Menu
RSS

„ვიძველბიჭებ თუ რას ვიზამ, ჩემი გადასაწყვეტია!“ _ გაპოლიტიკოსებული ექსჟურნალისტის, ალეკო ელისაშვილის X-ფაილი

ვერ ვიტყვით, რომ პირწავარდნილი ნაცია, მაგრამ რატომღაც ,,ყოფილების'' ლექსიკით გველაპარაკება. ყოველ შემთხვევაში, გივი თარგამაძის მსგავსად, კბილების დამტვრევით გვემუქრება. არადა, ერთი ჩვეულებრივი ოპოზიციონერია და მეტი არაფერი. საერთოდ, სასწაული არ ხდება, არც ოცნება იქცევა ხოლმე რეალობად, მაგრამ უცებ პოლიტიკურმა ღმერთებმა და პოლიტიკური სამოთხიდან განდევნილმა ანგელოზებმა „სინედრიონი“ რომ გამართონ და ამ ბიჭს, თუნდაც ექსპერიმენტის მიზნით, რამე უმნიშვნელო თანამდებობა „უფეშქაშონ“, ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ შეიფერებს და რა დღეში ჩაგვყრის _ მხოლოდ კბილებს კი არ დაგვამტვრევს, შეიძლება, სუნთქვაც აგვიკრძალოს!
ახლა, ყველაფერი ეს, ცხადია, უტრირებული ნათქვამია, მაგრამ ფროიდისა და ფსიქოლოგიის სხვა კორიფეების ლოგიკა გვკარნახობს, რომ ადამიანისგან, რომელიც, მინიმუმ, ვერბალურად ძალადობს, ყველაფერს ან თითქმის ყველაფერს უნდა ველოდეთ.
საერთოდ, ვერბალური ან ე.წ. შემდგარი მოძალადეები წარმატებული ადამიანები არიან ხოლმე. ამასთან, ასეთ „ტიპებს“ სხვებისთვის კბილებისა თუ ცხვირ-პირის დამტვრევის სურვილი იმიტომ უჩნდებათ, რომ ბავშვობაში თავად იყვნენ ძალადობის მსხვერპლნი ან მათ ბეგრაუნდში არის რაღაც ისეთი, რის კომპენსაციასაც სწორედ „კბილების დამტვრევით“ ცდილობენ.
ეს მოკლე ფსიქოანალიზი შეიძლება, მთლად პროფესიული არაა და არც ყველა მოძალადესა თუ ძალადობის მსურველს მიესადაგება, მაგრამ თუკი საქართველოს უახლეს ისტორიას გადავხედავთ, მივხვდებით, რომ ამ ნათქვამში სიმართლის მარცვალი არის. შორს რომ არ წავიდეთ, ავიღოთ, მაგალითად, ყოფილი მმართველი პარტია, უფრო კონკრეტულად, ამ პარტიის ზოგიერთი ყოფილი წარმომადგენელი, მაგალითად, გივი თარგამაძე: ალბათ, გახსოვთ, 2007 წლის სისხლიანი 7 ნოემბრის მერე ბატონი თარგამაძეც მოსახლეობას კბილების დამტვრევით ემუქრებოდა.
ანალოგიური ან შეიძლება, უფრო მძაფრი მუქარა არც დიმიტრი შაშკინისთვის იყო უცხო. ყოველ შემთხვევაში, ინტერნეტი შაშკინის იმდროინდელ განცხადებებს „ინახავს“, როცა იგი განათლების მინისტრი გახლდათ. კერძოდ, ერთხელაც, შაშკინი სამინისტროში სკოლის დირექტორებს შეხვდა და მიმართა: „თქვენს სისხლს დავლევ, პირდაპირ გეუბნებით!“
 
2012 წლის შემოდგომაზე, დიდ სახელისუფლებო პერეტრუბაციას საფუძვლად სწორედ „სისხლის დალევა“, „კბილების დამტვრევა“ და ძალადობის სხვა ხილული თუ უხილავი ფორმები დაედო. შესაბამისად, მშიერმუცელა მოსახლეობამ დაიჯერა, სხვადასხვა ჯურისა და ყაიდის პოლიტიკოსებს მუქარა აზრადაც აღარ მოუვათო, მაგრამ გამოხდა ხანი და მუქარაზე ის ბიჭი გადავიდა, რომლის მიმართაც საზოგადოების გარკვეულ ნაწილს მეტ-ნაკლები სიმპათია აქვს.
