როგორ მიიყვანეს რუსმა ახალგაზრდებმა ქართული კაზინოები გაკოტრებამდე

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

 21-ე საუკუნის „შავი ჭირი“, სხვადასხვა სახის ნარკოტიკთან ერთად, აზარტული თამაშებიცაა. სამწუხაროდ, რეგიონის მასშტაბით, ეს პრობლემა ყველაზე მწვავედ საქართველოში დგას, რადგან მეზობელ ქვეყნებში აზარტული თამაშები აკრძალულია. არცთუ იშვიათად, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან მოქალაქეები აქ სწორედ აზარტისთვის ჩამოდიან და კაზინოებს სტუმრობენ. ლუდომანია ის დაავადებაა, რომელსაც არაერთი ახალგაზრდის სიცოცხლე გადაჰყვა - მათ ცხოვრება თვითმკვლელობით დაასრულეს, რადგან გაყიდეს, თუ რამ გასაყიდი ჰქონდათ, წააგეს, თუ რამ წასაგები იყო და ვალად აიღეს, თუ ვინმემ ვალი მისცა. საბოლოო ჯამში, ისინი დარჩნენ არა მარტო ყველაფრის, არამედ, ყველას გარეშეც და ამიტომ, ასეთ სიცოცხლეს სიკვდილი ამჯობინეს. რა თქმა უნდა, დროული დახმარება, გვერდში დგომა, დროულად ჩარევა და მკურნალობა გამოსავალი იქნებოდა, მაგრამ...

 

„ლუდომანები ეჯახებიან ჯანმრთელობის პრობლემებსაც - მძიმე დეპრესიიდან სუიციდურ აზროვნებამდე, ენგრევათ ფსიქიკა, კარგავენ არსებულ სოციალურ როლს. მათ თავის ტვინში ისეთივე ცვლილებები მიმდინარეობს, როგორც ალკოჰოლზე, ან ნარკოტიკზე დამოკიდებულ პირებთან. ზიანდება თავის ტვინის ქერქი და ლიმბური ცენტრი, რომელიც ჩართულია დასწავლის, მეხსიერების, მოტივაციისა და ემოციურ პროცესებში“, - ასე ხსნიან მედიცინის მუშაკები პრობლემას, რომელსაც აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება ჰქვია.

სავარაუდოდ, ამიტომაც არის, რომ თუ ვინმე კაზინოს მოუგებს, ყველას უხარია და სურს, კაზინომ ბევრი წააგოს, რათა მისი ჯავრი იყაროს, უნდა გაკოტრდეს, მაგრამ რეალობა სხვაგვარია - აგებს ათასობით ადამიანი, უმართლებს ერთს ან ორს. მეტიც, რამდენიმე წლის წინ, კაზინოს ერთ-ერთი მეწილე ამბობდა, რომ მისი დაწესებულების პრინციპი ასეთია - „ხან წააგებ, ხან წააგებ, ბოლოს გაგიმართლებს და ყველაფერს წააგებ“.

საქართველოში აზარტული თამაშების აკრძალვის თაობაზე არაერთხელ ითქვა, მოსახლეობის უდიდეს ნაწილს მიაჩნია, რომ როგორც ონლაინ, ისე სხვა სახის კაზინოები უნდა აიკრძალოს, მაგრამ ცოდვა გამხელილი სჯობს - აზარტული თამაშებიდან, გადასახადების სახით, ბიუჯეტში მილიონობით ლარი შედის და ესეც არ იყოს, მაგალითად, პანდემიამდელ პერიოდში, აზარტული თამაშების წლიური ბრუნვა... საქართველოს ბიუჯეტზე მეტი იყო. აზარტული თამაშების აკრძალვა, ბიუჯეტის გარდა, ტურისტულ სექტორსაც გვარიანად დააზარალებს, ამიტომ ეს საკითხი მუდმივად მეორე თუ მესამე რიგში ინაცვლებს.

ჰოდა, სანამ მსოფლიოს კორონავირუსი გადაუვლიდა, საქართველოში აზარტული თამაშების რენესანსის ხანა იდგა და კაზინოები თუ ინტერნეტ-სლოტების მფლობელები ფულს ვერ ითვლიდნენ. სწორედ ამ დროს საქართველოში, ახალგაზრდების ექვსკაციანი ჯგუფი რუსეთიდან ჩამოვიდა. ეს არავის გაკვირვებია, რადგან არც რუსი ტურისტია ჩვენთვის უცხო და მით უმეტეს, არც ექვსი კაცი ერთად. ეგ კი არა და, 150-200-კაციანი ჯგუფებიც ხშირად ჩამოსულან. ბიჭებმა მცხეთაში სახლი იქირავეს, ზედ ორი მანქანაც მიაყოლეს და ეს სიამოვნება დღეში 1500 ლარი უჯდებოდათ. არც ეს არის ისეთი ციფრი, ვინმეს ყურადღება რომ მიექციათ და ყველაფერი ჩვეულებრივად იქნებოდა, რომ არა საინტერესო რამ - ბიჭებმა თბილისში ცნობილ, ერთ-ერთ კაზინოში დაიწყეს სიარული და პირველ დღეს 20 ათას დოლარამდე წააგეს, მერე ისევ წააგეს, მესამე დღეს კი მოიგეს, მეოთხე დღესაც, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე... ერთ კვირაში, მოგებამ 200 ათას ლარს გადააჭარბა, რაც კაზინოს მენეჯერებს არ მოეწონათ და ამიტომ, ჩანაწერების შესწავლა დაიწყეს. ჩანაწერებში ჩანდა, რომ დიდ თანხებზე მხოლოდ ერთი თამაშობდა, დანარჩენები,  უბრალოდ, ერთობოდნენ, ძალიან უმნიშვნელო ფსონებს ჩადიოდნენ. ის ერთი კი, სლოტის აპარატზე პერიოდულად კლავიშებს არეულად აწვებოდა, ყოველგვარი ლოგიკის გარეშე, შემდეგ ფსონს გაზრდიდა და პირველივე დარტყმაზე დიდ თანხას ხსნიდა. ძაღლის თავიც აქ იყო დამარხული, მაგრამ მოთამაშეს პრეტენზიას უბრალოდ ვერ წაუყენებდნენ, რადგან არაფერს აფუჭებდა და რაც მთავარია, ყოველ ჯერზე, სხვადასხვა აპარატთან ჯდებოდა. ქართველებმა უცხოელ პარტნიორებს მიმართეს და მათგან გაიგეს, რომ გამორიცხული იყო, აპარატს ასეთი მოგება გაეცა, თუ მასში რამე არ იქნებოდა ჩამონტაჟებული, რომელიც აპარატს „ტვინს“ აურევდა. ის „რამე“ კი ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი „ფლეშკა“ უნდა ყოფილიყო, რომელსაც ვინმე აპარატს შიგნიდან გაუკეთებდა, თუმცა აპარატები კლიენტების თვალწინ არასდროს იხსნებოდა. გამოდიოდა, რომ ამ ამბავში რომელიმე თანამშრომელი იყო ჩარეული.

ვიდეოკამერების ჩანაწერების შესწავლა ახლიდან დაიყო და დაიწყეს იმის შედარება, რომელი თანამშრომელი იმყოფებოდა გახსნის პროცესში იმ აპარატებთან, რომლებზეც შემდეგ რუსი სტუმრები თამაშობდნენ. ასე გამოიკვეთა დაცვის ერთ-ერთი თანამშრომელი და ხელმძღვანელობამ დაკვირვება გააგრძელა, თუმცა კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ - რუსები, უბრალოდ, გაქრნენ. კაზინოს მენეჯერებმა სამი-ოთხდღიანი პერიოდი აიღეს, იფიქრეს, კიდევ გამოჩნდებიანო, თუმცა ყველაფერი მალე გაირკვა - ისინი დედაქალაქში, მეორე უდიდეს კაზინოს აკოტრებდნენ. რადგან ამათ ყველაფერი გარკვეული ჰქონდათ, უთხრეს, რა გზით უნდა წასულიყვნენ და დაცვის თანამშრომელი მათაც მალე გამოავლინეს. მოცდა აღარ შეიძლებოდა, ორივე კაზინომ განცხადება პოლიციაში შეიტანა, მტკიცებულებებიც თან დაურთო, თუმცა სამართალდამცავებმა აჩქარება არ ისურვეს და ეჭვმიტანილების თვალთვალი დაიწყეს. როცა ექვსეულმა მესამე კაზინოში გადაინაცვლა, მათ უკვე აკონტროლებდნენ და უყურებდნენ, რას და როგორ აკეთებდნენ. ისინი ცხელ კვალზე დააკავეს...

