Menu
RSS

ვინ და რატომ შეარქვა დოქსოპულო _ ყველაზე იდუმალი და შავბნელი კუდ-ელის სკანდალური X-ფაილი

...ის საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი და ბნელითმოცული პიროვნებაა. ყოველ შემთხვევაში, ადამიანები, ვისაც მასთან წამიერი შეხება მაინც ჰქონია, ამბობენ, რომ პოლიტიკური ქამელეონია ანუ შეუძლია, ერთი ხელით სანთელი დაანთოს და უფალი ადიდოს, მეორე ხელით კი ენითაუწერელი სისასტიკის ბრძანება გასცეს. დიახ, ხალხური მითოსით, მას ორმაგი სახე აქვს _ კეთილი და ბოროტი. ალბათ, სწორედ ამ ორსახოვნების დამსახურებაა, რომ კარიერული ოლიმპი დაიპყრო. მას შემდეგ კი, რაც რეჟიმი, მაშასადამე, სააკაშვილის ხელისუფლება შეიცვალა, ისე გაუჩინარდა, როგორც შარშანდელი თოვლი _ მართალია, ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება, მაგრამ არავინ იცის, სად არის. ერთი ვერსიით, თურქეთშია; მეორე ვერსიის თანახმად კი, საქართველოს სამანებს მიღმა, ერთ-ერთ მართლმადიდებლურ ეკლესიაში მორჩილის ცხოვრებით ცხოვრობს ანუ დარჩენილი ცხოვრება უფალს მიუძღვნა.
და პოლიტიკური სამოთხიდან განდევნილი ანგელოზების გადასაწყვეტია. შესაბამისად, მსჯელობის ამ კუთხით გაგრძელება არ ღირს. ამიტომაც, ,,ვერსია'' პრაგმატულ გადაწყვეტილებას იღებს და ნაციონალური ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი წარმომადგენლის X-ფაილს, ტრადიციისამებრ, ხალხურ მითოსსა თუ ინტერნეტმასალებზე დაყრდნობით ადგენს.
მაინც, ვინაა ეს ექსძლევამოსილი ჩინოვნიკი? მოგეხსენებათ, ნაციონალების უმეტესობა, ლიბერალიზმისთვის ხარკი რომ გადაეხადა, ათეისტობას იჩემებდა, რასაც სხვა თუ არაფერი, გლდანის ეკლესიის ,,ბულდოზერით'' დანგრევაც მოწმობს, თუმცა გადამწყვეტ მომენტში, ესე იგი მაშინ, როცა ხალხის მღელვარება პიკს უახლოვდებოდა, ,,ვარდოსნები'' ეკლესიას, როგორც იტყვიან, მეხამრიდად იყენებდნენ. საპატრიარქოსთან ურთიერთობის მთავარი ,,მარეგულირებელი'' კი, ხალხური მითოსით, კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო თოფურიძე იყო. ეს კი არადა, იმასაც ამბობენ, რომ თოფურიძე ხანგამშვებით სინოდის სხდომებსაც ესწრებოდა და მღვდელმთავრებს აიძულებდა, ხელისუფლებისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილება მიეღოთ.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ყველა ან თითქმის ყველა გახმაურებულ საქმესა თუ სპეცოპერაციაში, რომელიც ,,ვარდოსნების'' მმართველობასთან ასოცირებდა, სოსო თოფურიძე მთავარ როლს ასრულებდა _ არ ვამბობთ, რომ ამა თუ იმ პიროვნების დაკავებას, გაფუჭებას ან სულაც მოსმენაზე დასმას ავტონომიურად წყვეტდა, მაგრამ განვლილი წლების ანალიზი ნათელყოფს, რომ სოსო თოფურიძე, უბრალოდ, კარგი შემსრულებელი იყო. ჰოდა, თუკი სამართლიანობაზე ვსაუბრობთ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ეს ბატონი, ნებსით თუ უნებლიედ, რეჟიმის ,,სტაფს'' წარმოადგენდა, თუმცა საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ იგივე ადამიანთა წამების გამო ,,ლიფსიტები'' ისჯებიან, პატივცემული ექსკუდელი კი სუფთა ჰაერს თავისუფლად სუნთქავს.
სხვათა შორის, რამდენიმე კვირის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა თოფურიძე შეიწყალა. სიტყვამ მოიტანა და, პერიოდულად, სხვა გაქცეულ ჩინოვნიკებზეც ამბობენ ხოლმე, ინტერპოლი აღარ ეძებსო. რას ემსახურება მსგავსი ცრუ ცნობის გავრცელება? _ ამ კითხვას პასუხი რომ გავცეთ, უპრიანი იქნება, სოსო თოფურიძის, როგორც ნაციონალური მოძრაობის ,,რუხი კარდინალის'' ალგორითმი გავშიფროთ.
ნაკურთხი ცოდვები
სოსო თოფურიძე იმ ასაკში არაა, კომუნისტურ ეპოქას ვერ მოსწრებოდა ანუ ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, მხოლოდ პიონერ-კომკავშირელი კი არა, ოქტომბრელიც უნდა ყოფილიყო (ცნობისთვის: თავიც რომ მოიკლათ, Gოოგლე-ს საძიებო სისტემაში მის ოფიციალურ ბიოგრაფიას, ესე იგი, ჩV-ს ვერ იპოვით, რაც ამ პიროვნების იდუმალებას ხაზს კიდევ ერთხელ უსვამს).
მოგეხსენებათ, კომუნისტები ეკლესია-მონასტრებს ,,ცეცხლითა და მახვილით'' ებრძოდნენ. იმდროინდელ სასკოლო სახელმძღვანელოებში კი შავით თეთრზე ეწერა, ნებისმიერი რელიგია, მათ შორის ქრისტიანობაც მასების სამართავადაა მოგონილიო. ამ პოსტულატს სიმართლესთან შეიძლება მცირეოდენი შეხება აქვს, მაგრამ საინტერესოა, ბოლშევიკური ეპოქის პირმშო თოფურიძემ უფალი როდის ირწმუნა? შეიძლება, ვინმემ თქვას, რა თქვენი საქმეაო და მართალიც იქნება, რამეთუ რწმენა ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე ინტიმური, ასე ვთქვათ, მხარეა, რომელზეც საჯაროდ ლაპარაკი არცთუ დელიკატურია, მაგრამ აქ საქმე სხვა რამეშია; კერძოდ, თოფურიძე ,,ვარდოსნული'' ,,ეს-ეს-ის'' მაღალჩინოსანი გახლდათ ანუ მინიმუმ, საქმის კურსში უნდა ყოფილიყო, რომ იმ 9 წლის განმავლობაში ადამიანებს ჯვარზე აკრავდნენ. ჰოდა, რა გამოდის? _ ცოდვას სჩადიოდა, მერე მოძღვართან მიდიოდა და შენდობას სთხოვდა?!
ამ შენდობას კი ბატონი თოფურიძე, როგორც ჩანს, ინდულგენციების სანაცვლოდ იღებდა. ყოველ შემთხვევაში, 2010 წლის გვიან შემოდგომაზე, ერთ-ერთ ქართულ გაზეთში გამოქვეყნდა სტატია, რომლის თანახმადაც, თოფურიძემ კრწანისში, წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. იმაზე მეტი ცინიზმი რაღა უნდა იყოს, რომ თოფურიძემ ხელი წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის ტაძრის მშენებლობას მოჰკიდა _ წმინდა სპირიდონი შეჭირვებულთა მფარველად ითვლება.
,,ლეიბორისტების მიერ რეფორმირებული პოლიციის ,,დოქსოპულოდ'' მონათლულმა თოფურიძემ საზოგადოებას თავი კუდ-ის ხმაურიანი ოპერაციებით გააცნო და ნაციონალური არხების სახე გახდა. თოფურიძის ბრიფინგები ბევრს 30-იან წლებს ახსენებდა. ასეთი იმიჯის მქონე თოფურიძე მოგვიანებით გასართობი შოუპროგრამების სახედ იქცა და ამაზე ვანო ჯავახიშვილმა იზრუნა. უკანასკნელად კი, პოპულარულმა სოსომ ჰოლივუდის კინოვარსკვლავებთან ერთად იპოზიორა. საუბარია პროექტზე _ ,,შერონ სტოუნი გადაარჩენს საქართველოს''. გახსოვთ, ალბათ, თბილისში ჩამოსულ მეგავარსკვლავს თოფურიძე ორი დღის მანძილზე გვერდიდან არ მოშორებია. ბოლოს, სოსო ჰოლივუდის სექსსიმბოლოს საპატრიარქოში შეუძღვა და მის უწმინდესობას შეახვედრა. შერონ სტოუნის ვიზიტმა საპატრიარქოში მართლმადიდებელი მრევლის არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.
აქვე იმ შემთხვევასაც გავიხსენებ, სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში გასამართლებულ პირებს რომ შეუძღვა თოფურიძე სამებაში და პატრიარქს დაალოცვინა. ამ კადრებმა მაშინ საზოგადოება შოკში ჩააგდო. ეს ის ფაქტებია, რაც გაცხადდა და ყველამ იცის.
რაც შეეხება კრწანისში მშენებარე მონასტერს, ამის შესახებ იმ სასულიერო პირს ვესაუბრეთ, რომელიც აღნიშნულ მშენებლობაში მონაწილეობდა, თუმცა მის სახელსა და გვარს, მისივე თხოვნით, არ ვახმაურებთ:
_ წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის მონასტერი ბატონი სოსო თოფურიძის ფინანსური და ფიზიკური ძალისხმევით შენდება. მე როგორც ვიცი, ამ კაცს ახლო ურთიერთობა აქვს სასულიერო პირებთან, ათონის მთასაც ხშირად სტუმრობს.
