„ახალციხეში მედდა იმიტომ გარდაიცვალა, რომ...“ - გიორგი ფხაკაძე ქართულ კლინიკებს საერთაშორისო სტანდარტის აკრედიაციას სთავაზობს

ჯანდაცვა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე „ვერსიასთან“ საქართველო საავადმყოფოებში არსებულ ვითარებაზე საუბრობს და ქართულ კლინიკებს აკრედიტაციის გავლას სრულიად უფასოდ სთავაზობს. ფხაკაძის თქმით, მისი მიზანი საქართველოში მაღალი ხარისხის ჯანდაცვის არსებობაა... „ვერსია“ გიორგი ფხაკაძეს საფრანგეთში დაუკავშირდა:

- როცა საქართველოში მედდა გარდაიცვალა, დავინახეთ, რომ გარდაცვალების რეალური მიზეზი ვაქცინა კი არა, არამედ, პაციენტის არასწორი მართვა - უწყვეტი სამედიცინო განათლების ნაკლებობა და სამედიცინო დაწესებულებაში ბაზისური სისტემის არყოფნა გახდა. ამ მიმართულებით წლებია, ვმუშაობ საზღვარგარეთ როგორც გაეროს, ევროკავშირის, აშშ-ის ექსპერტი და ძალიან ბევრ ქვეყანაში ვახორციელებდი ამ პროგრამას. შარშან, პარიზში, სადაც ვცხოვრობ, დავაფუძნე ორგანიზაცია - „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ და ვემზადებოდით, გაგვეკეთებინა რამდენიმე პროექტი აზიასა და აფრიკაში, მაგრამ საქართველოში რომ ეს ტრაგედია მოხდა, ჩემს კოლეგებს ვუთხარი, აფრიკა და აზია კი არა, ჩემი საქართველო მაქვს მისახედი-მეთქი და მთელი ყურადღება გადავიტანე საქართველოზე. ჩამოვაყალიბეთ პლატფორმა, რომელიც ეხმარება ქვეყნებს, ჩამოაყალიბონ სამედიცინო დაწესებულებების დამოუკიდებელი აკრედიტაცია. ვიცით, რომ სახელმწიფო ვერ იქნება დამოუკიდებელი აკრედიტორი. სახელმწიფო არის მარეგულირებელი, მაკონტროლებელი და დამოუკიდებლად ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას იმიტომ, რომ შეიძლება, იყოს კორუფციის, პროფესიონალიზმის და ბევრი სხვა პრობლემა. შესაბამისად, აუცილებელია მსოფლიო პრაქტიკა, რომ არსებობდეს დამოუკიდებელი ორგანიზაციები. ასეთებია, ძირითადად, ამერიკული, კანადური, ჰოლანდიური და გერმანული ორგანიზაციები, რომელიც დამოუკიდებელ აკრედიტაციას უკეთებენ სამედიცინო დაწესებულებებს, მაგრამ ეს ძალიან ძვირადღირებული სიამოვნებაა, საშუალოდ, პატარა კლინიკებს უჯდება 100 000 დოლარი, საავადამყოფოს კი - 300 000 დოლარი და მეტი. საქართველოში საავადმყოფოებს არ აქვთ ფუფუნება, რომ ეს თანხა გადაიხადონ. ამიტომ, გამოვიყენე ჩემი 20 წლის გამოცდილება, ჩამოვაყალიბე ეს სისტემა და საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებს შევთავაზე დამოუკიდებელი, ნებაყოფლობითი, უფასო აკრედიტაცია რამდენიმე მიმართულებით. ესაა უსაფრთხოება, რაც გულისხმობს, მაგალითად, სამედიცინო აპარატურის მინიმალური სტანდარტის დაკმაყოფილებას... ასევე, საუბარია ბაზისურ აკრედიტაციაზე, რომ მინიმალური სტანდარტი იყოს დაცული. ამის შემდეგ კი გვექნება ხუთვარსკვლავიანი სისტემა. პრინციპი ასეთია - საავადმყოფოები ნებაყოფლობით გაუხსნიან კარებს დამოუკიდებელ ორგანიზაციას, აჩვენებენ, რას აკეთებენ და ჩვენ ვაძლევთ რეკომენდაციას. მე, როგორც ქართველი და ამ ორგანიზაციის პრეზიდენტი, უშუალოდ ვარ ჩართული ამ პროცესში. პირველი, რომელმაც ჩვენი აკრედიტაცია მოიპოვა, სტომატოლოგიური კლინიკა „ჰებეა“, რომელმაც გაიარა კითხვარი, ონლაინრეჟიმში შემოწმება, იყო რაღაც შეცდომება, მაგრამ გამოსწორდა. 31-მა ორგანიზაციამ შემოიტანა განაცხადი, მათ შორისაა ისეთი საავდმყოფოები, როგორიც არის, მაგალითად, „მედიქლაბი“, „მედულა“ და ა.შ. არის ესთეტიკური მედიცინის, სტომატოლოგიური  და დიაგნოსტიკური  კლინიკები არა მარტო თბილისში, არამედ, ბათუმში, რუსთავში და ა.შ. 12 ორგანიზაციასთან უკვე გავაფორმეთ კონტრაქტი, რომ დავიწყოთ აქტიური მუშაობა. გვინდა, დავამყაროთ საქართველოში არა რაოდენობრივი, არამედ, ხარისხიანი ჯანდაცვა, რომ მომხმარებელს დამოუკიდებელმა, არაკორუმპირებულმა ორგანიზაციამ უთხრას, ეს საავადმყოფო კარგია, ის კი უკეთესიო... ვინც აკრედიტაციას არ გაივლის, მათზე დასკვნა თვითონ გააკეთეთ.

- ბატონო გიორგი, აკრედიტაციის გაცემის დროს საერთაშორისო სტანდარტით ხელმძღვანელობთ?

- ჯანდაცვის სტანდარტი ყველა ქვეყანაში სხვადასხვაა. სხვათა შორის, „მედიქლაბმა“ მიიღო აშშ-ის ერთ-ერთი ორგანიზაციის აკრედიტაცია. როცა საერთაშორისო სტანდარტზე ვსაუბრობთ, იგულისხმება მინიმუმზე მინიმუმი. საქართველოში - რეგიონებში და თბილისშიც არაერთ საავადმყოფოს ვმართავდი და ვიცი, რა მდგომარეობაშია ჩვენი სამედიცინო დაწესებულებები. აქედან გამომდინარე, გამოვიყენე საერთაშორისო პრაქტიკა, ეს იყო ამერიკული, კანადური, ევროპული მაგალითები და ამ სინთეზით დავიწყე ამ პროექტის განხორციელება.  

საქართველოს კლინიკების 95% ვერ გაივლის ამერიკულ მინიმუმ სტანდარტს. აკრედიტაცია, რომელსაც ჩვენ გავცემთ, 2-წლიანია და პირველ ვარსკვლავს ნიშნავს, ანუ ვისაც ეს ვარსკვლავი ექნება, ის სამედიცინო დაწესებულება აკმაყოფილებს ისეთ მინიმუმზე მინიმუმ სტანდარტს, როგორიცაა უწყვეტი სამედიცინო განათლება, აპარატურა, გამჭვირვალობა, ხელმისაწვდომობა შშმ პირებისთვის, ინფექციის კონტროლი და ა.შ. მთელი კონცეფციაა, რომ ნელ-ნელა დამკვიდრდეს ამერიკული და ევროპული სტანდარტი. ყველაფერ ამას ვაკეთებ უფასოდ, იმის მიუხედავად, რომ ბევრი დრო მეხარჯება. სერტიფიკატი გაიცემა საფრანგეთიდან და შეფასება აბსოლუტურად დამოუკიდებელია. ვფიქრობ, ეს პროქტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აღარავის ვენდობით, კორუფციაა ყველგან და არაპროფესიონალიზმი, რომ მოსახლეობა დაბნეულია, ვერ ხვდება, რომელი საავადმყოფოა კარგი და არ იცის, სად წავიდეს. ადამიანები კლინიკებში, ძირითადად, ახლობლების რჩევით მიდიან და არ არსებობს პროფესიონალი, დამოუკოდებელი ექსპერტი, რომელიც გეტყვის, რომელი საავადმყოფოა კარგი. აი, ამას ვაკეთებთ და მადლობელი ვარ, რომ თქვენც ავრცელებთ ამ ინფორმაციას. რაც მეტი კლინიკა ჩაერთვება, მით უკეთესი. ამ ქვეყანაში ვიღაცამ ეს ხომ უნდა გააკეთოს? ახლაც მეუბნებიან, რა დროს ესაა, კორონაპანდემიააო, არადა, ვფიქრობ, რომ სწორედ ახლაა ამის დრო. ის მედდა ახალციხეში იმიტომ გარდაიცვალა, რომ საავადმყოფო არ იყო მომზადებული, უწყვეტი სამედიცინო განათლება არ იყო, მინიმალური სტანდარტი რომ ყოფილიყო იმ საავადმყოფოში დაცული, ეს უბედურება არ დაგვემართებოდა.

- კეთილი... გავრცელდა ინფორმაცია, რომ წლის ბოლოსთვის "ფაიზერი" კორონავირუსის საწინააღნდეგო წამალს შექმნის. ამაზე რას იტყვით?

