ვინ იყო ქალი, რომელიც 12 წლის შვილით მამაკაცებს აშანტაჟებდა

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
მოზარდის „პიჟამაზე“ აღმოჩენილი სპერმის კვალი - ექსპერტიზის შოკისმომგვრელი დასკვნა
 
ადამიანების ფანტაზიას საზღვარი არ აქვს. ფულის შოვნისთვის, შესაძლოა, ისეთი რამ მოიფიქროს, სხვებს აზრადაც რომ არასდროს მოუვათ. არსებობენ ადმიანები, რომლებიც ფულის გამო, ყველაფერზე არიან წამსვლელნი და მზად არიან, გაწირონ ყველა, ოღონდ სანუკვარ მიზანს მიაღწიონ. სამწუხაროდ, ასეთი წამოწყებები ბოლომდე კარგად იშვიათად, ან პრაქტიკულად, არასდროს სრულდება, მაგრამ ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ სხვებზე ჭკვიანები არიან და თუ სხვა ჩავარდა, ისინი არ ჩავარდებიან.
 
„განყოფილების ფანჯრიდან მაისის შხაპუნა წვიმას ვუყურებდი, როცა ვიღაც კაცი შემოვარდა და თან მორიგე შემოჰყვა. ეს კაცი ყვიროდა, დროზე უშველეთ, ბავშვი მოიტაცესო. მორიგე ბოდიშობდა, ვერ გავაჩერე, მოვარდა, არავის მოუსმინა, აქეთ-იქეთ დარბის, ყველა ოთახში შედის და ამტკიცებს, ვიღაც მოიტაცესო. რა თქმა უნდა, მოსული სკამზე დავსვი და ვთხოვე, დალაგებულად მოეყოლა, რა მოხდა“, - გვიყვება მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.
 
მამაკაცმა თქვა, რომ აივანზე სიგარეტს ეწეოდა, როცა დაინახა, როგორ გაჩერდა ფეხით მომავალი პატარა გოგონას გვერდით შავი ფერის ავტომობილი, როგორ გადმოხტა იქიდან ვიღაც ნიღბიანი, როგორ ააფარა ბავშვს პირზე ხელი, როგორ ჩატენა მანქანაში და როგორ გაქრა მალევე. მოსულმა ავტომობილის მარკა ვერ დაასახელა, ზემოდან ვერ გავარჩიე, მაგრამ შავი ფერის ნამდვილად იყოო. მან ვერც გოგონა იცნო, მაგრამ ამბობდა, ეგ ბავშვი ადრეც მყავს ნანახი, ასე, 12-13 წლის იქნება და ყველა ვარიანტში, ჩვენს უბანში ცხოვრობსო.
 
როცა საქმე ბავშვს ეხებოდა, ძალოვნები არ ელოდნენ ადამიანის დაკარგულად გამოცხადებისთვის საჭირო 72 საათისა გასვლას და დაუყოვნებლივ ძებნას იწყებდნენ. ასე მოხდა ამჯერადაც, შემთხვევის ადგილზე ოპერჯგუფი მალე გავიდა, მაგრამ საინტერესო ის იყო, რომ არცერთ მეზობელს არაფერი დაუნახავს და გაუგონია. განყოფილებაში მისული მამაკაცი კი ამტკიცებდა, რომ არ დამენახა, მეც ვერაფერს გავიგებდი, ყველაფერი წამებში და ჩუმად მოხდაო. ყველაფერმა ამან სამართალდამცავები დააეჭვა, რამდენად ამბობდა სიმართლეს მოსული, თუმცა საღამოს ყველაფერი დალაგდა - განყოფილებაში ახალგაზრდა კაცი მივიდა და განაცხადა, რომ ცოლი და შვილი დაკარგა. უფრო ზუსტად კი, ბავშვი სკოლიდან არ დაბრუნდა, ცოლი - სამსახურიდან და როცა ბავშვის ფოტო იმ მამაკაცს ანახეს, რომელიც დილით შევარდა პოლიციაში, ყვირილი ატეხა, სწორედ ეს გოგო მოიტაცესო.
 
„ეს გოგონა ჩემი გერია, მართალია, მის დედასთან ოფიციალურ ქორწინებაში არ ვარ, მაგრამ ცოლ-ქმრად ვითვლებით. 7 წლიდან, ბავშვს ერთად ვზრდით, შვილივით მიყვარს და წარმოდგენაც არ მაქვს, ვინ შეიძლება გვმტრობდეს. არ გვიჭირს, მაგრამ არ გვაქვს ისეთი შემოსავალი, გამოსასყიდი მოითხოვონ“, - გაოცებით ამბობდა მამაკაცი.
 
