სისხლიანი 7 ნოემბერი ანუ წარსული, რომელიც არ უნდა დავივიწყოთ

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

X-ფაილი

გამოიყენეს თუ არა ნაციონალებმა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ფსიქოტრონული იარაღი

 

ნინო დოლიძე

 

ეს საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირცხვილია. დიახ, იმ დღეს ღმერთი მთელ პოლიტიკურ ინსტებლიშმენტს გაუწყრა ანუ უფრო ნათლად და გასაგებად რომ ვთქვათ, სამთავრობო და ანტისამთავრობო ძალების დაპირისპირებას უდანაშაულო ადამიანები შეეწირნენ, თუმცა ამის თქმა დღეს შეიძლება, როცა ვნებები ჩამცხრალია, თორემ მაშინ, როცა თბილისის მთავარ გამზირზე სისხლმოწყურებული „რობოკოპები“ დათარეშობდნენ, ანალიზისთვის არავის ეცალა.

დიახ, ქალბატონებო და ბატონებო, ვინმეს მოეწონება თუ არა, ეჭვგარეშეა, რომ იმით, რაც 15 წლის წინ, ესე იგი, 2007 წლის 7 ნოემბერს მოხდა, მაშინდელმა ოპოზიციამ წყალი - არც მეტი, არც ნაკლები - ნაციონალური მოძრაობის და, შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის წისქვილზე დაასხა.

როგორ?

როგორ და, 7 ნოემბრის მოვლენები იმის საბაბი გახდა, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნულიყო. მეტიც, სააკაშვილმა ქვეყნის პასუხისმგებლიანი მმართველის მანტია მოირგო, გადადგა და რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებიც დანიშნა. ჰოდა, იმის ნაცვლად, რომ 7 ნოემბრის მოვლენების ობიექტური გამოძიება და დამნაშავის მთელი სიმკაცრით დასჯა მოეთხოვა, ოპოზიცია და, საერთოდ, ანტინაციონალურად განწყობილი მოსახლეობა საარჩევნო კამპანიის მორევმა შთათნთქა. დიახ, ამ ნაბიჯით (გადადგომა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა) სააკაშვილმა საერთაშორისო თანამეგობრობას დაანახა, რომ მას, როგორც პოლიტიკოსს, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განუხტვა ხელეწიფებოდა.

ისე, თუკი შეთქმულების თეორიის ლოგიკას გავყვებით, შესაძლოა, ისიც ვივარაუდოთ, რომ 7 ნოემბერი მაშინდელი მმართველი გუნდისა და ოპოზიციის გარკვეული ფრთის ერთგვარი გარიგების შედეგი იყო (!). ყოველ შემთხვევაში, მომხდარიდან ათი წლის შემდეგაც არ არსებობს დასაბუთებული პასუხი, 2007 წლის 7 ნოემბრის დილას, როცა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სულ რამდენიმე ათეული ადამიანი იმყოფებოდა, ანტინაციონალური ფრონტის ლიდერებმა რუსთაველის გამზირის გადაკეტვის გადაწყვეტილება რატომ მიიღეს? რომ არა ეს გადაწყვეტილება, არავინ იცის, მოვლენები როგორ განვითარდებოდა, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა ანუ რამდენიმე მომიტინგის მიერ, პარლამენტის წინ, საავტომობილო გზის გადაკეტვა ფართომასშტაბიანი დარბევის საბაბი გახდა.

საერთოდ, ნაციონალური ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილების პირველი ნიშნები „ვარდების რევოლუციის“ წლისთავზე, კერძოდ, 2004 წლის 23 ნოემბერს გაჩნდა - ამ დღეს პატრულმა ბუტა რობაქიძე მოკლა. აღსანიშნავია, რომ იმხანად, შსს-ს ვანო მერაბიშვილი კი არა, ირაკლი ოქრუაშვილი ხელმძღვანელობდა. მაშასადამე, ახალგაზრდის სიკვდილზე პასუხისმგებლობა სწორედ ოქრუაშვილს უნდა აეღო, მაგრამ 2007 წლის შემოდგომაზე, მასობრივი საპროტესტო აქციები „ოქროს“ დაჭერის გამო დაიწყო. მეტიც, სუბიექტი, რომელმაც „ვარდების საქართველოში“ ადამიანების „ტრუსიკ-მაიკით“ დაკავების პრაქტიკა დანერგა, ლამის, ეროვნულ გმირად შერაცხეს, თუმცა ოქრუაშვილის გმირობის მითი საპნის ბუშტივით გასკდა - რამდენიმედღიანი პატიმრობის შემდეგ, საგამოძიებო უწყებებმა „ოქროს“ თვითაღიარების ვიდეოკადრები გაავრცელეს. ითქვა, სააკაშვილის მეგობარყოფილმა წამებას ვერ გაუძლო და აღიარებაზეც ამიტომ წავიდაო. შესაძლოა, არც უამისობა იყო, მაგრამ ამის შემდეგ მოვლენები კიდევ უფრო უცნაურად განვითარდა - პატიმრობიდან გათავისუფლებული, „სამართლიანობისთვის მებრძოლი რაინდი“ საქართველოს ტოვებს და გეზს პარიზისკენ იღებს.

მოგეხსენებათ, იმ ყბადაღებული 9-წლიანი რეჟიმის დროს, ნაციონალების ნებართვის გარეშე, ცაში ჩიტი ვერ გაიჭაჭანებდა, მიწაზე კი - ჭიანჭველა. ჰოდა, საინტერესოა, „ოქრომ“ საქართველოს სამანები როგორ გადალახა? ისე, მათ, რომლებსაც კარგი მეხსიერება აქვთ, იმხანად, კულუარებში მოარული ხმაც ემახსოვრებათ, ოქრუაშვილი აეროპორტამდე თავად ნაცებმა მიაცილესო.

მოგვიანებით, იმასაც იტყვიან, რომ სააკაშვილმა საფრანგეთს გაქცეულ ოქრუაშვილს თითქოს დიდძალი თანხა გაატანა, თუმცა ყველაფერი ეს პოლიტიკური მითოსია. ფაქტი კი ისაა, რომ 2007 წლის 7 ნოემბერი, საქართველოს რიგითი მოქალაქეებისთვის საკრალური აღმოჩნდა და, საბოლოო ჯამში, ქვეყანამ წააგო - მინიმუმ, მაპ-ი ვერ მიიღო, თორემ პოლიტიკურმა ელიტამ აშკარად იხეირა: ნაცებმა ხელისუფლებაში ყოფნა გაიხანგრძლივეს, ოპოზიციის ნაწილმა კი, როგორც ბოროტი ენები ამბობენ, სერიოზული „მაყუთი“ იშოვა და ახალი პოლიტიკური ლიდერიც იშვა - „გრეჩიხა-უმცროსი“. მართალია, ზოგს დღესაც სჯერა, რომ 2008 წლის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში რეალურ წარმატებას სააკაშვილმა კი არა, არამედ, ლევან გაჩეჩილაძემ მიაღწია, მაგრამ აქვე, ისიც უნდა გავიხსენოთ, რაც მოგვიანებით გახდა ცნობილი, კერძოდ, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის თანამეცხედრე ბადრი ბიწაძემ, ლევან გაჩეჩილაძე სააკაშვილისგან ფულის აღებაში ამხილა.

სიტყვამ მოიტანა და, 2007 წლის 7 ნოემბერს, ნინო ბურჯანაძე ქვეყნის მეორე პირი იყო. მას შემდეგ, რაც ნაციონალებს გაემიჯნა, ქალბატონი პოლიტიკოსი ერთთავად ირწმუნება, რომ „ვარდოსანთა“ ელიტის გადაწყვეტილებებზე ზეგავლენის მოხდენა არ შეეძლო, მაგრამ არსებობს ერთი „მაგრამ“:

რუსთაველზე მოწყობილი სასაკლაოდან ორი-სამი დღის შემდეგ, ნინო ბურჯანაძემ, როგორც საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა, პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან 7 ნოემბრის მოვლენები გაამართლა და ერთგვარი სიამაყით განაცხადა, სახელმწიფო შედგაო. ჩვენში დარჩეს და, ამ დროს გიგა ბოკერიას უკვე ნათქვამი ჰქონდა, 7 ნოემბერს ძალას გადავამეტეთო.

ერთი სიტყვით, 10 წლის წინანდელი მოვლენების მოკლე ანალიზი ასეთია, თუმცა თუნდაც იმიტომ, რომ ისტორიას მასალები შემოვუნახოთ, „ვერსია“ მხოლოდ 2007 წლის 7 ნოემბრის სურათის აღდგენას კი არ შეეცდება, არამედ, იმ მოვლენებსაც ქრონოლოგიურად გაიხსენებს, რამაც პოლიტიკურ კრიზისამდე მიგვიყვანა.