მოკლედ, ალბათ მიხვდით, ჯერჯერობით თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელ წევრსა და მერობის შესაძლო კანდიდატზე, ალექსანდრე ელისაშვილზე ვსაუბრობთ. დიახ, ქალბატონებო და ბატონებო, ამას წინათ, ერთ-ერთი სატელევიზიო გამოსვლისას, პატივცემულმა ელისაშვილმა ღიად და დაუფარავად განაცხადა: „მე თუ გადაწყვეტილებას მივიღებ, არჩევნებში მონაწილეობა მივიღო, არ დავიწყებ ფაჩუჩებით სიარულს და თეთრი ხელთათმანებით... გამიყალბეს და მერე რა მოხდა, კბილებს დავამტვრევ ყველას, ვინც გაბედავს, რომ გამიყალბოს, კბილებს დავამტრევ!“
ისე, ჩვენს ყოფილ კოლეგას კბილების დამტვრევის სურვილი შესაძლოა, ამ სტატიის წაკითხვის შემდეგაც გაუჩნდეს, მაგრამ „ვერსია“ არჩევნებს კი არ აყალბებს, არამედ ინტერნეტმასალებზე, ასევე ხალხურ მითოსზე დაყრდნობით, პოლიტიკაში გადაპორტირებული ჟურნალისტის X-ფაილს ადგენს. ასე რომ, თუკი წინამდებარე საგაზეთო პუბლიკაცია თბილისის საკრებულოს ჯერ კიდევ მოქმედ დეპუტატს ნერვებს მოუშლის, ყველაფერი საკუთარ თავს დააბრალოს, რამეთუ, წეღანდელი თქმისა არ იყოს, ჩვენ, უბრალოდ, იმ გახმაურებული სკანდალების, ასე ვთქვათ, დაიჯესტს გთავაზობთ, რომელშიც ბატონი ელისაშვილი სხვადასხვა დროს გახვეულა.
გზა ჟურნალისტობიდან პოლიტიკოსობამდე
შესაძლოა, ვინმე შეგვედავოს, ელისაშვილი „რაის“ პოლიტიკოსიაო, მაგრამ ეს სუბიექტური „შემოდავება“ იქნება, რადგან იმისთვის, რომ პოლიტიკოსი გახდეს, სავალდებულო არაა, ადამიანმა სპეცგანათლება მიიღოს. საერთოდ, ისეთი სასწავლებელი, რომელიც პოლიტიკოსებს ამზადებს, არ არსებობს. ესა თუ ის პიროვნება პოლიტიკამდე, მინიმუმ, სამოქალაქო აქტივისტობით მიდის ხოლმე. ელისაშვილმაც სწორედ ეს გზა გაიარა, თუმცა ვიდრე სამოქალაქო აქტივისტი გახდებოდა, საზოგადოებამ ისე გაიცნო, როგორც ჟურნალისტი _ მედიაში პირველად 1996 წელს გამოჩნდა. ჯერ გაზეთებში მუშაობდა, შემდეგ _ სხვადასხვა რადიოსადგურსა და ტელეკომპანიაში. სხვათა შორის, 1970 წლის 17 იანვარს დაბადებული ელისაშვილი პროფესიით ისტორიკოსია _
დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ისტორიის ფაკულტეტი პოლიტოლოგიის სპეციალობით.
როგორც ოფიციალური ბიოგრაფიიდან ირკვევა, თბილისის მერობის შესაძლო კანდიდატი 2008 წელს მუშაობას ტელეკომპანია „კავკასიაში“ იწყებს. სწორედ აქ მოუსწრო სახელისუფლებო ცვლილებებმა. ელისაშვილი „ოცნების“ ოფიციალური წევრი არასოდეს ყოფილა, მაგრამ როგორც მაშინდელი სამოქალაქო საზოგადოების უმრავლესობა, ისიც კოალიციას თანაუგრძნობდა. შესაბამისად, თითქმის არავის გაკვირვებია, რომ 2013 წლის ნოემბერში შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა, რასაც ელისაშვილი „თავისუფლების დღიურებში“, რომელიც 2013 წლის 1 დეკემბრით თარიღდება, ასე იხსენებს:
„25 ნოემბერი, ორშაბათი
დილა თავზარდაცემით დაიწყო: წინა დღის გეგმის მიხედვით, 11-ზე ვაპირებდი ადგომას და უკვე თორმეტისთვის სამსახურში _ „კავკასიაში“ _ მისვლას. მანამდე ნება-ნება ვისაუზმებ, ბავშვებს ვეთამაშები და წინა ღამით დამჯდარ ტელეფონს დავტენი-მეთქი, მაგრამ თერთმეტის ნახევარზე ირინამ ქვედა სართულიდან ამოირბინა, ლამის ყვირილით გამაღვიძა და ტელეფონი მომაჩეჩა. შალვა რამიშვილი იყო: სასწრაფოდ ჩაიცვი და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოდი, ნახევარ საათში შეწყალების კომისიის წევრების პირველი შეკრებააო. ჰაი, დედასა! წამოვხტი და აბაზანამდე მისვლა ვერ მოვასწარი, ქუჩიდან ჩემი პროდიუსერის, ტასოს ხმა გავიგონე, მეძახდა. ხალათმოცმულმა აივნიდან გავხედე და, პრეზიდენტის ადმინისტრაცია გეძებს, სასწრაფოდ მოვიდესო. ტასო მთაწმინდაზე ჩემ მეზობლად ცხოვრობს. მოკლედ, თან ვიცმევდი, თან ვიპარსავდი, თან ვიღვიძებდი და ასე გავჩნდი სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან ზუსტად 15 წუთში. არც საშვთა ბიუროში, არც დაცვასთან, საშვი არ იყო დაშვებული, რამდენჯერმე დავრეკე რამიშვილთან, რომელიც ყოველ ჯერზე მარწმუნებდა, რომ საშვი ნამდვილად იყო და მეც დაჟინებით ვითხოვდი საშვს. საბოლოოდ გაირკვა, რომ არა კანცელარიაში, არამედ ავლაბარში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უნდა მივსულიყავი. ჩავირბინე თავისუფლებაზე, ჩავხტი ტაქსიში და მივფრინდი რეზიდენციასთან. შესასვლელში ლია მუხაშავრიას შევხვდი _ მასაც დაეგვიანა, ჩემმა სკოლელმა და ახლა უკვე პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელმა, გვანცამ, შეხვედრის ოთახამდე აგვიყვანა. ზუსტად შვიდი წუთით დავაგვიანე, ოთახში ხალხი შეკრებილიყო, ბოდიში მოვიხადე. გაირკვა, რომ ჩემ გარდა ყველას ჯერ კიდევ პარასკევს სცოდნია, რომ ორშაბათს 11 საათზე ავლაბარში სხდომა უნდა ჩატარებულიყო. ვის და რატომ გამოვრჩი, აღარც გამომიძიებია, მთავარია, ძალიან არ დამიგვიანია.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან აბაშიძემ მცირე შესავალი გააკეთა. კომისიის წევრებს ერთმანეთთან დიდი წარდგენა, პრინციპში, არც გვჭირდებოდა. შეხვედრა დიდხანს არ გაგრძელებულა, თუმცა მაინც მოვასწარით მსჯელობა იმაზე, როგორ წარმოგვედგინა კომისიის მუშაობა და რა იყო შესაცვლელი და გასაუმჯობესებელი. აზრთა გაცვლა-გამოცვლა საინტერესო იყო. გვითხრეს, რომ მეორე დღეს უკვე საჯაროდ, პრეზიდენტის მიერ მოხდებოდა კომისიის წარდგენა. შეხვედრის შემდეგ კომისიის აპარატში ავედი, ძალიან ენერგიულმა და კვალიფიციურმა დიანამ ამიხსნა მათი აპარატის მუშაობის მექანიზმი, მითხრა გარკვეული დეტალები. საინტერესო მოსასმენი იყო ყველაფერი. შენობიდან რომ გამოვედი, ცოტა გამეცინა: რამდენიმე საათი ვიყავი შენობაში, რომლის ღობესთან წლების მანძილზე არაერთ საპროტესტო აქციაში მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ ასეთ რამეებზე ბევრი არ მიფიქრია. მთელი დღე შფოთვაში გავატარე: ყველა ნაცნობ იურისტს დავურეკე და ვკითხე, რას ფიქრობდა შეწყალების კომისიაზე, როგორ უნდა წარმართულიყო უკეთ მუშაობა და ასე შემდეგ.
