„თუ გინდა, იგრძნო, როგორ იცვლება მსოფლიო უკეთესობისკენ, ეს ირანიდან უნდა დაინახო“ - რას ჰყვება ლელა ჯეჯელავა, რომელიც ირანიდან ახლახან დაბრუნდა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ირანში სასტიკი რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები, თვეზე მეტია, გრძელდება. ყველაფერი კი მაჰსა ამინის საქმით დაიწყო - ქალი ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დააკავეს და სცემეს, რის შემდეგაც გარდაიცვალა. ერთი კვირის შემდეგ, საპროტესტო აქციებმა ირანის ოცდაათზე მეტი ქალაქი მოიცვა, მათ შორის, ქვეყნის დედაქალაქი თეირანი. ასევე, მთელ მსოფლიოში სხვადასხვა სახის  მხარდამჭერი საპროტესტო აქცია დაიწყო. მაჰსა ამინის სიკვდილი ირანელი ქალებისთვის ერთგავრი ბიძგი იყო, საკუთარ ქვეყანაში სასტიკი რეჟიმის დასამარცხებლად. ირანში არსებული არადემოკრატიულობისა და მმართველი რეჟიმის სისასტიკის გათვალისწინებით, საპროტესტო აქციების გამართვა მართლაც გმირობის ტოლფასია. ეს ქვეყანა ქალის უფლებებისადმი გამკაცრებული კანონებით გამოირჩევა, მათ უამრავი შეზღუდვა აქვთ, ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ქალები თავისუფლებას ითხოვენ. დემონსტრაციების პირველ დღეებში, ქალებმა ჰიჯაბები დახიეს, საჯაროდ დაწვეს და პროტესტის ნიშნად, თმ შეიჭრესროგორ განვითარდება ირანში მოვლენები და უნდა ველოდოთ თუ არა რადიკალურ ცვლილებებს საპროტესტო აქციების ფონზე? - „ვერსია“ თეოლოგ ლელა ჯეჯელავას ესაუბრა, რომელიც ახლახან ირანში იმყოფებოდა.

- ქალბატონო ლელა, რა ვითარებაა ირანში ახლა?

- ამ დროისთვის, საკმაოდ რთული ვითარებაა, რადგან ქვეყანაში სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისია. ეს, უპირველეს ყოვლისა, გამოწვეულია სანქციების გაძლიერებით, რომელიც ბოლო დროს დაემატა ირანს. საპროტესტო გამოსვლების ძირითადი მიზეზი, სწორედ ამ სანქციებით საზოგადოების ფართო მასების უკმაყოფილებაა. მაჰსა ამინის ტრაგიკული შემთხვევა კი ის ბოლო წვეთი იყო, რამაც საზოგადოებას უბიძგა, ქუჩაში გამოსულიყო და მძაფრი პროტესტი გამოეხატა.

სხვადასხვა გარემო პირობებიდან გამომდინარე, სიტუაცია მარტივი ნამდვილად არ არის: ირანი ძალიან დიდი ქვეყანაა, სადაც 80 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, დიდი ტერიტორიაა და ასევე, საკმაოდ დიდი კონტრასტების ქვეყანაა, როგორც გეოგრაფიულ-კლიმატური, ისე - სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით. ერთ ადგილას თუ 40 გრადუსი სიცხეა, მეორეგან - 20 გრადუსი ყინვაა, რაც შესაბამისად აისახება მოსახლეობის ფსიქო-ემოციურ განწყობაზე, განვითარების დონეზე, პოლიტიკური პროცესების მიმართ დამოკიდებულებასა და ბევრ სხვა ისეთ მნიშვნელოვან პარამეტრზე, რომელიც საბოლოოდ, ძალიან დიდ როლს ასრულებს ქვეყანაში შექმნილი ვითარების ფორმირებაში.

- მოსალოდნელია თუ არა რეჟიმის ცვლილება ანუ როგორია ამ ქვეყნის მომავალი?

- პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ხვალვე ცვლილებები მოსალოდნელი ნამდვილად არ არის, თუმცა, გარკვეულწილად, დღეს არსებული რეჟიმი შემსუბუქდება. ამ საპროტესტო აქციების ძირითადი სიმბოლო ჰიჯაბი გახდა, მაგრამ ეს არ არის უმთავრესი მიზეზი ქვეყანაში შექმნილი სერიოზული კრიზისისა, არამედ, მთავარი სანქციებია. ამ შემთხვევაში, ამოცანა ის არის, რომ სანქციები თავიდან აიცილონ, ამის შესაძლებლობას კი მოსახლეობის დიდი ნაწილი დღეს არსებული ხელისუფლების პირობებში ნამდვილად ვერ ხედავს, ამიტომ ეს არის ხანგრძლივი და შეუქცევადი პროცესი. თუკი ხელისუფლება მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ გაამკაცროს რეპრესიული რეჟიმი, ამან შეიძლება, დროებით შეაჩეროს ეს პროცესი.

იმედი მაქვს, ირანის ხელისუფლება გააცნობიერებს, რომ რეპრესიული რეჟიმის გამკაცრება ყველაზე კარგი გამოსავალი არაა არსებულ სიტუაციაში. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ირანში ერთგვაროვანი დამოკიდებულება არ არის, ხელისუფლების  სხვადასხვა განშტოება განსხვავებულად უყურებს პროცესებს, არის შიდა პოლიტიკური წინააღმდეგობაც, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველა თანხმდება, რომ ამ მოვლენებში უნდა დაადანაშაულონ გარე ძალები.

ყველა რეჟიმის პირობებში ვიცით, რომ ძირითადად ასე ხდება - დამნაშავე აუცილებლად გარე ძალაა და საკუთარი პასუხისმგებლობა ნაკლებმომგებიანია ხელისუფლებისთვის. მამრთველი რეჟიმი თვლის, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეები მომზადებას გადიოდნენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მათივე განცხადებებით, დაკავებულები იძლევიან ჩვენებებს, რომ მომზადება გაიარეს ერაყის, პოლონეთის, აზერბაიჯანის, ხორვატიის და, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზეც, თუმცა ეს ძალიან დიდ ეჭვს იწვევს. ბუნებრივია, ამჟამინდელი ხელისუფლება მოქმედებს სტანდარტით, რომელსაც ყველა ავტორიტარული ხელისუფლება მიმართავს, რათა პასუხისმგებლობა აიცილოს თავიდან.

სამწუხაროდ, ჩემი წამოსვლის შემდეგ, გაჩნდა სიკვდილით დასჯის პირველი პრეცენდენტი, რაც ძალიან ცუდია. ჩემი აზრით, ეს მხოლოდ იმისთვისაა, რომ გამოიწვიოს გარკვეული შიში მოსახლეობაში, მაგრამ არ მგონია, ამას შესაძლო შედეგი ჰქონდეს და შეწყვიტოს საპროტესტო აქციები.

ირანში, ციხეშია გამოკეტილი თითქმის მთელი ინტელექტუალური ელიტა, დაწყებული - აკადემიური წრეებიდან, დამთავრებული - შემოქმედებითი წრეებით. ხუმრობენ კიდეც, რომ ლექციები ციხეშია გადატანილი იმიტომ, რომ ასეულობით პროფესორია დაპატიმრებული, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის შემაკავებელი ფაქტორი.

- რამდენად ძლიერია პროტესტის განცდა ხალხში, როგორც შორიდან ჩანს, არავინ უშინდება სასტიკ რეჟიმს...

