ცნობილი სპორტსმენის სადისტური მკვლელობა

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ისტორია, რომელსაც ახლა გიამბობთ, ბელარუსში მოხდა. რატომ ავირჩიეთ ეს ქვეყანა? მიზეზი მარტივია - საქმე გახმაურებულ მკვლელობას ეხება და რაც მთავარია, ნათელი მაგალითია იმისა, რომ წარმატებული ადამიანი, შესაძლოა, ყოველთვის ბედნიერი არ იყოს.

 

იულია ბალიკინა 1984 წლის 12 აპრილს, მონღოლეთში დაიბადა. ოჯახი იქ დიდხანს არ გაჩერდა და მალე საცხოვრებლად უკრაინაში, ზაპოროჟიეში გადავიდა. გოგონა სპორტით ბავშვობიდანვე იყო გატაცებული და განსაკუთრებით სირბილი უყვარდა. იმის გამო, რომ უკრაინის ნაკრებში ძალიან დიდი კონკურენცია იყო, იულია საცხოვრებლად ბელარუსში გადავიდა და ვარჯიში მინსკში გააგრძელა. ნიჭიერი სპორტსმენი მალე შეამჩნიეს, მითუმეტეს, მან ერთი-მეორის მიყოლებით მოიგო ჯერ მინსკის, შემდეგ კი ქვეყნის პირველობა როგორც 100, ისე 4X100 მეტრზე სირბილში და ეროვნული ნაკრების წევრიც გახდა. ბალიკინა 2012 წლის ოლიმპიადისთვის ემზადებოდა, საკუთარი უპირატესობა მან ქვეყნის პირველობაზე კიდევ ერთხელ დაამტკიცა და 2012 წლის ოლიმპიადაზე, ბელარუსის ნაკრების ღირსებაც დაიცვა, თუმცა მედლის გარეშე დარჩა.

ერთ წელიწადში, 29 წლის სპორტსმენი მსოფლიოს პირველობისთვის ემზადებოდა, თუმცა სისხლის ანალიზში აკრძალული პრეპარატი იპოვეს. ნაკრების ექიმმა ხელები გაშალა, არ ვიცოდი, ეს პრეპარატი თუ შეიყვანეს აკრძალულთა სიაშიო. სხვათა შორის, მაშინ აღნიშნულ პრეპარატზე ბალიკინას გარდა, სხვა ბევრი სახელიანი თუ უსახელო სპორტსმენი ჩავარდა, მათ შორის, ქართველებიც. ყველას ორ-ორწლიანი დისკვალიფიკაცია ჩამოურიგეს და ასაკის გათვალისწინებით, ბალიკინამ კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ის ოლიმპიური რეზერვების სკოლაში მთავარ მწვრთნელად დანიშნეს და ამას გარდა, კერძო გაკვეთილებსაც ატარებდა ანუ შემოსავალს ნამდვილად არ უჩიოდა. მან მოსკოვის ცენტრში, სახელმწიფოსგან სამოთახიანი ბინაც მიიღო, თუმცა...

ჯერ სპორტის გამო, შემდეგ კი გადატვირთული გრაფიკის გადამკიდე, მან პირადი ცხოვრება ვერაფრით დაალაგა. ბალიკინას საყვარელი მამაკაცი არ ჰყავდა, მოწაფეებთან ხომ არ გააბამდა ურთიერთობას და ამიტომ, ქვეყნის ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა და საკმაოდ მომხიბვლელმა ქალმა, გაცნობის ვებ-გვერდზე საკუთარი მონაცემები ატვირთა. მის პროფილს ყოველდღიურად ასობით ნახვა ჰქონდა, ასევე, ასობით მამაკაცი სთავაზობდა გულსა და ხელს, მაგრამ ბალიკინა არ ჩქარობდა და ბოლოს, ორთვიანი ყოყმანის შემდეგ, ვინმე დიმიტრი ვეშტალიუკი აარჩია. ახალგაზრდა, მომხიბვლელი მამაკაცი, რომელიც წერდა, რომ იულიას სანაცვლოდ, ყველაფრისთვის მზად იყო. წყვილმა შეხვედრა დაიწო და ორკვირიანი ურთიერთობის შემდეგ, ვეშტალიუკი საცხოვრებლად სპორტსმენთან გადავიდა. მის მოვალეობაში ორი რამ შედიოდა, დილით ბალიკინა სამსახურში წაეყვანა, საღამოს კი იქიდან მოეყვანა. რას გააკეთებდა მთელი დღე მამაკაცი, ქალს არ აინტერესებდა და რაც მთავარია, ის აძლევდა მას ტანსაცმლის, საკვების, სიგარეტის ფულს ანუ მან ჩვეულებრივი ალფონსი შეიფარა. მეტიც, როცა ვეშტალიუკის შვილს, რომელიც პირველი ქორწინებიდან ჰყავდა, ძვირადღირებული ოპერაცია დასჭირდა, ბალიკინა არც დაფიქრებულა, ისე მისცა დიდი ოდენობის თანხა.