საღამოს გადაცემა მქონდა, „ცხელი ხაზი“. გადაცემისთვის ძლივს მოვუყარე თავი აზრებს. მანამდე შალვა რამიშვილმა დამირეკა და ხვალ თორმეტის ნახევარზე იყავი კანცელარიაშიო.
26 ნოემბერი, სამშაბათი
თორმეტის ნახევარზე კანცელარიაში მივედი. მეათე სართულზე ლიფტის კარი გაიღო თუ არა, უამრავი ვიდეოკამერა, ოპერატორი და ჟურნალისტი დამხვდა. გვანცამ ხელი მომკიდა და ჟურნალისტებს უთხრა, კომენტარს მერე გააკეთებსო. მეც დამნაშავესავით ჩავუარე ყველა მიკროფონმომარჯვებულს. რომ გამოვალ, ყველაფერს დაწვრილებით გეტყვით-მეთქი. ზვიად ქორიძის გარდა, ისევ სრული შემადგენლობით შევიკრიბეთ _ ზვიადი უცხოეთშია და ამიტომ ვერ მოვიდა. დიდხანს არ გაგრძელებულა შეხვედრა პრეზიდენტ მარგველაშვილთან. დაახლოებით 10 წუთი ვილაპარაკეთ. „ბატონო პრეზიდენტო!“ _ მიმართავდნენ გიორგის კომისიის წევრები და მეც ვიჯექი და ვცდილობდი აღმექვა, რომ წლების განმავლობაში ჩემი რესპონდენტი მარგველაშვილი პრეზიდენტია და რომ აქ ძალიან სერიოზულ საკითხზე ვართ შეკრებილები და რომ მეც სერიოზული პასუხისმგებლობა მეკისრება. მალევე მე და გიორგი გავდივართ ჟურნალისტებთან, რამდენიმეწუთიანი ბრიფინგისა და წარდგენის შემდეგ, უკვე რიგრიგობით გადიან კომისიის წევრები კამერებთან და კომენტარებს იძლევიან. პრეზიდენტის პრესსამსახურის რჩევით, მე ბოლოს გავდივარ და უფრო ვრცელ კომენტარს ვაკეთებ. ერთი სული მაქვს, გავიდე კანცელარიიდან და მივიდე „კავკასიაში“. „კავკასიის“ ოფისი იქვეა, ლეონიძის ქუჩაზე. მივედი და დაიწყო ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი, ყველაზე ენერგიული და ყველაზე რთული დღე: მოლოცვები და შეკითხვები „ფეისბუკში“ (არც ერთი უპასუხოდ არ დამიტოვებია), მოლოცვები და შეკითხვები ტელეფონზე _ დღის განმავლობაში სამი ეთერი: ჯერ დიანასთან და თეონასთან „მაესტროზე“, მერე 9 საათზე პირველ არხზე ეკა მიშველაძესთან, ბოლოს _ საკუთარი „ბარიერი“. შუალედში დავურეკე ელენე თევდორაძეს _ ორი სიტყვით მომილოცა, მაგრამ ძალიან განაწყენებულია, რომ მედიით შეიტყო ეს ამბები. ვთხოვ, რომ შემხვდეს და მეუბნება, შეხვედრის აზრს ვერ ვხედავო. დარწმუნებული ვარ, გადაუვლის წყენა და შემხვდება. ასეც ხდება: გვიან საღამოს მირეკავს და მეუბნება, ხვალ პირველის მერე შევხვდეთ კანცელარიაშიო.
