Menu
RSS

როგორ ახორციელებს კრემლი საქართველოს პრორუსიზაციას მოღალატეობრივი ჯგუფებით

დაიწყება თუ არა მესამე მსოფლიო ომი? _ ამ კითხვაზე, საერთაშორისო ექსპერტების დაკვირვებისა თუ სამეცნიერო ნაშრომებზე დაყრდნობით, ,,ვერსია'', ,,გლობალ X''-ის რუბრიკის არსიდან გამომდინარე, მუდმივად ესაუბრება მკითხველს. დღესაც აქტიურია 5 ვარიანტი: ომი ჩრდილოეთ კორეის ინიცირებით, ომი სირიაში გაჩაღებული კონფრონტაციის საბაბით, ომი რუსეთის ქმედებების პროვოცირებით, ომი პაკისტანის ტერორისტული ძალების ინიცირებით და კიბერომი. როცა THE NATIONAL INTEREST აქვეყნებდა ნაშრომს ომების ალბათობის შესახებ (თებერვალი, 2017 წელი) ყველაზე ცხელ წერტილად სირია მიიჩნეოდა. ომის საშიშროებას კიბერსივრცეშიც ელოდნენ. დღეს ,,პრიორიტეტები'' შეიცვალა.
სულ უფრო აქტიური ხდება ალბათობა, რომ ჩრდილოეთ კორეა და შტატები ბირთვულ ღილაკს დააჭერენ ხელს. რა თქმა უნდა, ბევრი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ის, რაც ხდება ქვეყნებს შორის, ჰიბრიდული ომის ე.წ. ნაირსახეობაა და ნერვების ომს უფრო წააგავს, თუმცა ბევრის აზრით, ფაზა ძალიან საშიშია, რასაც ორი ფაქტორი განაპირობებს: ჯერ ერთი, ჩრდილოეთ კორეამ, უკვე ოთხჯერ, სამართლებრივი ნორმების დარღვევით, ჩაატარა ბირთვული ტესტი, რასაც დასავლეთმა ჯერ მხოლოდ სანქციებით უპასუხა და შედეგად, ის სრულად იზოლირებულია (თუ არ ჩავთვლით ჩინეთთან ფარულ კონტრაქტებს) დანარჩენი მსოფლიოსგან.
და მეორე, შტატებში არა მხოლოდ ექსპერტების, არამედ, კანონმდებლების დონეზე განიხილება საკითხი _ ტრამპის მიერ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ბირთვული შეტევა იქნება თუ არა კონსტიტუციური? ეს მეორე კითხვა, რა თქმა უნდა, აშშ-ს არაკეთილმოსურნეებმა (პირველ რიგში, რუსეთიდან) მომენტალურად აიტაცეს და, რასაკვირველია, არაერთი პასკვილიც გამოაცხვეს კიბერპროპაგანდისტული ომის ,,ფარგლებში''.…
საქმე ისაა, რომ აშშ-ს კონსტიტუცია არ საუბრობს ასე კონკრეტულად _ ბირთვული ომის შესახებ გადაწყვეტილება _ კონსტიტუციურია თუ არა. კონსტიტუცია აშშ-ს კონგრესს აძლევს უფლებას, გამოაცხადოს ომი. ეს უფლება მას არ გამოუყენებია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, თუმცა ცივი ომის გარემოებებმა 1973 წელს შტატები მიიყვანა იმ ფაზამდე, როცა კონგრესმა მიიღო ,,საომარი ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება'' (War Powers Resolution), რომლის თანახმადაც, პრეზიდენტია უფლებამოსილი, საომარი მოქმედებების ბრძანება გასცეს ერთპიროვნულად, 48 საათში მიიღოს კონგრესის დასტური და უარის შემთხვევაში, 60 დღეში დატოვოს ტერიტორია, თუმცა მაგალითად კლინტონის მირ კოსოვოში ძალების გაგზავნაზე კონგრესიდან თეთრმა სახლმა უარი მიიღო, ძალები კი მაინც დარჩა კოსოვოში უფრო დიდხანს. რატომ? _ იმიტომ, რომ ეს, პრაქტიკულად, ნატო-სა და ევროპული კავშირების მოთხოვნებმა განაპირობა.
