როგორ გაექცა დესპოტ ქმარს ცოლი - ოჯახური ძალადობის უცნაური ისტორია

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მაგიდაზე მუშტის დარტყმა და იმის ძახილი, ოჯახის უფროსი მე ვარო, ჩვენში კვლავ აქტიურია. ჰო, რამდენიც უნდა ვიძახოთ, ლეკვი ლომისა სწორიაო, მაინც შემორჩენილია ოჯახში მამაკაცის კულტი და ის, რომ ოჯახის თავი აუცილებლად მამაკაცი უნდა იყოს. ხანდახამ, ყველაფერი ეს გადამეტებულ ხასიათს იღებს და ოჯახის თავი მარტივად ხდება დიქტატორი, რომელსაც ყველა და ყველაფერი უნდა დაემორჩილოს. შემდეგ კი, როცა ეს მორჩილება იკლებს, სიტუაცია კონტრილიდან გადის, დამორჩილებულები „აჯანყებას“ აწყობენ და ყველაფერი ოჯახური ძალადობით სრულდება. ამბავი, რომელზეც ახლა გიამბობთ, მაშინ მოხდა, როცა სათვალთვალო კამერები საქართველოში მხოლოდ ბანკების შესასვლელებში იყო დამონტაჟებული და უცხო ხილი გახლდათ. სამართალდამცავებს განცხადებით მამაკაცმა მიმართა, რომელიც ცოლის გაქრობის შესახებ იუწყებოდა.

„კვირა დღეს ტრადიცია გვაქვს - ჩვენთან ჩემი მშობლები და სიდედრ-სიმამრი მოდიან, სადილს ვამზადებთ და ყველა ერთად ვსადილობთ. ყველაფერი ეს, ოჯახის სიმტკიცეს უწყობს ხელს, სრული იდილია მაქვს და ამიტომ გამოვრიცხავ, ცოლი სადმე გაქცეულიყო. მან სადილი გაამზადა, ჩემები რომ მოვიდნენ, აღმოჩნდა, პური არ გვქონდა და ცოლი საშინაო ფორმით პურზე ჩავიდა. მაღაზია კორპუსის ქვემოთ გვაქვს, 20 წუთი რომ დააგვიანდა, მეც ჩავედი, მაგრამ ცოლი ვეღარ ვიპოვე“, - ეწერა განცხადებაში.

მაღაზიის გამყიდველმა გოგონამ, რომელიც დაკარგულ ქალს კარგად იცნობდა, თქვა, რომ უცხო არავინ და არაფერი შეუმჩნევია - ქალი მაღაზიაში შევიდა, სამი პური აიღო და დახლთან თქვა, ფული დამავიწყდა და მოვიტანო. გოგონამ უთხრა, მერე შემოიტანეთ, მაგრამ ქალმა თავი გააქნია, აღებული პურები დახლთან დაალაგა და მაღაზიიდან გავიდა, მას შემდეგ არავის უნახავს. იქვე იყო ბანკის ფილიალი, რომლის კამერებიც სწორედ მაღაზიის შესასვლელს უყურებდა და სამართალდამცავებმა ისინიც ამოიღეს. არაფერი ახალი - ქალი მაღაზიაში შედის, იქიდან, დაახლოებით, სამ წუთში გამოდის და მიდის... სახლის საპირისპირო მიმართულებით. ფეხზე - საშინაო ქოშებითაა, მოხურული აქვს ხალათი და სპორტული შარვალი აცვია, რომლითაც წესით, ქალაქში სეირნობა მიზანშეწონილი არ არის. გოგონა ამტკიცებდა, მაღაზიაში არავის გამოლაპარაკებია, აქედანაც მარტო გავიდაო, რასაც კამერების ჩანაწერებიც ადასტურებდა. მაშ, რა მოხდა ისეთი, რომ ქალმა გაშლილ სუფრაზე მიატოვა 13 წლის შვილი, ქმარი, დედ-მამა, დედამთილ-მამამთილი და უბრალოდ, გაუჩინარდა?

სამართალდამცავებმა სანათესაო და სამეგობრო შეაწრიალეს, მაგრამ ვერაფერი გაიგეს. ყველა მხრებს იჩეჩდა, ოჯახზე გადამკვდარი ქალი იყოო და სწორედ ამიტომ ამტკიცებდა ქმარი, არ გაიქცეოდა, არ მიმატოვებდა, სავარაუდოდ, გაიტაცესო, მაგრამ ვერც იმას ხვდებოდა, ვის რაში შეიძლებოდა დასჭირვებოდა მისი ცოლი, ან რა შეიძლებოდა გამხდარიყო გატაცების მიზეზი. ძალოვნებმა ქალის დედ-მამაც დაკითხეს, ცალკე, დამოუკიდებლად იკითხეს, ხომ არ ჩიოდა რამეს მათი შვილი და ისინიც არანაკლებ გაოცებულები იყვნენ, იდეალური ოჯახი ჰქონდათ, ყველაფერი რიგზე იყოო. გამოკითხეს დაკარგული ქალის თანამშრომლები, ხომ არ ჰქონდა სამსახურში ფლირტი ვინმესთან, მაგრამ ეს ძაფიც გაწყდა - ქალი არავის ეკეკლუცებოდა და არც მასზე გიჟდებოდა ვინმე, თანაც წინასწარი მომზადების გარეშე, ასე, სახლის ტანისამოსით გაქცევაც წარმოუდგენელი ჩანდა, თუმცა...