გამოძიებით დადგინდა, რომ მაშინ, როცა თანხებს აგებდნენ, რუსი ტურისტები დაცვის თანამშრომლებს აკვირდებოდნენ. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ისინი დაცვის წევრებს ფეხსაცმელებზე უყურებდნენ და ვისაც ყველაზე იაფფასიანი ეცვა, სწორედ მას, სულ რაღაც ორი ათასი დოლარის სანაცვლოდ სთავაზობდნენ, აპარატის უკანა მხარეს, კონკრეტულ ადგილზე „ფლეშკა“ დაემაგრებინა, მეორე მორიგეობაზე კი მოეხსნა. დაცვის თანამშრომლების დათანხმება ძნელი არცერთ შემთხვევაში არ იყო. „ფლეშკაზე“ სპეციალური პროგრამა ჰქონდათ ჩაწერილი, რომელიც სლოტის აპარატებს ავირუსებდა და კონკრეტულ დროს, ღილაკებზე თითის დაჭერით, კომბინაციის აწყობით, ბონუს თამაშს რთავდა. ასე იგებდნენ სტუმრები ფულს და იმასაც ხვდებოდნენ, რომ დიდხანს ერთსა და იმავე კაზინოში არ უნდა გაჩერებულიყვნენ, თუმცა მათ არ იცოდნენ ერთი რამ - საქართველოში იმდენად მცირეა მოგების გაცემის პროცენტი, რომ ნებისმიერი, თუნდაც უმნიშვნელო მოგება მაშინვე ყურადღებას იპყრობდა. სწორედ ამიტომ მიაქციეს მათ ყურადღება, თურემ  ყველაფერი ეს ევროპის რომელიმე ქვეყანაში, ან აშშ-ში რომ მომხდარიყო, შესაძლოა, არც არავის შეეტანა ეჭვი. დაკითხვისას, რუსებმა აღიარეს, რომ ევროპაშიც იყვნენ, თუმცა იქაურ კაზინოებში თანამზრახველის პოვნა გაუჭირდათ, მომავალი სასჯელის შიშით, არავინ თანხმდებოდა, აი, აშშ-ში კი ვიზები არ მისცეს.

ქართველ სამართალდამცავებს, კაზინოების წარმომადგენლებსა და მათ უცხოელ პარტნიორებს მხოლოდ ის აინტერესებდათ, როგორ მუშაობდა „ფლეშკა“ და რა პრინციპით იყო პროგრამა აწყობილი. ყველაზე საინტერესოც აქ დაიწყო.

ექვსეულიდან არცერთმა არ იცოდა, რა პრინციპით მუშაობდა ჩაწერილი ანტივირუსი. მათ მხოლოდ იცოდნენ ის, თუ რა კომბინაციები უნდა აეკრიფათ კონკრეტული ოდენობის სპინების დატრიალების შემდეგ და იცოდნენ, რომ ბონუს-თამაშზე დიდ თანხას მოიგებდნენ. რაც მთავარია, დავირუსებულ აპარატს, თანხის მოხსნის შემდეგ, პროგრამა... ვირუსისგან ასუფთავებდა. ექვსივე დაკავებული ამბობდა, რომ პროგრამა მოსკოვში, ვიღაც ჰაკერისგან 50 ათას დოლარად იყიდეს და არცერთი მათგანი არ ყოფილა ექსკლუზიური მყიდველი. მეტიც, იმ ჰაკერს უკეთესი პროგრამებიც ჰქონდა, თუმცა უფრო ძვირადღირებულები. რაც მთავარია, მას არავინ იცნობდა, რადგან მხოლოდ ონლაინ ვაჭრობდა.

როგორც გვეუბნებიან, ამ ამბავმა კაზინოს უცხოელი წარმომადგენლები ისე დააინტერესა, რომ ისინი მზად იყვნენ, გირაოს სანაცვლოდ, უზარმაზარი თანხა გაეღოთ, რუსები გაეთავისუფლებინათ, სამაგიეროდ კი, მათ იმ ჰაკერის კოორდინატები უნდა მიეცათ, თუმცა ექვსეულმა კვლავ აღიარა, რომ კოორდინატებს ვერ მისცემდნენ, რადგან არ ჰქონდათ. ჰაკერი თავად ქმნიდა ჩატს, სადაც 3-4 ცალ „ფლეშკას“ ყიდდა და შემდეგ უჩინარდებოდა, ჩატი კი ინტერნეტში უბრალოდ აღარ იძებნებოდა.

ქართველი სპეციალისტების მუშაობის შემდეგ, „ფლეშკაზე“ ჩაწერილ პროგრამაზე უცხოელებმაც იმუშავეს, თუმცა მას თავი და ბოლო ვერ გაუგეს. ვერავინ მიხვდა, როგორ და რა პრინციპით ავირუსებდა პროგრამა აპარატს და შემდეგ როგორ კლავდა ამ ვირუსს, თუმცა ცხადზე ცხადი იყო, რომ პროგრამა მუშაობდა და მუშაობდა ძალიან გამართულად. უცხოელებმა რუსულ ბაზარზე ანალოგიური „ფლეშკის“ შეძენა განიზრახეს, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა - როგორც კი დიდი ფულის სანაცვლოდ, ჰაკერს კავშირზე გასვლა სთხოვეს, ის უბრალოდ გაქრა.

 ავტორი-ბათო ჯაფარიძე