ჩემი გადაცემის მერე სახლში მივდივარ, მაგრამ ვერაფრით ვიძინებ: კომისია, კომისია, კომისია... როგორ უნდა იმუშაოს? რამე არ გამომეპაროს, ყველა დეტალი აუცილებლად უნდა გავითავისო. თავი არ უნდა შევირცხვინო. ამ ფიქრებში ჩამეძინა.
27 ნოემბერი, ოთხშაბათი
12 საათზე უკვე სააგენტო „პირველის“ საპრესკონფერენციო დარბაზში ვარ. ეს ოფისი „დიდუბე პლაზაშია“, გამოფენასთან, და მიხარია, რომ იქამდე მისასვლელად მარშრუტი ისე გავანაწილე, რომ ორი მონაკვეთი ფეხით გავიარე. სახლიდან „რუსთაველის“ მეტრომდე და მერე მეტრო „წერეთლიდან“ _ გამოფენამდე. ამ დღეების მანძილზე პირველად ვარ კმაყოფილი. არაფერი მირჩევნია თბილისში ამ ორ ტრანსპორტს: მეტროს და ჩემ ფეხებს! უზუსტესად შემიძლია გავთვალო, ნებისმიერ ადგილამდე მისასვლელად დრო, როცა მეტროთი და ფეხით მივდივარ.
მოკლედ, ამ დილის მარშრუტმა ცოტა ხასიათზე მომიყვანა, გზაში რაღაცები ავწონ-დავწონე, უახლოესი სამი დღის გეგმა დავსახე და კმაყოფილი მივედი სააგენტო „პირველში“. პრესკონფერენცია დაიწყო _ ისევ ის შეკითხვები, რაც რამდენიმე დღეა
მესმის, ისევ ჩემი გადაღეჭილი პასუხები. ცოტა ვბრაზდები, რომ უფრო მეტს ვლაპარაკობ კომისიაზე, ვიდრე მისი მუშაობა წარმომიდგენია, მაგრამ სხვა გზა არაა: წარბშეუხრელად ვლაპარაკობ რაღაცებს. ჟურნალისტებს ვეუბნები, აქედან ელენე თევდორაძესთან შესახვედრად მივდივარ-მეთქი, რამდენიმე მათგანი მომყვება.
კანცელარიაში ელენე თევდორაძის დაშვებული საშვით შევდივარ, მეხუთე სართულზე, მის ოთახში ვხვდებით. ვუმეორებ, რომ მართლაც კარგი იქნებოდა, ეთქვათ მისთვის წინასწარ, რასაც აპირებდნენ და რომ არ შეეტყო ამ ცვლილებების შესახებ ტელევიზიით, თუმცა მე მართლა არ ვარ დამნაშავე. შესავლის შემდეგ არსებით საკითხზე გადავდივართ, ძალიან გასაგებად და მკაფიოდ მიხსნის კომისიის მუშაობის მექანიზმებს, შესაძლო პრობლემებს, მიხსნის საკუთარი მუშაობის სტილს. გაფაციცებული ვუსმენ და ყველაფერს გონებაში ვინიშნავ. დაახლოებით ერთი საათი ვისაუბრეთ. ძალიან კმაყოფილი ვარ. ოთახთან დადარაჯებულ ჟურნალისტებს ვეუბნები, რომ მადლობელი ვარ ქალბატონი ელენესი.
„კავკასიაში“ მისული, ვკითხულობ აკო მინაშვილის კომენტარს ჩემს დანიშვნაზე. ბატონი აკო მიიჩნევს, რომ მე „ქართულმა ოცნებამ“ მხარდაჭერა დამიფასა. თან ვბრაზდები, თან მეცინება და თან ვხვდები, რამხელა მსოფლმხედველობრივი სხვაობაა ჩემსა და აკო მინაშვილს შორის. ეს დანიშვნა მას, როგორც ჩანს, „მაგარ პონტში გაჩითვად“ მიაჩნია. ჩემს პასუხს „ფეისბუკში“ სტატუსად ვწერ...
