ევროპაში გაქცეული ქართველი „კანონიერი ქურდები“ საქართველოში ახალგაზრდებს ფულს სძალავენ

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ვინ არიან „ფორთოხლები“ და როგორ ატერორებს კრიმინალური სამყარო ქართველ ემიგრანტებს

 დეკემბერში, სამართალდამცავებმა რამდენიმე მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარეს და ნარკოტიკების გამსაღებლებთან ერთად, „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული პირებიც დააკავეს. ნარკოტიკების გასაღებამ საქართველოში უპრეცედენტო მასშტაბები მიიღო. უფრო სწორედ, გასაღების მცდელობამ, რადგან ძალოვნების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ძალიან ბევრ შემთხვევაში, გამსაღებლებს ფაქტზე აკავებენ, მაგრამ ინტერნეტის გამოყენებით, ნარკოდილერები სულ უფრო რთულ სქემებს იგონებენ და ხშირად, მათ კვალზე გასვლა გამორიცხულია. ამას ხელს კრიპტოვალუტაც უწყობს, რადგან ანგარიშსწორება სწორედ კრიპტოსაფულით ხდება და მისი კვალის პოვნა შეუძლებელია. ჰოდა, ნუ გაგიკვირდებათ, თუ ნარკოდამოკიდებული ადამიანი ძალიან კარგად ერკვევა კრიპტობირჟასა და კრიპტოვალუტაში. სხვათა შორის, აღნიშნული პრობლემა მხოლოდ ქართველი სამართალდამცავების თავის ტკივილი არ გახლავთ, ის ბევრად მასშტაბურია და როგორც ევროპის, ისე აშშ-ის ძალოვნებიც ფიქრობენ, რომ კრიპტოვალუტის მოძრაობა, როგორმე, გაკონტროლდეს.

 

თუმცა, ამჯერად ნარკოტიკებზე არ ვისაუბრებთ და „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშრებული პირების სიმრავლეზე მოგახსენებთ. რა გახდა მიზეზი, რომ თითქმის ყოველ კვირას, ძალოვნები ათეულობით მოზარდს აკავებენ, რომლებიც „კანონიერ  ქურდებთან“ არიან კავშირში? და, საერთოდ, რატომ არის, რომ გახშირდა ჩანაწერები, სადაც საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდები“ ქართველ ბიზნესმენებს ფულს სთხოვენ, თანაც თუ დაახლოებით, ნახევარი წლის წინ, თანხა ათეულ ათასობით დოლარს ეხებოდა, ახლა 500 ლარზეც კი რეკავენ. ჰო, 500 ლარზე ანუ თანხაზე, რომელიც საზღვარგარეთ, პრაქტიკულად, არაფერია, მაგრამ „კანონიერი ქურდები“ თავს მაინც იწუხებენ.

როგორც ევროპაში მცხოვრები ერთ-ერთი „კაი ბიჭი“ გვეუბნება, მცირე თანხებით დაინტერესება თავიდან მასაც ძალიან გაუკვირდა, მაგრამ მერე ყველაფერს მიხვდა. საქმე ის გახლავთ, რომ 500 თუ 1000 ლარზე „კანონიერი ქურდებმა“, შესაძლოა, დღეში ათ ადამიანს დაურეკონ, რაც დღის ბოლოს სოლიდური თანხა გამოდის, თვის ბოლოს კი იმდენი, რომ ევროპაში უზრუნველად იცხოვრო. აღებული თუ ამოღებული თანხის უდიდესი ნაწილი (70%-ზე მეტი) საზღვარგარეთ იგზავნება „ობშჩიაკისთვის“, რეალურად კი მიღებულ თანხას „კანონიერი ქურდები“ საკუთარი სურვილისამებრ განკარგავენ და „საერთოს“ შევსებაზე სულ უფრო ნაკლებად ფიქრობენ.

