ქუთაისში ომის ვეტერანი მოიპარეს - პოლიტიკური ინტრიგები იმერულად

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ეს ახლაა, ომის ვეტერანთა უმრავლესობა ბედის ანაბარა რომ არიან მიტოვებულნი, თორემ ადრე, სამამულო ომის ვეტერანებს ყურადღებასაც აქცევდნენ, არც სამსახურს უგვიანებდნენ და ზოგადად, პატივში ჰყავდათ. ბერლინამდე ჩასული მოხუცები, სამწუხაროდ, თითზე ჩამოსათვლელებიღა გვყავს, მაგრამ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ნაბრძოლი ბიჭები არიან ბევრნი და ეგებ, მათ მეტი ყურადღება და მოფერება სჭირდებათ. დიდი სამამულო ომის ვეტერანები, საბჭოთა კავშიროს დროს, ორდენებით მკერდდამშვენებულნი, ამაყად დააბიჯებდნენ და საკმარისი იყო გეკითხა, სად იბრძოლეო, თავიდან ბოლომდე გიყვებოდნენ ომის ამბავს... ჰო, თავიდან ბოლომდე...

 

„ზაფხული იდგა და როგორც იქნა, შვებულება მაღირსეს. გეზი აფხაზეთისკენ ავიღე, სოხუმში მეგობრებიც მეგულებოდნენ და ნათესავიც მყავდა. ცოლ-შვილი მანქანაში ჩავსვი, ჩავბარგდი და არხეინად გავუყევი გზას, რომელიც არცთუ მცირე, მაგრამ ძალიან სასიამოვნო იყო. იმის შეგრძნება, თუ რა მელოდა სოხუმში, ძვლებში სასიამოვნოდ მამტვრევდა. ამიტომ, ღიღინ-ღიღინით მივდიოდი, მანქანას ვაჩერებდი, როცა პაპიროსი უნდა გამებოლებინა, ბავშვები ფეხს შლიდნენ და გადასარევ ხასიათზე დავდექი, როცა ქუთაისის შესასვლელთან, „გაიშნიკებმა“ გზაზე გადმოხტომით გამაჩერეს. განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელს გზა ხსნილი რომ მქონდა, კი ვიცოდი, მაგრამ ისეთ გადასარევ ხასიათზე ვიყავი, ვიფიქრე, ცოტას გავერთობი-მეთქი, მაგრამ ვინ გაცადა გართობა - როგორც კი მანქანა გაჩერდა, მაშინვე „ჩესტი“ ამიღეს, ბატონო თენგიზ, სასწრაფოდ უნდა გამოგვყვეთ, სამხარეოში გიბარებენო. ამას ნამდვილად არ ველოდი, მაგრამ რა უნდა მექნა, წავყევი“, - ასე იწყებს მორიგი ისტორიის მოყოლას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

სამხარეოს შენობაში მისულ გამომძიებელს უკვე ელოდნენ. ქუთაისის, საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი, თან მინისტრის მოადგილესთან იყო სატელეფონო ხაზზე, თან ბატონი თენგიზისთვის ცდილობდა აეხსნა, რომ უბედურება მოხდა.

„ტარიელი რომ არის, ჩვენ ვეტერანი, გამოჩენილი კაცი, ეგ მოგვპარეს თუ მოგვიკლეს, ვეღარ გავიგე. არადა, მთხოვა, ავად ვარ, ეგებ, გამოკვლევები ჩამიტარონო და მაგას როგორ დავზარდებოდი, საუკეთესო ექიმები დავახვიე, ერთი კვლევა, მეორე და აგერ, მესამე კვლევაზე აღარ მოვიდა. სახლში მძღოლი გავუშვი, სახლი არეულია, იატაკზე სისხლია, კაცი არ ჩანს. თქვენს გარდა ვერავინ მიშველის, ბატონო თენგიზ“, -არეულად საუბრობდა ქუთაისში იმ დროისთვის გავლენით მეორე თუ არა მესამე კაცი მაინც.

მოკლედ, ქალაქის ერთ-ერთი კოლორიტი, სამამულო ომის ვეტერანი, დამსახურებული კაცი, ვინმე ტარიელი უკვალოდ გაქრა. როგორც გაირკვა, მან სწორედ ამ გავლენიან კაცს სთხოვა, ეგებ, ექიმებმა ურიგოდ გამსინჯონო და მანაც ყველა და ყველაფერი შეაწრიალა, მამაკაცი შეამოწმეს, მაგრამ რად გინდა, ბოლოს, დასკვნით დღეს აღარ მივიდა საავადმყოფოში და მის სახლში მისულ მძღოლს, რომელიც სწორედ იმ გავლენიანმა კაცმა გაუშვა, ყველაფერი ყირაზე დახვდა და რაც მთავარია, იატაკზე სისხლის გუბე იყო. ასე „მოხსნეს“ შვებულებაში მიმავალი გამომძიებელი გზიდან და ოჯახთან ერთად, წყალტუბოს სასტუმროში დააბინავეს. წყალტუბოში იმიტომ, რომ ცოლ-შვილი იქაურ სკვერში ისეირნებდა, მამას კი საქმე ჰქონდა ქუთაისში და ცოლ-შვილისთვის არ უნდა მომცდარიყო.