- ჯერ კიდევ ახალ წელს ვთქვი, რომ 2021 წელი იქნება წამლების და ვაქცინების ანუ წლის ბოლომდე გვექნება უსაფრთხო ვაქცინა და საინტერესო წამლები. ახლა 5 საინტერესო წამალი განიხილება მკურნალობის შემსუბუქების კუთხით და 300-ზე მეტ ვაქცინაზე მიდის მუშაობა... რაღაც წამალი, რა თქმა უნდა, გამოჩნდება... სიახლეები გვექნება, მაგრამ წინასწარ ამის თქმა არასწორია. „ფაიზერის“ ინფორმაციას გავეცანი, სადაც ნათქვამია, რომ ბევრი ლაბორატორია იყიდეს, რომელიც პოტენციურად, შეიძლება კოვიდის წამლის შექმნის საშულება გახდეს. ეს, რა თქმა უნდა, ვარაუდია, თორემ კოვიდსაწინააღმდეგო წამალი არაერთია უკვე, მაგრამ წამალი ისეთია, შეიძლება, დღეს კარგი იყოს და ხვალ დაკარგოს ეფექტი. ამიტომ, წინასწარ წამლებზე ლაპარაკი არასწორია, რადგან ესაა სპეკულაცია ან ფარმაკოლოგიური კომპანიებისთვის უფასო რეკლამის კეთება.

- საზოგადოება კოვიდსაწინააღმდეგო წამალს განსაკუთრებულად ელოდება და ამ მხრივ ინტერესი დიდია...

- მოდით, ვაღიაროთ, რომ ადრე თუ 10 პაციენტიდან 7 კვდებოდა კოვიდისგან, ახლა 0.3%-ია ანუ ჩვენ ვისწავლეთ პაციენტების მართვა. ეს მარტო საქართველოში კი არა, მთელ მსოფლიოში ასეა. პროტოკოლები დაიხვეწა და ვიცით, როგორ ვმართოთ, ეს მუდმივი პროცესია და ამასობაში 100-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის წამალი არის კლინიკურ კვლევებში. ეს წამლები ეხმარება კოვიდპაციენტის მართვაში, რომ სიკვდილობა შემცირდეს ანუ ასეთი წამალი უკვე გვაქვს და ამაში ახალი არაფერია. მაგალითად, ჩინური ვაქცინა ჩემთვის უფრო წამალია, ვიდრე - ვაქცინა, რადგან მისი მიღებისას უფრო მსუბუქად გადაიტან კოვიდს ანუ ამ ვაქცინას თუ გაიკეთებთ და შემდეგ დაგემართებათ კოვიდი, უფრო მსუბუქად გადაიტანთ.

- ისე, ჯანმო- უნდა განიხილოს იმ ჩინური ვაქცინის დამტკიცების საკითხი, რომელიც საქართველოშია შემოტანილი...

- „ჯონსონ&ჯონსონმა“ კი მიიღო თანხმობა, მაგრამ მერე შეჩერდა, ჩინურ ვაქცინას მესამე დონის კვლევა ბოლომდე ჩატარებული არ აქვს. 223 მილიონი დოზაა გაკეთებული მსოფლიოში და ამ ვაქცინის მიმართ იმიტომ ვარ სკეპტიკურად განწყობილი, რომ ჩინელებმა შეცვალეს მოსაზრება - ჯერ თქვეს, 79%-იანი ეფექტურობა აქვსო, მერე კი უხანის ლაბორატორიამ თქვა, შეგვეშალა, 72%-იანიაო. ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა კი თქვა, ჩვენი ვაქცინის ეფექტურობა 50%-მდეაო. არ დაგვავწიყდეს, რომ ეს უხანური შტამის ვირუსის წინააღმდეგაა, ახალი შტამების შესახებ კი კვლევები არც არსებობს. ერთადერთი ის ვიცით, რომ მსოფლიოში მოწინავე ვაქცინაა "ფაიზერი" ყველა პარამეტრის მიხედვით და შედეგს ვხედავთ ისრაელში. თუმცა, მე მაინც ყურადღებით ვუყურებ ამ ვაქცინას და აგვისტოს ბოლოს, სექტემბერში ვნახავთ ფაიზერის შედეგს, რამდენად ეფექტურია. არის ბევრი პლუსი, მაგრამ მინუსებიც ჩნდება ისრაელიდან, რაც ნორმალური პროცესია, მეცნიერებაა...

იმედი მაქვს, რომ ეფექტური ვაქცინა და წამალი გვექნება წლის ბოლომდე, მანამდე კი ერთადერთი საუკეთესო საშუალება, რაც დღეს გვაქვს, არის სამედიცინო პირბადე. სოციალური დისტანცია და ხელების დაბანა საპნით აუცილებელია, სხვა გამოსავალი არ გვაქვს. ყველაზე კარგია, როდესაც ვვარჯიშობთ. ფეხით იარეთ, რაც გაზრდის თქვენს იმუნურ სისტემას.

თათია გოჩაძე