მეუღლის მტკიცებით, ისინი ფულს ახალი მანქანისთვის აგროვებდნენ. ცოლს ცალკე შეჰქონდა ბანკში თანხა, ქმარს - ცალკე და გაირკვა, რომ გაუჩინარებამდე ორი კვირით ადრე, ქალმა ანგარიში დააცარიელა. ფული არ იყო იმ ოდენობის, გაქცევას რომ დახარბებოდა, მაგრამ იმდენი ნამდვილად იყო, ქალი ყველაზე ცოტა, ერთი წელი უზრუნველად გაიტანდა თავს საქართველოს ნებისმიერ ქალაქში - ბინის ქირასაც გადაიხდიდა და არც საჭმელი მოაკლდებოდა. ძებნა მთელი საქართველოს მასშტაბით გამოცხადდა, თუმცა შედეგი ვერც ამან მოიტანა. ქალი თითქოს მიწამ ჩაყლაპა, არავინ არაფერი იცოდა. ქმარმა სახლი გადაატრიალა, ბანკიდან გამოტანილი ფული ვერსად ნახა, თუმცა ნახა აბსოლუტურად ყველა საბუთი, რომელიც ქალს გააჩნდა - დაბადების მოწმობა, პასპორტი, ქორწინების მოწმობა, დიპლომი ანუ არაფერი წაუღია, რაც იმას ნიშნავდა, რომ ქვეყანას ვერ დატოვებდა, თუ... სხვა პასპორტი არ ჰქონდა გაკეთებული, რაც მაშინ უკვე შესაძლებელი იყო და კუსტარულად დამზადებული საბუთი საზღვარზეც გადიოდა, რადგან საბჭოთა პასპორტებს, მაგალითად, მეზობელ თურქეთში კარგად არ იცნობდნენ და მაშინ თურქეთიც არ იყო ისეთი სახელმწიფო, იქ გადასვლისა და ცხოვრების სურვილი რომ ჰქონოდა ვინმეს. ეს უფრო იყო ქვეყანა, საიდანაც ევროპაში მოხვედრა ბევრად ადვილი გახლდათ, ვიდრე საქართველოდან.

როცა არსებობს დანაშაული, აუცილებლად არსებობს მოტივი. მოტივის გარეშე, დანაშაულს არავინ სჩადის. ჰოდა, გამომძიებლებიც ეძებდნენ მოტივს, რის გამოც შეიძლებოდა ქალი გაქცეულიყო, მაგრამ მას ყველა, ლამის, წმინდანად რაცხავდა, მშობლებიც კი ამბობდნენ, რომ იდეალური ოჯახი ჰქონდა, ქმარიც იგივეს გაიძახდა, თანამშრომლები, მეგობრები, ნათესავები, მეზობლები... ცუდი არავის დასცდენია და ყველა ერთ აზრზე იყო - ქალი საკუთარი ნებით არსად წავიდოდა. ძალოვნებმა მთელი აგენტურული ქსელი აამუშავეს, მაგრამ დაკარგული ქალის შესახებ მათაც არაფერი იცოდნენ, თუმცა... დაკარგვიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ქალის დედამ გაიხსენა, როცა სტუმრად მივდიოდით, ჩემს შვილს ველაპარაკე, ვკითხე, რამე ხომ არ გინდათ-მეთქი და არა, ყველაფერი გვაქვსო. ჩვენთან კარგი თონეა, ვუთხარი, ლავაშებს წამოვიღებ-მეთქი და არა, პური უკვე ვიყიდეთ და გაგვიფუჭდებაო. მაშინ ქალს ეს არ გახსენებია, შვილზე ნერვიულობდა, ახლა კი აღიდგინა და... გამოძიება დარწმუნდა, რომ ქალი საკუთარი ნებით წავიდა სადღაც და არ გაპარულა, რადგან სახლიდან პურზე გასვლა, უბრალოდ, მიზეზი იყო. პრინციპში, სამართალდამცავებს კითხვა გაუჩნდათ, ხომ შეიძლებოდა, პურზე ოჯახის უფროსი გასულიყო და მაშინ გეგმა ჩავარდებოდა, მაგრამ მამაკაცმა გაიოცა, მე რატომ უნდა გავსულიყავი, როცა მეუღლე სახლში იყო და სუფრის გაწყობასთან ერთად, პურის მოტანაც მას ევალებოდაო. საინტერესო იყო კიდევ ერთი რამ - თუ ქალმა გაქცევა გადაწყვიტა, რატომ აირჩია კვირა დღე და რატომ წავიდა სახლიდან, პრაქტიკულად, ისეთი ტანსაცმლით, რითაც ქალაქში გადაადგილება დიდად სასურველი არ იქნებოდა? უფრო მარტივი არ იყო, სამსახურის დღეს, დილით, სამუშაოს ნაცვლად წასულიყო და მერე, 20-30 წუთში კი არ დაუწყებდნენ ძებნას, გასაქრობად 5-6 საათი ექნებოდა. ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მხოლოდ ქალს შეეძლო, მას კი ვერ პოულობდნენ.