ერთი სიტყვით, ეს ის ოფიციალური ინფორმაციაა, რომელიც ფაქტებით დასტურდება, არაოფიციალურად კი ჩვენთვის ცნობილი ხდება სინოდის წევრებთან ერთად თოფურიძის ხშირი მიმოსვლა ათონის მთაზე. სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა თითქმის დასრულებულია და, როგორც სასულიერო პირი გვეუბნება, იქ რამდენიმე კელია უკვე აშენდა და ბერებიც იმყოფებიან, ღვთისმსახურებაც მიმდინარეობს და მალე, სოსო თოფურიძის ფინანსური ძალისხმევით, მთლიანად დასრულდება.
სასულიერო პირი პირად საუბარში იმასაც გვეუბნება, რომ მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია იგეგმება და ესეც თოფურიძეს მოუგვარებია მთავრობასთან. რა ფინანსები გაიღო სოსო თოფურიძემ მონასტრის ასაშენებლად, ეს ინფორმაცია მღვდელმა არ გაახმაურა... ეკლესიის დახმარებაში დასაძრახი არაფერია, პირიქით, მაგრამ ამ საქმეში ერთი საეჭვო გარემოებაა, კერძოდ ის, რომ მედიასაშუალებებში პერიოდულად ვრცელდება ინფორმაციები თოფურიძის საეჭვო კავშირებზე საბანკო ანგარიშებთან. როგორც ამბობენ, კუდ-ი საეკლესიო ანგარიშებს გაურკვეველი წარმომავლობის ფულისთვის იყენებს. ერთი ასეთი გადარიცხვის შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი ფარული სატელეფონო ჩანაწერებიდან გახდა. საუბარია, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოგონილ ,,კოკაინის საქმეზე''... ფარულ სატელეფონო ჩანაწერში კუდ-ის თანამშრომელი სოსოს სახელით ძებნილ ნუგზარ ბოჭორიშვილს 3 მილიონი ევროს ჩარიცხვას სთხოვს და ძებნილის სტატუსის მოხსნას ჰპირდება.
ამ მძიმე ბრალდებებისთვის სოსო თოფურიძეს პასუხი დღემდე არ გაუცია. შესაბამისად, მისი პერსონის ირგვლივ კითხვის ნიშნები გროვდება'', _ აღნიშნულია ზემოხსენებულ სტატიაში.
როგორც აღვნიშნეთ, სოსო თოფურიძე სწორედ ის ,,ვარდოსანი'' იყო, რომელიც მიხეილ სააკაშვილსა და საპატრიარქოს შორის ე.წ. მისიონერის როლს ასრულებდა. მისი ეს ფუნქცია ყველაზე ნათლად 2011 წლის ზაფხულში გამოჩნდა. ეს ის დროა, როცა პარლამენტმა რელიგიების სამართლებრივი სტატუსის შესახებ კანონი მიიღო, რასაც საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა. ამის გამო სინოდის საგანგებო სხდომა გაიმართა. სწორედ ამ დროს, როგორც იმდროინდელი პრესა იუწყებოდა, საპატრიარქოში სოსო თოფურიძე მივიდა.
,,მეუფე სერაფიმეს განმარტებით, სოსო თოფურიძე სინოდის სხდომას არ დასწრებია _ ის საპატრიარქოში ,,მეგობარ სასულიერო პირებთან'' იყო მისული და იმ სართულის ქვევით იჯდა, სადაც სხდომა მიმდინარეობდა... საპატრიარქოში თბილისის მერი გიგი უგულავა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ახვლედიანიც იყვნენ მისულები. უგულავა პატრიარქთან ძალიან ხმამაღლა საუბრობდა იმაზე, რომ პარლამენტი 5 ივლისს მიღებულ კანონს არავითარ შემთხვევაში არ გააუქმებდა. უგულავას აწეული ხმა ყვირილში და შენობით მიმართვებში მაშინ გადაიზარდა, როცა ის პატრიარქის გარეშე, იქ მყოფ სასულიერო პირებს და მათ შორის, სინოდის წევრებს ესაუბრა. უგულავა მათ შენობით მიმართავდა და უყვიროდა, რომ 5 ივლისს მიღებულ კანონს არავითარ შემთხვევაში არ გააუქმებდნენ.
სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, საპატრიარქოდან პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე ძალიან ჩქარი ნაბიჯით და ჩვენი აზრით, უკმაყოფილო სახით გამოვიდა _ მან არც ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი და არც იქ მყოფ მრევლთან. სინოდის წევრები საპატრიარქოს ეზოდან მანქანებით გამოვიდნენ. გამოსულ მანქანებს შორის ერთ-ერთმა მიიქცია ჩვენი ყურადღება _ ძვირადღირებულ, შავი ფერის ,,ჯიპში'' მინები ძალიან იყო ჩამუქებული'', _ ესაა ამონარიდი ინტერნეტპორტალ ,,ფორ.გეს'' სტატიიდან, რომელიც 2011 წლის 11 ივლისით თარიღდება.
ბიზნესინტერესები
ეკლესიის გარდა, როგორც ინტერნეტმედიაში გავრცელებული მასალები და, ასევე, ხალხური მითოსი მოწმობს, სოსო თოფურიძის ინტერესის სფერო ბიზნესიც გახლდათ. ყოველ შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა, თოფურიძე ბიზნესის არაერთ წართმევაში ამოტივტივდა. ასე, მაგალითად, ,,09''-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ივიკო გოგიჩაიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ ,,09'', მიხეილ სააკაშვილსა და ბიძამის თემურ ალასანიასთან ერთად, სოსო თოფურიძემ გაძარცვა და დააქცია. თოფურიძეს ბრალს აჭარელი ბიზნესმენი სერგო ბერიძეც უყენებს, რომელიც 2007 წელს დააკავეს. როგორც ბიზნესმენი ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში განმარტავს, მისი აყვანის სპეცოპერაციას უშუალოდ თოფურიძე ხელმძღვანელობდა. სხვათა შორის, საქმეში, რომლის შესახებაც ბიზნესმენმა ბერიძემ ვრცელი ინტერვიუ ,,გურია ნიუსს'' 2012 წლის ნოემბერში მისცა, შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის დედა, ჟენია მერაბიშვილიც ფიგურირებს.
,,...ჩემი ბიჭი კიდევ ერთხელ ჩავიდა ვანო მერაბიშვილის დედასთან. ვანოს დედამ დამირეკა, ხვალ შეგხვდებიანო. ,,ბათფარმა'' სადაც იყო, იქ იყო ბენზინგასამართი სადგური. იმის ზევით ყოფილა პატარა სასადილო, მე არც ვიცოდი. დამირეკა ვანოს დედამ, აქ ვზივარო. მივედი, დამხვდა სოსო თოფურიძე, მომცეს დანომრილი 20 000 დოლარი და დამიჭირეს. წამართვეს ყველა ქონება... 720 კაცი დატოვეს უმუშევარი და გაიქცნენ'', _ აღნიშნავს ზემოხსენებულ ინტერვიუში ბიზნესმენი ბერიძე.
სოსო თოფურიძის X-ფაილზე მუშაობისას, ,,ვერსია'' ერთ საინტერესო მასალას გადააწყდა. ,,პატიმარი სოსო თოფურიძის საქმიდან'' _ ასე ჰქვია სტატიას, რომელიც 2014 წლის სექტემბერში ,,გურია ნიუსის'' ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. სტატია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სახელზე დაწერილი პატიმრის წერილით იწყება:
,,...ძნელია, როდესაც პატიმარი უსამართლოდ ზის და ელოდება, როდის აღდგება სამართლიანობა... ჩემს საქმეში სსკ-ს 180-ე მუხლით გასამართლებული ვიყავით 7 ადამიანი. 5 პატიმარს შეეხო შეწყალება. ერთმა მოასწრო საზღვრის დატოვება და მხოლოდ ამ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაბრუნდა ქვეყანაში და მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. როგორ ფიქრობთ, რას განვიცდი? რა გავაკეთო? შეწყალების კომისიაშიც კი ვერ ხვდება ჩემი საქმე, კრიტერიუმს ვერ ვაკმაყოფილებ, რადგან სასჯელის ნახევარიც არ მაქვს მოხდილი. აღარაფერი დამრჩა... და მივმართე პროტესტის უკიდურეს ფორმას _ შიმშილს. ჩემთან ერთად კიდევ ერთი პატიმარი შიმშილობდა, გიორგი ნიკოლაშვილი. მასაც უსამართლოდ მოექცნენ. 8 დღე ვშიმშილობდით, მაგრამ მხოლოდ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელმა დააფიქსირა ჩვენი მოთხოვნა. სხვებს თავიც კი არ შეუწუხებიათ მოსვლით. ამიტომ დაგვრჩა ერთადერთი გზა _ მოგმართოთ თქვენ, საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს.
ბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ, გამოიჩინოთ ჩვენდამი ყურადღება და გვიხსნათ ამ უსამართლობისგან'', _ ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს მსჯავრდებული ვიქტორ გელაშვილი აწერს.
ამონარიდი ,,გურია ნიუსის'' სტატიიდან: ,,2011 წლის 15 ნოემბერს, შსს-მ ოფიციალური ვერსია გაავრცელა, რომლის თანახმადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი დააკავა, რომლებსაც ბრალად ედებათ უკანონოდ მიწების მითვისება. შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ დაკავებულია ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი: ვიქტორ გელაშვილი, ვლადიმერ მიქაშვილი, ალექსი ტაბახმელაშვილი და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ლევან გულედანი. ლევან გულედანი, თანამზრახ ველებთან ერთად, ყალბი ბეჭდების გამოყენებით აყალბებდა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტებს, რის საფუძველზეც სოფელ დიღმისა და დიდი დიღმის ტერიტორიაზე მდებარე, სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთებს საჯარო რეესტრში სხვადასხვა პირზე არეგისტრირებდა და თაღლითურად ითვისებდა. მითითებული მიწის ნაკვეთების გაყიდვისა და იპოთეკით დატვირთვის შედეგად მიღებულ თანხებს აღნიშნული ჯგუფის წევრები ინაწილებდნენ. მთლიანობაში ამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითური გზით უკანონოდ მითვისებული იქნა ერთ მილიონ ლარზე მეტი ღირებულების, სახელმწიფოს კუთვნილი 25 ერთეული მიწის ნაკვეთი, საერთო ჯამში ორნახევარი ჰექტარი. დაკავებული პირები აღიარებენ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია. მოქმედი კანონმდებლობა აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის ითვალისწინებს შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას'', _ ნათქვამი იყო ოფიციალურ განცხადებაში.
