ვინ აპირებს პარლამენტში შესვლას და ვინ არა - ლიდერების პასუხი ყველაზე აქტუალურ კითხვაზე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რა საკითხზე არსებობს აზრთა სხვადასხვაობა ოპოზიციაში

 15 მარტი ანუ ის თარიღი ახლოვდება, როცა ნათელი გახდება, თანხმდება თუ არა, ე.წ. მიშელის 6-პუნქტიან გეგმაზე, ხელისუფლება და ოპოზიცია. ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ მმართველ ძალასთან მოლაპარაკების საკვანძო საკითხები პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნებია. ამასობაში კი სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, ვიხილავთ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ, შეიძლება, შევიდეთ პარლამენტში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა და მხარდაჭერაც სჭირდებაო. მისივე თქმით, პარლამენტში შესვლის გარეშე, ვერ განხორციელდება ისეთი ფუნდამენტური საკონსტიტუციო ცვლილება, როგორიცაა, მაგალითად, სრულად პროპორციული სისტემა, ბარიერის დაწევა და ა.შ. „ვერსია“ დაინტერესდა, რა პოზიცია აქვთ აღნიშნულ საკითხზე სხვა ოპოზიციურ პარტიებს.

 

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე გვიდასტურებს, რომ ხელისუფლებასთან შეთანხმების შემთხვევაში, „ლელო“ საპარლამენტო ცხოვრებას შეუერთდება:

„პოლიტიკური დევნის დასრულება და ახალ არჩევნებთან დაკავშირებით, ხელისუფლებასთან შეთანხმების მიღწევა, ოპოზიციური ერთობის ფუნდამენტი და საკვანძო საკითხებია“.

განიხილავს თუ არა ოპოზიცია პლებისციტს ხელისუფლებასთან მოლაპარაკების ერთ-ერთ საკითხად? - ამ კითხვაზე, საბა ბუაძე გვპასუხობს:

„ოპოზიციაში არის მკაფიო პოზიცია, რომ ჩვენ ვითხოვთ ვადამდელ, ახალ არჩევნებს და პირველ რიგში, ველოდებით, რომ ხელისუფლებამ გადმოდგას შემხვედრი ნაბიჯები ამ მიმართულებით. როგორი იქნება ტაქტიკა, რა გზით წავალთ და რა გზას შემოგვთავაზებს ხელისუფლება, ამას პროცესი გვაჩვენებს და უნდა დაველოდოთ ხელისუფლების პასუხს, რათა შვაფასოთ, მიგვიყვანს თუ არა შემოთავაზებული ვარიანტი ვადამდელ არჩევნებამდე“.

საბა ბუაძე, შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, პარლამენტში შესვლაზეც საუბრობს:

„როდესაც ვსაუბრობთ, რომ ახალი რიგგარეშე არჩევნები, რომელზეც შეთანხმება იქნება, უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით და ბუნებრივი ბარიერით, რასაკვირველია, ამას ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, საპარლამენტო ფორმატში თანამშრომლობა დასჭირდება იმიტომ, რომ საკონსტიტუციო რეფორმა უნდა გატარდეს და აუცილებელი იქნება ოპოზიციის მონაწილეობა საპარლამენტო მუშაობაში და, დიახ, „ლელო“, ამ თვალსაზრისით, ადასტურებს მზაობას - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებისგან იქნება თანხმობა ვადამდელ არჩევნებზე, რომელიც სრულიად პროპორციული წესითა და ბუნებრივი ბარიერით ჩატარდება, ჩვენ პარლამენტში ამ შეთანხმების განსახორციელებლად შევალთ. დროებით პარლამენტში შესვლა არ არსებობს, ამ პროცესში ან ვმონაწილეობთ ან - არა. ამჟამად ოპოზიცია არ მონაწილეობს საპარლამენტო პროცესებში, მაგრამ თუ იქნება შეთანხმება, ჩვენ მივიღებთ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობას“.

კოლეგებისგან განსხვავებული პოზიცია აქვს ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელ გიორგი გუგავას, რომელიც აცხადებს, რომ ამ პარლამენტში მათი ადგილი არ არის:

„პარტიები ვთანხმდებით, რომ მოლაპარაკების გზით უნდა გადაწყდეს ის მთავარი საკითხები, როგორებიცაა პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ხელახალი არჩევნები და ის წესებიც უნდა განისაზღვროს, რომელიც განაპირობებს სამართლიან არჩევნებს.

პლებისციტი ჯერ არ განიხილება, მთავარი საკითხი რიგგარეშე არჩევნებია.

