თავხედური ძარცვა-ყაჩაღობების ქრონიკა - როგორ გავიდნენ სამართალდამცავები დამნაშავეების კვალზე

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

ამას წინათ, საქართველოს ბანკის ერთ-ერთი ფილიალი დააყაჩაღეს. მძარცველმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა კი მოახერხა, მაგრამ სამართალდამცავებმა მისი დაკავება შეძლეს. ერთი შეხედვით, ყველაფერი მარტივად მოხდა - მას ქუჩაში დაყენებული ვიდეოკამერებით გაყვნენ. საერთოდ, ვიდეოთვალით დაფიქსირებული აღნაგობა სპეციალურ საძიებო სისტემაში ვარდება, რის შემდეგაც, იმავე აღნაგობის ადამიანს, პრაქტიკულად, ყველა კამერა თვეების განმავლობაში ეძებს. დღეს წარმოუდგენელია, ბანკში ისე შეხვიდე, ვიდეოკამერის არეალში არ მოხვდე და ამიტომ, ძარცვა-ყაჩაღობები, ძირითადად, კრიმინალთათვის სავალალოდ მთავრდება. ადრე ასე არ იყო, ზოგადად, ადრე თუ ყაჩაღობას გაბედავდა ვინმე, ეს კარგად დაგეგმილი „ღონისძიება“ გახლდათ. მათ გათვლილი ჰქონდათ ყველაფერი და ადგილზე მისულ გამომძიებლებს, პრაქტიკულად, არაფერი ხვდებოდათ ისეთი, რასაც შეეძლო დამნაშავეების კვალზე გაყვანა. იმის თქმა, რომ დამნაშავე აუცილებლად უშვებს შეცდომას, ადვილია, მაგრამ ბევრად რთულია, ეს შეცდომა იპოვო, ფაქტები ერთმანეთს დაუკავშირო, აკინძო და საბოლოოდ, საქმის გახსნამდე მიხვიდე.

„თბილისში, ყვავილების მაღაზიებს ერთი ხელის თითებზე დაითვლიდი და მათაც არ ჰქონდათ ისეთი ვაჭრობა, სერიოზული კრიმინალის სამიზნე გამხდარიყვნენ. ამიტომ, ძალიან გამიკვირდა, როცა განყოფილებაში ზარი შემოვიდა, ყვავილების მაღაზია დააყაჩაღესო. შემთხვევის ადგილზე დიდი ინტერესით გავედი და ძალიან მაინტერესებდა, რა წაიღო თავდამსხმელმა“, - იხსენებს მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

ადგილზე მისულ სამართალდამცავებს მაღაზიის ატირებული გამყიდველი და მოხუცი კაცი დახვდათ, რომელიც იქვე, მაღაზიის შესასვლელთან ახლოს, მზეზუმზირას ჰყიდდა. სწორედ ის იყო მთავარი მოწმე და იმედი, რომ დანაშაული ცხელ კვალზე გახსნილიყო. როგორც მოხუცმა თქვა, ორი თავდამსხმელი იყო, ისინი „011“-ის მარკის ავტომობილით მოვიდნენ, მაღაზიასთან მოშორებით, ასე, 20 მეტრში გააჩერეს, შემდეგ ერთ-ერთი მათგანი მაღაზიაში შევიდა, ერთი ცალი მიხაკი იყიდა, გამოვიდა, მეგობარს რაღაც გადაულაპარაკა, მიხაკი ნაგვის ურნაში ჩააგდო და მაღაზიაში უკვე მეგობართან ერთად შებრუნდა. ქალს იარაღი მიაბჯინეს და დაახლოებით, 80 მანეთი წაიღეს. რა ხდებოდა მაღაზიაში, მოხუცი ვერ ხედავდა, თუმცა ის კი დაინახა, როგორ გამოვარდნენ ბიჭები მაღაზიიდან, როგორ ჩახტნენ მანქანაში და მიიმალნენ. რა თქმა უნდა, მაშინვე ყველა განყოფილებას გაუგზავნეს შეტყობინება გატაცებულ „011“-ზე, მაგრამ... ორი დღის შემდეგაც კი, მილიციაში მანქანის გატაცებაზე განცხადება არ შესულა. რა გამოდიოდა, დამნაშავეები საქმეზე საკუთარი ავტომობილით და მხოლოდ იმის იმედად იყვნენ, რომ სიბნელეში შემთხვევითი მოწმე ნომერს ვერ დაინახავდა? ეს რაღაც ახალი იყო, თუმცა გამომძიებლებმა ზუსტად იცოდნენ, პირველი წარმატებით გათამამებულები, მეორე საქმეზე მალე წავიდოდნენ. ჰო, მზესუმზირის გამყიდველი მართალი აღმოჩნდა, მიხაკი სანაგვე ურნაში ეგდო, მაგრამ იქიდან თითის ანაბეჭდები ვერ აიღეს. რაც შეეხება მიხაკის მყიდველის აღწერილობას, გამყიდველმა ქალმა ვერაფერი თქვა - თავზე ქუდი ჰქონდა ჩამოფხატებული, სახეს როლინგში მალავდა, რაც არ გამკვირვებია, რადგან ახალგაზრდა ბიჭებს ხშირად რცხვენიათ ყვავილის ყიდვაო.

