როგორ ჩაიგდო ხელში სამმა ქართველმა ბიჭმა ძვირადღირებული ალმასები

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

უბედური შემთხვევა, რომელმაც სამართალდამცავები დიდი დანაშაულის კვალზე გაიყვანა

ავტორი: ბათო ჯაფარიძე

 

ამას წინათ, უბედური შემთხვევა მოხდა და ხელისუფლებამ პარაპლანით ფრენა შეაჩერა, სპეციალური ლიცენზიები მოითხოვა. არადა, ეს სფერო მართლა ისე იყო მიშვებული, ვისაც უნდოდა ეფრინა, დაფრინავდა, ოღონდ, ყოველგვარი ლიცენზიისა და დაზღვევის გარეშე. ერთხელ გაუმართლა ვიღაცებს, მეორედ, მესამედ... შემდეგ კი იყო ხეობაში ჩავარდნილი ადამიანი და მის საშველად წასული ვერტმფრენი, რომლის ბორტზეც ექვსი ადამიანი იმყოფებოდა. ვერტმფრენი ხეობაში აფეთქდა და... მანამდე, წლებით ადრე, იყო ბაგებში არსებული ხიდი და იქიდან ახალგაზრდების ხტომა, რასაც, ასევე, უბედური შემთხვევა მოჰყვა - თოკით შეყვარებულები გადაეშვნენ და არავინ აღმოჩნდა ისეთი, ვინც იტყოდა, რომ თოკი ორ ადამიანს ვერ გაუძლებდა. შედეგად, დაშვებისას, ბაგირი გაწყდა...

„როცა ბაგებში მოხდა ეგ შემთხვევა, მაშინ კიდევ  ერთხელ გამახსენდა ეს საქმე. თბილისთან ახლოს, მთიდან, ორი ახალგაზრდა გადმოხტა, პარაშუტები უნდა გაეხსნათ, მაგრამ მხოლოდ გოგონას პარაშუტი გაიხსნა. ის შეეცადა, ბიჭი დაეჭირა, ხელი მოკიდა კიდეც, მაგრამ პარაშუტმა ვეღარ გაუძლო ორ სიმძიმეს და გოგო-ბიჭი ხრამში ჩაიჩეხა. ადგილამდე წვალებით, ორი საათის შემდეგ ჩავიდნენ მაშველები და ჰოი, საოცრებავ, გოგო ცოცხალი იყო, ბიჭს დაეცა ზემოდან, მაგრამ ისე, რომ ბიჭს ნეკნს, გოგონას ხერხემალი ჰქონდა დაზიანებული და გამოჯანმრთელების შემთხვევაშიც კი, ის ეტლიდან ვერ ადგებოდა. ასე იყო თუ ისე, ყველაფერი უბედურ შემთხევად უნდა გაფორმებულიყო, მაგრამ სამი დღის შემდეგ, როცა გოგონამ საუბარი შეძლო, სამართალდამცავებთან შეხვედრა ითხოვა და ორი რამ თქვა - „პარაშუტი ცუდად იყო დაკეცილი და იმიტომ არ გაიშალა. პარაშუტებს ყოველთვის ერთი და იგივე ადამიანი კეცავდა და დაკითხეთ ის ადამიანი. მე კი, გადმოხტომის წინ, ბიჭმა ხელზე ბრილიანტის ბეჭედი გამიკეთა, დაუმუშავებელი ალმასი, სწორედ ეს არის მისი უკანასკნელი სახსოვარი და ბეჭედი მიპოვეთ“, - იხსენებს მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

სამართალდამცავებმა სასწრაფო წესით დაკითხეს მაშველები და ყველამ გაიხსენა, რომ გოგონას ხელზე მართლაც ეკეთა ბეჭედი, რომელსაც უცნაური ფორმის, საკმაოდ მოზრდილი ქვა ჰქონდა, თუმცა ის ყურადღებას მხოლოდ სიდიდის გამო იქცევდა, არ ეტყობოდა, რომ ძვირფასი იყო და აკი, გოგონამაც თქვა, დაუმუშავებელი ალმასი გახლდათო. გამოდიოდა, ბეჭედი საავადმყოფოში მიმავალ გზაზე დაიკარგა და სასწრაფო წესით, თვალთვალი მორიგე ექიმსა და იმ მძღოლს დაუწყეს, რომლებმაც გოგონა გადაიყვანეს. შედეგმა არ დააყოვნა, მძღოლი მეორე დღესვე ერთ-ერთ ოქრომჭედელთან გაქანდა, ქვა შეამოწმებინა და როცა გაიგო, რომ ხელში ალმასი ჰქონდა, სიხარულით ცას ეწია, თუმცა სიხარული ოქრომჭედლის კართან დასრულდა - ძალოვნებმა ბორკილები დაადეს. დაკითხვაზე მან აღიარა, რომ ცდუნებას ვერ გაუძლო და ბეჭედი ამიტომ მოიპარა.

