სამხრეთკავკასიის სამი ქვეყნის ლიდერის ისტორიული შეხვედრა მიუნხენში

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სამხრეთკავკასიის ქვეყნების ლიდერების ისტორიული შეხვედრა 18 თებერვალს, მიუნხენში შედგა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ერთმანეთს მიუნხენის უსაფრთხოების ყოველწლიური კონფერენციის პანელზე შეხვდნენ. მსგავსი ფორმატი, რომელშიც სამივე ქვეყნის ლიდერი მონაწილეობს, პირველად გაიმართა. 18 თებერვლამდე, მიმდინარე წლის იანვარში, დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელზე, ისტორიული მნიშვნელობის განცხადება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გააკეთა. კერძოდ, მან თქვა, რომ სურდა, სომხეთის ლიდერს საქართველოში შეხვედროდა, თუმცა სომხეთი ამისთვის მზად არ აღმოჩნდა:

„ჩვენი წინადადება იყო, ლიდერები შევხვედროდით საქართველოში, რადგან ისტორიულად, ლიდერები იკრიბებიან საქართველოში, მაგრამ სომხეთი ამისთვის არ არის მზად“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ამ განცხადებით, ალიევმა ყოველგვარი ირიბი გადახვევების გარეშე, პირდაპირ მიანიშნა, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ფუნქცია აქვს და შორს ნამდვილად აღარაა ის დრო, როდესაც ჩვენი ქვეყანა რეგიონში ჰაბის ფუნქციას დაიბრუნებს. დავუბრუნდეთ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას და მის ფარგლებში გამართულ პანელურ შეხვედრას. დისკუსიაში - „როგორ უზრუნველვყოთ უსაფრთხოება სამხრეთ კავკასიაში“, ეუთოს გენერალური მდივანი ჰელგა შმიდიც მონაწილეობდა. რა საკითხები განიხილეს უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა და როგორ აფასებს ამ ისტორიულ მოვლენას ანალიტიკოსი სამხედრო, პოლიტიკურ და საერთაშორისო საკითხებში.

პირველივე კითხვა, რომლითაც პანელის წამყვანმა სამხრეთკავკასიის ქვეყნების ლიდერებს მიმართა, რუსეთის უკრაინაში შეჭრას ეხებოდა. კითხვაზე, რა გავლენა იქონია აზერბაიჯანზე, საქართველოსა და სომხეთზე რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ, ლიდერებმა უპასუხეს. ილჰამ ალიევის განცხადებით, ომს პირდაპირი გავლენა არ აქვს აზერბაიჯანზე, თუმცა მთელი გეოპოლიტიკური ვითარება ნამდვილად შეცვალა:

„ამიტომ, ნაკლებსავარაუდოა, რომ ოდესმე დაუბრუნდეს იმ ნიშნულს, რაც იყო ომამდე. ცვლილებები მოხდა სატრანზიტო მარშრუტებში, რაც დამატებით შესაძლებლობებს უქმნის აზერბაიჯანსა და რეგიონს. ორი წლის წინ, ჩვენ ჩვენი ომი გვქონდა, რომელიც 44 დღე გაგრძელდა. ჩვენ ვიცით, რა ტრაგედია მოაქვს ომს ხალხისთვის. აზერბაიჯანმა და სომხეთმა უნდა აჩვენონ, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა. ჩვენ ამჟამად ვმუშაობთ სამშვიდობო შეთანხმებაზე და ეს შეიძლება იყოს კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია სამშვიდობო შეთანხმებას დაასრულოს ეს ტრაგედია“.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის შეფასებით, გასაგებია, რომ დიდი ხნის მანძილზე, საერთაშორისო ყურადღება მხოლოდ უკრაინაზეა ორიენტირებული, თუმცა:

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა რეგიონმაც საერთაშორისო ყურადღება მიიპყროს, რადგან ვფიქრობ, აქ ბევრი რისკია. ჩვენ ვრჩებით ჩვენი დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგის ერთგულნი, რადგან გვჯერა, რომ სწორედ ეს რეფორმები გააუმჯობესებენ სიტუაციას ჩვენს რეგიონში“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ 2008 წელს, საქართველოს ჰქონდა ომი რუსეთთან და ამ უკანასკნელს ჩვენი ქვეყნის დაახლოებით, 20% ოკუპირებული აქვს, სადაც თავისი ორი სამხედრო ბაზა განათავსა:

„რაც შეეხება ომს უკრაინაში, ეს ნამდვილად დიდი გამოწვევაა თითოეული ჩვენგანისთვის. უფრო მეტიც, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპა და მსოფლიო არ დამდგარა ასეთი მასშტაბის გამოწვევის წინაშე. თქვენ იცით, რომ 2008 წელს, ჩვენ საკუთარ თავზე გამოვცადეთ ომი რუსეთთან და მას შემდეგ, რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს ჩვენი ისტორიული ტერიტორიები - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. რუსეთს აქვს ორი სამხედრო ბაზა ჩვენს ტერიტორიებზე და საერთო ჯამში, ომის შემდგომ, ჩვენ მუდმივად ვდგავართ გარკვეული პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე. თუმცა, 2012 წელს, ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ, ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევა გავიღეთ შექმნილი დაძაბულობის დეესკალაციისათვის. ჩვენ ბევრი გავაკეთეთ ქვეყნის ევროპისკენ წინსვლისთვის, ხელი მოვაწერეთ ასოცირების ხელშეკრულებას და მივიღეთ უვიზო რეჟიმი. ჩვენ, ყველამ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ უკრაინაში ომის შესაჩერებლად. საქართველო აცხადებს, რომ აპირებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მხოლოდ მშვიდობიანი გზით! 2008 წლის შემდეგ, ჩვენ არ გვინახავს მსოფლიოში, სანქციები დაეწესებინოს რუსეთის წინააღმდეგ და ეს ცუდი სიგნალი იყო. საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გადაწყვიტოს, როგორ მოიქცეს. თუ ომი გაგრძელდა, ეს ნიშნავს მეტ სიკვდილს და ნგრევას, ყველა ძალისხმევა უნდა მივმართოთ ამ ომის შესაჩერებლად.

ამდენად, კითხვაზე, თუ როგორ გავლენას ახდენს ომი უკრაინაში ჩვენს ქვეყნებზე და კონკრეტულად საქართველოზე, შემიძლია გიპასუხოთ, რომ ახლა ჩვენ ვხედავთ, რუსეთი ფოკუსირებულია უკრაინაზე, სადაც მიმდინარეობს დამანგრეველი ომი. ჩვენ კი უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ეს ომი შეწყდეს. მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა და მინდა გითხრათ, რომ საქართველო ატარებს მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით. ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ გვაქვს მშვიდობიანი გეგმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის და მადლობა მინდა გადავუხადო ეუთოს, ევროკავშირს, აშშ-ს და მედიაციის პროცესში აქტიურად მონაწილე სხვა მხარეებს. თქვენ ახსენეთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები, რაც წარმოადგენს ერთადერთ პლატფორმას, რომლის საშუალებითაც რუსებთან გვაქვს დიალოგი.

მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, ომი უკრაინაში უნდა შეწყდეს! ჩვენ უკვე გამოვცადეთ ომის შედეგები 2008 წელს: უამრავი ადამიანი დაიღუპა, დავკარგეთ კონტროლი ჩვენს ტერიტორიებზე და როგორც უკვე აღვნიშნე, რუსეთმა განათავსა სამხედრო ბაზები ჩვენს ტერიტორიებზე. ამასთან, ეს პროცესები მიმდინარეა, არ შეჩერებულა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ 2008 წლის ომის შედეგად, არ დაწესებულა საერთაშორისო სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ამის საპირისპიროდ, ჩვენ დავინახეთ, რომ რუსეთთან ურთიერთობები ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა, რაც აღქმული იყო საკმაოდ ცუდ სიგნალად. შეჯამებისთვის, ვფიქრობ რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ახლა უნდა გადაწყვიტოს, როგორ წავიდეთ წინ, რამდენადაც თუ ეს ომი გაგრძელდება, გაგრძელდება ნგრევაც და გაიზრდება სამოქალაქო მსხვერპლი. ამდენად, მინდა გავიმეორო, რომ ჩვენი მიზანი უნდა იყოს ომის შეჩერება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ხალხს სჭირდება კეთილდღეობა, სტაბილურობა, მშვიდობა და ომით ეს არ მიიღწევა. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ როდესაც ევროპელ და ამერიკელ მეგობრებს, ასევე, საერთაშორისო პარტნიორებს ესაუბრება, ყველა თანხმდება, რომ ჩვენ არ ვართ ახლა იმ მდგომარეობაში, საიდანაც შესაძლებელია უფრო ზუსტი, კონკრეტული საუბარი იმის შესახებ, თუ რა მოხდება უკრაინაში:

„რა თქმა უნდა ამ ომის შედეგები მოახდენენ გავლენას ისეთ ქვეყნებზე, როგორებიცაა საქართველო, თქვენ ახსენეთ მოლდოვა… მოდით, პირდაპირ ვისაუბროთ ევროპული უსაფრთხოების მთლიან არქიტექტურაზე, მთელს მსოფლიოზე, ვინაიდან ამჟამად რუსეთი ცდილობს, შეცვალოს საერთაშორისო წესრიგი, წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგი. მე ვთვლი და ექსპერტებიც ასე გვეუბნებიან, რომ სადღაც ორ-სამ თვეში, მეტ-ნაკლებად გასაგები გახდება, თუ სად ვიმყოფებით. თქვენ იცით საქართველოს შესახებ. 20% ჩვენი ქვეყნისა ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ჩვენ გამოვცადეთ ეს ომი 2008 წელს, ჩვენ გვქონდა, ასე ვთქვათ, „ირიბი ომი“ 90-იანების დასაწყისში, როდესაც რუსეთი მხარს უჭერდა და ეხმარებოდა სეპარატისტებს აფხაზეთსა და ოსეთში. ასე, რომ ჩვენ კარგი გამოცდილება გვაქვს. შესაბამისად, საკმაოდ რთულია იმის თქმა, თუ რა მოხდება. ვფიქრობ, დრო გვაჩვენებს, სად ვართ ახლა და სადამდე მივალთ ჩვენ, მსოფლიო, რეგიონი და ევროპა უკრაინის შემდეგ. მაგრამ უნდა გავიმეორო, რაც ვთქვი ჩემს გამხსნელ შენიშვნებში: არ არსებობს მშვიდობიანი მოლაპარაკებების ალტერნატივა. ჩვენ გავხდით იმის მოწმენი, რომ ბირთვული რიტორიკა დაბრუნდა, რაც კატასტროფულია მთელი მსოფლიოსთვის, არა მხოლოდ უკრაინისა და ევროპისთვის, არამედ, მთელი პლანეტისთვის. შესაბამისად, ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ ისეთი  „დიდი“ მოთამაშეები, როგორებიც არიან აშშ, ჩინეთი, რუსეთი, ევროკავშირი - დასხდებიან  და დაიწყებენ საუბარს პლანეტის მომავალზე“.

მიუნხენის კონფერენციის ისტორიული შეხვედრისა და ამ შეხვედრაზე ღარიბაშვილის განცხადებას, რომ მშვიდობა უალტერნატივოა, საქართველოში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, რაც პრინციპში, მოსალოდნელიც იყო. ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრის ტონი, საუბრის მანერა და შინაარსი დაიწუნა. ექსპერტი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, გენერალი ამირან სალუქვაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას და ოპოზიციონერების ქილიკს ვრცელი კომენტარით გამოეხმაურა, რომელსაც მცირეოდენი შემოკლებით გთავაზობთ:

„ერთუჯრედიანი მანიპულაციებითა და ფაქტების დამახინჯებით ცდილობენ პრემიერ-მინისტრის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ვიზიტის გაშავებას. როგორ არ უნდა გიყვარდეს ქვეყანა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ფორუმებიც შიდა კინკლაობისთვის გამოიყენო?! სიცრუე ეხება უკრაინის ომის შემდგომ პროგნოზს. ეს საკითხი ყველა მედიამ არასრულად ახსნა. წამყვანი ეკითხება, ბევრი საუბრობს, რომ უკრაინის ომის შემდეგ, შესაძლოა, რუსეთი საქართველოში შემოიჭრას, თქვენ რა მოლოდინი გაქვთო? ჯერ ერთი, წამყვანის მიერ, კითხვაში უკვე იყო ჩადებული რუსეთის სასარგებლო პროგნოზი ანუ რუსეთმა, შესაძლოა, ისე დაასრულოს ომი, რომ სხვა ქვეყანაში შეჭრის განწყობაზე იქნება, კითხვა გულისხმობს, რომ რუსეთი სტრატეგიულად არ დამარცხდება. ვიმეორებ, ეს კითხვაში ჩანს. რა უნდა ეპასუხა ღარიბაშვილს, კი, შემოიჭრებაო, თუ არა, არ შემოიჭრებაო? ან ერთი, ან მეორე პროგნოზი ადეკვატური იქნებოდა? აი, ამ კითხვის პასუხად თქვა, რომ ვნახოთ, დრო გვიჩვენებს, როგორ გამოვა ევროპა ამ ომიდან და სად იქნებაო?! ომზე საუბრისას აღნიშნა რუსეთის აგრესიაც და უკრაინის მხარდაჭერაც გამოხატა, ოღონდ მსოფლიომ ეს ომი უნდა შეაჩეროსო. უნდა ეთქვა, ომი უნდა გაგრძელდესო? სადმე თქვა, უკრაინისთვის მიუღებელი შედეგების შესახებ? - არა!