მომხდარიდან სამ დღეში, ისევ დაბნელებულზე, ღვინის მაღაზია დააყაჩაღეს. ხელწერა იგივე იყო - ახალგაზრდა ბიჭი მაღაზიაში შევიდა, ერთი ბოთლი იაფფასიანი ღვინო იყიდა ანუ სიტუაცია დაზვერა, მერე კი, მეგობართან ერთად, უკვე ნიღბით შევარდა და 300 მანეთამდე წაიღო, ადგილიდან, ამჯერად „მოსკვიჩით“ მიიმალა. ავტომობილის ნომრები არავის დაუნახავს, ვერც თავდამსხმელთა აღწერა  შეძლო ვინმემ და ისინი კვლავ უკვალოდ გაქრნენ. ჰო, იაფფასიანი ღვინის ბოთლი იქვე, ნაგავში ეგდო, მაგრამ როგორც მაღაზიის გამყიდველი ამბობდა, თავდამსხმელს ხელთათმანები ეკეთა, რაც ზამთრის პირობებში, გასაკვირი არ იყო.

„ეს უკვე ყაჩაღობა კი არა, თავხედობა იყო. პრაქტიკულად, დღისით, მზისით, მერე რა, რომ ადრე ღამდებოდა, სამუშაო საათებში, თავხედური ყაჩაღობები ხდებოდა. თავდამსხმელები მსხვილ თანხაზე აშკარად არ ნადირობდნენ, მათ სურდათ, გარანტირებულად წაეღოთ ფული და მნიშვნელობა არ ჰქონდა, რამდენი. ისიც ადვილი მისახვედრი იყო, რომ 300 მანეთის წაღების შემდეგ, ცოტას დაისვენებდნენ, მაგრამ აშკარად აზარტში შესულები, საქმეს არ შეეშვებოდნენ“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

ყველაზე მეტად მაძებრებს მანქანები აფიქრებდათ. ორივე შემთხვევაში, ასე ღიად, მანქანებით ადგილზე მისვლა და მერე წასვლა... თანაც, არათუ თბილისის, არამედ, საქართველოს მასშტაბით გადამოწმდა და არცერთი ამ მარკის მანქანა გატაცებული არ იყო და არც ძებნაზე იმყოფებოდა. გამოდიოდა, რომ ყაჩაღები საქმეზე საკუთარი მანქანით მიდიოდნენ და იღბლის იმედად იყვნენ, რომ ვერავინ ვერფერს შენიშნავდა? ეს სრული სიგიჟე და თუნდაც გამოუცდელი თუ გამოცდილი კრიმინალების მხრიდან, უპატიებელი იყო. ასე არ შეიძლებოდა, ასე არ ხდებოდა, ჯერ თავად მაღაზიის ყაჩაღობაა 50/50-ზე, რადგან ნებისმიერ დროს შეიძლება, მაღაზიაში მყიდველი შევიდეს, ან დახლს იქეთ, მეორე ოთახში ვინმე იყოს. ახლა კიდევ იმის იმედად ყოფნა, რომ მანქანის ნომერს ვერავინ დაიმახსოვრებს... მანქანის მარკა რომ არ აინტერესებდათ, ცხადზე ცხადი იყო.

ყველაფერთან ერთად, საქმე იმანაც გაართულა, რომ მაღაზიის დირექტორებში გავრცელდა ცნობა, ღამით, ჯერ ერთი ახალგაზრდა შედის და ყიდულობს იაფფასიან ნივთს, შემდეგ კი უკვე ყაჩაღობა ხდება. ჰოდა, რამდენიმე ადგილას, მაღაზიის მფლობელებმა ერთგვარი ჩასაფრებაც კი მოაწყვეს და სრულიად უდანაშაულო ახალგაზრდები სცემეს, ზოგი - რკინეულობის მაღაზიაში, ზოგი - იმავე ყვავილებში. ამიტომ, დირექტორები დაიბარეს, სადაც ჯერ არს და გასაგებად აუხსნეს, თვითშემოქმედებას შეშვებოდნენ და მხოლოდ იმ შემთხვევაში ემოქმედათ, თუ დარწმუნებულნი იქნებოდნენ, რომ საქმე ყაჩაღებთან ჰქონდათ. მოქმედებაში კი მილიციის განყოფილებაში დარეკვა იგულისხმებოდა.