ცალკე თემაა ბირთვული ომი. საქმე ისაა, რომ აშშ-ს არც ერთ კანონში არ წერია, რომ ასეთი ტიპისაა ომი, რისი დაწყების უფლებაც აშშ-ს კონგრესს აქვს. ჰიროსიმა-ნაგასაკის დაბომბვის შემდეგ, პრეზიდენტ ტრუმანის ინიციატივით, ხელი მოეწერა ატომური ენერგიის შესახებ აქტს (Atmoic
Energy Act 1946), რომლის თანახმადაც ბირთვული იარაღის სადავეები მთლიანად აშშ-ს პრეზიდენტის ხელთაა და ამ გარემოებას კონსტიტუციაც კი ცნობს ფაქტობრივად. ,,დღეს ერთი კაცის ხელშია ათასობით ბირთვული რაკეტის გამოყენების უფლება და ეს კაცი პრეზიდენტია'', _ ამბობს (მართალია, ცინიზმით) ტედ ლიუ, აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის წევრი დემოკრატებიდან. ნიუ იორკის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი სემუელ ისაჩაროვი (SAMUEL ISSACHAROFF) ამბობს, რომ ,,არსებული სამართლებრივი გარემოებებით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება ომის შესახებ _ ბირთვული თუ არაბირთვული _ არ ითვლება ანტიკონსტიტუციურად''. ასე რომ, ტრამპს გზა ხსნილი აქვს ისევე, როგორც კიმ ჩენ ინს.
ასეც ხდება: ჩრდილოეთ კორეა ამერიკის შეერთებული შტატებს სარაკეტო იერიშით ემუქრება. ფხენიანი გეგმას ამზადებს, რომელსაც რამდენიმე დღეში ქვეყნის ლიდერი ხელს მოაწერს. ჩრდილოეთ კორეის მთავარი სამიზნე გუამის ამერიკული ბაზაა და ქვეყნის ლიდერი ბაზის მიმართულებით 4 რაკეტის გაშვებას გეგმავს. ფხენიანის გეგმის მიხედვით, რაკეტებმა იაპონიას უნდა გადაუფრინოს; იმავდროულად, ოფიციალური ტოკიო, ვაშინგტონთან ერთად, შესაძლო სამხედრო სცენარზე რეაგირების გეგმას ამუშავებს, ხოლო ვაშინგტონი საათობრივად ცვლის პოზიციებს. ტრამპის ბოლო განცხადება ასეთია: ,,კორეა გონს უნდა მოეგოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სერიოზული პრობლემები შეექმნება'', რაც უკვე ბირთვული ომის წინაპირობად ჩაითვალა აშშ-ს მთავრობაშიც კი. პენტაგონის ხელმძღვანელმა, ჯეიმს მეტისმა აღნიშნა, რომ პრობლემის სამხედრო და არა დიპლომატიის გზით გადაწყვეტა კატასტროფის ტოლფასია, მაგრამ რომელ დიპლომატიაზე გინდა კიმ ჩენ ინს, კიმ ჩენ ირის შვილსა და კიმ ის სენის შვილიშვილს ელაპარაკო?
რა პოზიციაზეა რუსეთი ან ჩინეთი? ჩინეთის სახელმწიფო მედია ნეიტრალურ პოზიციაზე აპელირებს, რაც უკვე ნიშნავს, რომ ჩინეთი თუ არ წყვეტს ჩრდილოეთ კორეასთან ეკონომიკურ თანამშრომლობას (ის, პრაქტიკულად, ერთადერთი პარტნიორია) და ამას დასავლეთი გმობს, ჩინური ნეიტრალიტეტიც ჩაითვლება ანტიდასავლურ გამოხდომად. ამას ემატება ისიც, რომ ჩინეთი მხოლოდ შტატებს მოუწოდებს სიფრთხილისკენ, თუმცა, როცა სანქციების დრო დადგა, მანაც და რუსეთმაც ჩრდილოეთ კორეისადმი დაწესებულ შეზღუდვებს მხარი დაუჭირეს.
დღეს შეიძლება ითქვას, ჩრდილოეთ კორეა უკვე მზადაა მუქარის აღსასრულებლად. საქმე ისაა, რომ გასული კვირის დასაწყისში კიმ ჩენ ინმა სარდლობას ბრძანება მისცა, ოთხ დღეში მოემზადებინათ გუამის დაბომბვის გეგმა. ოთხი დღე გავიდა, რაც ნიშნავს, რომ ახლა ჯერი ლიდერზეა; ისევე როგორც შტატებში ბალისტიკური რაკეტის გაშვების ღილაკს მხოლოდ პირველი პირი აკონტროლებს ანუ ნებისმიერ წამს შეიძლება მოხდეს ის, რასაც მესამე მსოფლიო ომი ეწოდება. ,,ვაშინგტონ პოსტის'' ანალიტიკოსი ანნა ფაიფილდი წერს, რომ რაკეტის გაშვება კიმ ჩენ ინს თვითიდენტიფიცირებისთვისაც ესაჭიროება. ის, პრაქტიკულად, მესამე თაობაა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ვინც იმუქრება შტატების წინააღმდეგ, თუმცა აქამდე არ აღსრულებულა. დღეს კი ფხენიანმა დიდ წინსვლას მიაღწია ბირთვულ შეიარაღებაში, რასაც დასავლეთიც არ უარყოფს. ამდენად, შვეიცარიაში გაზრდილ კიმ ჩენ ინს ბავშვობიდან ესმის, რომ ვაშინგტონი მტერია და მას უნდა ესროლოს. შესაბამისად, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ტრამპი-ინის მუქარის გაცვლა უფრო მეტია, ვიდრე ნერვების ომი. მაგიდაზე ხელის დარტყმა და ამბიციური ,,თვითდამკვიდრება'' ორივე ლიდერს სჭირდება; მით უმეტეს, კიმ ჩენ ინს, რომელსაც ე.წ. აგრესიული სამხედრო ვერტიკალი მკაცრად შეაფასებს, თუ სისუსტეს გამოავლენს და აშშ-ს ,,მის ადგილს არ მიუჩენს''.