რაც შეეხება შეთანხმების შემთხვევაში პარლამენტში შესვლას, არც ეს საკითხი  განიხილება ოპოზიციაში. ეს მისი ინდივიდუალური განცხადება იყო, მაგრამ ვითარება იცვლება და მთავარია რიგგარეშე არჩევნების მიღწევა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და შემდგომ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, თავისუფალნი არიან პარტიები.

რა თქმა უნდა, ერთი პარტია არ ვართ და ერთმანეთთან ფიც-ვერცხლი არ გვაქვს ნაჭამი. ჩვენს შორის დიდი განსხვავებებია, სხვათა შორის, არა მხოლოდ წარსულის, არამედ, აწმყოს გამოც, იდეოლოგიური თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებენ, მათი პასუხისმგებლობაა, ჩვენ ვთვლით, რომ ამ არალეგიტიმურ პარლამენტში არაფერი გვესაქმება!“

გირჩის წარმომადგენელი, ვახო მეგრელიშვილი, მათ პარტიასთან დაკავშირებულ ერთ-ერთი სკანდალს იხსენებს, როდესაც ისინი ალეკო ელისაშვილს შეხვდნენ და შემდეგ, სხვა პარტიებთან ერთად, განცხადების გაკეთებას აპირებდნენ, თუმცა ყველაფერი ეს, ნიკა მელიასთან დაპირისპირებამ ჩაშალა. მეგრელიშვილის თქმით, მაშინ, სწორედ ამ საკითხზე ანუ შეთანხმების შემთხვევაში პარლამენტში შესვლაზე უნდა ემსჯელათ:

„გაგახსენებთ გირჩთან დაკავშირებულ სკანდალს, რომელიც ჯერ გიორგი ვაშაძესთან, შემდეგ კი, ზოგადად, ოპოზიციასთან იყო. სწორედ ამ საკითხს ეხებოდა, ამ წინადადებით მივდიოდით, ვიცოდით, რომ გიორგი თანახმა იყო და დაახლოებით, მსგავსი დამოკიდებულება უნდა ჰქონოდა ლელოსაც. ახლა გააკეთეს განცხადება იმაზე, რაც ჩვენ მაშინ გვინდოდა, საჯაროდ გაგვეკეთებინა, რომ თუ შეთანხმება იქნება, მაშინ ბუნებრივია, საჭიროა პარლამენტში შესვლა. ჯერ ელისაშვილს შევხვდით, შემდეგ სხვებთანაც ვაპირებდით, მაგრამ მელიასთან რომ კონფლიქტი მოგვივიდა... ჩვენი დამოკიდებულება ამ პროცესის მიმართ, რომ ეს „ქართული ოცნებისა“ და ნაციონალური მოძრაობის ორთაბრძოლაა და ამაში, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა დოზით, სხვა პარტიები გაიჭყლიტნენ, მგონი, ამას ადასტურებს.

მაშინ ნაციონალური მოძრაობა იყო ჩვენი მოლაპარაკების მთავარი გარანტორი, რადგან თუ ნიკა მელიასთან ამ თემაზე შევთანხმდებოდით, მცირე პარტიების პოზიციას დიდი მნიშვნელობა აღარც ექნებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბოლო მომენტში, ნაციონალურმა მოძრაობამ გადაიფიქრა, მკაფიოდ დაეფიქსირებინა პოზიცია პროპორციულ უბარიერო არჩევნებზე და თქვა, ახლა რაღა დროს მაგაზე ლაპარაკიაო. აი, მაგიტომ მოგვივიდა მაშინ კონფლიქტი. გამოვიდა, რომ პროცესის ჩაშლის, საბოტაჟის წინა რიგებში იყვნენ ევროპული საქართველოს პოლიტიკოსები, მაგრამ მათ მხარი დაუჭირა ნაციონალურმა მოძრაობამაც“.  

მეგრელიშვილის თქმითვე, შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, გირჩი პარლამენტში შევა:

„ცხადია, შეთანხმება საჭიროა იმისთვის, რომ კალაპოტში დაბრუნდეს პროცესი, რომელიც დღეს, არაპროგნოზირებადია“.

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის პოზიცია კი ამ საკითხზე ასეთია:

„ჩვენთვის მთავარი ამოცანა ნიკას გათავისუფლებაა და რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი - საარჩევნო ცვლილებებით, სრულად პროპორციულ წესზე. თუ ამ შეთანხმებას ნიკა მიაღწევს, რა თქმა უნდა, დასჭირდებათ ჩვენი ხმები. ჯერ ნიკა მელია და გიორგი რურუა უნდა იყვნენ გარეთ და შემდეგ, რიგგარეშე არჩევნები, მართლმსაჯულება, ცესკო-ს ახალი ადმინისტრირება და სრულად პროპორციული სისტემა. მზად ვართ, ამას კენჭი ვუყაროთ“.