„ნაცმოძრაობამ საქართველო რუსეთის წინაშე დაასუსტა და რუსეთის ბაზები გააძლიერა!“ - გია ვოლსკი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

„სააკაშვილს ქვეყნის წინაშე მხოლოდ ძალიან მძიმე სისხლის სამართლის კი არა, მორალური დანაშაულიც მიუძღვის!“

ავტორი: თათია გოჩაძე

 საქართველოს პარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია ისე დაამტკიცა, რომ საპარლამენტო ოპოზიციის უმეტესობამ მხარი არ დაუჭირა. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რეზოლუციის ტექსტი სრულყოფილად ასახავს იმ პოზიციას, რაც საქართველოს უკრაინის, როგორც სტრატეგიული მეგობრის, მიმართ აქვს. ოპოზიცია კი რეზოლუციის ტექსტს აკრიტიკებდა მიიჩნევ, რომ რუსეთის მიმართ საქართველოს ხელისუფლების ე.წ. არგაღიზიანების პოლიტიკა შედეგს ვერ გამოიღებს. ამ და სხვა მიმდინარე პოლიტიკურ თემებზე ვერსია მმართველი ძალის ერთ-ერთ ლიდერს, პირველ ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის ესაუბრა:

 - ბატონო გია, რამდენად მნიშვნელოვანია, რუსეთ-უკრაინას შორის დაძაბული ვითარების ფონზე, საქართველოს მიერ ამ რეზოლუციის მიღება?

- ჩვენსა და უკრაინას შორის რეზოლუციაც არაა საჭირო, რათა ვიცოდეთ, რომ სტრატეგიული პარტნიორები ვართ. ეს პარტნიორობა კი განპირობებულია არა მხოლოდ იმით, რომ ერთგვაროვანი პრობლემები აქვს ამ ქვეყანას, არამედ იმითაც, რომ ჩვენი პოზიციონირება მართალი, სწორი და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მისაღებია. აქედან გამომდინარე, პოზიციის გამოხატვა ამ რეზოლუციით, საგანგებო მნიშვნელობისაა და ჩვენ ეს რეზოლუცია მივიღეთ. სათანადოდ იქნა შეფასებული, როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ასევე, უკრაინის რადა-ს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებაში.

- ამ რეზოლუციას ოპიზიციის მხრიდან მოჰყვა კრიტიკა. ენმ-მ მხარი არ დაუჭირა და მისი წარმომადგენლები, უკრაინის მხარდასაჭერად, კიევში გაემგზავრნენ. რას იტყვით, ამის შესახებ?

- ზოგი ოპოზიციური პარტია „ნაცმოძრაობის“ ამყოლია. რაც შეეხება თავად „ნაცმოძრაობას“, ჩემი პრინციპული პოზიციაა, რომ ამ პარტიამ ასეთ რეზოლუციას არც მხარი უნდა დაუჭიროს და საერთოდ, მასთან ერთად, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეზოლუციის მიღება არ არის მართებული. ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიების 20%, საქართველომ ყველა სტრატეგიული ობიექტი გაუფორმა რუსეთს, გაერო-ს მისია შეწყდა საქართველოში და უამრავი ასეთი, „რის გამოც“ გაგვაჩნია და ამიტომ, ამ პოლიტიკურ ძალასთან რამე განცხადების მიღება უსაფრთხოების, ორმხრივი თუ მრავალმხრივი ურთიერთობის საკითხებზე არის ის, რომ „გავათეთროთ“ ის მძიმე წარსული, რაც მან მემკვიდრეობით დაგვიტოვა. ტანკის ლულასთან პირისპირ დატოვეს საქართველო!

საქართველოს საგანგებო მნიშვნელობის გაზგაყვანილობა დატოვეს ოკუპირებული რუსეთის ძალების მიერ. საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი არ გამოიყვანეს ომის დროს, არ მიაქციეს ყურადღება და ბევრი დაიღუპა. უშიშროების საბჭოს არ მიმართეს და რუსეთის ძალების კონცენტრაცია საქართველოს საზღვრებთან იყო იგნორირებული განგებ, ვინაიდან არ არსებობს ადამიანი, ვინც არ ატეხდა განგაშს ამ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც დღეს უკრაინა აკეთებს და ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ. „ნაცმოძრაობამ“ ეს არ გააკეთა, ჩემი აზრით, შეგნებულად და კარტ-ბლანში მისცა რუსეთს. რუსეთის წინაშე საქართველო დაასუსტა, რუსეთის ბაზები გააძლიერა და საქართველო დატოვა ტანკისა და ზარბაზნის ლულის პირისპირ. ახლა კი კეკლუცობს პოლიტიკურად, რომ ავიღოთ ჯოხი და ტანკის ლულას დავუპირისპირდეთ, ეს არის მათი პოზიცია. შორს მიმავალი გეგმები აქვთ, ჩემი აზრით...

- რას გულისხმობთ?

- დაიძაბოს ვითარება იმდენად, რომ მოხდეს საქართველოს შიდავითარების კიდევ უფრო დამძიმება სოციალურად, ეკონომიკურად, არ შემოვიდეს ტურისტი და ინვესტიცია, ლარის კურსი დამძიმდეს და ვერ გამოვიდეს ქვეყანა ეკონომიკური სირთულიდან. კიდევ უამრავი სხვა გეგმა, რამაც შეიძლება, სააკაშვილი დააბრუნოს პრეზიდენტის ტახტზე. სხვა გეგმა და აზრი „ნაცმოძრაობის“ საქმიანობას არ გააჩნია.

- თავის მხრივ, ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ რუსეთის მიმართ ქართული ოცნების მიერ არჩეული ე.წ. არგაღიზიანების პოლიტიკა შედეგს ვერ გამოიღებს და ეს სტრატეგია არასწორია...

- „არგაღიზიანების პოლიტიკას“ რას ეძახიან, არ ვიცი. თუკი სიფრთხილეს იჩენ ამ მონსტრის წინაშე, ეს არგაღიზიანებას არ ნიშნავს. გამყიდველ პოლიტიკას კი ნიშნავს ის, რომ მთელი ეს სტრატეგიული ობიექტები გადაუფორმო რუსეთს, ნამდვილადაა გამყიდველი პოზიცია და თუ არგაღიზიანების პოლიტიკას დაარქმევ, ენას ძვალი არ აქვს, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომელი პარტიიდანაც უნდა იყვნენ, ახალგაზრდები თოფის ქვეშ არ დადგენენ.

- ბატონო გია, მიხეილ სააკაშვილი ახსენეთ და გკითხავთ, თავად ახლა საპყრობილეშია, თუმცა მისი პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პოლიტიკურ პროტესტს ფრო მასშტაბურ სახეს მისცემენ და გაამწვავებენ. ამ ფონზე, მოვლენების როგორ განვითარებას უნდა ველოდოთ?

- რასაკვირველია, ქუჩის პროტესტის განვითარების რესურსი არ გააჩნიათ, რადგან მათი მხარდამჭერი საზოგადოებაც ხედავს, რომ ეს ადამიანები ზრუნავენ, როგორმე ქართულ ოჯახებში შემოვიდეს დაძაბულობის ის ხარისხი, რომელიც უფრო დაამძიმებს ვითარებას. ახლა გადაწყვიტეს, რომ ცხელი წერტილი შექმნან პარლამენტში, მაგრამ არის მეორე საკითხიც - „ნაცმოძრაობის“ პარტიულ აქტივს ძალიან მძიმე მდგომარეობაში აყენებს სააკაშვილის ფაქტორი, ვინაიდან მათ გააჩნიათ გარკვეული ინტელექტუალური რესურსი, იმსჯელონ ეკონომიკაზე, სოფლის მეურნეობაზე, განათლებაზე და ა.შ. სხვა საკითხია, მე ვემხრობი თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ ყველა ეს თემა გადაწეულია მათი მოქმედების დღის წესრიგიდან, ვინაიდან შეკვეთა „ბელადისგან“ არის სულ სხვა - იზრუნონ დესტაბილიზაციაზე. იგივე შეკვეთა იყო მისი მხრიდან, როცა ჩამოდიოდა საქართველოში, რათა რევოლუციურ პროცესს ჩასდგომოდა სათავეში. ზუსტი გეგმაც ვიცი - არჩევნები, მისი შედეგების არაღიარება და სააკაშვილის გამოჩენა ქუჩაში, ფიგურალურად რომ ვთქვათ, „თეთრ ცხენზე ამხედრებული“. ეს არ მოხდა, ჩაიშალა და აქედან გამომდინარე, მათი მცდელობა, რომ დესტაბილიზაციის რეჟიმი შენარჩუნდეს, იქნება მუდმივად, არ შეიცვლის არც ზნეს და არც ფერს.

რაც შეეხება საპყრობილეში ყოფნას, გინდ სააკაშვილი იყოს და გინდაც სხვა ვინმე, ვინც ამ სახის დანაშაულები ჩაიდინა, რასაკვირველია, პასუხსაც უნდა აგებდეს იმ კანონების მიხედვით, რაც საქართველოში არსებობს. ხაზს გავუსვამდი, რომ ეს კანონები გაცილებით უფრო რბილია, ვიდრე იმ პერიოდში, როცა სააკაშვილი იყო მმართველობაში. მისი კანონები იყო დრაკონული, შეკრებითობის პრინციპით და მისი კანონებით რომ გვემსჯელა, ალბათ, გაცილებით მეტი სასჯელი ელოდა. გაცილებით უფრო ნაკლები ბრალდებებია წაყენებული მის მიმართ, ვიდრე მან რეალურად ჩაიდინა. არის ერთი სახის დანაშაული, რომელიც არ ვიცი, კოდექსში როგორ ითარგმნება, მაგრამ ნაწამები, ღირსებაშელახული და მიწასთან გასწორებული ადამიანების გარდა, დანაშაული მიუძღვის იმ ადამიანების მიმართაც, რომლებიც მან ჩართო სადამსჯელო ოპერაციებში, ადამიანების მიმართ ძალადობის პოლიტიკაში, რომელსაც ატარებდა. დარწმუნებული ვარ, რომ იგივე, მეგის ქარდავას სხვა მომავალი ექნებოდა, რომ არა სააკაშვილის შექმნილი სასტიკი რეჟიმის დაქვემდებარება. სხვა ახალგაზრდებისა, რომლებსაც ადრეულ ასაკში მისცეს ხელში იარაღი და ყველაფრის უფლება, დაეჩაგრა ადამიანი და მოქალაქე. ასე რომ, მას ძალიან მძიმე დანაშაული მიუძღვის არა მარტო სისხლის სამართლის, არამედ, მორალური თვალსაზრისითაც, თავისი ქვეყნის წინაშე!

- ბატონო გია, საზოგადოებას აინტერესებს, როგორ განვითარდება ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები, რას ეტყოდით ჩვენს მკითხველს?...

-  ეს არის მოცემულობა და საზოგადოებას ვეტყოდი, რომ გააკეთოს არჩევანი ასეთი მძიმე ვითარების ავტორებსა და იმ ადამიანებს შორის, რომლებმაც ეს ქვეყანა უნდა გაიყვანონ სამშვიდობოს. არ დაუჯერონ „ფეიკნიუსებს“, ამ ბოროტი ადამიანების პროპაგანდას. განსაკუთრებით ახალგაზრდებს მივმართავ, სიღრმისეულად გააანალიზონ ვითარება. მართალია, მათ ემოციური კავშირი წარსულთან არ გააჩნიათ, მაგრამ მოიკითხონ, რა ხდებოდა, იყურონ მომავალში და იყვნენ ენთუზიაზმით სავსენი. ბევრი ისწავლონ, იმუშაონ და არ დაუჯერონ არავის, თუკი რომელიმე პოლიტიკური ძალა მათ არ სთავაზობს გამოსავალს იმ ვითარებიდან, რაც, სამწუხაროდ, შეიქმნა არა მარტო საქართველოში, არამედ, მთელ მსოფლიოში.