მაშ, ასე, წინ, წარსულისკენ!

 

როგორ მზადდებოდა 7 ნოემბერი

2007 წლის 12 სექტემბერი - შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორი მიხეილ ქარელი, რომელიც თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილთან დაახლოებული პირია, თანამდებობას ტოვებს. ქარელმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ცნობილი გახდა, რომ გორის გამგეობის რამდენიმე მაღალჩინოსანი კორუფციის ბრალდებით დააპატიმრეს.

14 სექტემბერი - ოქრუაშვილთან დაახლოებული ორი დეპუტატი - თეო ტლაშაძე და ქეთევან მახარაშვილი მმართველ პარტიას, ესე იგი, ნაცმოძრაობას ტოვებენ.

25 სექტემბერი - პრეზიდენტის საპარლამენტო მდივან დიმიტრი ქიტოშვილს, რომელიც, ასევე, ოქრუაშვილის გარემოცვის წევრია, გამოძალვის ბრალდებით აპატიმრებენ. იმავე დღეს, შემოსავლების სამსახური ოქრუაშვილის მეგობრის, ქიბარ ხალვაშის ბიზნესსაქმიანობის შესწავლას იწყებს.

25 სექტემბერსვე, ოქრუაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკურ პარტიას აფუძნებს, რომელსაც „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ არქმევს. პარალელურად, თავდაცვის ექსმინისტრი, რომელიც არცთუ შორეულ წარსულში, სააკაშვილის კარზე ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლება, პრეზიდენტს ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯების გადადგმასა და ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის დაკვეთაში ადანაშაულებს.

სიმბოლური დამთხვევა - 27 სექტემბერს, ესე იგი, სოხუმის დაცემის დღეს, ქვეყნის თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს ფულის გამოძალვის, გათეთრების, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით აპატიმრებენ.

28 სექტემბერი - პარლამენტის წინ, ოქრუაშვილის გათავისუფლების, ვადამდელი არჩევნებისა და საპრეზიდენტო მმართველობის გაუქმების მოთხოვნით, ათასობით ადამიანი იკრიბება.

29 სექტემბერი - პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ექსმეგობარ ოქრუაშვილზე პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რასაც ოქრუაშვილი მაბრალებს, სიცრუეაო..

8 ოქტომბერი - ოქრუაშვილი სააკაშვილის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს უარყოფს და აცხადებს, მინდოდა, ამ ბრალდებებით, მე და ბადრი პატარკაციშვილს პოლიტიკური დივიდენდები მიგვეღოო.

ამასთან, ოქრუაშვილი ფულის გამოძალვასა და სამსახურებრივ გულგრილობასაც აღიარებს. რამდენიმე დღეში, თავდაცვის ექსმინისტრი 10-მილიონიან გირაოს იხდის და საპატიმროს ტოვებს. ისე, საინტერესოა, სახელმწიფო მოხელეს ამდენი ფული საიდან ჰქონდა?!

10 ოქტომბერი - ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი მმართველი პარტიისა და ოპოზიციის დაპირისპირებაში ღიად ერთვება და აცხადებს, ქვეყანაში არსებულმა რთულმა სიტუაციამ, შესაძლოა, მაიძულოს, პოლიტიკაში მოვიდეო.

11 ოქტომბერი - ოქრუაშვილის მხარდამჭერები საზოგადოებას თავდაცვის ყოფილი მინისტრის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ამცნობენ.

17 ოქტომბერი - ათი ოპოზიციური პარტია, რომელიც ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით ერთობლივ კამპანიას აწარმოებს, 12-პუნქტიან მანიფესტს აქვეყნებს.

19 ოქტომბერი - ქუთაისში, ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე ათასობით ადამიანი იკრიბება. ქუთაისის მიტინგი 2 ნოემბერს, თბილისში დაგეგმილი მასობრივი საპროტესტო აქციის ერთგვარი რეპეტიციაა.

22 ოქტომბერი - ათი პარტიისგან შემდგარი კოალიცია პერმანენტულ აქციებზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

23 ოქტომბერი - ბათუმში, ოპოზიის ორგანიზებით, რამდენიმეათასიანი აქცია იმართება.

25 ოქტომბერი - საქართველოს გზის, თავისუფლებისა და რესპუბლიკელების ლიდერები - სალომე ზურაბიშვილი, კონსტანტინე გამსახურდია და დავით უსუფაშვილი ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს, ხავიერ სოლანას ხვდებიან.