სამართალდამცავების მოლოდინი გამართლდა - ყაჩაღები ათი დღე არ გამოჩენილან, მაგრამ ყველა ხვდებოდა, რომ ეს დროებითი იყო და როგორც კი გატაცებული ფული გათავდებოდა, ისინი მორიგ საქმეზე გავიდოდნენ. ასეც მოხდა - ზარი ნაჭრების მაღაზიიდან შევიდა. სქემა იგივე გახლდათ - ახალგაზრდა ბიჭი მაღაზიაში შევიდა, მდგომარეობა შეაფასა, არაფერი უყიდია და ცოტა ხანში, მეგობართან ერთად დაბრუნდა, გამყიდველს იარაღი დაადო და მუქარით თანხა გაიტაცა. თავდამსხმელები ამჯერადაც „ჟიგულის“ მარკის ავტომობილით მიიმალნენ, რამაც ადგილზე მისული გამომძიებლები გააცოფა, თუმცა... იქვე, დახლის მეორე მხარეს, გამყიდველის დაქალი იყო, რომელიც არც პირველ ჯერზე ჩანდა და არც - მეორეზე, რადგან ჩამოკიდებულ ნაჭრებს იყო ამოფარებული. პირველ ჯერზე, თავად არ გამოვიდა, მეორედ კი, შეიარაღებულებს შეგნებულად აღარ დაენახა. მას საამისო მიზეზიც ჰქონდა - პირველად შემოსული ახალგაზრდა ბიჭი იცნო, რადგან ის მეზობლად ცხოვრობდა.

„შემოსულმა სახე მას შემდეგ დამალა, რაც მაღაზიის კარი დახურა. თვალი მოვკარი თუ არა, მაშინვე ვიცანი, მაგრამ არ გამოვსულვარ, ცოტა უჟმური ვინმეა. მერე კი, როცა საყაჩაღოდ შემოვიდნენ, მივხვდი, ის იყო, იგივე ტანსაცმელი ეცვა,  თუმცა სახეზე ნიღაბი ეკეთა. ჩემი მეზობელია და როგორც ვიცი, სადღაც, მანქანების სახელოსნოში მუშაობს“, - განაცხადა მოწმემ.

ახლა ცხადი იყო, საიდან ჰყავდათ თავდამსხმელებს ახალ-ახალი მანქანები. უდიდესი ალბათობით, ავტომფლობელები მათ გასაკეთებლად უტოვებდნენ და ისინიც იყენებდნენ. თუ ჩავარდებოდნენ, მანქანას მიატოვებდნენ და გაიქცეოდნენ. ყველაფრის მიუხედავად, ახლა მთავარი ეჭვმიტანილის დაკავება არ შეიძლებოდა. ჯერ ერთი, გამოძიებას მტკიცებულება არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ გოგონამ ნაჭრების მეორე მხრიდან იცნო მეზობელი და მთავარი - არ იცოდნენ, ვინ იყო მეორე დამნაშავე. ამიტომ, გადაწყდა, მანქანების ხელოსანზე თვალთვალი დაეწესებინათ. ყველაფერთან ერთად, გაირკვა, რომ სახელოსნოში მთავარი კაცი ომის ვეტერანი, ყველასგან პატივცემული პიროვნება იყო და სამართალდამცავები მას იმდენად ენდობოდნენ, რომ საღამოს სახლში მიაკითხეს და საქმის ვითარება გააცნეს. მოხუცმა თავში ხელი შემოირტყა, მე თავად ვაძლევდი მანქანებს, მეუბნებოდა, 1-2 საათი წავიტაქსავებო. ახალგაზრდა ბიჭია, მეცოდებოდა, დამატებითი შემოსავალი ექნება, ცოლს მოიყვანს, ოჯახს მოაწყობს-მეთქი. მოთქვამდა კაცი, მაგრამ შემდეგ მტკიცედ თქვა, რასაც მეტყვით, იმას გავაკეთებო და სამართალდამცავებსაც მხოლოდ ერთი თხოვნა ჰქონდათ - შემდეგ ჯერზე, როცა ბიჭი მანქანას სთხოვდა, უარი არ ეთქვა.

ძალოვნებმა სავარაუდო „პადელნიკის“ ვინაობაც გაარკვიეს. ის უკან კორპუსში მცხოვრები ახალგაზრდა აღმოჩნდა, რომელიც იქვე, მაღაზიაში, მტვირთავად მუშაობდა. სამართალდამცავებს დიდხანს თვალთვალი არ დასჭირვებიათ - ბიჭებმა მალევე მოიხელთეს მანქანა და პურის მაღაზიას მიადგნენ. სქემა ისევ ისე გათამაშდა, თუმცა იმ განსხვავებით, რომ ბიჭებს მანქანაშიც და მანქანასთანაც  ოპერმუშაკები ელოდნენ, თანაც მანქანას კვება გათიშული ჰქონდა, ვერ დაქოქავდნენ და როცა ორივე შიგნით ჩახტა, მილიციის მანქანებიდან შუქები მიანათეს, ოპერმუშაკებმა მინას იარაღი მიუშვირეს და სანამ ბიჭები აზრზე მოვიდოდნენ, ცივი ლულა კეფაზეც იგრძნეს - უკანა სავარძელზე ორი თანამშრომელი იჯდა.

„ასე, შემთხვევით გავხსენით ეს საქმე და პრაქტიკა მომავალშიც დაგვეხმარა. არა ერთი და ორი შემთხვევა იყო, როცა სახელოსნოებიდან მანქანები მიჰყავდათ კრიმინალური საქმეებისთვის და მერე აბრუნებდნენ“, - დაასრულა მოყოლა ბატონმა თენგიზმა.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე