Menu
RSS

ხელოვან ქეთევან მელქაძის ინიციატივით, 26 მარტს საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა

ფილოლოგმა ქეთევან მელქაძემ 50 წლის ასაკში ახალი პროფესია შეიძინა _ რკინის ბადეების გამოყენებით პატარა ფიგურების შექმნა დაიწყო და აზარტული ბუნებიდან გამომდინარე ამ საქმიანობაში მალევე მთელი არსებით ჩაერთო. „ხატვა არ ვიცი, ალბათ სამი წლის ბავშვი ჩემზე უკეთ ხატავს“, _ ეს მისი სიტყვებია, თუმცა ამ ფაქტორს თვითნასწავლი შემოქმედისთვის ხელი არ შეუშლია ახალი, როგორც თავად უწოდებს, „ქეთოური“ ხელოვნება შეექმნა და ხალხისგან უამრავი დადებითი შეფასება დაემსახურებინა, მოგვიანებით კი არაერთი პერსონალური გამოფენა გაემართა საქართველოში თუ ქვეყნის გარეთ.
რამდენიმე დღის წინ, ქეთევან მელქაძემ Facebook-გვერდზე საქველმოქმედო ინიციატივით მიმართა მეგობრებს: „მინდა, რაღაც შემოგთავაზოთ. 20-მდე ნამუშევარი მაქვს, რომლებიც გამოფენებზე არ გამაქვს. სახლში ტყუილად დებას, იქნებ გაყიდვა მოგვეწყო, 30-50 ლარი რაღაა, სამაგიეროდ, ვინმე შეჭირვებულს დავეხმაროთ. ვისაც სურვილი ექნება, შემოგვიერთდეს _ ზოგი ქარგავს, ზოგი გემრიელ ნუგბარს აკეთებს... უნიჭო ადამიანები ხომ არ არსებობენ“. ინიციატივას საკმაოდ ბევრი ადამიანი გამოეხმაურა. გთავაზობთ ინტერვიუს თვითნასწავლ შემოქმედ ქეთევან მელქაძესთან.
_ რკინის ბადეებისგან ფიგურების შექმნა არც ისე დიდი ხნის წინ დაიწყეთ. მანამდე ამის გამოცდილება არ გქონიათ. ალბათ დადებითმა შეფასებებმაც მოგცათ სტიმული, რათა გაგეგრძელებინათ საქმიანობა და გექციათ ახალ პროფესიად. საწყის ეტაპებზე აუდიტორია როგორ იპოვეთ?
_ ძალიან ბევრი მეგობარი და ახლობელი მყავს. დაახლოებით ერთი წლის წინ, ერთ-ერთი მეგობრის პატარა გალერეაში მოვხვდი. სწორედ მან შემომთავაზა პირველი გამოფენის გაკეთება ჩემი ნამუშევრებით. თავიდან მქონდა ეჭვი, რომ არ გამომივიდოდა. ვიკითხე კიდეც, რამდენი ადამიანი უნდა მოვიდეს გამოფენაზე, რომ შემდგარად ჩავთვალოთ-მეთქი. მიპასუხეს, დაახლოებით ორმოცდაათიო. პირველ გამოფენაზე ხუთასამდე სტუმარი გვეწვია. დიდი ნაწილი, რა თქმა უნდა, ჩემი მეგობრები, ნათესავები და ნაცნობები იყვნენ, გზა გადაიკეტა, ხალხი რიგში იდგა და ამ ყველაფერმა ბუნებრივია, სტიმული მომცა.
ამის შემდეგ 6 პერსონალური გამოფენა მქონდა, ხუთში მივიღე მონაწილეობა, ბადის ფიგურებიდან ძერწვაზე გადავედი, ახლა კი, ორი თვეა ხატვაც დავიწყე. ამ ყველაფერს პირველ რიგში იმიტომ ვაკეთებ, რომ პროცესი მსიამოვნებს და შედეგით, ადამიანებიც სიამოვნებას იღებენ, თორემ ეს ჩემთვის ბიზნესი არაა.
_ არც ისე ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანი 50 წლის ასაკში საკუთარ თავში ახალ ნიჭს აღმოაჩენს. არაერთხელ გითქვამთ, რომ უნიჭო ადამიანები არ არსებობენ. ნიჭის აღმოსაჩენად ყოველთვის დროის სხვადასხვა მონაკვეთია საჭირო?