ახლა მთავარი ის იყო, დაედგინათ, საიდან ჩაუვარდა ბიჭს დაუმუშავებელი ალმასი. საბჭოთა კავშირში ძვირფასი ქვების მოძრაობა მკაცრად კონტროლდებოდა და რაც მთავარია, ყველაფერი სახელმწიფოს კუთვნილება იყო. ექსპერტიზის შედეგად დადგინდა კარიერი რუსეთში, სადაც ეს ალმასი იყო მოპოვებული და დადგინდა ისიც, რომ ექვს თვეში ერთხელ, ამ საბადოს დირექტორი თბილისში ჩამოდიოდა და... ყველაზე საინტერესო ის გახლდათ, რომ მამაკაცი მოსკოვიდან მატარებლით სტუმრობდა საქართველოს დედაქალაქს და ეს მაშინ, როცა ფრენა ბევრად მარტივი და კომფორტული იყო. ვინმეს რომ ეთქვა, ალმასების საბადოს დირექტორს თვითმფრინავის ბილეთის ფული არ აქვსო, სასაცილოც კი არ იქნებოდა. საქმეში რუსი კოლეგებიც ჩაერთნენ, რადგან დაახლოებით, ერთ თვეში, დირექტორს ჩამოსვლა უწევდა და შესაბამისი დახვედრა უნდა მოეწყოთ. მით უმეტეს, რომ ის საქართველოში ორ დღეზე მეტხანს არასდროს ჩერდებოდა, უკან ისევ მატარებლით ბრუნდებოდა და ერთსა და იმავე სასტუმროში, ერთსა და იმავე ნომერს ქირაობდა.

მანამდე კი, გამოძიებას ის ახალგაზრდა ჰყავდა დასაკითხი, რომელმაც პარაშუტები ჩაალაგა. დაიკითხა კიდეც და როგორც კი მან გოგონას ამბავი გაიგო, თმა დაიგლიჯა, ასე არ უნდა მომხდარიყოო. თავიდან კი აღიარა, ყველაფერი რიგზე გახლდათო, მაგრამ როცა დაიჯერა, რომ გოგო ვერასდროს გაივლიდა, გამომძიებლებს მაჯები გაუწოდა, დამაკავეთ, ჩემი ბრალიაო.

„ის გოგო წლები მიყვარდა, წლები. მასაც ვუყვარდი, შემდეგ კი ეს გამოჩნდა და ყველაფერი თავდაყირა დადგა. არ ველოდი, თუ მიმატოვებდა, მაგრამ ყველაფერი ისე სწრაფად განვითარდა, რომ ქორწილზე ალაპარაკდნენ, შემდეგ კი ბიჭმა ალმასის ბეჭედიც მაჩვენა, რამაც საბოლოოდ დამარწმუნა, ქალი დავკარგე. ამიტომ, როცა პარაშუტზე მომაკითხეს, ბიჭის ჩანთაში პარაშუტი არასწორად ჩავდე, არ უნდა გაშლილიყო. რას ვიფიქრებდი, რომ გოგონა ჩაეჭიდებოდა და ხელს არ გაუშვებდა“, -ტირილით ყვებოდა დაკავებული და მას ბრალი განზრახ მკვლელობაში წაუყენეს. მიუხედავად იმისა, რომ დეტალურად არ იცოდა, საიდან უნდა გადმომხტარიყო წყვილი, შეეძლო, ხტომის შემდეგ გარდაუვალი სიკვდილი განესაზღვრა. რაც შეეხება ალმასის ბეჭედს, მან არაფერი იცოდა. ერთადერთი გამოსავალი საბადოს დირექტორის დაკავება იყო და ეს დროც მოახლოვდა.

საბადოს დირექტორი ორ მხლებელთან ერთად ჩამოვიდა. აშკარად ნავარჯიშები ბიჭები არაოფიციალურად პირადი დაცვის როლს ასრულებდნენ. დირექტორი სასტუმროში დაბინავდა, საღამოს კი სასტუმროს კარი, ძალოვნებისთვის კარგად ნაცნობმა კრიმინალურმა ავტორიტეტმა შეაღო. მასაც ორი ბიჭი ახლდა და ორივეს მცირე ზომის ჩანთა მიჰქონდა. სამართალდამცავებმა ივარაუდეს, რომ ერთ-ერთ ჩანთაში, შესაძლოა, იარაღი ყოფილიყო და ამიტომ, დამატებითი ძალები გამოიძახეს. სპეცრაზმი სასტუმროს ნომერში მაშინ შევარდა, როცა კრიმინალის თანმხლები პირები დაუმუშავებელ ალმასებს წონიდნენ, დირექტორის გარემოცვა კი ფულს ითვლიდა. ყველა ერთად განყოფილებაში წაიყვანეს და გამომძიებელმა დაკითხვაზე პირველი კრიმინალური ავტორიტეტი შეიყვანა.

„შეიძლება გაგიკვირდეთ, ყველაზე რთული პერსონით რატომ დავიწყე, მაგრამ მას კარგად ვიცნობდი და ზუსტად ვიცოდი, ხმის ამომღები არ იყო. ამიტომაც, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ამაში, მივხვდი, მისგან ვერაფერს გავიგებდი და მაგიდასთან დირექტორი დავსვი. არადა, მის წასაყვანად მოსკოვიდან უშიშროების თანამშრომლები უკვე მოფრინავდნენ“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

დაკავებული მიხვდა, რომ კარგი დღე არ ელოდა და რაც მეტს ილაპარაკებდა, მით მეტად ჰქონდა გადარჩენისა და სასიკვდილო განაჩენისგან თავის დაძვრენის შანსი.

„რად გინდათ ჩემი მოყოლა, ისედაც ხომ ყველაფერს ხვდებით? ცოტ-ცოტას ვიპარავდი, აქ ჩამომქონდა და ვყიდდი. დედას გეფიცებით, ეს ბოლო პარტია იყო, მეტს აღარ ვაპირებდი“, - ლუღლუღებდა დირექტორი და როცა აუხსნეს, რომ „ცოტ-ცოტა“, თუნდაც ამ ბოლო ჯერზე, 150 ათასი მანეთი იყო, თავი ჩაღუნა. ქართველ გამომძიებლებს უშიშროების მოსვლამდე საკუთარი ამბავი უნდა გაერკვიათ. დირექტორს წინ ბეჭედი დაუდეს და ჰკითხეს, ეცნობოდა თუ არა ქვა?

„კი, ჩემია, ვიცი, რომელი პარტიიდანაც არის. ორი წლის წინ, მატარებელში დაგვაყაჩაღეს მე და ჩემი თანმხლები. კაცი ამის მერე დავიმატე. თავდამსხმელები სამნი იყვნენ, გვაჯობეს. თავად მოგეხსენებათ, დანაშაულის შესახებ ვერ ვიტყოდი, ჩემი გზებით დავძებნე, რადგან ყველაფერი ეს საქართველოში მოხდა, ის კაცი, დღეს რომ ჩემთან ერთად დაიჭირეთ, შევაწუხე, მაგრამ ვერავინ ვიპოვეთ. იმ პარტიაში იყო ეს ქვა და მე თუ მკითხავთ, ბეჭედი იუველირის გაკეთებული არ არის, ქვას რომ შევეშვათ, თავად რგოლსაც ძალიან ბევრი ხარვეზი აქვს“, - განაცხადა დირექტორმა.

გამომძიებლებმა გარდაცვლილი ბიჭის გარემოცვის შესწავლა დაიწყეს და მხოლოდ ერთ საეჭვო პირს მიაგნეს. იმის მიუხედავად, რომ ორი წლის შემდეგაც კი, მას დიდი ფულის შოვნის არაფერი ეტყობოდა, თვალთვალი მაინც დაუწყეს და თან მეგობრებში ხმა გაავრცელეს, რომ სამართალდამცავები რაღაც ალმასებს ეძებდნენ. ამან იმუშავა - ერთ დღეს, ეჭვმიტანილი ავტოფარეხში შევიდა, იქ კარგა ხანს თხარა და ანგრია რაღაცები, მერე კი მცირე ტომარა გამოიტანა და როცა მანქანით წასვლას აპირებდა, ხელები მაშინ ამოუგრიხეს. ჩანთაში დაუმუშავებელი ალმასები ეყარა.

„სამნი ვიყავით, შარშან ის მესამე ავარიაში მოკვდა, მოტოციკლით დაიმტვრა. მე და ეს დავრჩით, ახლა რომ დაიღუპა. პირობა გვქონდა ნათქვამი, რომ რაც უნდა მომხდარიყო, სამი წლის განმავლობაში ქონება არ გამოგვეჩინა, მერე კი ფრთხილად დაგვეწყო ხარჯვა. იქეთ ამხელა საბადოს დირექტორი გვეძებდა, აქეთ - ცნობილი კრიმინალი. ამიტომ, არავის არაფერს ვუმხელდით. როცა მეორე მეგობარიც დაიღუპა, ამოვისუნთქე, საიდუმლოს არავინ გასცემდა, მაგრამ მერე ბეჭდის ამბავი გავიგე და ავნერვიულდი. მოკლედ, სულ ეს არის, იმათ სად აქვთ თავისი წილი, არ ვიცი“, - თქვა დაკავებულმა.

სამართალდამცავებმა ერთი წლის წინ გარდაცვლილი ბიჭის ფარეხი აგურ-აგურ დაშალეს და გადამალული ალმასები იპოვეს, პარაშუტით გარდაცვლილს კი, როგორც ჩანს, უკეთესი სამალავი ჰქონდა და მის ქონებას ვერ მიაგნეს.