28 ოქტომბერი - ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციას დააფინანსებს, რათა აქციები „ცივილიზებული გზით“ გამართოს.

იმავე დღეს, ზუგდიდში, ოპოზიციის მიერ გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ, მმართველი პარტიის მხარდამჭერები ორ ოპოზიციონერ დეპუტატსა და ოპოზიციის რამდენიმე აქტივისტს სცემენ.

30 ოქტომბერი - დეპუტატი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ხელისუფლება, არჩევნების დღესთან დაკავშირებით, კომპრომისზე წასვლას არ აპირებს.

1 ნოემბერი - რეგიონებიდან თბილისში, 2 ნოემბრისთვის დაანონსებულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მისაღებად ათასობით ადამიანი ჩამოდის.

2 ნოემბერი - პარლამენტის წინ, ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე ათიათასობით ადამიანი იკრიბება.

იმავე დღეს, ოპოზიციის ლიდერები პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეს ხვდებიან. მოგვიანებით, ბურჯანაძე აცხადებს, რომ არჩევნების დღესთან დაკავშირებით, ხელისუფლება კომპრომისზე წასვლას არ აპირებს.

3 ნოემბერი - პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია განახლდა. ოპოზიცია ამბობს, რომ მისი მთავარი მოთხოვნა პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომაა.

7 ნოემბერი - დღის პირველ ნახევარში, პოლიცია პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას ცრემლსადენი აირით, ხელკეტებით, რეზინის ტყვიებით, აკუსტიკური თოფებითა და წყლის ჭავლით შლის.

დაბინდებისთანავე, ნიღბიანი სპეცრაზმელები ტელეკომპანიების - „იმედი“ და „კავკასია“ სტუდიებს არბევენ, რის გამოც, ორივე ტელევიზია მაუწყებლობას წყვეტს.

გვიან ღამით, პრეზიდენტი სააკაშვილი თბილისში საგანგებო ვითარებას აცხადებს.

8 ნოემბერი - დილის 11.00 საათზე, ბათუმის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმი სტუდენტურ აქციას არბევს.

ამასთან, ოფიციალური თბილისი საქართველოდან სამ რუს დიპლომატს აძევებს. ოფიციალური კრემლი საპასუხი ნაბიჯს დგამს და რუსეთიდან სამ ქართველ დიპლომატს აძევებს.

პრეზიდენტი სააკაშვილი ვადამდელ საპრეზიდენტო, საპარლამენტო არჩევნებსა და, ასევე, რეფერენდუმს  ნიშნავს.

16 ნოემბერი - საქართველოს მასშტაბით, 7 ნოემბერს დაწესებული საგანგებო მდგომარეობა  უქმდება.

სხვათა შორის, 2007 წლის აქციების ერთ-ერთი მთავარი ნარატივი სახელმწიფო დაწესებულებებთან „სირცხვილის კორიდორების“ მოწყობა იყო, თუმცა ოპოზიციამ ჩანაფიქრი სისრულეში ვერ მოიყვანა.

„ხალხი დაიღალა გაუთავებელი ექსპერიმენტებით - ოქრუაშვილი-პატარკაციშვილი. ერთი, არქიფო სეთურივით, ლონდონიდან გვიგზავნის ეპისტოლეებს და გვმოძღვრავს, მეორე კი აქციის დაშლა-არდაშლაზე გველაპარაკება“, - ამბობს საგანგებო ბრიფინგზე თბილისის მერი, გიგი უგულავა.

 

სისხლიანი 7 ნოემბრის ქრონიკა

2007 წლის 7 ნოემბრის ალიონს თბილისი წვიმით შეეგება - თითქოს, დედაბუნებას ავი წინათგრძნობა ჰქონდა და იმას გლოვობდა, რაც რამდენიმე საათში უნდა მომხდარიყო.

10.00 საათზე, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქცია ოფიციალურად განახლდება. დაახლოებით, ერთ საათში, დემონსტრანტები გზის სავალ ნაწილზე გადასვლას დაიწყებენ, რასაც სამართალდამცველებთან დაპირისპირება და რამდენიმე პირის დაკავება მოჰყვება.

მედია ელბაქიძის დაღმართსა და „ვარდების მოედანზე“, სპეცდანიშნულების რაზმების მობილიზების შესახებ იუწყება. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენაერთები მთაწმინდის პარკშიც განლაგდნენ. ამასობაში, ცნობილი ხდება, რომ პატარკაციშვილის კუთვნილი პარკი დალუქულია.

