რატომ მოკლა მეჯვარემ ძმაკაცის ცოლი ქორწილში

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

 

სისხლიანი ქორწილი და 80-ათასიანი ბრილიანტის საიდუმლო 

 

ბათო ჯაფარიძე

 

საქართველოში ტრადიციები უძველესი დროიდან მოგვდგამს. არის შემორჩენილი მამა-პაპისეული ქცევის წესები, რომლებსაც დღემდე მივდევთ და იმის მიუხედავად, რომ ზოგს მოსწონს, ზოგს - არა, თაობიდან თაობას მაინც გადაეცემა. რამდენიმე ძველი ტრადიცია ქორწილსაც უკავშირდება - თეფშის გატეხვა, მაყარი, ნეფე-დედოფლის აუცილებელი ცეკვა... სხვათა შორის, საქორწილო ტრადიციები არაერთ ერს აქვს და იმდენად განსხვავებული და ზოგჯერ სასაცილოც, რომ მისი გაკეთება არასოდეს მოგინდება. მაგალითად, არცთუ დიდი ხნის წინ, სოციალურ ქსელში ათასობით ნახვა ჰქონდა ვიდეოს, რომელშიც ამაყი დედამთილი პირველი ღამის სისხლიან ზეწარს მეზობლებსა და ნათესავებს უფრიალებდა. არანაკლებ ამაყი პატარძალი კი სიხარულით ცეკვავდა ანუ გამოცდა ჩააბარა და შეეძლო მშვიდად ყოფილიყო. სხვადასხვა ტრადიციას შორის არის ერთი საინტერესოც - შუა ქორწილში, პატარძალს „იპარავენ“ და ხშირ შემთხვევაში, მეჯვარე ვალდებულია, გამოისყიდოს. როგორც წესი, ამას გოგოს მხარე აკეთებს ხოლმე და სასიძოს მხარეს „წეწავს“.

 

„სწორედ ასეთი ქორწილი იყო, ქართველები არ იყვნენ, გოგო გადამალეს საკუთარი სახლის ფარდულში, ხოლო როცა სიძემ გარკვეული თანხა გადაიხადა, გოგოს გამოსახსნელად მივიდნენ და ის შუბლგახვრეტილი დახვდათ. ქალის მამა გავლენიანი მაღალჩინოსანი იყო, ერთ-ერთ სამინისტროში განყოფილებას ხელმძღვანელობდა და მთელი თავისი სანაცნობო ჩართო, რათა მკვლელობა გამოეძიებინათ. იმავე სამინისტროში, არანაკლებ გავლენიან თანამდებობაზე მუშაობდა სასიძოს მამაც და, მოკლედ რომ ვთქვათ, მინისტრების კონტაქტის შედეგად, საქმის გამოსაძიებლად მე გამიშვეს“, - გვიყვება მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

ამ ამბავში ყველაზე საინტერესო ერთი დეტალი იყო - იარაღი, რომლთაც პატარძალი მოკლეს, სასიძოს მამას ეკუთვნოდა, მას სახლში ჰქონდა, თუმცა ორი თვის წინ, განცხადება დაწერა, რომ სახლიდან იარაღი მოპარეს. ვის შეეძლო ამის გაკეთება, არავინ იცოდა. იარაღი დაიკარგა მაშინ, როცა ნიშნობის მეორე დღე გახლდათ და სუფრა უკვე სასიძოს სახლში გაიშალა. მაშინ სამართალდამცავებმა ეჭვი ვერავისზე მიიტანეს, მაგრამ ახლა ცხადი გახდა, რომ მკვლელობა ოჯახის ძალიან ახლობელმა ჩაიდინა, რადგან ის იყო ნიშნობის მეორე დღეს სუფრაზე და იყო ქორწილშიც.

„ერთ-ერთმა ოპერმუშაკმა მითხრა, რომ დაახლოებით, ნახევარი წლის წინ, ამ ბიჭს სხვა გოგო უყვარდა, მასზე დაქორწინებასაც კი აპირებდა, თუმცა შემდეგ გადაიფიქრა და შეხვედრა მამის ძმაკაცის შვილთან დაიწყო, დაინიშნა კიდეც და რაც ყველაზე საინტერესო გახლდათ, ყოფილმა შეყვარებულმა, როცა იმედი საბოლოოდ გადაეწურა, თავი მოიკლა. თვითმხილველები კი ამბობდნენ, რომ გასვენების დღეს, შვილის საფლავზე, გარდაცვლილი გოგონას მამა დაიფიცა, შენს ყოფილ საქმროს ზუსტად ისე გავამწარებ, როგორც მე გამამწარაო. ზუსტად ისე გამწარება კი სწორედ პატარძლის მკვლელობა იქნებოდა და მთავარი ეჭვმიტანილიც გამოიკვეთა, მაგრამ რჩებოდა მთავარი საკითხი - როგორ ჩაუვარდა ხელში იარაღი?!“ - იხსენებს ბატონი თენგიზი.

ეჭვმიტანილი მალე დააკავეს და რაც მთავარია, ის ქორწილის სტუმრებმა ამოიცნეს - როცა სახლში საქეიფოდ მივედით, ჭიშკართან იდგა და პატარძალს უყურებდაო. სასიძო იფიცებოდა, არ დამინახავს, თორემ ვიცნობდი და ცოტა ფხიზლად ვიქნებოდიო. დაკითხვა რამდენიმე საათს გაგრძელდა.

„ვაღიარებ, ვიყავი იმ სახლთან, სადაც ქორწილი იმართებოდა. ვიცოდი, რომ ჩემი შვილის მკვლელს, მას სხვა სახელს არ დავარქმევ, ქორწილი ჰქონდა. მინდოდა მომეკლა, დანაც კი წავიღე, მაგრამ არ ვარ მკვლელი, ვერ ვარ... მივხვდი, რომ ვერ მოვკლავდი. ფიქრებში, ოცნებებში, არაერთხელ მქონდა წარმოდგენილი, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგა, ვერ გავინძერი. გავიგე, რომ პატარძალი მოკლეს და იმის მიუხედავად, რომ წვლილი არ მიმიძღვის, ღმერთი მაღლიდან იყურება“, - დაასრულა მოყოლა კაცმა და როცა ცეცხლსასროლ იარაღზე ჰკითხეს, გაიოცა. ექსპერტიზამაც აჩვენა, რომ მის ტანსაცმელსა თუ ხელებზე დენთის კვალი არ იყო ანუ მას არ უსვრია.

სხვათა შორის, დენთზე ანალიზი ქორწილის ყველა მონაწილეს, ქალებსაც და კაცებსაც აუღეს და კვალი 11 მათგანს აღენიშნებოდა, თუმცა 11-ვე სასიძოს მეგობარი იყო, მათ შორის, ერთი მეჯვარე და თურმე, ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე, ისინი სანადიროდ იყვნენ და თოფის გარდა, პისტოლეტიდანაც ისროდნენ. თანაც, სასიძო ამტკიცებდა, ამათ, როგორც საკუთარ თავს, ისე ვენდობიო.

„გამოძიება ჩიხში შევიდა. სხვა ეჭვმიტანილი არ გვყავდა და რაც მთავარია, გადავამოწმეთ ორივე მამის მხარე, სამსახურში ხომ არ ჰქონდათ პრობლემა, მაგრამ იქ ყველაფერი იდეალურად იყო. რაც შეეხება გარდაცვლილ გოგონას, მას ყველა იმდენად დადებითად ახასიათებდა, რომ მისი მიმართულებით ძიებას აზრი არ ჰქონდა“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

სამართალდამცავებს მხსნელად მოკლული გოგოს მამა მოევლინათ. ის განყოფილებაში მივიდა და დაიწყო:

„მე ეჭვი მეჯვარზე მაქვს და ახლავე აგიხსნით, რატომ. ჯერ ერთი, როცა ჩემი გოგონა გადამალეს, მეჯვარე სუფრასთან არ იყო, ამიტომ გამოსასყიდი თანხა სიძემ გადაიხადა. როცა გარეთ გამოვდიოდით, მეჯვარე მაშინ შეგვხვდა, უთხრეს, წამოგვყევი, პატარძალი უნდა დავიხსნათო და არ წამოვიდა, ოთახში შევარდა, თვალი გავაყოლე და არაყი პირდაპირ ბოთლიდან მოიყუდა. და მთავარი - ჩემს სიძესთან ერთად, მაგას რუსეთიდან ოქრო დააქვს, სერიოზულ ფულს აკეთებს და ბოლო დროს, რაღაც აერიათ. როგორც ვიცი, დიდ თანხას ვერ იყოფდნენ, მერე ვითომ მორიგდნენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თუ ვინმე გაიმეტებდა სასიკვდილოდ ჩემს გოგოს, სწორედ მეჯვარე იქნებოდა. ის ამ ქორწინების წინააღმდეგიც იყო, რა დროს ცოლია, ჯერ ფული ვაკეთოთო, სულ ამას იმეორებდა“...

სამართალდამცავებმა მეჯვარეს უფრო მეტი ყურადღება მიაქციეს, ოქროს ტრიალის თემაც არ გაუშვეს ყურადღებიდან. აღმოაჩინეს, რომ მეჯვარე და სიძე მართლაც დიდ ფულებს ატრიალებდნენ და ოქრო საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რესპუბლიკიდან არალეგალურად შემოჰქონდათ. უფრო კონკრეტულად კი, ისინი ოქრომჭედლებს იცნობდნენ, მათთან ისეთ სამკაულებს იძენდნენ, რომლებსაც მაღაზიებში ვერ იყიდდნენ და შემდეგ, მამის კავშრების წყალობით, სარფიანადაც ჰყიდდნენ.

აგენტურული ქსელის ამუშავების შემდეგ გაირკვა, რომ ბოლო რეისზე, ბიჭებმა ბრილიანტის ყელსაბამი ჩამოიტანეს და ის... 80 ათას მანეთად, ერთ-ერთი მინისტრის დედამ იყიდა.

„შენ ახალგაზრდა ხარ და იცი, რას ნიშნავდა კომუნისტების დროს, 80 ათასი მანეთი? ეს იყო ათი მანქანა, ან ათი ბინა... როცა ამ ბიჭების საქმეს ვქექავდით, საუბარი 3-4 ათასზე იყო, რომელიც რჩებოდათ დ უცებ... 80 ათასი. გადავწყვიტეთ, ჯერ სიძე დაგვეკითხა, მერე - მეჯვარე და რაც მთავარია, მეჯვარის სახლში ჩხრეკა ჩაგვეტარებინა. სიძის სახლში ჩხრეკის ჩატარებისთვის სერიოზული მიზეზი გვჭირდებოდა, მამამისი ისეთ ამბავს ატეხდა, კარგ დღეს არ დაგვაყენებდნენ“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

სიძემ მხრები აიჩეჩა, მე ოქროზე არაფერი ვიცი, ბრილიანტიც პირველად მაშინ ვნახე, როცა საცოლესთვის ვიყიდეო. ცხადი იყო, არაფრის თქმა სურდა და მამიკოს იმედი ჰქონდა. აი, მეჯვარეს კი მამიკო არ ჰყავდა და როცა დაკითხვაზე დაიბარეს, მისი ბინის ჩხრეკაზე ოპერჯგუფი წავიდა. დაკითხვაზე მეჯვარე თავხედურად იქცეოდა, დარწმუნებული იყო, რომ მეგობრის მამა არც მას გაწირავდა, რადგან ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია, ის ალაპარაკებულიყო, მაგრამ ხმაში ბზარი მაშინ გაჩნდა, როცა ჩხრეკაზე წასულმა ჯგუფმა ბინაში 80 ათას მანეთს, ოქროსა და რაც მთავარია, იარაღს მიაგნო, რა თქმა უნდა, ექსპერტიზის პასუხი ჯერ არავის ჰქონდა, თუმცა გამომძიებლები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ პატარძალი სწორედ იმ იარაღიდან მოკლეს.

როცა ყველაფერი ეს მეჯვარეს უამბეს, მან ჯერ დაიძახა, ჩხრეკა უკანონოაო, თუმცა როცა „დაამშვიდეს“, ჩხრეკას სამი მეზობელი ესწრება და ყველაფერი კანონის ფარგლებში ჯდებაო, თავი ჩაღუნა, შემდეგ კი გამომძიებელს შეხედა და განწირული ხმით იკითხა - „მაღალჩნოსნებზე ჩვენება რომ მივცე, არ დამხვრეტთ?“

„მე და სიძე თანაკლასელები და ბავშვობის მეგობრები ვართ, თუმცა არასდროს მქონია ისეთი უზრუნველი ცხოვრება, როგორც მას. მერე, როცა გავიზარდეთ, ოქროზე დავიწყე ჩალიჩი, მაგრამ ფული მჭირდებოდა, დიდი ფული და ამიტომ, საქმეში მეგობარიც ჩავრთე. ფული მან მოიტანა, თუ მანამდე 100 მანეთი მრჩებოდა, მერე 1000-ზე ავედი, მაგრამ მეტი წილი მას მიჰქონდა, ფული ჩემია და თან ძვირფასი ნივთების გაყიდვაში მამაჩემი გეხმარებაო. ყველა თანამდებობის პირთან მას მიჰქონდა ჩვენი ჩამოტანილი ოქროული და დარწმუნებული ვარ, იმაზე ნაკლებს მეუბნებოდნენ, ვიდრე რეალურად მართმევდნენ. ბოლოს, ბრილიანტის ყელსაბამი ჩამოვიტანეთ. 80 ათასი მანეთი მოგვცეს და ეს იყო ჩემი ოცნება - მინდოდა, 100 ათასი მომეგროვებინა და საცხოვრებლად რუსეთში წავსულიყავი. 20 მოგროვებული მქონდა და აგერ, 80 ათასი. ფული შინ წამოვიღე, უნდა გამეყო, მაგრამ მეგობარს ვუთხარი, ქორწილის დღეს მოგცემ-მეთქი. მანამდე, სულ შემთხვევით, მათ სახლში, ნიშნობის მეორე დღეს, იარაღს უჯრაში წავაწყდი, ასანთს ვეძებდი, ავიღე და წამოვიღე. ფულის გასაყოფად ფარდულში დავიბარე, სუფრაზე ხომ არ მივცემდი და მე პირველი წავედი, შევედი და დავიმალე. თურმე, იმ დროს პატარძალი გამქრალა, უქვამთ, ფარდულში დაიმალეო. როგორც კი კარი გაიღო და სიბნელეში სილუეტი გამოჩნდა, თავში ვესროლე და გამოვიქეცი. როცა ოთახში უნდა შევსულიყავი, დავინახე, ყველა გარეთ როგორ გარბოდა და მივხვდი, ვიღაც სხვა მოვკალი, მაგრამ არ ვიცოდი, ვინ. ეგ მერე გავიგე“, - დაასრულა მოყოლა დაკავებულმა.

სასამართლომ მისი ჩვენება მაღალჩინოსნებსა და ოქროს შესახებ არც კი მოისმინა, მკვლელობაში დამნაშავედ სცნო და ციხეში 12 წლით გაუშვა.