ვინ უღალატა ექსპრეზიდენტს - არჩილ გამზარდიას მოსაზრებები და ანალიზი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

„სააკაშვილის თემას ფართო საპროტესტო მასშტაბების შეძენა არ შეუძლია“

 

 

28-29 იანვარს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები პარტიის თავმჯდომარეს აირჩევენ. ყველაზე მრავალამომრჩევლიანი ოპოზიციური პარტიის ლიდერობისთვის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი მუმლაძე იბრძვიან.

ნიკა მელიას საკუთარი პარტიის მხარდამჭერთა ნაწილი მოქმედების სტრატეგიას უწუნებს და პოლიტიკურ პასიურობაში ადანაშაულებს. ენმ-ის მხარდამჭერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ნებსით თუ უნებლიედ, მელია მიხეილ სააკაშვილს პატიმრობისთვის სწირავს და მის გასათავისუფლებლად არაფერს აკეთებს.

სამაგიეროდ, სააკაშვილის გათავისუფლების თემას პრიორიტეტულად ასახელებს ლევან ხაბეიშვილი, რომლის უკანაც, კულუარული ინფორმაციით, მერაბიშვილ-კეზერაშვილი მოიაზრებიან. სხვათა შორის, არსებობს ვარაუდი, რომ ეს ძალა, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილის თემას ფასადად იყენებს და სინამდვილეში, მესამე პრეზიდენტის პოლიტიკიდან დისტანცირებას ცდილობს.

ისე, თუ ნიკა მელიას პოლიტიკურ შეცდომებზე მიდგა საუბარი, აქვე, ლევან ხაბეიშვილის უახლეს წარსულში მიღებული  პოლიტიკური გადაწყვეტილებებიც გასახსენებელია. ასე, მაგალითად, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ხაბეიშვილმა, მოულოდნელად, გიორგი ვაშაძის პარტია დატოვა და ენმ-ის კანდიდატის, ზაალ უდუმაშვილის შტაბში გადაპორტირდა - ეს მაშინ, როცა ვაშაძე - „ჯუნიორიც“ თბილისის მერობისთვის იბრძოდა. გამოვიდა, რომ ლევან ხაბეიშვილმა საკუთარი პარტიის ლიდერი არჩევნებამდე სულ ცოტა ხნით ადრე დატოვა და კონკურენტის შტაბს შეუერთდა. ეს ფაქტი, შესაძლოა, ბევრს არაფერს წყვეტს, მაგრამ თუ პოლიტიკოსები კრიტიკულ მომენტში მიღებული გადაწყვეტილებით ფასდებიან, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას...

ასეა თუ ისე, პარტიამ საკუთარი ფავორიტი კანდიდატები დაასახელა და ახალ ლიდერს იანვრის ბოლოს გამოავლენს... ენმ-ში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე „ვერსია“ ანალიტიკოს არჩილ გამზარდიას ესაუბრა.

 

- არჩილ, ბოლო დროს აქტუალურია კითხვა - ვინ უღალატა მიხეილ სააკაშვილს და ვინ აძლევდა საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში გარანტიებს მესამე პრეზიდენტს?.. როგორ ფიქრობთ, ვისზეა საუბარი?

- არ ვიცი, რამდენად სწორად ვარჩევთ ხოლმე ტერმინებს და „ღალატი“ რა მნიშვნელობას იძენს ამ შემთხვევაში. თუ ჰიპოთეზად მოიაზრება ის, რომ მიხეილ სააკაშვილს შესთავაზეს საკმარისი პირობები, რომ მისი ჩამოსვლა ცოტა სხვანაირად რეალიზდებოდა და შემდეგ ასე არ მოხდა, არ ვიცი, ეს რამდენადაა ღალატი, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში, გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილი იღებდა. ის პრეზიდენტად ორჯერ არის არჩეული და შესაბამისად, უამრავი იდეა ექნებოდა მოსმენილი თავისი საქმიანობის მანძილზე, თუმცა, ალბათ, ყველას არ იღებდა ხოლმე. ამ შემთხვევაში, გადაწყვეტილება მან მიიღო, რომ ჩამოსულიყო საქართველოში. კულუარული ინფორმაციით, თავის დროზე, იმაზეც იყო საუბარი, რომ წამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე, სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატებს შეხვდა და მათ რეკომენდაცია არ მისცეს საქართველოში დაბრუნებაზე, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მაინც მიიღო. ასე რომ, ჩემთვის ცოტა გაუგებარია ტერმინ „ღალატის“ გამოყენება. ეს, ალბათ, მისი გარემოცვის ტერმინი შეიძლება იყოს, რადგან გარედან ყველაფერ ამას, მსგავს კვალიფიკაციას ვერ მივცემთ. ვისთანაც უფრო ახლო ურთიერთობა ჰქონდა, მათზე დაყრდნობით მიიღო, ალბათ, ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, გადაწყვეტილება მისია.

- როგორ ფიქრობთ, „ღალატის თემა“ ხომ არ არის ნიკა მელიას წინააღმდეგ აგორებული „შავი პიარის“ მცდელობა შიდაპარტიული არჩევნების წინ?

- რამდენადაც ვიცი, ნიკა მელია წინააღმდეგი იყო სააკაშვილის ჩამოსვლის და სანამ ჩამოვიდოდა, მისთვის ცხადიც არ იყო, რა გადაწყვეტილებას მიიღებდა სააკაშვილი. ამიტომ, ამ კუთხით საკითხის მელიაზე გადატანის მცდელობა ჩემთვის გაუგებარია, რადგან თავის დროზე, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა დაუკავშირეს გარკვეულ ეჭვიანობასაც კი მელიას მიმართ იმიტომ, რომ მელიას რეიტინგი იმ პერიოდში იზრდებოდა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ახლა ნაციონალური მოძრაობა განსხვავებულია, ვიდრე მთელი რიგი სხვა პარტიები, სადაც დამფუძნებელი არ არის მოქმედი თავმჯდომარე და მმართველი. ნიკა მელიას ფაქტორი განსხვავებულია, სააკაშვილსგან განსხვვებით, ის არ არის პარტიის შემქმნელი და პირიქით, იმ პერიოდში, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა ამასაც უკავშირდებოდა, რომ პარტია მელიაზე არ ფოკუსირებულიყო.

- თქვენი აზრით, სასამართლოს გადაწყვეტილება რა როლს ითამაშებს პროცესების განვითარებაში?

- სასამართლოსგან რამე განსხვავებულ გადაწყვეტილებას არ უნდა ველოდოთ ამ ეტაპზე, მიუხედავად იმისა, რომ იმ ადამიანების რიგში ვარ, ვინც ფიქრობს, უმჯობესი იქნება მისი გადაყვანა, რამე ფორმით. ზოგადად, მომხრე ვარ, ეს თემა რაღაცნაირად დასრულდეს და ქვეყანამ წინ გაიხედოს, უკან ქექვის ნაცვლად. წეღან ახსენეთ პოლიტიკური პროცესების კავშირი ამ გადაწყვეტილებებთან და არ მგონია, რომ პოლიტიკური მოვლენების შემქმნელი იყოს ეს გადაწყვეტილება, სააკაშვილის პატიმრობაში დარჩენასთან დაკავშირებით.

- ესე იგი, ფართომასშტაბიანი აქციების დაწყებას და პროცესის გამწვავებას არ პროგნოზირებთ?

- აქციები არის ხოლმე წვრილი, წერტილოვანი ღონისძიებების სახით და არ არის რესურსი, რომ ფართომასშტაბიან კამპანიაში გადაიზარდოს. ასეთი წერტილოვანი ღონისძიებების ჩაქრობა კი „ქართულ ოცნებას“ კარგად შეუძლია და წლებია, ამას მარტივად ახერხებს. ამიტომ, ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილის თემას არ შეუძლია ფართო საპროტესტო მასშტაბების შეძენა ამ ეტაპზე, რადგან ვხედავთ, თუნდაც, სასამართლოს ეზოში თავმოყრის თვალსაზრისით, საკმაოდ მოკრძალებული მხარდაჭერა ჩანს.

 ასე რომ, ეს არის თემა, რომელიც ხელისუფლებას აწყობს, რადგან  საზოგადოების ყურადღება გადატანილია ამ საკითხზე მაშინ, როცა მნიშვნელოვანი თემები ყურადღების მიღმაა დარჩენილი.

- ბევრი ნიკა მელიას იმაში ადანაშაულებს, რომ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები არ ტარდება და საკმარისი არ კეთდება პარტიის მხრიდან. მელიას პასუხისმგებლობას ამ მხრივ თქვენც ხედავთ?

- როგორ შეიძლება, მასშტაბურ აქციებს პარტიის ლიდერმა ხელი შეუშალოს?

- და თუ ხალხის მობილიზებას არ ცდილობს?

- თუ არ არის საკმარისი რესურსი, რომ ხალხი გამოიყვანონ... ამ პერსპექტივას ვერ ვხედავ ვერც ერთ შემთხვევაში. ცალკეული პირები, ვინც მელიას ამაში ადანაშაულებენ, გაუგებარ ფუნქციას იღებენ ხოლმე თავისი რიტორიკით, რადგან ჰაერზე ლაპარაკი საკმაოდ იოლია. არც ერთ მათგანს არაფერი უშლიდა ხელს, რომ თავად ეწარმოებინა მასშტაბური აქციები.

- საარჩევნოდ კანდიდატების შანსებს როგორ აფასებთ?

- ხაბეიშვილი უფრო ხისტი ქმედებების მომხრეა და რამდენადმე იმეორებს სააკაშვილისეულ ხერხებს. ნიკა მელია უფრო ცდილობდა პარტიის რებრენდინგს, რის მერეც დააკავეს და ბევრი რამ მოხდა... უშუალოდ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს ვინ სურთ ლიდერად, გარედან ამის განსაზღვრა გაგვიჭირდება, მაგრამ ვფიქრობ, თავის დროზე, მელიამ სწორად დაინახა ამოცანა, რომ ნაციონალურ მოძრაობას სხვა კუთხითაც უნდა შეეთავაზებინა თავი ამომრჩევლისთვის. ნაციონალური მოძრაობა ან არ უნდა იბრძოდეს ხელისუფლებისთვის და ჩაჯდეს, როგორც ლიდერი ოპოზოციური პარტია, ან სხვა ხერხები უნდა ეძებნა იმისთვის, რომ რაღაც ეტაპზე, ძალაუფლებაში მონაწილეობისთვის მაინც ემუშავა, თუმცა, ზოგადად, პოლიტიკური მოვლენები ახლა იმდენად სხვაგანაა წასული, რომ თამაშგარე მდგომარეობაშია რიტორიკა და სტრატეგიები, რაც ოპოზიციას აქვს.

 

ავტორი- თათია გოჩაძე