_ უნიჭო ადამიანები ნამდვილად არ არსებობენ, მთავარია, რაღაცას მიაგნო. მიგნებას კი, რა თქმა უნდა, დრო სჭირდება. ჩემი საქმიანობა ყოველთვის უკავშირდებოდა კითხვასა და შემეცნებას. იდეები ყოველთვის უხვად მქონდა, უბრალოდ ამ დრომდე პრაქტიკაში მათი განხორციელება არ მიცდია.
_ როგორც ვიცი, ორი პერსონალური გამოფენა გქონდათ თბილისისა და ერევნის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმებში. თანამედროვე ხელოვნებას როგორ აფასებთ?
_ სიმართლე გითხრა, თანამედროვე მიმდინარეობებში რთულს ვერაფერს ვხედავ. შემიძლია რაიმე ორაზროვანი გავაკეთო, რომელიც ალბათ ვიღაცების აღფრთოვანებას დაიმსახურებს, მიუხედავად იმისა, რომ სავარაუდოდ, ვერაფერს გაიგებენ. ჩემთვის მთავარია, ადამიანებმა ნამუშევრისგან სიამოვნება მიიღონ, მიუხედავად მათი ინტელექტუალური შესაძლებლობებისა თუ სხვა განმასხვავებელი ნიშნებისა. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ნამუშევრების შეფასებისას თბილ სიტყვებს მეუბნებიან, სწორედ ეს არის ჩემი მიზანიც, თორემ რა გაიყიდება და რა არა, ნაკლებად მაინტერესებს.
თანამედროვე ხელოვნებას რაც შეეხება, მიმაჩნია, რომ ბევრი რამ, რაც ამ სფეროს უკავშირდება, დიდი სირცხვილია. მაგალითად ის, რომ სამ მილიონ დოლარს (ან მეტსაც) იხდიან აბსურდულ ნამუშევრებში, როცა ხალხი შიმშილით იხოცება. ეს არ არის ხელოვნება, ეს არის ზერელე მიმდინარეობა, რომელიც, ჩემი აზრით, რაღაც პერიოდის შემდეგ აღარავის ემახსოვრება.
ასევე არანაკლებ სამარცხვინოდ მიმაჩნია შედევრების ყიდვა და პირად კოლექციაში შენახვა, რადგან მათი ნახვა ყველას უნდა შეეძლოს, მუზეუმებში, საგამოფენო სივრცეებში. ასეთი ნამუშევრების ადგილი ვიღაცის პირად კოლექციაში ნამდვილად არ არის.
_ ნამუშევრების შესაქმნელად ხშირად სხვადასხვა მასალას იყენებთ, იქნება ეს ცარცი, პლასტილინი, პოლიეთილენის პარკი, მინა თუ სხვა. როგორ მოდის იდეა, არჩევანი შეაჩეროთ ამ უჩვეულო, არატრადიციულ მასალებზე?
_ ვინტერესდები _ აბა, ვნახოთ რა გამოვა? მერე სხვა რაღაცას მივადგები იმავე კითხვით და ასე შემდეგ. ყველაზე რთული, რაც აქამდე გამიკეთებია, მაინც რკინის ბადისგან ფიგურების შექმნაა იმიტომ, რომ ამ დროს ასი პროცენტით თუ არ დაიხარჯე, შედეგს ვერ მიიღებ. მაგალითისთვის, პლასტელინზე მუშაობისას გაქვს საშუალება, რაღაცები შეცვალო, შეალამაზო, რკინის ბადე ამის შესაძლებლობას არ გაძლევს.
მიმაჩნია, რომ როცა ადამიანი რამეს აკეთებს და რამის მიღწევა უნდა, მთავარია აზროვნება და დაკვირვება, დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვანია. ხატვა არასოდეს გამომდიოდა, მაგრამ ორი კვირის წინ დამაინტერესა და რაღაცების დახატვა ვცადე. სისტემატურად ვფიქრობ _ „ეს როგორ გავაკეთო“ _ და აზარტიც სწორედ ის არის, მოვიფიქრებ პასუხს თუ ვერა.
_ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით, რომ თქვენთვის უფრო საინტერესო და აზარტულია კონკრეტული შეკვეთის შესრულება და იმის გაკეთება, რასაც გთხოვენ. შეგიძლიათ გაიხსენოთ რომელი იყო ამ მხრივ ყველაზე დასამახსოვრებელი პროცესი და შედეგი?