პატიმარი ვიქტორ გელაშვილი კი ოფიციალური ვერსიისგან განსხვავებულ ფაქტებზე საუბრობს. მისი თქმით, ყველაფერი კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო თოფურიძის მიერ იყო დაგეგმილი:
,,2007-2008 წლებში დაკავებული ვიყავი უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვით და მინდა ვთქვა, რომ ეს წლები გამოსწორდა ჩემი ფინანსური მდგომარეობა. შევიძინე რამდენიმე ავტომანქანა. ერთი ძვირადღირებული X-5 -ის ჯიპიც. ალბათ, ამ ყველაფერმა ძალიან გამოააშკარავა ჩემი ფინანსური მდგომარეობა და ყურადღება მიიქცია კუდ-ის მაღალჩინოსნების. მათ დაიწყეს ჩემზე მუშაობა. 2008 წლის 24 ოქტომბერს მომადგნენ ჩემი მეუღლის სახლში, სოფელ დიღომში. ჩამაგდეს მანქანაში 8 თვის ფეხმძიმე მეუღლის თვალწინ და გამაქანეს მოდულის შენობაში, სადაც 24 საათის განმავლობაში ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა ჩემზე, რომ მე გავაკეთე მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია ვიღაცის, რომლის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი იყო გაყალბებული და მე ეს ვიცოდი და მაინც გავუკეთე რეგისტრაცია. გამიყვანეს თანამონაწილედ და მომისაჯეს 21 წელი და 9 თვე. რა თქმა უნდა, მე ამას არ დავეთანხმე და არ ვაღიარე დანაშაული.
ჩემი დაკავებიდან ერთ თვეში შემეძინა მესამე შვილი ბიჭი, უფროსი შვილები გოგოები მყავს და შემომითვალეს, თუ გინდა შენი ნანატრი ბიჭი შენთან ერთად გაიზარდოს, აღიარე და გაგიშვებთო. ვიცოდი, ამათთან ჭიდაობას აზრი არ ჰქონდა და ვაღიარე დანაშაული. აღიარების შემდეგ სააპელაციო სასამართლომ ერთი წელი რეალური და 3 წელი პირობითი დამიტოვა. სოლიდური თანხა გადავიხადე და ერთი წლის შემდეგ დავტოვე გლდანის მე-8 საპყრობილე. დავიწყე ჩვეულებრივი ცხოვრება, მაგრამ დიდხანს არ გაგრძელებულა...''
ვიქტორ გელაშვილი იხსენებს, რომ 2011 წელს მას სიძის ძმამ შემთხვევით სუფრასთან გააცნო თავისი ნაცნობი. ეს ადამიანი აღმოჩნდა კუდ-ის მაღალჩინოსნის სოსო თოფურიძის თანაშემწე ბუდუ ლომჯარია, რომელთანაც ჰქონდა საუბარი იმის შესახებ, თუ რას საქმიანობდა დაკავებამდე და როგორ მოექცნენ კუდ-ის თანამშრომლები.
ვიქტორ გელაშვილი: ,,ამის შემდეგ კიდევ რამდენჯერმე შევხვდი ბუდუ ლომჯარიას ჩემი სიძის ოჯახში. ერთხელაც მან მითხრა, ვიცი შენი შესაძლებლობები, რაც შეგიძლიაო და მომიყვა, რომ პრობლემები ჰქონდა, ბინა ბანკში ჩადო და თუ ვასწავლიდი, როგორ შეიძლებოდა სახელმწიფო მიწების რეგისტრაცია და ამ გზით მიღებულ სარგებელს გავიყოფდით, მფარველი თვითონ იქნებოდა... ამაზე მან უარი მიიღო ჩემგან. გავიდა რამდენიმე დღე და ისევ მოვიდა ჩემთან და მითხრა, შეფი საქმის კურსშია და მწვანე შუქი აგვინთო და ნუ გეშინია, ვერავინ შეგვეხებაო. მე ისევ უარით გავისტუმრე და ვუთხარი, ამ საქმიდან არაფერი გამოვა-მეთქი. ცოტა არ იყოს, მეც შევშინდი და მეორე დღესვე წავედი თბილისიდან რაიონში, რადგან ვიცოდი, რა ხალხი იყო და რისი გამკეთებლები იყვნენ. ყოველდღე მირეკავდნენ, მაგრამ ზარებს არ ვპასუხობდი. მესამე დღეს ისევ მომაკითხეს და მითხრეს, ბიჭო, შეფი გაბრაზებულია შენზე და ჯობია, წამოხვიდე, დაელაპარაკოო. მინდა გითხრათ, რომ მათი შეფი სოსო თოფურიძე იყო. მეორე დღეს დამირეკა ტელეფონმა და ვუპასუხე. მაშინ მივხვდი, რომ დამალვას აზრი არ ჰქონდა, რადგან თვითონ სოსო თოფურიძემ დარეკა. მითხრა, ხვალ ამა და ამ ადგილზე მოხვალ და თან ჩემს ნაცნობ ლევან გულედანსაც მოიყვანო...''
როგორც ვიქტორ გელაშვილი ყვება, მეორე დღეს, დანიშნულ დროს, დანიშნულ ადგილას მივიდა. თოფურიძე რამდენიმე თანმხლებთან ერთად დახვდა მას და ლევან გულედანს.
ვიქტორ გელაშვილი: ,,კარგად გამომლანძღა და მითხრა, რასაც ბუდუ ლომჯარია მეტყოდა, იმას გავაკეთებდი, თუ არადა, დამიჭერდა, მით უმეტეს, რომ პირობითის ქვეშ ვიყავი და ვერსად წავიდოდი. მართლაც, მალევე მიქირავეს ბინა დიდ დიღომში და დავიწყეთ მუშაობა. ვასწავლე, როგორ უნდა დაერეგისტრირებინათ სახელმწიფო მიწები. სამი თვის განმავლობაში მათ უკვე 2 მილიონის ქონება დააგროვეს, ზოგს ყიდდნენ, ზოგს იპოთეკით ტვირთავდნენ. ამ ყველაფერს ბუდუ ლომჯარიას ახლობლებზე _ ბიძაზე, პაპაზე და ბიძაშვილებზე აფორმებდნენ.
როგორც გაირკვა, ბუდუ ლომჯარიამ თავისი შეფის, სოსო თოფურიძის ჩუმად რამდენიმე მიწა დაარეგისტრირა, რაც სოსო თოფურიძეს არ გამოპარვია და გადაწყვიტა მისი დასჯა, მაგრამ არამარტო ბუდუსი, არამედ ყველასი, ვინც ამ საქმეში გამოგვიყენა და ვინც კი ახლოს გაიარა მის გვერდით. დაგვაკავეს შვიდი კაცი: ბუდუ ლომჯარია, მისი ბიძა, დავით წერეთელი. ალექსი ტაბახმელაშვილი, ვლადიმერ მიქაშვილი, ლევან გულედანი, მე და ჩემი მეგობარი ბადრი ჯანიაშვილი, რომელიც საერთოდ არაფერ შუაში იყო ამ საქმეში.
ბადრი სპორტსმენია, მოჭიდავე, მსოფლიოს რამდენიმეგზის ჩემპიონი და საქართველოს ნაკრების უფროსი მწვრთნელი იყო ჭიდაობა სამბოში. მას ხელფასს უხდიდა ბიძინა ივანიშვილი როგორც მსოფლიო ჩემპიონს და ის ,,ქართული ოცნების'' მომხრე და მხარდამჭერი იყო. ეს არ გამორჩენია მხედველობიდან გენერალურ ინსპექციას, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ჩემი და ბადრი ჯანიაშვილის დაჭერაში. მინდა ისიც გითხრათ, რომ ბადრი ჯანიაშვილი, დაკავებამდე ერთი თვით ადრე პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა, ხოლო რომ გაიგო, ,,ქართული ოცნების მომხრე'' იყო და განსხვავებული აზრი ჰქონდა, 6 წლით თავისუფლება აღუკვეთა. სწორედ ბადრის მამის პანაშვიდზე მივდიოდით მეგობრები, კასპში სამი მანქანით გადამიკეტეს გზა გენინსპექციის თანამშრომლებმა და როგორც ტერორისტი, ისე ამიყვანეს დიდ დიღომში ამდენი ხალხის დასანახად, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. როდესაც მოვითხოვე, დაკავშირებოდნენ სოსო თოფურიძეს და ჩაეყენებინათ საქმის კურსში, მათ მითხრეს, რომ თუ კიდევ ვახსენებდი თოფურიძეს, კარგი დღე არ დამადგებოდა და როგორც კი გლდანის ციხეში გადამიყვანდნენ, ჯოჯოხეთური ცხოვრება არ ამცდებოდა. მართლაც მომიტანეს ვითომცდა ჩემი ჩვენება და მხოლოდ იმას ვაწერდი ბოლოში, რომ ნაკარნახებია ჩემს მიერ, სწორი იყო და ვაწერდი ხელს.
ასე მომისაჯეს 15 წელი, ხოლო ბუდუ ლომჯარია და მისი ბიძა შეწყალებით გაუშვეს ამიტომ, ძალიან ვთხოვ პროკურატურას, დაინტერესდნენ ჩვენი საქმით და გამოიძიონ თავიდან ბოლომდე...''
ერთი სიტყვით, ყოველივე ზემოთქმულით ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ სოსო თოფურიძემ იმ ყბადაღებული 9 წლის განმავლობაში ,,ბლომად მაყუთი'' იშოვა. ასე რომ არ იყოს, 5 წელია, ქვეყნიდანაა გაქცეული და ვერავინ იტყვის, ემიგრაციაში შავ მუშად მუშაობს და თავს ამით ირჩენსო, თუმცა შესაძლოა, ლუკმა პურის შოვნაზე არც ფიქრობს, რამეთუ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არსებობს ვერსია, რომ თავს საბერძნეთის ერთ-ერთ ქართულ მონასტერს აფარებს, მაშასადამე, სასულიერო პირების კმაყოფაზეა.