პირველი, რაც ყველას გაუხარდა, ის გახლდათ, რომ იატაკზე ნაპოვნი სისხლი საქონლის იყო და არა - ადამიანის ანუ გაჩნდა უდიდესი შანსი, რომ დაკარგული კაცი ცოცხალი იყო, მაგრამ გაჩნდა ეჭვიც, რომ ყველაფერი ეს, სპეციალურად გაკეთდა ანუ ვიღაცას ძალიან აწყობდა, რომ ამბავი გახმაურებულიყო და საქმეში მხოლოდ მთელი ქალაქი კი არა, დედაქალაქიც ჩართულიყო. იმის მიუხედავად, რომ ქუთაისი დღემდე ითვლება საქართველოს რიგით მეორე ქალაქად, იქ ყველა ყველას იცნობს და ამიტომ, გამომძიებელს არ გასჭირვები იმის დადგენა, რომ ტარიელი მართლაც ყველასგან პატივცემული და დაფასებული პიროვნება გახლდათ და რაც მთავარია, ის იმ გავლენიან ადამიანთან, რომელმაც ხმაური ატეხა, ყველაზე მეტად იყო დაახლოებული და როცა რამე სჭირდებოდა, სწორედ მას ურეკავდა. ამიტომ, ექიმებთან ვიზიტი რომ სწორედ მას დააგეგმინა, გასაკვირი არ იყო.

„თბილისიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ ორ თვეში, ქუთაისში სერიოზული გადაადგილებები იგეგმებოდა, ვიღაც სახლში უნდა წასულიყო, ვიღაც უნდა დაწინაურებულიყო და ყველაზე დიდი შანსი, რომ დაწინაურებულიყო, ახალგაზრდა, პერსპექტიულ პარტიულ მუშაკს ჰქონდა, მეორე ადგილზე კი, ჩემთვის უკვე კარგად ნაცნობი კაცი იყო, რომელიც ომის ვეტერანს ეძებდა. ამიტომ, თბილისში არ გამორიცხავდნენ, რომ ყველაფერი ეს, სწორედ იმ გადაადგილებების სიო იყო და ჩინოვნიკები ერთმანეთს ებრძოდნენ. ვეტერანის გაქრობა იმ ახალგაზრდა კაცის წისქვილზე ასხამდა წყალს და ამიტომ, ზედაპირულად, მისი გამოკითხვაც გადავწყვიტე“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

„გარდა იმისა, რომ დაკარგულისა და მისი ვითომ ჭირისუფლის მეგობრობაზე საუბრობენ ბევრს, იმასაც ამბობენ, რომ ეს პატივცემული ომის ვეტერანს თავს იმიტომ ევლებოდა, რომ მას რაღაც კომპრომატები ჰქონდა  და მათი გასაჯაროვებით ემუქრებოდაო. ჰოდა, არ გამიკვირდება, თუ სწორედ იმ კომპრომტის გამო გაიტაცა და ახლა სადმე გადამალული ჰყავს“, - თქვა ახალგაზრდამ და გამომძიებელს მოეჩვენა, რომ ის ძალიან თავდაჯერებული იყო.

ერთი შეხედვით, ყველაფერი იქეთკენ მიდიოდა, რომ სამართალდამცავებს ან გვამი უნდა ენახათ, ან ხელი ჩაექნიათ, მაგრამ როგორი საქმე იყო, ლამის, მთელი ქუთაისი ელოდა კვანძის გახსნას. ყოველი შემთხვევისთვის, რიონის ნაპირები დაათვალიერეს, სადმე გვამი არ იყოს გამორიყულიო, მაგრამ თბილისელი მაძებრები დაბეჯითებით ამბობდნენ, ვეტერანი აუცილებლად ცოცხალია, მკვდარი რომ იყოს, საქონლის სისხლს არ დაასხამდნენო, მაგრამ ვის და რისთვის დასჭირდა მისი გაქრობა? ეს იყო გასარკვევი, მაგრამ როგორ? ძალოვნები იქამდეც კი მივიდნენ, პირველი ორი კვლევის შედეგი გამოითხოვეს, რაიმე ისეთი ხომ არ გაიგო მოხუცმა, რომ წავიდა და დაიკარგაო, მაგრამ არა, კაჟივით ჯანმრთელობა ჰქონდა. საბუთების ფურცვლის დროს, გამომძიებლებმა აღმოაჩინეს, რომ ზუსტად იგივე კვლევები მოხუცს ორი კვირის წინაც ჰქონდა ჩატარებული და მაშინ, რა საჭირო იყო ახალი კვლევა? ეს უკვე ეჭვს ბადებდა და საავადმყოფოს მთავარი ექიმი განყოფილებაში კი არ დაიბარეს, ხმაური რომ არ გამოეწვიათ, კაბინეტში ესტუმრნენ.