რა ელის ასეთ დროს მსოფლიოსა და საქართველოს? ევროგაერთიანება, ბრიტანეთი, კანადა, ავსტრალია, იაპონია უკვე აფიქსირებენ, რომ მათი პოზიციები შტატების გვერდით იქნება. ეს ნიშნავს, რომ ვინც კორეის მხარეს იქნება, აღმოჩნდება მსოფლიოს წინააღმდეგ. ყველაზე მწვავე პოზიცია აქ რუსეთს უკავია, რომელიც თავად ემუქრება პერიოდულად შტატებსა და ნატო-ს; ამასთან, მოსკოვმა უკვე გაბედა აგრესია 2008-ში, 2014- ში და სირიაში, რისთვისაც სანქციებით ,,დასაჩუქრდა''. სანქცია უპრეცედენტოდ ძლერია, რადგან პრაქტიკულად, მსოფლიოს ნებისმიერ ადამიანს უკრძალავს რუსეთში (ასევე, ჩრდილოეთ კორეასა და ირანში) მსხვილ ინვესტიციებსაც კი, რაც კოლაფსს გამოიწვევს სავალუტო ბაზარზე და საბოლოოდ რუსეთს კრახამდე მიიყვანს. ეს ერთ-ერთი წინაპირობაა იმისაც, რომ რუსეთმა სამხედრო მოქმედებები დაიწყოს (война все спишет). მიზეზი რამდენიმეა: 1) ქვეყანა კიდევ ერთ კრიზისულ დარტყმას ვერ გაუძლებს და შიდააფეთქების პრევენციისთვის ომი გამოსავალია; 2) რუსეთი ყოველთვის ბოროტად იყენებდა დასავლურ საომარ ოპერაციებს. 90-იანებში, როცა ნატო და აშშ ყოფილ იუგოსლავიაში მოქმედებდნენ, რუსეთმა საქართველოში, მოლდოვასა და ყარაბაღში არია ვითარება. როცა შტატები ერაყს ,,აგვარებდა'' და ,,არაბულ გაზაფხულს'' უჭერდა მხარს, მოსკოვმა 2008 წლის აგვისტოს ომი დაიწყო, მოგვიანებით (2014) კი, ყირიმის ანექსია განახორციელა. შესაბამისად, ჩნდება კითხვა: არის კი პირდაპირ კავშირში მოსალოდნელი აშშ-ჩრდილოეთ კორეული ომი საქართველოსთან?
2017 წლის გაზაფხულზე, ნატო-ს სამოკავშირეო ოფისში, თბილისში, ნატო-ს წარმომადგენლებმა ჟურნალისტებთან გამართეს დახურული შეხვედრა. იქ დაისვა კითხვა: ,,რა განსხვავებაა ნატო-სთვის 2008 და 2014 წლის რუსულ აგრესიას შორის? რატომ არაფერი თქვა მსოფლიომ საქართველოში შემოჭრაზე და რატომ აიმაღლა ხმა ყირიმის ანექსიაზე?''. ნატო-მ ასეთი პასუხი გასცა: ,,რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, 2008-ში ნატო-ს ბოლომდე სჯეროდა, რომ რუსეთი იმას არ გააკეთებდა, რაც გააკეთა. 2014-ში უკვე შეხედულება შეცვლილი იყო''. ეს ნიშნავს, რომ თუ რუსეთი ბოროტად გამოიყენებს არსებულ ვითარებას, პასუხს არა მხოლოდ ჩრდილოეთ კორეა, არამედ ისიც მიიღებს. ხოლო თუ მოსკოვი ბირთვულად ან თუნდაც მასშტაბურად ააჟღარუნებს იარაღს, პასუხად მათივე ნათქვამი გამოდგება.