ამას გარდა, ევროპაში კვლავ გააქტიურდა თემა, რომ „ფორთოხლები“ ანუ ის „კანონიერი ქურდები“, რომლებმაც თავის დროზე, სტატუსი დიდი ფულის გადახდის შემდეგ მიიღეს, სტატუსის გარეშე დატოვონ და საამისოდ ერთი დიდი „სხადნიაკიც“ გაიმართოს, მაგრამ ყველაფერ ამას, სერიოზული პრობლემა უშლის ხელს - თუ ამ ადამიანებს სტატუსის გარეშე დატოვებენ, პრეტენზია უნდა წაუყენონ მათაც, რომლებმაც ეს სტატუსი მისცეს. მათი ძირითადი ნაწილი გარდაცვლილია („იაპონჩკი“, „დედ ჰასანი“), მაგრამ ბევრი ცოცხალია და ისე გამოვა, რომ სტატუსის გარეშე დარჩენა მათაც ემუქრებათ. თავის მხრივ, „აპელსინების“ რაოდენობა იმდენად დიდია, რომ ისინი ძველი ყაიდის ქურდებს უტევენ და ემუქრებიან, ასეთი „სხადნიაკის“ მოწვევის შემთხვევაში, ომს დავიწყებთ და დავხოცავთ ყველას, ვინც ჩვენს ღირსებას ეჭვქვეშ დააყენებსო. ომი კი არავის სურს ორი მიზეზის გამო - არავის უნდა სიკვდილი და რაც მთავარია, ახლა აღარ არის ძველი დრო, „კალაშნიკოვით“ ვიღაცას რომ ჩაცხრილავდი და მერე ადგილიდან დაბურულშუშებიანი „ბე-ემ-ვე“-თი რომ მიიმალებოდი. ახლა ყველაფერი ბევრად რთულადაა და თითოეულ დანაშაულს ნებისმიერი ქვეყნის სამართალდამცავები საფუძვლიანად იძიებენ. თანაც,  „კანონიერი ქურდები“ იმასაც ამბობენ, რომ როგორც იქნა მოახერხეს და ევროპის არცერთ დიდ ქვეყანაში, უკვე წელიწადზე მეტია, სერიოზული სპეცოპერაცია არ ჩატარებულა ქართველების წინააღმდეგ, არც ათეულობით ადამიანი დაუკავებიათ. ეს იმიტომ კი არა, რომ ევროპელ ძალოვნებს ჩაეძინათ, უბრალოდ, „კანონიერი ქურდები“ გახდნენ უფრო ფრთხილები და ცდილობენ, კრიმინალი იმ ქვეყანაში არ ჩაიდინონ, სადაც ცხოვრობენ. აი, საქართველოში კი...

„არ ვიცი, მანდ როგორ ჩანს, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც საქართველოში ძალიან დიდ ფულს შოულობენ. ახლა, რუსები რომ ჩამოვიდნენ, ქართველებს კრიპტობაზარზე ვაჭრობა ასწავლეს და ტიპები მთელი დღე კომპიუტერებთან სხედან და დღეში 200-300 დოლარს აკეთებენ. თანაც, ძირითადად, ახალგაზრდობა, ბიჭ-ბუჭობა, თავში რომ უქრით. ჰოდა, მათი „გაკერვა“ უფრო ადვილია, რომ ქურდულს სჭირდება და რაღაც თანხა „ობშჩიაკში“ უნდა გადაიხადონ. ერთი გადახდაა ძნელი, თორემ მერე უკვე ქურდი რეკავს, შენ რომ „ობშჩიაკში“ თანხას ჩამოხვედი, ახლა რომ უარს ამბობ, „საერთო“ ჩემი ჯიბიდან ხომ არ უნდა შევავსოო? საქართველოდან „კანონიერი ქურდების“ გაძევებამ, მინუსებთან ერთად, ერთი დიდი პლუსიც მოგვიტანა - ახლა, ახალ თაობას, „კანონიერი ქურდი“ სამთავიანი გველეშაპი ჰგონია, საშიში ადამიანი, გმირი საშინელებათა ფილმიდან და საკმარისია დაყენებული ბაზარი და რამდენიმე ჟარგონი, რომ ბევრს ეშინია. ჰოდა, იხდიან და იხდიან ერთი შეხედვით ცოტას, მაგრამ ეს ცოტა მერე ძალიან ბევრი ხდება“, - გვეუბნება ჩვენი წყარო.

