როდის დაიწყო პარტიული ბუნტი ნიკა მელიას წინააღმდეგ

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ექსპერტი 

არჩილ გამზარდიას ანალიზი და შეფასებები

 

თათია გოჩაძე

 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა შიდა პარტიული არჩევნებისთვის ემზადება. სპეციალური სამუშაო ჯგუფი ახლა არჩევნების დეტალებს ამუშავებს და სავარაუდოდ, დეკემბრის ბოლოს, ქვეყნის ყველაზე მრავალამომრჩევლიან ოპოზიციურ პარტიას ახალი თავმჯდომარე ეყოლება. ჯგუფი საბოლოო ვერსიაზე ჯერ არ ჩამოყალიბებულა, თუმცა მთავარი კრიტერიუმია, რომ არჩევნებში მონაწილეობა მაქსიმალურად ბევრმა ადამიანმა მიიღოს.

„ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის არჩევნებზე, ამომრჩევლები წინასწარ დარეგისტრირდებიან, რათა კონკრეტულმა ჯგუფებმა რეგისტრირებულ ადამიანებს შორის გამოავლინონ „ბოტები“, „ტროლები“ ან ისინი, რომლებსაც არაჯანსაღი ზეგავლენის მოხდენა სურთ ამ პროცესზე“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

იმ ინფორმაციის მიღმა, რაც მედიაში ვრცელდება, როგორც ამბობენ, დიდი პოლიტიკური ინტრიგები იმალება. ერთ-ერთი ვერსიით, კეზერაშვილი და მერაბიშვილი ნიკა მელიას უპირისპირდებიან და პარტიის თავმჯდომარედ საკუთარი კანდიდატის გაყვანა სურთ...

„ვერსიის“ რესპონდენტი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია აცხადებს, რომ ნიკა მელიას, პარტიაში, თავმჯდომარედ არჩევისთანავე დაუპირისპირდნენ... გთავაზობთ ინტერვიუს არჩილ გამზარდიასთან:

 

- ეს დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როცა ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარე გახდა და რაღაც მომენტში, ეს იყო საპატიო თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის გავლენის სივრციდან გასვლა. მაშინ მელია ფიქრობდა, რომ საჭირო იყო განსხვავებული პოლიტიკური შინაარსის შეძენა ნაციონალური მოძრაობისთვის, რაც გამოიხატებოდა სხვა პარტიების პარიტეტულ, თანასწორ ურთიერთობაში და რაც სააკაშვილს არ ჰქონდა; ნაციონალური მოძრაობის წარსულის კრიტიკულ გააზრებაში, რაც ასევე არ ჰქონდა სააკაშვილს; ახალი ადამიანების პარტიაში მიყვანასა და შიდა ელიტების ცვლაში. ამ პროცესში დაიწყო ეს დაპირისპირება, უბრალოდ, მაშინ ასე აქტიურად არ ჩანდა და როგორც კი სტაბილურ რეჟიმში გადავიდა პარტიის პოლიტიკური ცხოვრება, კიდევ უფრო გაძლიერდა. სხვათა შორის, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის ერთ-ერთ თეორიულ ვერსიად სტატუს-კვოს დაკარგვის შიშს ასახელებენ, რომ აღარ ყოფილიყო ერთადერთი მთავარი პირი პარტიისთვის.

ვინც გინდა იყოს მომავალში პარტიის თავმჯდომარე, პრაქტიკულად, ვერაფერს შეძლებს და იგივე პროცესი შეიძლება დაიწყოს, რადგან ისეთი უტოპიური მოთხოვნები წაუყენეს მელიას, როგორიცაა სააკაშვილის ციხიდან დახსნა, ბიძინა ივანიშვილის დამარცხება, რაც ასე მარტივი არაა და ეს იმედგაცრუება მომავალშიც გარდაუვალი იქნება.

როცა შიდა ელიტები ვახსენეთ, იქ აღმოჩნდა ვანო მერაბიშვილის სახელი ბევრად ადრე. მახსოვს, ნიკა მელია როცა მყავდა გადაცემაში, ვკითხე და მაშინ ფრთხილად უპასუხა ამ თემას, მაგრამ მერაბიშვილის შესახებ მსჯელობა და შიდა საუბრები ადრევე დაიწყო. კეზერაშვილის ფაქტორიც პირველად პოზიტიურად მოჩანდა, როგორც ვხედავთ, მათ შორის, ნიკა მელიასთვისაც, მაგრამ ასეთი დამოკიდებულება ვის მიმართაც იქმნება, ისინი ზედმეტად ერთვებიან ხოლმე პოლიტიკურ ცხოვრებაში.