ასე გავიდა დაახლოებით ორი წელი, მაგრამ ყველაფერი მას შემდეგ აირია, რაც ვეშტალიუკის პირველმა ცოლმა სასამართლოს მიმართა და ალიმენტი მოითხოვა. სასამართლოზე ბალიკინაც მივიდა და ამაყად განაცხადა, რომ დიმიტრის შვილს ალიმენტს ყოველთვიურად ის უხდიდა და ძვირადღირებული ოპერაციაც დაუფინანსა, რაზეც ბავშვის დედამ პირი დააღო, რა ოპერაცია და ალიმენტი, არაფერი გვინახავს და რაც მთავარია, ჩემს შვილს არანაირი ოპერაცია არ გაუკეთებიაო. სასამართლოზე ვეშტალიუკმა აღიარა, რომ ბალიკინას მიერ ბავშვისთვის გაცემულ ფულს, თავად მოიხმარდა და ოპერაციაც იმისთვის მოიფიქრა, რომ მეგობრებთან ერთად, რესტორანში ექეიფა. ეს ბოლო წვეთი იყო, ქალმა მამაკაცი ქუჩაში გააგდო.

ამის შემდეგ, ვეტერანი სპორტსმენი მამაკაცებს ერიდებოდა, მაგრამ ზუსტად ორ თვეში ახალგაზრდა, წარმატებული ბიზნესმენი, არტიომ სამატკანი გაიცნო და მიხვდა, რომ ეს ის იყო, ვისაც ამდენხანს ეძებდა. არტიომისა და იულიას ურთიერთობა ძალიან მალე შედგა, მამაკაცმა ცოლობაც შესთავაზა და თანხმობაც მიიღო, თუმცა... 2015 წლის 28 ოქტომბერს, არტიომი მილიციის განყოფილებაში მივიდა და განაცხადა, რომ ცნობილი სპორტსმენი, ქვეყნის რამდენიმეგზის ჩემპიონი, იულია ბალიკინა, უბრალოდ, გაქრა. ისინი ერთმანეთს დილით უნდა შეხვედროდნენ, მაგრამ ქალი შეხვედრაზე არ მივიდა, ბინის კარი დაკეტილი იყო, გათიშული გახლდათ მისი მობილურიც. იმის გათვალისწინებით, თუ ვის ეხებოდა საქმე, სამართალდამცავებმა ძებნა მაშინვე დაიწყეს და სავალდებულო 48 საათს გასვლას არ დაელოდნენ. ბინის კარი შეამტვრიეს და იატაკზე სისხლის ლაქები ნახეს, თუმცა ბინაში არავინ იმყოფებოდა. ორ ოთახს ეტყობოდა, რომ ქალი იქ რემონტს აკეთებდა და არტიომმაც დაადასტურა, რემონტი წამოიწყო, ვიღაც უქნარას აკეთებინებდა, ამის გამო, სულ კონფლიქტი ჰქონდა, იმან კეთება არ იცოდა და მუდმივად რაღაც იყო შესაცვლელიო. მამაკაცის თქმით, მუშას დიმიტრი ერქვა, გვარი კი არ იცოდა, მაგრამ ტელეფონის ნომერი ჰქონდა. ნომრით გაარკვიეს მუშის ვინაობა - ის... დიმიტრი ვეშტალიუკი იყო.

მამაკაცი დაკითხვაზე დაიბარეს და ისიც ძალიან მშვიდად მივიდა, თქვა, რომ საღამოს ბალიკინა სახლში დატოვა, რომ ქალმა დანაზე ხელი გაიჭრა, შეიძლება აქედან იყო სისხლის წვეთები, დილით კი ისიც რეკავდა, სამუშაო უნდა გაეგრძელებინა, მაგრამ იულიამ არც ტელეოფონზე უპასუხა და არც კარი გაუღო.

„იულიამ შემთხვევით მნახა, ვაგზალზე მეძინა და მითხრა, რემონტს ვაპირებ, თუ რამე იცი, ფულს გადაგიხდიო. ძველი ურთიერთობის გამო, შევეცოდე, ალბათ. მე კი ნამდვილი ოსტატი ვარ. მართალია, ბალიკინას ჩემი გაკეთებული არაფერი მოსწონდა, მაგრამ აშკარად ხარისხიანად ვშრომობდი“, - განაცხადა დიმიტრიმ.