- მთავარი მახასიათებელი, რაც ამ პროტესტს ახლავს, ისაა, რომ მასში, ძირითადად, ახალგაზრდები მონაწილეობენ. უკვე გამოჩდნენ რეჟიმის წარმომადგენელთა შვილებიც, რომლებისთვისაც მიუღებელია ის რეპრესიული მექანიზმი, რასაც ირანის ხელისუფლება იყენებს. სწორედ ამ მექანიზმმა უბიძგა მათ, გამოსულიყვნენ ქუჩებში. ყველაზე უფრო თვალსაჩინო კი ის გახლავთ, რომ მოსახლეობა ძალიან სოლიდალურია ერთმანეთის მიმართ, მაღალ სამოქალაქო პოზიციასა და შეგნებას აჩვენებენ. ეს სიტუაცია შეგვიძლია დავახასიათოთ, როგორც „მამათა და შვილთა“ ბრძოლა და ამ შემთხვევაში, არ ვიქნებით აცდენილები რეალობას იმიტომ, რომ ახლა, სწორედ შვილები დგანან მამების წინააღმდეგ.

ირანის ხელისუფლება ბოლო 45 წლის განმავლობაში შეიცვალა. თუ რევოლუციის დროს, ხელისუფლებაში მოვიდნენ ადამიანები, რომელთა ინტელექტუალური დონე არ  იყო მაღალი, დღეს ხელისუფლების ყველა შტოში - საეროში, სასულიეროსა და სპეცსამსახურებშიც არიან ადამიანები, რომელთა განათლების ხარისხი და დონე სრულიად სხვაა. ძალიან სერიოზული კავშირები ჰქონდათ დასავლეთთან - იქ შეეძლოთ განათლების მიღება. მათი დამოკიდებულებები, ძველი თაობის წარმომადგენლებთან შედარებით, უფრო ადეკვატურია. ამიტომ ვფიქრობ, რომ ირანში ხვალ არა, მაგრამ გარკვეული დროის მანძილზე, პროცესები მივა სასურველ წერტილამდე და ქვეყანა შეიცვლება.

ამ ქვეყანას საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს, ახალგაზრდობა საოცრად კარგია, ორიენტირებულია განათლების მიღებაზე, ძალიან მიზანსწრაფული და გახსნილი თაობაა. ისინი არ მალავენ და გამოხატავენ, რომ უნდათ თავისუფლად გადაადგილება მთელ მსოფლიოში, უნდათ, ურთიერთობა ჰქონდეთ ყველა ქვეყნის თანატოლებთან და ისე არ უყურებდნენ, როგორც ბნელ და გაუნათლებელ ადამიანებს. ამიტომ, ამ პროცესს ახლა უკან ვეღარავინ შემოაბრუნებს.

- ქალბატონო ლელა, ბევრისთვის უცნობია, ვის ხელშია ამჟამად ირანის ხელისუფლება, ვინ არის დღეს ქვეყნის ხელმძღვანელი?

- ამჟამად ირანში ხელისუფლება შემდეგნაირადაა გადანაწილებული: არის სამი შტო, პირველი - რელიგიური ლიდერი აიათოლა ჰომეინია, რომელსაც ემორჩილებიან ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურები, მეორე - საერო ხელისუფლებაა, რომელიც ემორჩილება პრეზიდენტს და აქვეა პარლამენტი, ხოლო მესამე შტო გახლავთ ძალოვანები ანუ სპეცსამსახურის დანაყოფი, რევოლუციის გუშაგთა კორპუსი, რომლის ხელშიც თავმოყრილია ძალაუფლების ძალიან დიდი ნაწილი. გუშაგებიც, რეალურად, ემორჩილებიან აიათოლას, მაგრამ მათი გავლენები იმდენად დიდი იყო მათი ლიდერის, სოლეიმანის მკვლელობამდე, რომ დამოუკიდებლობის საკმაოდ მაღალი ხარისხიც ჰქონდათ.

- და მაინც, როგორია თქვენი თვალით დანახული ირანი ანუ როგორი ირანი დაგხვდათ?

- თუ  გინდა, იგრძნო, როგორ იცვლება მსოფლიო უკეთესობისკენ, ეს უნდა დაინახო ირანიდან, ყველაფერ ამას შეხედო ამ ქვეყნიდან. ირანი დღეს დგას ძალიან სერიოზული ცვლილებების მიჯნაზე. შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ მსოფლიო აუცილებლად შეიცვლება და ის გახდება უფრო უკეთესი, ვიდრე დღეს არის.

- რა გავლენას მოახდენს არსებული ვითარება ჩვენს ქვეყანაზე?

- როგორც ვიცი, ირანელების ერთ-ერთი მთავარი წუხილი ისაა, რომ ბოლო პერიოდში, საქართველოსთან ურთიერთობები მაქსიმალურად შემცირებულია, ხელისუფლება ნამდვილადაა მოწადინებული, რომ საქართველოსთან უფრო მეტი და ინტენსიური ურთიერთობები ჰქონდეს. ჩვენი ხელისუფლების პოზიცია გასაგებია იმ თვალსაზრისით, რომ ირანი სანქციების ქვეშაა, მით უმეტეს, ბოლო მოვლენების - უკრაინა-რუსეთის დაპირისპირების დროს, ირანი აღმოჩნდა რუსეთის მხარეს და ცხადია, ჩვენი თავშეკავება კიდევ უფრო მეტად გაიზარდა. ამის შესახებ იქ ღიად მქონდა საუბარი, რადგან ჩვენი მტრის მეგობარი, ჩვენი საუკეთესო მეგობარი ვერაფრით იქნება.

საქართველო და ირანი იმყოფებიან განსხვავებულ გეოპოლიტიკურ ორბიტებზე. შესაბამისად, ამან კიდევ უფრო გაზარდა დისტანცირება სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებისთვის. ამიტომ, მხოლოდ სურვილი არ არის საკმარისი, გარკვეული ქმედებებიცაა საჭირო, რომ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობები დარეგულირდეს. მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატიური, ასევე, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები არსებობს ირანსა და საქართველოს შორის, ძალიან ბევრი გაბლარული მომენტია, რომელთა გამჭირვალეობა უკეთესი იქნებოდა.  

- ბოლოს, როგორია ფერეიდნელი ქართველების მდგომარეობა და რას ფიქრობენ არსებულ სიტუაციაზე?

- სამწუხაროდ, მხოლოდ ერთადერთ ფერეიდნელს შევხვდი, წარმოშობით ფერეიდნელს, რომელიც ერთ-ერთ უნივერსიტეტში ხელმძღვანელობს ფილოსოფიის კათედრას. იცოდა ქართული ენა და ძალიან გაუხარდა ჩემი ნახვა... ფერეიდნელი ქართველების რამე განსაკუთრებული პოზიციის შესახებ ვერაფერს მოგახსენებთ იმიტომ, რომ ისინი ძალიან ინტეგრირებულნი არიან ირანის სოციალურ-პოლიტიკურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში. ვერ გეტყვით, რომ ისეთივე მყარი პოზიციები აქვთ, როგორიც, მაგალითად, სომხურ თემს, ეს არ იქნება მართალი, მაგრამ ირანელი ქართველები, რომლებიც ფერეიდანსა და მაზანდარანის რეგიონში ცხოვრობენ, ჩვეულებრივად, აქტიურად მონაწილეობენ ირანის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში.

წინა მოწვევის პარლამენტის დროს, ერთ-ერთი ფერეიდნელი ქალბატონი დეპუტატიც კი გახდა.  სამეცნიერო სფეროთიც არიან დაკავებულნი, ძალიან დიდია ფერეიდნელი ქართველების ჟინი განათლებისადმი და ეს ნამდვილად შესამჩნევია. მათი ნაწილი ფერეიდანში სოფლის მეორნეობასა და ადგილობრივი რეგიონის განვითარებას უწყობენ ხელს, მაგრამ მათი ცნობიერება საქართველოსას ნამდვილად არ ჰგავს. მიუხედავად იმისა, რომ ვერ შეძლეს რწმენის შენარჩუნება ირანში, განსხვავებით სომხური თემისგან, მოახერხეს, რომ მენტალურად მაინც დარჩენილიყვნენ ქართველებად.  

ავტორი: ანი სარდლიშვილი