მერაბიშვილსა და სააკაშვილს, მოარული ხმებით, ურთიერთობა დალაგებული არ ჰქონდათ. როგორც ჩანს, ახლა მელიას წინააღმდეგ გაერთიანდნენ?

- ჯერ ერთი, რომ დროებითი მოკავშირეობა პოლიტიკურ ომში სრულიად გასაგებია. საქართველოში პოლიტიკისთვის ეთიკური და ზნეობრივი მიდგომები ნაკლებად დამახასიათებელია და ამიტომ არ გამიკვირდება. შესაძლოა, მერაბიშვილი თვითრეალიზების საშუალებად მხოლოდ ამ გზას ხედავს და არავინ იცის, თუ გაძლიერდება და პარტიაში საკმარისი გავლენა ექნება, ხვალ როგორ მოუბრუნდება სააკაშვილს. კიდევ ერთი თეორიული ვერსიის დონეზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ - ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილსა და ვანო მერაბიშვილს განსაკუთრებულად ახლო მეგობრობა ჰქონდათ ენმ-ის ხელისუფლების პირველ დეკადაში. ივანიშვილი ყველაზე მეტად მეგობრობდა და ურთიერთობდა ვანო მერაბიშვილთან, ზურაბ ადეიშვილთან და მერე უკვე მიხეილ სააკაშვილთან. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ მერაბიშვილმა ციხეში გაატარა რამდენიმე წელი, მაინც არ ვიცით, სად, რა ვითარებაში შეიძლება მოხდეს საკომუნიკაციო გადაკვეთები. არგუმენტი არ მაქვს, რომ ეს ვამტკიცო, მაგრამ ჩემთვის 100%-ით მოხსნილი არაა თემა - შესაძლებელია თუ არა მერაბიშვილის ფაქტორი რამე ფორმით დაკავშირებული იყოს ივანიშვილთანაც.

- მელიას თავმჯდომარეობის პერიოდში, პარტიამ წარმატებას ვერ მიაღწია ანუ ხელისუფლება არჩევნების გზით ვერ შეცვალა. ამ ფონზე, რატომ გახდა მელია ახლა ხელისუფლებისთვის საშიში ფიგურა და რატომ უნდა უნდოდეს ივანიშვილს მისი პარტიიდან გაშვება?

- მელიამ, რაღაც ეტაპზე, პარტიას პერსპექტივა შესძინა. როცა ის ეძებდა პოლიტიკურ ბაზარზე საკუთარ თავს, ახალი თაობების წამოწევას პარტიაში...

- „ახალი თაობა“ კი ამბობს, ასე სულაც არ ხდება და პარტიაში ახალი სახეებს პერსპექტივა არ აქვთო. ნიკა ობოლაძემ დატოვა პარტია ამ პროტესტით ცოტა ხნის წინ...

- ამიტომ ვახსენე ნიკა მელიას თავმჯდომარეობის პირველი პერიოდი, მაშინ გახდა ენმ საინტერესო, შემდეგ კი, რა თქმა უნდა, ავტოკრატიისკენ და ერთმმართველობისკენ მიდრეკილება ჩვენი მძიმე სენია, მათ შორის, პარტიებშიც. საქართველოში არ არსებობს პარტია, რომელიც არ არის ავტოკრატიული მმართველობისა და ზუსტად იმიტომ, რომ ერთი პერიოდი, ენმ-ში შეიქმნა განახლებისა და განვითარების პერსპექტივა, პარტიამ მიიზიდა ადამიანების რაღაც ნაწილი და რადგანაც ასე ვერ გაგრძელდა, ამან გამოიწვია იმედგაცრუება. რატომ ვერ გაგრძელდა, ეს ცალკე თემაა... ახლა პარტია ისეთი სტატიკურია, რომ ცოტა უცნაური დილემის წინაშეა ამ არჩევნებით.

- ამ არჩევნებით რა შეიცვლება, თქვენი აზრით?

- თუ ისევ ნიკა მელია აირჩიეს, შესაძლებელია, ლეგიტიმაცია გაიმყაროს, პარტიის ტრანსფორმაცია მოახდინოს, რომ სააკაშვილი არ იყოს ერთადერთი და აქტუალური თემა და ა.შ. ნიკა მელია პარტიაში ყველაზე უფრო განსხვავებული პირია და რაღაც თეორიულ პერსპექტივას მოიცავს.

თუ ე.წ. მერაბიშვილ-კეზერაშვილის მხარის წარმომადგენელი გახდება თავმჯდომარე, გამოდის, რომ ნაციონალური მოძრაობის სტრატეგია იქნება ორი მიმართულებით - რევოლუციური ხერხით მოვიდეს ხელისუფლებაში, რადგან არჩევითი პერსპექტივა არ ექნება და მეორე მხრივ, ექსპერიმენტების ნაცვლად, რასაც ასე ცდილობენ ენმ-ის ახალი სახეები, ტრადიციულ ამომრჩეველზე ორიენტირდნენ და იმუშაონ იმაზე, რომ იყვნენ მთავარი ოპოზიციური პარტია.

- ასეთი ვერსიაც ვრველდება, რომ თუ მერებიშვილისა და კეზერაშვილის კანდიდატმა გაიმარჯვა, პარტიას შეურთდებიან ზურა ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია, გიორგი ვაშაძე, გიგი უგულავა და ენმ-დან წასული სხვა პოლიტიკოსები...

- ხოშტარია, ვაშაძისა და ჯაფარიძის ნაციონალური მოძრაობიდან წამოსვლის ფაქტორი, თავის დროზე, იყო ავტოკრატიული მმართველობა და ახალ პოლიტიკურ შინაარსზე გადასვლის შეუძლებლობა. ახლა კი იგივე წიაღს უბრუნდებიან? - ჩემთვის გაუგებარია. თუმცა, ოპოზიციური პარტიებისთვის ერთადერთი პერსპექტივა ისაა, რომ შერწყმა მოხდეს და ამორფული გაერთიანების ნაცვლად, ერთპარტიული პოლიტიკური პლატფორმა შეიქმნას. თუმცა, მაინც მგონია, რომ მაგალითად, ზურა ჯაფარიძისთვის ეს პოლიტიკური დასამარება იქნება.

ვერ ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი საინტერესო მოვლენებია და პოლიტიკური ფასი ამ ყველაფერს ექნება მხოლოდ „ქართული ოცნების“ გაძლიერების მიმართულებით. ასეთი ფორმით, როგორც წესი, რომ აღარ იციან, რომელ ხეს მოეჭიდონ, ეს ქმედებები ოპოზიციის გაძლიერებას არ ემსახურება. შიდა კონფლიქტები  დადებითი მაშინ იქნება, თუ ოპოზიციური ლიდერები გააცნობიერებენ, წავლენ პოლიტიკურ პენსიაში, მაგრამ ახლა... ზოგადად, ფიზიკური ჩხუბის დროს, ადამიანი თვალებს ხუჭავს და ხელ-ფეხს იქნევს უმისამართოდ, რაც შეიძლება ძლიერად. დაახლოებით, ამას მახსენებს ჩვენი ოპოზიციის ყოფა, მათ შორის, ნაციონალური მოძრაობის. თუმცა, მარტო მკვდრის შემთხვევაში არ იცვლება არაფერი და ასეთ კრიზისებს თეორიული შანსი ყოველთვის აქვს.

- ნიკა მელია თუ არ აირჩიეს თავმჯდომარედ, როგორ ფიქრობთ, პარტიიდან წავა და დაშლის ენმ-ს?

- ეს შესაძლებელია და საწყისი ეტაპისთვის მელიას აქვს გარკვეული პოლიტიკური კაპიტალი, რომ მეტ-ნაკლებად ქმედუნარიანი პარტია შექმნას. უბრალოდ, პოლიტიკური ლიდერები მაღალი დონის პოლიტიკურ განათლებას, თვალსაწიერსაც უნდა ფლობდნენ და არა დახვეწილ აქტივიზმს. ეს პარტიების ლიდერებს არ ახსენდებათ და უბრალოდ, აქტიური ტიპია ხოლმე მოთხოვნადი, როგორც ლიდერი, შემდეგ კი იწყება კრიზისი იმიტომ, რომ პარტიის მართვას ცოტა სხვა ცოდნა და რესურსები სჭირდება, მაგრამ ნიკა მელიას გარკვეული შესაძლებლობები აქვს.