დიანას ვურეკავ, კომისიის აპარატის თანამშრომელს, და ვთხოვ, კომისიის ყველა წევრს შეატყობინოს, რომ პარასკევს 11 საათზე სამუშაო სხდომა გვექნება.
28 ნოემბერი, ხუთშაბათი
12 საათზე პრეზიდენტის რეზიდენციაში ვარ ავლაბარში. დიანასთან ერთად რამდენიმე საათის განმავლობაში 150 პატიმრის საქმე გავიარე. ეს ის პატიმრებია, რომელთა განცხადებებიც გარკვეულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ და კომისიაში დაგროვილი 600 განცხადებიდან შეირჩა... ყოველ საქმეზე ჩემთვის შენიშვნებს ვიწერ და 3 საათისთვის გამოვდივარ რეზიდენციიდან. უკვე კარგ გუნებაზე ვარ. თანდათან ვერკვევი დეტალებში, თანდათან ვიაზრებ, რა როგორ მუშაობს.
ავლაბრიდან საბურთალოზე წავედი _ „ტაბულას“ ტელევიზიაში გადაცემა „მძიმე კაცთან“ უნდა ჩაწერონ. საშინელ კითხვებს ველი, მაგრამ სასიამოვნოდ გაოცებული ვარ... ტელევიზიიდან გამოსული, დედაჩემს ვურეკავ და ვთხოვ, რამე საჭმელი მომიმზადოს. ვიცი, რომ ჩემს ასეთ თხოვნაზე გიჟდება ბედნიერებისგან... სანამ ვჭამ, მამაჩემი ყველაფერს მეკითხება. როდესაც იგებს, რომ, მგონი, მანქანა უნდა მომემსახუროს, მაგრამ მე ამით სარგებლობას არ ვაპირებ, პაუზას აკეთებს და მეუბნება, რომ არ მეთანხმება. „ბაზარში არ უნდა არბენინო მანქანა და ოჯახის საქმეებზე, მაგრამ რაც გერგება, ის უნდა გამოიყენო საქმისთვის. აბა, ხალხმა იცოდეს, რომ მანქანა გემსახურება და შენ მაინც ფეხით ივლი? იფიქრებენ, რომ მატრაკვეცობ და ვერ გაგიგებენ!“ _ ასეთია მამაჩემის ლოგიკა. არ გეთანხმები-მეთქი, ვუთხარი.
30 ნოემბერი, შაბათი
...შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობა გასულ კვირაში შემომთავაზეს. მანამდე ამაზე არასოდეს მიფიქრია. ჩემი პირობა ის იყო, რომ „კავკასიაში“ და „ჰამქარში“ უნდა დავრჩენილიყავი. ამიხსნეს, რომ ეს თანამდებობა საჯარო სამსახური არაა და ჩემს პირობას არ ეწინააღმდეგება. ნახევარი დღე ვითხოვე მოსაფიქრებლად. რამდენიმე მეგობართან კონსულტაციის შემდეგ დასტური ვთქვი. ჩემი პირადი გამოწვევა ისაა, რომ მინდა, ამ კომისიის მუშაობა ძალიან გასაგები და ადამიანური იყოს. ყველაფერი დაეფუძნოს ნათლად ჩამოყალიბებულ კრიტერიუმებს და ჰუმანურობას. სხვა ყველა გვერდითი ფაქტორი, პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური, კატეგორიულად გამოირიცხოს. ეს რომ ასე იქნება, დარწმუნებული ვარ. ამის თქმის საფუძველს ხელისუფლების ამ ეტაპის სურვილები და მზაობა და კომისიის წევრთა რეპუტაცია მაძლევს, მეც შესაბამისად ვარ შემართული“.