გოგონა 12 წლის იყო, ურიგოდ არ სწავლობდა, ტანვარჯიშზე დადიოდა და ძალიან კარგი შედეგები ჰქონდა. ბავშვებში ჩატარებული, პრაქტიკულად, ყველა შეჯიბრიდან მედალი მოჰქონდა. მამინაცვალმა თქვა, ჩემი ცოლი რუსია და სავარაუდოდ, გენები თავისას შვრება, ჩემი ცოლიც ახალგაზრდობაში ტანმოვარჯიშე იყოო. სკოლაში მასწავლებლებმა მხრები აიჩეჩეს, ბავშვისთვის არც ნერვიულობა შეუმჩნევიათ, არც ისეთი რამ, რასაც შეიძლებოდა, ეჭვი გამოეწვია. გაოცებული იყვნენ ქალის სამსახურშიც, ის დილით ჩვეულებრივ მივიდა სამსახურში, შუადღისას სადილისთვის გავიდა და აღარ დაბრუნებულა. სამართალდამცავებმა ძებნა, როგორც შვილზე, ისე დედაზე გამოაცხადეს. გამოირიცხა ვერსია, რომ ბავშვი შეიძლებოდა ბიოლოგიურ მამას მოეტაცებინა, რადგან ის გარდაცვლილი იყო, ავარიის შედეგად (რომელშიც ქალიცა და ბავშვიც მოჰყვნენ) გარდაიცვალა. შემდეგ ქალი ორი წელი გლოვობდა ქმარს, მერე კი იმ კაცთან დაიწყო ცხოვრება, რომელიც შეუყვარდა და წყვილს ყველა დადებითად ახასიათებდა - ჩუმი, წყნარი, მოსიყვარულე ოჯახი. რადგან გამოძიებას არ ჰქონდა ინფორმაცია და ეჭვი, ვის შეიძლებოდა მოეტაცებინა, პროფილაქტიკის მიზნით, გატაცებულების ბინის ჩხრეკა გადაწყდა. ეგებ, იქ ენახათ რამე ისეთი, რასაც ჩაეჭიდებოდნენ და დამნაშავის კვალს დაადგებოდნენ. სახლის ჩხრეკის წინააღმდეგი არც ბავშვის მამინაცვალი ყოფილა, თქვენ ოღონდ ცოლ-შვილი მიპოვეთ და თუ გნებავთ, სახლს საცხოვრებლად დაგითმობთო. ჩხრეკამ თითქოს ვერაფერი მოიტანა, მაგრამ ოპერმუშაკები ერთმა დეტალმა დააინტერესა - ბავშვის ყველა ნივთი მის ოთახში იყო შენახული, სათამაშოებიდან დაწყებული, ტანსაცმლით დამთავრებული, მხოლოდ ორი ცალი „პიჟამა“ იყო მშობლების ოთახში, დედის თეთრეულის უჯრაში საგულდაგულოდ, ცელოფანში შენახული. მამაკაცმა გაიოცა, ეს უჯრა არასდროს გამომიღია, ცოლის თეთრეულთან რა საქმე მაქვსო და ბავშვის საღამურები ექსპერტიზაზე წაიღეს.
 
„ექსპერტიზის დასკვნა შოკისმომგვრელი იყო - ორივე საღამური სპერმით იყო დასვრილი. როცა ეს მამინაცვალმა გაიგო, გაოცებისგან ენა ჩაუვარდა, ხოლო როცა მას ანალიზის აღება დავუპირეთ, დასაბმელი გახდა, თქვენ ხომ არ გაგიჟდით, ჯერ 12 წლის ბავშვისკენ როგორ გავიხედავდი და მეორეც, ის ბავშვი შვილივით მიყვარს, შვილია ჩემი, ამას როგორ კადრულობთო. რა თქმა უნდა, ექსპერტიზა მაინც ჩატარდა“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.
 
ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ბავშვის საღამურზე არსებულ სპერმასთან მამინაცვალს კავშირი არ ჰქონდა და ამის გამო, კაცი უფრო გაბრაზდა, როგორ მაკადრეთ, თავში როგორ გაივლეთ, რომ 12 წლის ბავშვთან რამე კონტაქტი მექნებოდა, მით უმეტეს, შვილივით მყავსო. ძალოვნები კი უკვე სხვა ვერსიებს ამუშავებდნენ. გამტაცებლებისგან არაფერი ისმოდა და... ქალის საბანკო ანგარიშის შემოწმების შემდეგ გაირკვა, რომ ბანკის შემნახველ წიგნაკზე, დაახლოებით, 20 ათასი დოლარის ეკვივალენტს ფლობდა. ეს მაშინ ძალიან დიდი თანხა იყო და მისი მეუღლე კიდევ ერთხელ გაოცდა - წარმოდგენა არ მაქვს, საიდან ასეთი დანაზოგი, კიდევ გავიმეორებ, არ გვიჭირდა, მაგრამ იმდენი ნამდვილად არ გვქონდა, 20-ათასიანი დანაზოგი გაგვეკეთებინაო. გამოდიოდა, რომ ქალს სხვა შემოსავალი ჰქონდა, მაგრამ საიდან?
 