პარლამენტის წინ არსებული ვითარება კულმინაციას 12:30 საათზე აღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ საპატრულო პოლიცია აქციის დაშლას ხელკეტებით იწყებს.

12:50 საათზე, რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმი გამოჩნდება, რომელიც აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს იყენებს... მოწამვლის, ნევროლოგიური შოკისა და რესპირატორული გზების დამწვრობით, სამედიცინო დაწესებულებებს 250-მდე პაციენტი მიმართავს.

16:00 საათისთვის, საპროტესტო აქცია რიყეზე გადაინაცვლებს, სადაც ხალხს ოპიზიციის ლიდერები მიმართავენ. ამასობაში, აქციის მონაწილეთა ერთი ჯგუფი პარლამენტისკენ იძვრება.

რიყეზე სამხედრო ქვედანაყოფებია მობილიზებული.

პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპოზიციის ლიდერთა სატელეფონო საუბრებსა და მათი შეხვედრების ვიდეოჩანაწერებს ავრცელებს. ფარულ კადრებში შალვა ნათელაშვილი, ლევან ბერძენიშვილი, კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიები, ასევე, გოგა ხაინდრავა ფიგურირებენ.

შსს-ში აცხადებენ, რომ ოპოზიციის ლიდერები რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებთან კოორდინირებდნენ.

საქართველო რუსეთიდან ელჩს, ირაკლი ჩუბინიშვილს იწვევს. ამასთან, საგარეო უწყებაში რუს დიპლომატ ვიაჩესლავ კოვალენკოს იბარებენ.

17:40 საათზე, რიყეზე აქციის დარბევა იწყება. სპეცრაზმი კვლავ წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს იყენებს.

მოგვიანებით, ბადრი პატარკაციშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს და მომხდარს „ბოლშევიკური პუტჩს“ უწოდებს:

„სიმბოლურია, რომ ზუსტად დღეს, 7 ნოემბერს, ბოლშევიკური პუტჩიდან 90 წლის თავზე, საქართველო ახალ ტრაგედიას განიცდის.

ნურავის შეეპარება ეჭვი, რომ მთელი ჩემი ძალ-ღონე, მთელი ჩემი ფინანსური რესურსი, უკანასკნელი თეთრის ჩათვლით, გამოყენებული იქნება საქართველოს ფაშისტური რეჟიმისაგან გასათავისუფლებლად. საქართველოს გაუმარჯოს!“

მმართველი გუნდი პატარკაციშვილის ამ განცხადებას ხელისუფლების დამხობის პირდაპირ მოწოდებად აღიქვამს.

20:55 საათზე, სპეცდანიშნულების რაზმი ტელეკომპანია „იმედში“ შედის. ტელევიზიასთან მოქალაქეები იკრიბებიან. საპატრულო პოლიცია ხალხს ხელკეტებითა და წიხლებით უსწორდება. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტელეკომპანიის მიმდებარე ტერიტორიაზე ცრემლსადენი გაზი გაუშვეს... მოგვიანებით, „იმედის“ ჟურნალისტები იტყვიან, რომ სპეცრაზმის თანამშრომლები სასტიკად ექცეოდნენ - იატაკზე დააწვინეს და იარაღი დაადეს...

 

აკრძალული იარაღი

საერთოდ, აქციების დაშლისას ხელკეტებისა თუ ცრემლსადენი გაზის გამოყენება ზედემოკრატიულ ქვეყნებშიც აპრობირებულია. პოლიციასა და სპეცრაზმს ძალის გადამეტებაში ბრალს განვითარებულ ქვყენებშიც სდებენ, თუმცა იმის პრეცენდენტი, რომ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ხელისუფლებამ ფსიქოტრონული იარაღი გამოიყენოს, თითქმის, არ არსებობს. საქართველო კი ამ მხრივაც პიონერია. ყოველ შემთხვევაში, სამი წლის წინ, კერძოდ, 2014 წლის ოქტომბერში, რუსული მედია სკანდალურ ცნობას გაავრცელებს, რომლის თანახმადაც, 2007 წლის 7 ნოემბერს, ნაციონალებმა მომიტინგეებს „ტვინზე სასიკვდილო დარტყმა“ მიაყენეს ანუ აქციის დასაშლელად, თითქოს, ფსიქოტორნული იარაღი გამოიყენეს.