_ ნამდვილად საინტერესოა იმიტომ, რომ მაგალითისთვის შეიძლება მე პურს სულ სხვანაირად აღვიქვამდე და ის ადამიანი, რომელიც შეკვეთას მაძლევს, სხვანაირად. როცა ამ ადამიანს გავიცნობ, ვხვდები როგორ აღიქვამს რაღაცებს (ამის უნარი მაქვს ხოლმე, როგორც წესი) და შემდეგ მის ხასიათში ჩავსვამ ნამუშევარს, პროცესიც და შედეგიც საკმაოდ აზარტული გამოდის. მე შეიძლება გაზაფხული ჩემებურად დავხატო, მაგრამ სხვა ადამიანის ფიქრებში როგორიც არის, იმას თუ გამოვიცნობ, აი, ეს უკვე გენიალურია.
იყო შემთხვევა, ერთმა ადამიანმა მთხოვა სანათი ქოლგის ფიგურის გაკეთება და როცა გავაკეთე, არ მოეწონა, სხვანაირი მინდოდაო, მეორე მცდელობაც დამიწუნა და შემდეგ უკვე თავიც გავანებე, იმიტომ, რომ ქოლგა არის ქოლგა და მისი შინაარსის შეცვლა არარეალისტური მგონია. მთავარია, ხასიათი დაიჭირო და შემდეგ შედეგიც გარანტირებულია, როგორც წესი.
_ რა შედეგი გამოიღო თქვენმა ინიციატივამ საკუთარი ნამუშევრებით საქველმოქმედო აქციის მოწყობასთან დაკავშირებით, სხვებიც შემოგიერთდნენ?
_ ეს აქცია იმართება იმიტომ, რომ ძალიან მინდა, დავეხმაროთ მარიკა ხვადაგიანს, რომელიც უკიდურეს გაჭირვებაში იმყოფება. შემიძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს დეტალური ინფორმაცია მივაწოდო ამ ადამიანთან დაკავშირებით.
26 მარტს 12 საათზე ვიკრიბებით ვაკის პარკში და იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი ნამუშევრები მწირი რაოდენობისაა, ვთხოვე ყველა ნაცნობსა და მეგობარს, ჩართულიყვნენ აქციაში. ყველას შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ, ვისაც რა შეუძლია, ხელით გააკეთებს და რაღაც სიმბოლურ ფასად გაყიდის. მინდა, სკოლებიც ჩაერთოს და ბავშვების ნახატებიც გაიყიდოს... ზოგადად, ჩემზე ცუდად მოქმედებს ე.წ. შესაწირი ყუთები, ამიტომ სპეციალურად ამ დღისთვის რკინის ბადისგან დავამზადებ სპეციალურ სათავსოს, რომელსაც ერქმევა „ქეთო-ყუთი“. მასში ყველა სურვილისამებრ ჩააგდებს თანხას. ასე რომ, ჩემ ენაზე რომ ვთქვა, ძალიან მინდა „ჯიგრიკოები“ შევიკრიბოთ ვაკის პარკში 26 მარტს.
_ ვიცი, თბილისი ძალიან გიყვართ. არჩევანში სრული თავისუფლება რომ გქონდეთ, ნამუშევრებისთვის რომელ ადგილს და რა თემატიკას აირჩევდით?
_ ბევრი ადგილია და მიფიქრია კიდეც, ამის გაკეთება. მთავარია მერია დაინტერესდეს. ჩემს ნამუშევრებს ძირითადად საჩუქრებად ვარიგებ, მაგრამ არის რაღაც ზღვარი. მე რომ ნამუშევარი ქუჩაში დავდგა, ამას თავისი განათებაც უნდა, დამცავი შუშაც. ეს ყველაფერი კი იმ ხარჯებთანაა დაკავშირებული, რომელსაც საკუთარ თავზე ნამდვილად ვერ ავიღებ. მაგალითისთვის, ახლა ქორწინების სახლი მახსენდება, რომლის წინ სიამოვნებით განვათავსებდი რამე ნამუშევარს. ისე კი, ნებისმიერ ადგილს მოვარგებდი რამეს, მთავარია, დაინტერესება იყოს.
ბექა ბერულავა

PDF

<<<წინა ნომერი მომდევნო>>>

back to top