ამასობაში, რუსთავში, მტკვარმა ქალის სხეული გამორიყა. მას დანით 4 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული და მამაკაცმა ცოლი ამოიცნო. ის გვამის დანახვისთანავე მწარედ აქვითინდა და ისიც კი თქვა, ალბათ, შვილიც მომიკლესო. ეჭვი იმის შესახებ, რომ შესაძლებელი იყო ბავშვიც მოეკლათ და მტკვარში გადაეგდოთ, სამართალდამცავებსაც გაუჩნდათ. ყველაფერი ეს შურისძიებას ჰგავდა და ახლა გამომძიებლებმა კაცის გარემოცვის შესწავლა დაიწყეს, თუმცა ისეთს ვერავის მიაგნეს, ასეთი სასტიკი შურისძიება რომ დაეგეგმა. ქალის გვამის პოვნიდან, თითქმის ორი დღე იყო გასული, როცა მცხეთის გზაზე, გამვლელებმა ბავშვი იპოვეს, რომელიც გზაზე იდგა და ხელს იქნევდა. ის განყოფილებაში მიიყვანეს და მალევე გაირკვა, რომ გოგონა სწორედ მოტაცებული ბავშვი იყო. მან პირველი დაკითხვისას მხოლოდ ის თქვა, არ ვიცი, ვინ წამიყვანა, სახე არ დამინახავს, დღეს თვალები ამიხვიეს, მანქანაში ჩამტენეს, მერე ჩამომსვეს და მითხრეს, სახვევი 10 წუთის შემდეგ მოიხსენიო. ის ასეც მოიქცა და აღმოაჩინა, რომ სადღაც გზაზე იყო მიტოვებული. მერე მანქანას ხელი დაუქნია და...
 
მამინაცვლის პროტესტის მიუხედავად, გოგონა არ გაატანეს. ის ჯერ ექსპერტიზაზე გადაიყვანეს (მასზე ძალადობა არ იყო განხორციელებული, არც ადრე და არც იმ
მომენტისთვის) და შემდეგ გოგონა ერთ-ერთ ფსიქოლოგს გააყოლეს შინ. სწორედ ამ ფსიქოლოგს უნდა აელაპარაკებინა ბავშვი, რომელმაც არ იცოდა, რომ დედა მოუკლეს და ეგებ, ისეთი რამ ეთქვა, რასაც გამოძიება ჩაეჭიდებოდა. ასეთმა მიდგომამ გაამართლა.
 
„როცა შეჯიბრებებზე მივდიოდით, მე და დედიკო სხვა ქალაქში ორი-სამი დღით ადრე ჩავდიოდით, სასტომროში ვჩერდებოდით და ამას იმიტომ ვაკეთებდით, რომ შეჯიბრზე დასვენებული გავსულიყავი. ერთი თამაში გვქონდა, ჩასვლიდან მეორე დღეს, ვიღაც კაცთან ერთად, რომელიც დედიკოს მეგობარი იყო, სასტუმროში უნდა გამესეირნა, მერე კი ჩემთვის ცალკე ნაქირავებ ნომერში შევდიოდი და იქ ძალიან ბევრი სათამაშო მხვდებოდა“, - არეულად მოყვა ბავშვმა, მაგრამ ეს საკმარისი იყო. გამომძიებლებმა ყველა სასტუმროს პერსონალი დაკითხეს, სადაც დედა-შვილი ჩერდებოდა.
 
„ბევრი რომ არ გავაგრძელო, ორთვიანი ძებნის შემდეგ, ერთ-ერთი მამაკაცი ვიპოვეთ. მან გვითხრა, რომ რუსი ქალი ურთიერთობას სთავაზობდა, შემდეგ სასტუმროში ეპატიჟებოდა, თუმცა შვილს რომ არ ენერვიულა, ცოტა ხნით, მამაკაცს მასთან ერთად უნდა ესეირნა. მერე გოგონა ქალის მიერ ნაქირავებ მეორე ნომერში შეჰყავდათ, თავად ცალკე ნომერში შედიოდნენ და ერთობოდნენ. მომხდარიდან მეორე დღეს კი ქალი დაადგა, ბავშვის „პიჟამა“ დაუდო წინ და უთხრა, რომ მასზე მამაკაცის სპერმა იყო, რომ ის შვილს ათქმევინებდა, როგორც ცდილობდა კაცი მასზე ძალადობას, როგორ რყვნიდა ბავშვს და სასტუმროს პერსონალიც დაადასტურებდა, რომ მამაკაცი გოგონას ხელჩაკიდებული დაჰყვებოდა. ასე გამოსძალა რამდენიმე ადამიანს ფული და როგორც ჩანს, ერთ-ერთმა ვერ ან არ გადაიხადა და ქალი, უბრალოდ, მოკლა“,- გვიყვება ბატონი თენგიზი.
 
სამართალდამცავებმა რვათვიანი მუშაობის შემდეგ, ექვსი დაზარალებული მამაკაცი იპოვეს, რომლებმაც აღიარეს, რომ ფული გადაიხადეს, რათა ამბავი არ გახმაურებულიყო და არაფრის გამო, შარში არ გახვეულიყვნენ. გამოძიებამ მკვლელი ვერ იპოვა, ხოლო როცა მამინაცვალმა გაიგო, რით იყო დაკავებული მისი მეუღლე, ბავშვზე უარი თქვა და ის ბიოლოგიური მამის ძმამ წაიყვანა გასაზრდელად.