,,დათა ახალაიას ყოფილი მოადგილე ათენში ვილარას ქუჩის #5-ში რამდენიმე დღის წინ შენიშნეს. ეს ის ადგილია, სადაც ქართველები საქართველოდან ამანათებს იღებენ. ათენში მცხოვრები ერთ-ერთი ქალბატონის ინფორმაციით, მან სოსო თოფურიძე პარკით ხელში სწორედ ამ ადგილას დაინახა, _ ,,ეს მოხდა ომონიაზე, სოსო თოფურიძე ვილარას #5-ში, გრაფოს შესასვლელთან იმალებოდა, ხელში პატარა პარკი ეჭირა და ვიღაცას ელოდებოდა, ცოტა ხანში მასთან მოვიდა დაბალი ტანის სრული ქალბატონი, მოკლედ შეჭრილი თმით, როგორც მერე გავიგეთ, ეს ქალბატონი თოფურიძისთვის თავშესაფარს ეძებდა'', _ განუცხადა ლამარ ქართველიშვილმა ერთ-ერთ ქართულ გამოცემას 2013 წლის ივნისში.
2013 წელსვე ითქვა, თითქოს თოფურიძე თავს თურქეთს აფარებდა. ეს ინფორმაცია, პრაქტიკულად, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმაც დაადასტურა. წულუკიანის თქმით, ფაქტობრივად დადასტურდა, რომ კუდ-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო თოფურიძე იმყოფება სტამბოლში, ვინაიდან გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც იგი ტაძარში ლოცულობს.
,,ჩვენ არ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც ლოცვის დროს ადამიანს დააკავებს, გადამოწმდება ინფორმაცია, დარჩა თუ არა იგი ლოცვის შემდეგ სტამბოლში, რადგან რამდენადაც ცნობილია, მან საქართველოდან წასვლის შემდეგ რამდენიმე ქვეყანა მოიარა და იქნება მიღებული სამართლებრივი ზომები, რომ იგი იქნეს დაკავებული'', _ განაცხადა მაშინ წულუკიანმა, თუმცა თოფურიძე დღემდე თავისუფალია. მეტიც, როგორც X-ფაილის დასაწყისში აღვნიშნეთ, რამდენიმე დღის წინ ითქვა, თითქოს პრეზიდენტმა თოფურიძე შეიწყალა, თუმცა შეწყალების კომისიის ხელმძღვანელმა, ზვიად ქორიძემ ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო: ,,6 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა 170 ადამიანი. მათგან 120-მა შუაღამემდე დატოვა საპატიმრო დაწესებულება. მიმაჩნია, რომ პრეზიდენტის მიმართ მადლიერება მხოლოდ ამ 120 ადამიანს და მათი ოჯახის წევრებს არ უნდა გააჩნდეთ. დღეს საღამოს გავრცელებულმა ცრუ ინფორმაციამ ჯერ სოციალურ ქსელებსა და შემდგომ მედიაში შექმნა აჟიოტაჟი, რომლითაც ჩრდილი მიადგა შეწყალების აქტის მნიშვნელობას. ამ ფაქტმა მაიძულა წინამდებარე სტატუსის დაწერა.
ბატონმა ცოტნე გამსახურდიამ Facevook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, თითქოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო თოფურიძე და ამის გადაფარვას თითქოსდა პრეზიდენტი შეეცადა 4 შვილის დედის, თეა სირაძის შეწყალებით. საგანგებოდ არ ვიმეორებ ამ სტატუსში გამოთქმულ უხამსობებს. ამ ინფორმაციამ გააჯერა მედიასივრცე.
1. ბევრ მედიასაშუალებას დავუდასტურე და ახლაც ვაცხადებ, რომ საქართველოს პრეზიდენტს სოსო თოფურიძე არ შეუწყალებია. ვინაიდან სოსო თოფურიძე არ იმყოფება საპატიმრო დაწესებულებაში, მის საქმეს ვერ განიხილავდა ვერც შეწყალების საკითხთა კომისია. არ ვცდილობ, ვარკვიო, ვინ იყო ცოტნე გამსახურდიას ინფორმაციის წყარო ან რა მოტივი ამოძრავებდა მას ამ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისას;
2. საქართველოს პრეზიდენტმა ნამდვილად შეიწყალა თეა სირაძე, მაგრამ არაფრის გადასაფარად არ მომხდარა ეს. თეა სირაძის გათავისუფლებით გახარებული საჯარო პირები მის შეწყალებას საკუთარ აქტივობას აბრალებენ, მისი შეწყალების მოწინააღმდეგენი კი იწყებენ მტკიცებას, რომ თეა სირაძე 5 ინდოელის ცემის გამო არ იყო საპატიმროში. ორივე მხარის პოზიციები ამ საკითხზე კომისიის წევრებისთვის იყო ნაცნობი, თუმცა მათი გავლენის ქვეშ არ მოქცეულა. კომისიამ საკუთარი არგუმენტების საფუძველზე შესთავაზა პრეზიდენტს დადებითი რეკომენდაცია, რომელიც მან გაიზიარა.