,,შეწყალებისა'' და სხვა სკანდალები
ვერ ვიტყვით, რომ ელისაშვილის თავმჯდომარეობის დროს შეწყალების კომისიამ რამე ისეთი გააკეთა, რაც მანამდე არ გაუკეთებია ანუ ამ კომისიის მთავარი მისია პატიმრების შეწყალებაა. შესაბამისად, პროფილი არც ელისაშვილის შეფობისას შეუცვლია, თუმცა მას შემდეგ, რაც კომისია დატოვა და თბილისის საკრებულოს წევრად მოგვევლინა, ელისაშვილმა ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე შოკისმომგვრელი სკანდალი „გახეთქა“. ყოველ შემთხვევაში, დაახლოებით, ორი წლის წინ განაცხადა, ორი „ოცნებელი“ დეპუტატი ჩემზე ზეწოლას ახდენდა და მაიძულებდა, ე.წ. კოკაინის საქმისთვის გასამართლებული შემეწყალებინაო.
ელისაშვილი თავდაპირველად ამ „ოცნებელების“ ვინაობას არ ასახელებდა, ბოლოს, „კარტი გახსნა“ და ეკა ბესელია და მანანა კობახიძე „ამხილა“, თუმცა დღევანდელი გადასახედიდან ისე ჩანს, რომ ყველაფერ ამის მიზანი, უბრალოდ, სკანდალი იყო და მეტი არაფერი ანუ ელისაშვილის ბრალდება ოფიციალურად არ დადასტურდა.
სხვათა შორის, იმ დროს, როცა „შეწყალების სკანდალი“ „აწია“, ელისაშვილი უკვე „ანტიქოცი“ იყო, ესე იგი, „ოცნების“ ხელისუფლების მიმართ სიმპათია აღარ ჰქონდა. შესაძლოა, ეს ინფორმაცია წმინდა წყლის ჭორია, მაგრამ კულუარებში იმ საბაბ-მიზეზზე საუბრობენ, რის გამოც ექსჟურნალისტი მოქმედ მმართველ პარტიას გაემიჯნა. ამ კულუარული ინფორმაციის თანახმად, ყველაფერი სამი წლის წინ, მაშასადამე, 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს დაიწყო.
„მართალია, ალეკო თბილისის საკრებულოს წევრი გახდა, მაგრამ თუ გახსოვთ, კენჭი დამოუკიდებლად იყარა. არადა, როგორც ვიცი, თავდაპირველად ჰქონდა მცდელობა, იგივე საბურთალოზე მაჟორიტარად „ოცნებას“ წარედგინა. რაღაც პერიოდის განმავლობაში მოლაპარაკება წარმატებით მიდიოდა, მაგრამ ბოლო წუთს „ოცნებამ“ ელისაშვილზე უარი თქვა, რაც ჩემი აზრით, ამ უკანასკნელის განაწყენების მიზეზი გახდა.
ზოგადად, ეს ბიჭი, ერთი შეხედვით, გულიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. შეიძლება, მართლაც ასეთია, მაგრამ პირადად მე, მის გაკეთებულ ერთ საქმესაც ვერ ვიხსენებ ანუ სულ მგონია, რომ „ურაპატრიოტია“, _ უთხრა „ვერსიას“ ერთ-ერთმა კონფიდენტმა.
სხვათა შორის, მას შემდეგ, რაც ელისაშვილი არჩევნების გამყალბებლებს „კბილების დამტვრევით“ დაემუქრა, სოციალურ ქსელში მისი მისამართით არაერთგვაროვანი შეფასებები გაკეთდა. აღსანიშნავია, რომ მის მიმართ „კომპლიმენტებს“ არც „ოცნების“ მხარდამჭერები იშურებდნენ და არც „ანტიოცნებელები“. ასე, მაგალითად, გიგა ბოკერიას მეუღლემ, თამარ ჩერგოლეიშვილმა დაწერა, რა მამაკაცურიაო. „ოცნებელებმა“ კი ის დრო გაიხსენეს, როცა ექსპრეზიდენტი სააკაშვილი მასობრივი პროთეზების პროგრამის დანერგვას აპირებდა და იხუმრეს, ელისაშვილი კბილებს დაგვამტვრევს, მერე მიშა ჩაგვისვამს და ქვეყანაც აშენდებაო.