ეს მანიპულაციები იგივე ოპერიდანაა, უკრაინას გამარჯვება არ უსურვაო, ორი-სამი კვირის წინ რომ მოუგონეს. არადა, მაშინ თქვა: უკრაინამ უნდა აღიდგინოს სუვერენიტეტი, დაიბრუნოს ტერიტორიები და მოიპოვოს მშვიდობაო. გამარჯვება სხვა რამეა? ესაა კოლექტიური ნაცმოძრაობის, მისი მედიების, ენჯეოებისა და მხარდამჭერი სუბიექტების პრობლემა, რომ არ შეუძლიათ კვალიფიციური ოპონირება, კვალიფიციური კრიტიკა. აბა, ვიზიტის დეტალებს ხომ არ განიხილავდნენ?! ხომ უნდა გადაეფარათ სამხრეთ კავკასიის სამი ლიდერის ისტორიული შეხვედრა?! რამდენად პოზიტიური მოვლენა იყო, ბავშვიც კი მიხვდება. არც პრემიერის ორმხრივი შეხვედრების განხილვა და გაშუქება აწყობდათ. მაგალითად, შეხვედრები გერმანიის კანცლერ შოლცთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ფონ დერ ლიაიენთან, ეუთო-ს პრეზიდენტთან და სხვებთან. ნაცმოძრაობისთვის არც საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები იყო მომგებიანი. შეხვედრები კი გამართა საფრანგეთის, რუმინეთის, შვედეთის, ნიდერლანდების, ისლანდიის, საუდის არაბეთისა და ბრაზილიის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებთან.

„იუთუბზე“, სალომე სამადაშვილის მორიგი ინტერვიუ ვნახე უკრაინულ ტელევიზიასთან, რუსულ ენაზე, სადაც ისევ სიცრუის ტირაჟირებას ეწევა, კიდევ უფრო მეტად აზიანებს ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს, ცდილობს შელახოს ქვეყნის პრესტიჟი. ევროკომისიის ბოლო შეფასების მიუხედავად ამტკიცებენ, თითქოს, საქართველო ევროპული კურსიდან უხვევს. ათასჯერაა ნათქვამი, რომ ასეთი ოპოზიცია არა უბრალოდ საზიანოა საზოგადოებისთვის, აფერხებს ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებას. ფულადი რესურსები, მედიები, მართვადი ენჯეოები, პოლიტიკასთან ახლოს მყოფი ყოფილი პოლიტიკოსები, ახლა ბლოგერებად რომ იქცნენ,

თუმცა პოზიტიურია ისაა, რომ პოლიტიკური რეიტინგები უნულდებათ და ეს პროცესი ბოლომდეა მისაყვანი. მოსახლეობისთვის ზემოთ აღწერილი პრიმიტიული ცრუპენტელობა აღარაა საინტერესო. შესაბამისად, თუ ბოლომდე მივიყვანთ პროცესს, ამ გამარგინალებულ ოპოზიციას, აუცილებლად ჩაანაცვლებენ სხვა სუბიექტები. ასეთი განახლების გარეშე, შეუძლებელია საზოგადოების ნორმალური თანაცხოვრება.

ზიზღისა და სიძულვილის ენა უნდა შეიცვალოს საქმიანი, კვალიფიციური დებატებით, კრიტიკით, ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული ოპონირებით. ნაცმოძრაობასთან და მის მოკავშირეებთან, ყოფილ ფანჩატურელებთან ასეთი თანამშრომლობა არ გამოვა. უკვე ისევ გახშირდა მუქარები. ემუქრებიან ყველას, ვინც მათ ჭკუაზე არ ლაპარაკობს, ოღონდ ემუქრებიან მომავალ დროში, ხელისუფლებაში როცა მოვალთ, ყველას მოგეთხოვებათო. მომავალ დროში მუქარები მაგარი გორსალობა და ძალიან სასაცილოა“, - აცხადებს ამირან სალუქვაძე.

ავტორი : მაკა რუხაძე