გამომძიებლებმა მისი სახლის გაჩხრეკა გადაწყვიტეს და ნახეს სამუშაო ტანისამოსი, რომელზეც სისხლის ლაქები იყო შერჩენილი. ვეშტალიუკი ამტკიცებდა, გინდა თუ არა, ბალიკინამ რომ ხელი გაიჭრა, მაშინ შემესხაო, მაგრამ ის მაინც დააკავეს და მკაცრადაც დაკითხეს, თუმცა მამაკაცმა ახალი არაფერი თქვა. დაკარგული იყო სპორტსმენის ავტომობილიც, რომელიც ერთი კვვირის შემდეგ, მინსკიდან 150 კილომეტრში, რომელიღაც სოფელთან ახლოს იპოვეს. ადგილს, სადაც ავტომანქანა იპოვეს, გარშემო ტყე ეკვროდა და გამომძიებლებმა მოსახლეობას მიმართეს, იულია ბალიკინას სავარაუდო სამარხი გვაპოვნინეთო. მოწოდებას.... 17 ათასი მოხალისე გამოეხმაურა და ისინი ორი კვირის განმავლობაში ეძებდნენ ტყეში საფლავისმაგვარ თხრილს, თუმცა ვერაფერი იპოვეს. ერთადერთი იმედი კვლავ დაკავებული ვეშტალიუკი იყო, რომელთანაც ბელარუსის მთავარი პროკურორი შევიდა და პირობა მისცა, თუ ბალიკინას ცხედარს ჩვენ ვიპოვით, სასჯელის უმაღლესი ზომა არ აგცდება, ხოლო თუ შენ გვეტყვი, გვამი სად დამარხე, კანონით გათვალისწინებულის მაქსიმუმს, 23 წელს მოგცემთო. ვეშტალიუკმა მკვლელობა აღიარა, გვამის ადგილსამყოფელი კი ვერ გაიხსენა. მას მუდმივად სხვადასხვა ადგილზე დაჰყავდა გამოძიება და ამბობდა, რომ ბალიკინას ჩაქუჩი თავში მხოლოდ ერთხელ ჩაარტყა, რადგან ის ეჩხუბებოდა და ეუბნებოდა, რომ მან ამ ქვეყანაზე არაფერი იცოდა.

საბოლოო ჯამში, სამართალდამცავებმა ისევ მოსახლეობას მიმართეს, ძებნის არეალი 150 კილომეტრზე გააფართოვეს და გვამს მიაგნეს. ძიებისთვის ცხადი შეიქმნა, რატომ არ უჩვენებდა ვეშტალიუკი გვამის ადგილსამყოფელს - ბალიკინას თავი პრაქტიკულად არ ჰქონდა, მას ჩაქუჩით 30-ზე მეტი დარტყმა ჰქონდა მიყენებული. სასამართლოს მსვლელობისას, გარდაცვლილის მამამ, ვლადიმირ ბალიკინმა სასჯელის უმაღლესი ზომა მოითხოვა, მაგრამ ვეშტალიუკის ადვოკატმა, გენერალურ პროკურორსა და მსჯავრდებულს შორის არსებული შეთანხმების აქტი ააფრიალა და მკვლელს მხოლოდ 23 წელი მისცეს, თუმცა...

„იმის გათვალისწინებით, რომ იულია ბალიკინა ოჯახში ერთადერთი შვილი იყო, მის მშობლებს უდიდესი მორალური ზიანი მიადგათ. 23 წელთან ერთად, დიმიტრი ვეშტალიუკს დაევალოს მათთვის მორალური ზარალის, 500 მილიონი ბელარუსული რუბლის გადახდა და სანამ ამ თანხას არ დაფარავს, ის ციხიდან ვერ გათავისუფლდება“, - წერია განაჩენში.

იმის გათვალისწინებით, რომ 500 მილიონი ბელარუსული რუბლი, დაახლოებით, 450 მილიონი ქართული ლარის ეკვივალენტია, ვეშტალიუკი ციხიდან ვერასოდეს გამოვა. თუ ოდესმე ვინმე მოიფიქრებს და ამ თანხას გადაიხდის, რათა დიმიტრი გაათავისუფლოს, ბალიკინას ოჯახი მთელი შემოსავლის ქველმოქმედებაში დახარჯვას აპირებს, თუმცა ძალიან საეჭვოა, ვეშტალიუკის გამო, ვინმე ნახევარ მილიარდ რუბლს შეელიოს.

 ავტორი-ბათო ჯაფარიძე