2013 წელს, რუსეთის ვიცე-პრემიერმა დიმიტრი როგოზინმა რუსეთის სარაკეტო-კოსმოსური მრეწველობა სასტიკად გააკრიტიკა და ცნობილი ამერიკული ფილმის _ ,,არმაგედონის'' რუს პერსონაჟს შეადარა, რომელიც უროთი ასწორებს კოსმოსურ ხომალდზე აღმოჩენილ ხარვეზებს. 2016 წელს მანვე აღნიშნა, რომ ახალმა რუსულმა შეიარაღებამ წარმატებით გაიარა ტესტი სირიაში; 2017 წელს კი იმავე როგოზინმა განაცხადა: ,,აშშ-ს ძალუძს. 6 საათში გაანადგუროს რუსეთის სტრატეგიული სამხედრო ობიექტები'', ანუ ომში ჩაბმა მოსკოვისთვის ფატალური იქნება.
საქართველო ამ დროს ბეწვის ხიდზე გადის. რუსეთი თუ ფართომასშტაბიან აგრესიას თავს არიდებს, სამაგიეროდ წარმატებით ახორციელებს: ა) პროვოკაციულ ბორდერიზაციას; ბ) საქართველოს შიგნიდანვე ერის პრორუსიზაციას, რაშიც მოღალატეობრივი თუ ჰომოსოვეტიკუს ჯგუფები წარმატებით უწყობენ ხელს. ეს ის შემთხვევაა, როცა ,,ქართული ოცნება'' ნამდვილად არაა შესაშურ მდგომარეობაში. მართალია, კვირიკაშვილსა და მის მთავრობას გეზი დეკლარირებულად დასავლური აქვთ, მათ გარშემო ძალიან ,,საშიში'' ხალხი ტრიალებს _ პარლამენტსა და სამოქალაქო აქტივისტების სეგმენტში. თუ სააკაშვილმა ხისტი პასუხი, პატრიოტული ეპატაჟურობა და ქვეყნის თავმოყვარეობა არჩია, რაც აგვისტოს ომში გადაიზარდა, ,,ოცნება'' თავდახრილ, თვითშეურაცხმყოფელ და რაციონალურ მიდგომას არჩევს. ბევრის აზრით, ეს არა რაციონალიზმი, არამედ ,,სხვა გზა არ მაქვს და უნდა გავწვე'' უფროა, თუმცა რა მოცემულობაც უნდა შეიქმნას, მაიკ პენსის ვიზიტმა და ვიზის ლიბერალიზაციამ ევროპაში, უკვე დაადასტურა, რომ დასავლეთი საქართველოში ინვესტირებული მილიარდებისა და გაზიარებული გამოცდილების დაკარგვას არ აპირებს. ასე რომ, თუ ,,ოცნება'' რუსული გემბანისკენ დაიწყებს მზერას, მალევე ფსკერზე დაიძირება.
ხოლო თუ რუსული ოპოზიციური პარტია ,,იაბლოკოს'' ერთ-ერთ ლიდერს, გრიგორი იავლინსკის ბლოგის ბოლო სტატიას გადავხედავთ, ნათლად ჩანს, რომ ამერიკული (ასევე, ევროპული) სანქციების ბოლო პაკეტით, რუსეთი სრულადაა იზოლირებული და, პრაქტიკულად, ირანის სადარი გახდა დასავლეთისთვის. ქვეყანას საერთაშორისო დიპლომატიური იზოლაციის გარდა, ელის უცხოური ვალუტისა და ინვესტიციების შემოდინების აბსოლუტურ მინიმუმამდე დავარდნა, რაც სავალუტო ბაზარზე რუბლს კრახს უწინასწარმეტყველებს. საქართველოს, ასეთ დროს, მხოლოდ მოთმინებით ლოდინიღა მართებს, თუ, რა თქმა უნდა, არაპროგნოზირებადმა კრემლმა არ არჩია ტაქტიკა _ ,,война все спишет''.
გამოყენებული წყაროები:
https://hbr.org/2017/07/globalization-in-the-age-of-trump
http://www.politifact.com/truth-o-meter/article/2017/aug/10/ nuclear-strike-against-north-korea-constitutional-/
https://www.nytimes.com/2017/08/10/world/europe/putin-trump-embassy-russia.html?_r=0
https://www.washingtonpost.com/news/worldviews/ wp/2017/08/11/are-we-on-the-brink-of-nuclear-war-with-north-korea-the-consensus-is-probably-not/?utm_term=.7143c6c0f53d
http://www.washingtonexaminer.com/russia-downplays-north-koreas-saber-rattling-tells-us-to-be-prudent/article/2630940
http://www.mk.ru/politics/2013/06/28/876621-rossiya-proigraet-amerike-voynu-za-6-chasov.html

back to top