ფესტივალი უკვე მეთექვსმეტედ ჩატარდება და საქართველოს 3 ქალაქი – ბორჯომი, ბათუმი და თბილისი უმასპინძლებს.

ფესტივალი 21 აგვისტოს ბორჯომში სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ ღია ცის ქვეშ საზეიმოდ გაიხსნება.

23 აგვისტოს 20:00 საათზე ბათუმში ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში მარიო სტეფანო პიეტროდარკი (ბანდონეონი, იტალია) და ფესტივალის საბაზო ორკესტრი საქართველოს ვირტუოზები (პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე) შეასრულებენ ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებებს.

ფესტივალის მეორე საკონცერტო დღეს 25 აგვისტოს 20:00 საათზე ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი უმასპინძლებს ელვინ ხოჯა განიევს(ვიოლინო, აზერბაიჯანი/თურქეთი) და ფესტივალის საბაზო ორკესტრს „საქართველოს ვირტუოზები“ (პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე).

15 სექტემბრიდან „ღამის სერენადები” თბილისში გადმოინაცვლებს. თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში 15 სექტემბერს 20:00 საათზე ბეატრიჩე ვენეცი (დირიჟორი, იტალია), სანდრო ნებიერიძე (ფორტეპიანო, საქართველო) და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი შეასრულებს ოტორინო რესპიგის რომის პინიებს, სერგეი რახმანინოვის საფორტეპიანო კონცერტს.

17 სექტემბერს 20:00 საათზე თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, დიდი დარბაზი მარიამ როინიშვილის (სოპრანო, საქართველო), გიორგი ოიკაშვილის (კლარნეტი, საქართველო) და ფესტივალის საბაზო ორკესტრის „საქართველოს ვირტუოზები” (პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე) ერთობლივ კონცერტს უმასპინძლებს.

„ღამის სერენადები” 18 სექტემბერს 18:00 საათზე თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაგრძელდება და ჩეხი კომპოზიტორის ბედრჟიხ სმეტანას 200 წლის იუბილეს მიეძღვნება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ გიორგიშავერზაშვილი (ფორტეპიანო, საქართველო) და გიორგი ხაინდრავა (ვიოლინო, საქართველო).

წლევანდელი ფესტივალი 20 სექტემბერს 20:00 საათზე თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში საზეიმოდ დაიხურება. დასკვნით კონცერტზე მსმენელის წინაშე წარსდგებიან ანდრეს გაბეტა (ვიოლინო / დირიჟორი, საფრანგეთი), მორის შტიგერი (ბლოკ ფლეიტა, შვეიცარია) და ფესტივალის საბაზო ორკესტრი საქართველოს ვირტუოზები(პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე).

საკონცერტო პროგრამასთან ერთად ფესტივალის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამას მოსწავლე-ახალგაზრდებისათვის, მათ შორის შშმ პირებისთვის, რომელიც მოიცავს დარგობრივ მასტერკლასებს, ვორქშოპებსა და ღია ლექციებს. ასევე ტრადიციულად, ჩატარდება მხატვრების სამხატვრო გამოფენები.