სტატიაში, რომელსაც ხელს ვინმე ალექსანდრ კლუგლოვი აწერდა, ნათქვამი იყო:

„2007 წლის 7 ნოემბერს, თბილისში დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული „უცნაური აპარატურა“ სპეციალური აკუსტიკური იარაღი - Medium Range Acoustic Device იყო, რომელიც მაშინდელმა ხელისუფლებამ ამერიკელებისგან მიიღო. მანამდე, აღნიშნული იარაღი ამერიკელებმა ერაყელი ბოევიკების წინააღმდეგ გამოსცადეს, უფრო გვიან კი, რუსეთის ხელისუფლებამ - ჩეჩნეთში. ორივე შემთხვევაში, ამ ექსპერიმენტსა თუ გამიზნულად გამოყენებულ მეთოდს, საკმაოდ დიდი მსხვერპლი მოჰყვა“...

რუსული მედიის მიერ გავრცელებული ზემოხსენებული ინფორმაცია, რასაკვირველია, ქართულმა გამოცემებმაც აიტაცეს. ერთ-ერთმა ქართულმა ინტერნეტპორტალმა კი ფსიქოტრონულ იარაღზე ერთგვარი ჟურნალისტური მოკვლევაც ჩაატარა, რომლის თანახმადაც, 7 ნოემბერს, მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენებული იქნა სპეციალური მოწყობილობა, რომელიც გამოსცემს ინფრაბგერებს - 15-დან 20 კილოჰერცამდე და ე.წ. ჩუმი ტალღების სახით ხვდება ადამიანის ორგანიზმში ისე, რომ მათ სმენითი ორგანო ვერ აღიქვამს...

დანამდვილებით იმის თქმა, რომ 2007 წლის 7 ნოებერს, ნაციონალებმა მშვიდობიანი მომიტიგეების წინააღმდეგ ფსიქოტრონული იარაღი გამოიყენეს, შეუძლებელია, თუმცა მაშინვე ყურადღება მიიქციეს ე.წ. რობოკოპის სამოსში გამოწყობილმა სპეცრაზმელებმა.

ამასთან, აქციის მონაწილეები მოგვიანებით გაიხსენებენ, რომ წყლის ჭავლისა თუ ცრემლსადენი გაზის პარალელურად, უცნაური ხმა ესმოდათ, რომელსაც ჯავშანმანქანა გამოსცემდა...

ზოგიერთი ექსპერტის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილისა და, საერთოდ, ნაცმოძრაობის დასამარება სწორედ 7 ნოემბრით დაიწყო. შესაძლოა, მართლაც ასეა, მაგრამ 7 ნოემბერმა სხვა სახის პოლიტმანკიერებანიც გამოავლინა, კერძოდ, ნათელი გახდა, რომ ოპოზიციას, განსაცდელის მიუხედავად, ერთ მუშტად შეკვრა არ შეუძლია ანუ 7 ნოემბრის შემდეგ ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია კი შეიქმნა, მაგრამ როგორც იმხანად კულუარებში ამბობდნენ, ამ გაერთიანებაში შემავალ ყველა სუბიექტს კერძო ინტერესები ამოძრავებდა, რაც გამოჩნდა კიდეც: გაერთიანებულმა ოპოზიციამ იმდენი ვერ შეძლო, რომ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი ბადრი პატარკაციშვილისთვის დაეჭირა. ამიტომ, ცხონებული ოლიგარქი, რომელიც, პრაქტიკულად, 2007 წლის ნოემბრის მოვლენების მოტორი იყო, ვადამდელ არჩევნებზე მარტოხელა მგლის ამპლუაში მოგვევლინა. გაერთიანებულმა ოპოზიციამ, რომელსაც, როგორც ამბობენ, გარკვეულ ფინანსურ დახმარებას სწორედ პატარაიშვილი უწევდა, ოლიგარქს კონკურენტად ლევან გაჩეჩილაძე „ჩაუსვა“. გაჩეჩილაძე კი, როგორც მოგვიანებით ბადრი ბიწაძემ განაცხადა, ფარულად, თურმე, სააკაშვილს ხვდებოდა.

ასე რომ, ყოველივე ზემოთქმულის გაანალიზებით, სურათი ასეთია: ქართულ პოლიტიკურ ელიტას ჭირიც ვერ აერთიანებს.

ისე, თუ კარგად დავაკვირდებით, დღევანდელი ოპოზიციაც ზუსტად ამ უკურნებელი სენითაა დავადებელი, თუმცა ეს სხვა იქს-ფაილია, რომლის გახსნაც ნათელს, ალბათ, ბევრ რამეს მოჰფენს...