სამწუხაროდ, ასეთ შემთხვევაში, ქართველი სამართალდამცავები უძლურები არიან. ქართულ შსს-ს პრაქტიკულად ყველა „კანონიერ ქურდზე“ საერთაშორისო ძებნა აქვს გამოცხადებული, მაგრამ უშედეგოდ, რადგან ამ სტატუსს მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა სცნობს და დასჯადიც ოფიციალურად მხოლოდ სამ სახელმწიფოშია. შესაბამისად, გამოუცდელი ადვოკატიც კი მარტივად ახერხებს დაკავებული კრიმინალების გათავისუფლებას.

 „კანონიერი ქურდების“ ტერორის მსხვერპლი არა  მარტო საქართველოში მცხოვრები ადამიანები არიან, არამედ, ევროპაში ლუკმა-პურის საშვნელად წასულებიც. ბოლო დროს, საქართველოდან სამუშაოდ ჯგუფები მიდიან, მაგალითად, მშენებლობაზე, ან სათბურებში და ამ 10-კაციან ჯგუფებს ეუბნებიან, რომ თვეში, მაგალითად, 1000 ევრო უნდა გადაიხადონ ანუ თითოეულმა 100 ევრო, რაც იქაური საზომებით ბევრი არაა და ჯგუფის ხელმძღვანელიც იძულებულია, დათანხმდეს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში,  „ქურდული გარჩევები“ მიდის. მათ უმრავლესობას კი სამთვიანი ვადა დარღვეული აქვს ანუ ევროპის ქვეყანაში არალეგალურად იმყოფება და პოლიციას რომ მიმართოს, სამშობლოში გამოადეპორტებენ და საერთოდ, ყველაფრის გარეშე დარჩება. ეს კარგად იციან იქ მყოფმა კრიმინალებმა და ამას სათავისოდ მარტივად იყენებენ. აქტიურად კი მუშაობენ ევროპაში მყოფი პოლიციის ქართველი ატაშეები, მაგრამ როცა საქმე არალეგალს ეხება, ისინიც უძლურნი არიან და ამიტომ, მათთან მიმართვიანობაც მინიმალურია.

სამაგიეროდ, სწორედ ქართველი ატაშეების მეშვეობით ხდება იმის დადგენა, რომელ ქვეყანაში, რომელი „კანონიერი ქურდი“ იმყოფება და მისი ტელეფონის მოსმენაც მარტივდება. შედეგად, სპეცოპერაციები უკვე საქართველოში ტარდება, მაგრამ დაკავებულების ადგილს სხვები იკავებენ და სამწუხაროდ, „ქურდული სამყაროს“ ხიბლი ჩვენში კვლავ არის, ვერ წაიშალა, ვერ აღმოიფხვრა. სამწუხაროდ, კვლავ არსებობენ ქალაქებისა თუ სოფლების „მაყურებლები“, რომლებიც ცდილობენ, ევროპული „ობშჩიაკი“ შეავსონ და ამით ქულები დაიწერონ. ამ „მაყურებლების“ შესახებ მომავალში ვრცლად აუცილებლად გიამბობთ და იმასაც მოგიყვებით, „კანონიერი ქურდების“ „ჩატში“ რა საქმეები ირჩევა, რაზე აკეთებენ აქცენტს აქაური „კაი ბიჭები“, რას სთხოვენ „კანონიერ ქურდებს“ და რისთვის ითხოვენ დიდი „სხადნიაკის“ მოწვევას.

 

ბათო ჯაფარიძე