„მე არ ვიცი, რა ხდება. დიდი ხალხი თქვენ ხართ და თქვენ გაერკვიეთ. ორი კვირის წინ დამირეკა იმ დალოცვილმა, ჩვენი ტარიელი გასინჯეო, მივიღე, გავსინჯე... მერე კიდევ დამირეკა, ისევ გასინჯეო და ვუთხარი, ორ კვირაშ რა დაემართებოდა კაჟივით კაცს-თქო და არ არის შენი საქმეო, ახლიდან მიმაღებინა. მართლა არაფერი სჭირს იმ კაცს და რატომ ვსინჯავ ორ კვირიაში ერთხელ, ვერ გეტყვით“, - ჩააგალობა ექიმმა და „იმ დალოცვილში“, სწორედ ის ჩინოვნიკი იგულისხმა, რომელმაც ყველაფერი ეს დაიწყო.

სხვა გზა არ იყო, ძალოვნები მაღალჩინოსნის დასაკითხად მოემზადნენ და ნებართვისთვის თბილისში დარეკვა გადაწყვიტეს, თუმცა, სწორედ ამ დროს, განყოფილებაში ის ახალგაზრდა პარტმუშაკი მოვარდა, პირველობა და ყველას ჩაჩოჩება რომ სურდა და თბილისელ გამომძიებლებს მიახალა, ბატონი ტარიელი ამ კაცს წყალტუბოში მდებარე საკუთარ სახლში ჰყავს გადამალული, რადგან იმას კომპრომატები აქვს და არ სურს, გამოამზეუროს, ამიტომ, გაიტაცა, გადამალა და მოკვლას უპირებსო. ეს სერიოზული ბრალდება იყო და ამიტომ, ლამის, ყველა ერთად წყალტუბოში, მაღალჩინოსნის აგარაკზე გაემგზავრა. იქ მისულებს საინტერესო სურათი დახვდათ - ბატონი ტარიელი ეზოში, ხის ძირას იჯდა, წიგნს კითხულობდა და სტუმრების დანახვის შემდეგ, ფეხზე წამოდგა და გამოეგება. რაც მთავარია, ამდენი ხალხის დანახვა არ გაჰკვირვებია და როცა ფორმიანები დაინახა, ღიმილით უთხრა - „მე მეძებთ, ალბათ, ბატონებო, გაუფრთხილებლად წამოვედი ამ ღვთისნიერი კაცის სახლში, გასაღები წლების წინ მომცა, როცა გინდოდეს, ადი, დაისვენე, ქალაქის ხმაურს გაერიდეო. ჰოდა, იმ პროცედურების შემდეგ, ისე კარგად ვიგრძენი თავი, გულმა აქეთ გამომიწია და ქე წამოვედი გაუფრთხილებლად“...

„პირველი, რაც თავში მომივიდა, ის იყო, რომ სახლი გავაჩხრეკინე, იქ ტარიელის გარდა, არავინ იყო. შემდეგ, მაღალჩინოსანი და ტარიელი მანქანაში ჩავისვი და მკაცრად ვუთხარი, ან ქუთაისამდე ყველაფერს მომიყვებით, ან ორივე თბილისში მიმყავხართ-მეთქი. მაღალჩინოსანმა დაიწყო“, - ღიმილით ამბობს ბატონი თენგიზი.

„ტარიელი მომადგა, ის ახალგაზრდა შემხვდა, შენზე მკითხა, თან რატომ გყვებაო და ესეც გახუმრებია, მაგაზე ისეთი კომპრომატი მაქვს, გადამყვება, აბა, რას იზამსო. იმან კიდევ, დიდი ფული შესთავაზა, კომპრომატი მომყიდეო, ტარიელმა, მოვიფიქრებო და მე მიამბო. ამიტომ დავაწვინე მეორედ კლინიკაში, იმას უთხრა, მგონი, მოკვლას მიპირებენო და მერე ჩემს აგარაკზე გავუშვი, გავაქრე. ახლა კონკურენტი ჩამოცილებულია და თქვენი შეწუხებისთვის ხარკს გადავიხდი - საუკეთესო სასტუმროს ნომერი გელოდებათ, ყველაფერი გადახდილია“...

თბილისში რეგიონის პოლიტიკური თამაშები კარგად გაიგეს, ორივე მაღალჩინოსანი პერიფერიებში გაისროლეს, ქუთაისში კი ახალი კადრი დედაქალაქიდან გაუშვეს.

 

 ბათო ჯაფარიძე