მოულოდნელი პასუხი ფოთიდან მოვიდა - ერთ-ერთი უბნის რწმუნებული ამტკიცებდა, ქალი, რომლის სურათებიც დაგვირიგეს, ფოთში ცხოვრობს, მცირე ზომის ფართი იქირავა, იქ ცხოვრობს და გემს თუ ნავს აშენებსო. სამართალდამცავები ფოთში გაემგზავრნენ და ქალს ანგარში მაშინ მიადგნენ, როცა ის საკმაოდ მოზრდილი ნავის გარეთა მხარეს ლაკს უსვამდა. როცა ფორმიანი ადამიანები დაინახა, ჯერ თავი ჩაღუნა, შემდეგ იქვე, პატარა სკამზე ჩამოჯდა და მტკიცედ თქვა - „არ დავბრუნდები!“ სამართალდამცავებმა ცოტა აცადეს, ქალმა კი მძიმედ დაიწყო:

„მომბეზრდა, ყველაფერი მომბეზრდა. მომბეზრდა ეს ტრადიციული სადილები ყოველკვირა, მომბეზრდა ის, რომ ქმარს საკვები აუცილებლად სამზარეულოში უნდა გავუწყო, ჩანგალი აუცილებლად მარჯვენა მხარეს უნდა დავუდო იმიტომ, რომ ცაციაა და დანა მარცხენა მხარეს უნდა იდოს. მომბეზრდა ის, რომ „სერვანდში“ შენახული ჭურჭელი ყოველკვირა უნდა გამოვალაგო და წვნიანი აუცილებლად დიდი ფაიფურის თასით უნდა დავდო მაგიდის შუაში. მომბეზრდა ისიც, რომ თუ ქმარი ცუდ ხასიათზეა და მე ვერ შევატყვე, ერთი გალაწუნება გამოწერილი მაქვს და მთელი საღამო ხმა არ უნდა ამოვიღო. შვილი? შვილი მიყვარს, მაგრამ ყველაფერი შემძულდა, საკუთარი თავი შემძულდა, მშობლები შემძულდა... მე არავინ მყავს, სრულიად მარტო ვარ. იდეალური ოჯახის უკან, დესპოტი ქმარი, ტრადიციებს გამოკიდებული მშობლები და მომავალში, ასევე, დიქტატორად გაზრდილი შვილი იმალება. არ მინდა დაბრუნება, არა. ამ ნავს იმიტომ ვაშენებ, რომ ზღვაში გავიდე, როცა მომინდება და ვიცურო, თავისუფლად ვიცურო. ესაა ჩემი ოცნება და ერთხელ რომ ვუთხარი ქმარს, დამცინა, მეორედ - ხელი დამარტყა და მეტჯერ აღარ მითქვამს. ჩემი ნავის ნაცვლად, თავისთვის მანქანა უნდოდა. არ დავბრუნდები-მეთქი“.

სამართალდამცავები უხმოდ გაბრუნდნენ და გადაწყვიტეს, ქალის ადგილსამყოფელი ოჯახისთვის ეთქვათ, შემდეგ კი ისინი მორიგდებოდნენ, რა და როგორ იქნებოდა. ქალი სრულწლოვანი იყო, დამოუკიდებლად მოქმედებდა, კრიმინალი არ ჩაუდენია და მისი დაკავების უფლებაც არავის ჰქონდა. ფოთიდან თითქმის გამოსულები იყვნენ, ერთ-ერთმა გამომძიებელმა რომ თქვა, ანგარში საქაღალდე დამრჩა, მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია მიდევსო და მანქანა მიატრიალეს. ანგარში შესულებს ქალი თოკზე ჩამოკიდებული დახვდათ, ჯერ კიდევ ფართხალებდა. მაშინვე ჩამოხსნეს, ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარეს და... გადაარჩინეს. რა მოხდა შემდეგ?

ოჯახმა ქალის ადგილსამყოფელი გაიგო და ჩააკითხა, თუმცა ამბის გაგრძელება არავინ იცოდა. ამბობდნენ, კაცი საცხოვრებლად ფოთში გადავიდაო, თუმცა სიმართლე ბოლომდე ვერავინ გაიგო.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე