სისხლიანი სასიყვარულო ოთხკუთხედი

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

როგორ გააჩინა ქალმა დის ქმრისგან შვილი და ვინ არის უკრაინელი ქალი, რომელმაც საყვარლის ცოლი მოკლა

 

ბადრი ჯაფარიძე

 

ადრე (ეგებ, ახლაც), იყო მოსაზრება, რომ სოფლიდან ჩამოსული გოგო ან ბიჭი უფრო პატიოსანი იყო, ვიდრე - ქალაქში გაზრდილი. პატიოსნებაში ურთიერთობა იგულისხმებოდა, სოფლელი ალალია, არ მოგატყუებს, სოფელში სინდის-ნამუსი ჯერ კიდევ შერჩენილია, სიტყვა ფასობს და ა.შ. ხშირად ისმოდა, თუმცა... რეალურად, თუ წესიერია ადამიანი, სოფელშიც და ქალაქშიც ერთნაირად წესიერია და თუ უვარგისი, ერთნაირად უვარგისია ყველგან. ასე დაყოფა და დანაწევრება, არც მაშინ იყო სწორი და არც ახლა. ასევე, წინა თაობის ხალხი იხსენებს, რომ შეძლებული ადამიანები, რომლებსაც მხოლოდ ერთი ქალიშვილი ჰყავდათ (გაგიკვირდებათ და, ასეთი ცოტა არ იყო), ცდილობდნენ, სიძედ სოფლიდან ჩამოსული, არაფრის მქონე შეეყვანათ, ესწავლებინად, როგორც მაშინ ამბობდნენ, კაცად ექციათ და მერე, ის მთელი ცხოვრება მათგან დავალებული ყოფილიყო. რამდენად ამართლებდა ეს ყველაფერი, სხვა საკითხია, მაგრამ ასეთი შემთხვევები იშვიათი ნამდვილად არ გახლდათ. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ისტორიას, რომელსაც ახლა გიამბბოთ, სწორედ ასეთი სტარტი ჰქონდა...

 

სპორტის მიმართულებით, საქართველოში ერთ-ერთ მაღალჩინოსანს, ორი ქალიშვილი ჰყავდა. ერთი გათხოვდა და გათხოვდა ძალიან, ძალიან სიმპატიურ ბიჭზე, რომელსაც საკუთარი გარეგნობისა და სოფელში ქოხის გარდა, არაფერი გააჩნდა. თუმცა, სიმამრმა მალე სამსახურიც უშოვა, ბინაც, მანქანაც და ბიჭმაც ცხოვრება ააწყო. მალე იქცა თავადაც პატივსაცემ პირად და ჭკუის დამრიგებელიც გახდა. რაც შეეხება მეორე ქალიშვილს, მასზე მამას ხელი ჰქონდა ჩაქნეული - როგორც გოგონა ყვებოდა, სადღაც, რესტორანში ცოტა დალია, მერე ვიღაც ბიჭი გაიცნო, რომლის არც სახელი იცოდა, არც გვარი... მისგან დორსულდა და შვილიც გააჩინა. ბაბუა შვილიშვილს ყურადღებას აქცევდა, მაგრამ შვილს მუდმივად აყვედრიდა და იმასაც ამბობდნენ, ბაბუა შვილისთვის აბორტის გაკეთებას გეგმავდა, მაგრამ გოგომ თავი გაიგიჟა, მეც მოვკვდებიო და გააჩინა. ახლა კი... უფროს ქალიშვილსა და თითით საჩვენებელ სიძეს შვილი არ უჩნდებოდა, ბაბუას მზე და მთვარე უცნობი მამის შვილზე ამოსდიოდა, თუმცა ბავშვს სახელიც თავისი მისცა, გვარიც და არაფერს აკლებდა.

სიძე-სიმამრს გადასარევი ურთერთობა ჰქონდათ და ერთხელ, ისე მოხდა, რომ მივლინებით მოსკოვში ერთად გაემგზავრნენ. საბჭოთა კავშირის დედაქალაქში ჩაფრენის მესამე დღეს, თბილისიდან თავზარდამცემი ამბავი ამცნეს - ახალგაზრდა კაცის ცოლი და შესაბამისად, ასაკოვანი კაცის შვილი გარდაიცვალა. მიზეზი კაცებს, რა თქმა უნდა, არც უკითხავთ, ისე გამოფრინდნენ თბილისში. აეროპორტიდან შინისკენ მიმავალ გზაზე, მძღოლმა შეაპარა, მგონი, გამომძიებლებს ეჭვი მკვლელობაზე აქვთო. კაცებმა ერთმანეთს გადახედეს და უსიტყვოდ მიხვდნენ, რომ არცერთს წარმოდგენა არ ჰქონდა, ვის შეიძლებოდა დასჭირვებოდა ქალის მკვლელობა. მით უმეტეს, თუ სამსახურეობრივად რომელიმე მამაკაცთან ჰქონდათ პრობლემა, მოსკოვი ამისთვის საუკეთესო შესაძლებლობა იყო. ახლა კი... ახალგაზრდა კაცის არც ცოლი, არც ცოლის და არ მუშაობდა, სიმამრიც ამბობდა, ქალის საქმე სამზარეულო და ბავშვებიაო ანუ მათ სამსახურეობრივად არავინ შეეხებოდა. აი, კაცები... თითქოს, კაცებსაც ყველაფერი დალაგებული ჰქონდათ, ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანდა.

„ქალი მოწამლულია შინ დამზადებული საწამლავით. საწამლავის ასეთი შემადგენლობა არ იყიდება, არც იშოვება, თუმცა მისი დამზადება სახლის პირობებში, სხვადასხვა პრეპარატების გარკვეული დოზების არევის შემდეგ შეიძლება, შედეგად, მიიღება ძლიერმოქმედი შხამი, რომელსაც არც სუნი აქვს და არც გემო. მან, ვინც ეს შხამი გააკეთა, ძალიან კარგად იცის ქიმია და კარგად ერკვევა წამლების შემადგენლობაში. მეტიც, მას კარგი სამედიცინო განათლება უნდა ჰქონდეს მიღებული“, - ეწერა ექიმის დასკვნაში.

გამომძიებლები სხვა მიმართულებით წავიდნენ. როცა არის მკვლელობა, აუცილებლად არის მოტივი და ვის აწყობდა ქალის სიკვდილი? ყველაზე ნაკლებად მის ქმარს, რომელიც მთლიანად სიმამრის ოჯახზე იყო ჩამოკიდებული და ახლა, როცა ცოლი აღარ ჰყავდა, თან უშვილოც იყო, პრაქტიკულად, ამ ოჯახთან აღარაფერი აკავშირებდა და სიმამრს არათუ სამსახურიდან შეეძლო მისი გაშვება, არამედ, მარტივად შეეძლო იმის თქმაც, რომ ჩემი ქალიშვილის კუთვნილი ბინა დამიცალეო. მართალია, მემკვიდრეობით ბინის მფლობელი ქმარი უნდა ყოფილიყო, მაგრამ თუ სიმამრი მოინდომებდა... ასე მარტივად გამოირიცხა ქმარი მკვლელობის მოსურნეთა სიიდან. სამაგიეროდ, წინა პლანზე დის ინტერესები წამოიწია. მას ჰყავდა შვილი, მაგრამ არ ჰყავდა ქმარი და მისი შვილი ყველაფრის ერთადერთი მემკვიდრე ხდებოდა. ნებისმიერი რისკის ფასად, გამომძიებლებს უნდა დაედგინათ, ვინ იყო ბავშვის მამა, რადგან არსებობდა იმის შესაძლებლობაც, რომ ყველაფერი ეს, სწორედ ბავშვის უცნობ მამას მოეწყო იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში, ყველაფერი სწორედ მას რჩებოდა.

გამომძიებლებმა საკუთარი მოსაზრება გარდაცვლილი გოგონას მამასაც გაუზიარეს და დახმარება სთხოვეს. მის შვილს უნდა გაეხსენებინა რამე მაინც, რაც ძიებას კვალზე დააყენებდა. ძალოვანთა ვერსია კაცს ძალზე სარწმუნოდ ეჩვენა, ამიტომ გოგოსთან მკაცრად დალაპარაკება განიზრახა და თან გამომძიებელიც იახლა. შვილს დაძალება არ დასჭირვებია, მშვიდად გაიღიმა და თქვა, რომ მისი შვილის მამა... დის ქმარი იყო. კაცს გულის შეტევა დაემართა და საავადმყოფოში გააქანეს, გოგონა კი დასაკითხად განყოფილებაში გადაიყვანეს.

„ერთ დღეს, მეგობრებთან ერთად დავთვერი, შინ სიძემ წამომიყვანა. გზაზე ჩალიჩი დავიწყე, თავიდან ისე, ხუმრობით, მაგრამ მერე და მერე აზარტში შევედი და იმანაც მანქანა გადააყენა. ურთიერთობა მოგვეწონა, ჩუმად შეხვედრები დავიწყეთ, ჩემი დის სახლშიც ხშირად მივდიოდი. მერე დავორსულდი და ამას პანიკა დაეწყო, მამაშენი ცოცხლად გამატყავებსო. ამიტომ, მოვიფიქრეთ ის ლეგენდა, რაც ვთქვით, მაგრამ ერთხელ დამ გამაბრაზა და ვუთხარი ანუ ჩემმა დამ იცოდა, რომ შვილი მისი ქმრისგან მყავდა, მაგრამ იტანდა. იტანდა მხოლოდ იმიტომ, რომ მასაც ჰყავდა საყვარელი“, - მშვიდად თქვა გოგონამ.

მონაყოლმა გამომძიებლები დააბნია. აქეთ, კაცი კვდებოდა გულის შეტევით, იქეთ, გოგონას დის სიკვდილი საერთოდ არ ადარდებდა, ბოლოს და ბოლოს, საყვარელი მამაკაცი მხოლოდ მე დამრჩებაო და... ძალოვნებმა ახლა გარდაცვლილის ქმრის დაკითხვა გადაწყვიტეს. ვერსია, რომ მას მოტივი არ ჰქონდა, გაქარწყლდა, რადგან ცოლის მოშორება და ცოლის დაზე, თანაც შვილის დედაზე დაქორწინება აშკარად მოტივი იყო.

„არ ვარ ასეთი გამბედავი. არ მაპატიებდა სიმამრი. ისევ მარტო გაზრდიდა შვილიშვილს და არც ცოლის მკვლელი ვიყავი. ვიცოდი თუ არა, ცოლს რომ საყვარელი ჰყავდა? შეიძლება, ვხვდებოდი, მაგრამ, ეგებ, მაწყობდა, რადგან ყოველდღიურად არ წამომაძახებდა ხოლმე, ჩემს დასთან რომანი გქონდაო“, - განაცხადა დაკავებულმა და... განყოფილებაში დარეკეს, მოწამვლის დიაგნოზით, საავადმყოფოში კიდევ ერთი ქალი შეიყვანეს და ეს ქალი, სწორედ აღნიშნული საქმის გამომძიებლებისთვის იყო საინტერესო. ქალბატონი, რომელიც ზუსტად იგივე პრეპარატით იყო მოწამლული, უკვე გარდაცვლილი ქალის ქმართან ერთად, ბუღალტრად მუშაობდა. ის წარმოშობით უკრაინელი გახლდათ და როცა გამომძიებლები დასაკითხად მივიდნენ, ლამის, დამუნჯდნენ - მათ წინ საოცარი ქმნილება იწვა. ექიმმა დაკითხვის ნება არ მისცა, ჯერ გონზეც არ მოსულა და ზოგადად, თუ გადარჩება, დაკითხვაზე მერე ვისაუბროთო. სამართალდამცავებსაც ლოდინის გარდა, სხვა გზა არ ჰქონდათ. პროცესი სამ დღეზე მეტხანს გაიწელა და როგორც იქნა, საავადმყოფოდან ნანატრი ზარი გაისმა - ქალი აზრზე მოვიდა და დაკითხვისთვის მზად იყო. სანამ მისი პალატის კარს ისევ შეაღებდნენ, მაძებრებმა უკრაინიდან მიღებული ცნობები გადაამოწმეს და უკვე ზუსტად იცოდნენ, რომ ბუღალტერს შესაბამისი კურსი თბილისში ჰქონდა გავლილი, თორემ როცა უკრაინიდან ჩამოვიდა, პროფესიონალი ფარმაცევტი იყო და თანაც, ქიმიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულის წითელი დიპლომიც ჰქონდა.

„უკრაინაში ერთ დღეს დავკარგე ჩემთვის ძვირფასი ადამიანები - დედ-მამა და ძმა ავარიაში დაიღუპნენ. ქვეყანაში გაჩერება აღარ მსურდა და საქართველოში წამოვედი. რატომ მაინცდამაინც აქ? იმიტომ, რომ საქართველოზე მუდამ კარგი მესმოდა და რაც მთავარია, ყველა ამბობდა, რომ ქართველ მამაკაცზე ვაჟკაცური ტიპები მსოფლიოში არ არსებობენო. ჰოდა, ასეთი ვაჟკაცური ტიპი გავიცანი, შემიყვარდა, რომანი გავაბი... მისი გულისთვის საბუღალტრო კურსებიც დავამთავრე, ფარმაცევტულ საქმიანობას დავემშვიდობე და მასთან ბუღალტრად მოვეწყვე. ვიცოდი, რომ ცოლი ჰყავდა და მპირდებოდა, დავშორდებიო, ბოლოს მითხრა, მეშინია, მამამისი გამანადგურებსო. ამიტომ გადავწყვიტე კონკურენტის მოშორება, ვუთხარი კიდეც, ვერავინ ვერაფერს გაიგებს-მეთქი. მან იცოდა, რომ ცოლი მაშინ უნდა მომეკლა, როცა თავად არათუ ქალაქში, საქართველოში არ იქნებოდა. მერე კი... მერე იგივე საწამლავი გამირია და ჩემი მოშორებაც მოინდომა, მაგრამ ერთი რამ ვერ გაითვალისწინა - როგორც საწამლავი შევქმენი, ასევე შევქმენი მისი გასანეიტრალებელი საშუალებაც. როგორც კი თავი ცუდად ვიგრძენი, გასანეიტრალებელი საშუალება დავლიე დიდი ოდენობით და გადავრჩი. პასუხისგების არ მეშინია, მაგრამ მინდა ის ნაძირალაც ციხეში წავიდეს, რადგან მის გამო, მკვლელობაზე წავედი, ის კი მე მიმეტებდა“, -განაცხადა ქალმა.

რა თქმა უნდა, მამაკაცი დააკავეს და არაფრის დამალვას აზრი არ ჰქონდა. მას იმედი ჰქონდა, რომ მისი შვილის ბაბუა არ გაიმეტებდა, თუმცა ბაბუა კომადან ვერ გამოვიდა. სიძეს კი, მკვლელობის მცდელობისა და მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის,  8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.