3. ყველაზე სავალალო ამ ისტორიაში არის ჩვენი საზოგადოების მედიაწიგნიერების ხარისხი: ცოტნე გამსახურდიამ ფაქტად გაავრცელა ის ინფორმაცია, რომელიც სურდა, რომ ყოფილიყო რეალობა. სინამდვილეში იყო ცრუ; Fაცებოოკ-ში ეს ცრუ ინფორმაცია დაიჯერეს, მოიწონეს და გააზიარეს იმ ადამიანებმა, რომელთა პოლიტიკური განრიგი გიორგი მარგველაშვილის ლანძღვა და შეურაცხყოფაა, ანუ მათთვის მოგონილი ამბავი სასურველი ამბავი აღმოჩნდა; მედიამ ეს ცრუ ინფორმაცია მიიღო საბაზისოდ და შეეცადა მისგან შეექმნა ახალი ამბავი. ჟურნალისტი მეკითხება ,,მართალია თუ არა, რომ პრეზიდენტმა შეიწყალა სოსო თოფურიძე?'' ,,არა'' _ ვპასუხობ. ,,დარწმუნებული ხართ, რომ არ შეიწყალა'', _ ისევ მიბრუნებს კითხვას.
4. არ მაქვს ილუზია, რომ ამ ერთი ისტორიის ანალიზი ჩვენს საჯარო სივრცეში მოსპობს ცრუ ინფორმაციებს, თუმცა დარწმუნებული ვარ, კიდევ მეტად გაიზრდება ჩვენს საზოგადოებაში იმ ადამიანთა ხვედრითი წილი, ვინც არც გამტარი გახდება სიყალბის და არც მომხმარებელი. ასე გახდება ჩვენი საზოგადოება თანამედროვე''.
ცნობისთვის: შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, ამირან მესხელისგან განსხვავებით, ახალმა, ესე იგი, ,,ოცნების'' ხელისუფლებამ თოფურიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დაიწყო. 2014 წლის მარტში კი, პოლიციელების ცემის საქმეზე, თოფურიძეს, დათა ახალაიასთან, ოლეგ მელნიკოვსა და გერონტი ალანიასთან ერთად, 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა.
საერთოდ, სოსო თოფურიძის პერსონასა და მის ,,საგმირო საქმეებზე'' საუბარი დაუსრულებლად შეიძლება, თუმცა ერთ საგაზეთო წერილში ყველაფრის მოქცევა შეუძლებელია, ამიტომ ,,ვერსიამ'' მაღალჩინოსანი კუდ-ელის X-ფაილის შედგენისას ყურადღება მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან ფაქტებზე გაამახვილა.
ისე, შეიძლება, ზოგმა იკითხოს, როცა მერიის თანამშრომელ ოთო აბესაძეს ქრთამის აღების ბრალდებით აკავებენ, რა დროს ყოფილი მაღალჩინოსნის X-ფაილიაო. ამ რეპლიკაში ლოგიკა, უდავოდ, არის, მაგრამ არსებობს ერთი ,,მაგრამ'', კერძოდ, აბესაძის დაკავებამდე, სასამართლომ პოლიციის რამდენიმე ყოფილ თანამშრომელს, ადამიანთა წამებისა და სხვა მსგავსი უკეთურობისთვის, პატიმრობა შეუფარდა. ნებისმიერი დამნაშავე, ცხადია, უნდა დაისაჯოს, მაგრამ მაშინ, როცა რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი ,,პატრიარქი'', ანუ სოსო თოფურიძე ევროპაში ,,გულაობს'', ჯოხის რიგითებზე გადატეხვა, ცოტა არ იყოს, უხერხულია! არადა, იმას, რომ თოფურიძე მართლაც გავლენიანი ნაცი იყო, ერთი გარემოებაც ადასტურებს: მეგის ქარდავას ქორწილის თამადა სწორედ ის გახლდათ...
რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ თოფურიძის შეწყალებაზე გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, ყველა, ვინც პიარში მეტ-ნაკლებად ერკვევა, ხვდება, რომ მსგავსი რაღაცები საზოგადოების აღშფოთებისთვის კეთდება, მით უმეტეს, ახლა, როცა ადგილობრივი არჩევნები კარსაა მომდგარი. საერთოდ, ცრუ ინფორმაცია მასებზე ზემოქმედების იდეალური საშუალებაა. ჰოდა, მაშინ, როცა საზოგადოებას ნერვები ისეც ,,წკიპზე'' აქვს, იმის თქმა, აი, თოფურიძე შეიწყალესო, ხელისუფლების იმიჯს ერთიანად აცამტვერებს. მაშასადამე, გამოდის, მსგავსი აზრის კულტივირება საარჩევნო კამპანიის ნაწილი და, ცოტა არ იყოს, სახიფათო თამაშია...
ვანო პავლიაშვილი

back to top