შეწყალების გარდა, ელისაშვილი სხვა არაერთ სკანდალშიც გახვეულა. ერთ-ერთი ყველაზე, ასე ვთქვათ, მასშტაბური და გახმაურებული კი საკრებულოს, ასევე დამოუკიდებელ დეპუტატ სოსო მანჯავიძესთან დაპირისპირება გახლავთ. ეს ინციდენტი, რომელიც რამდენიმეწამიან ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა, ერთ-ერთი ქართული ტელევიზიის პირდაპირ ეთერში მოხდა, სადაც ელისაშვილი და მანჯავიძე დებატობდნენ. კერძოდ, მანჯავიძემ ელისაშვილს, რომელიც თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელ დიმიტრი მოსულიშვილს ქრთამის აღებაში ადანაშაულებდა, შენიშვნა მისცა:
_ რას ნიშნავს განცხადება შენ ხარ მექრთამე, რადგან ჩემი ლოგიკური მსჯელობით ეს დავადგინე? ეს ნორმალურად მიგაჩნიათ თქვენ? ეს ნორმალური თანაცხოვრების წესია? ეთერში ნუ ძველბიჭობ, შენი საძველბიჭო მალე დასრულდება.
ელისაშვილმა მანჯავიძის რეპლიკა უპასუხოდ, ცხადია, არ დატოვა და მიახალა:
_ ჭკუას ნუ მასწავლი და ვიძველბიჭებ თუ რას ვიზამ, ჩემი გადასაწყვეტია. შენი ჭკუის დარიგება არ მინდა და გავლანძღავ ყველას, ვინც გასალანძღია. პარტიიდან გაგდებული ხალხის ჭკუის დარიგება არ მჭირდება!
ამის თქმა იყო და ჩხუბიც „აიწია“, თუმცა გადაცემის წამყვანისა და ტელევიზიის პერსონალის დახმარებით, ვითარება მალევე განიმუხტა. ისე, ხმა დადის, მას შემდეგ ელისაშვილი და მანჯავიძე ერთმანეთს ერიდებიან ანუ სადაც ერთია, იქ მეორე არ მიდის და პირიქითო...
,,ტფილისის ჰამქარი''
წეღან კბილების დამტვრევასა და პროთეზებზე ვსაუბრობდით. ჰოდა, სოციალურ ქსელში გავრცელებული „მეოცნებეების“ ენამოსწრებულობაც ვახსენეთ, ელისაშვილი კბილებს ჩაგვიმტვრევს, სააკაშვილი პროთეზებს გაგვიკეთებს და ქვეყანაც აშენდებაო. სააკაშვილის აშენებული ქვეყანა ვიცით, როგორიცაა. ააშენებს თუ არა ელისაშვილი თბილისს, ამაზე მსჯელობა ნაადრევია, თუმცა თვითონ ამბობს, რომ თხემით ტერფამდე პატრიოტია. ცხადია, ვინმეს პატრიოტიზმის გაზომვა შეუძლებელია, ამიტომ ეჭვის შეტანა არც თბილისის მერობის შესაძლო კანდიდატის პატრიოტულ გრძნობაში შეიძლება, მით უმეტეს, 2006 წლიდან მოყოლებული, ელისაშვილთან ასოცირებული ორგანიზაცია „ტფილისის ჰამქარი“ დედაქალაქის იერსახისთვის მუხლჩაუხრელად იბრძვის. ყოველ შემთხვევაში, მშენებლობებს აპროტესტებს და ხანგამოშვებით მცირერიცხოვან აქციებსაც მართავს ხოლმე, თუმცა ვერ გეტყვით, რომ „ჰამქრის“ აქტიურობამ ოდესმე რამე შედეგი გამოიღო. რაც შეეხება ამ ორგანიზაციის, ასე ვთქვათ, მიზნებსა და ამოცანებს, ამის შესახებ „ვერსიამ“ ინფორმაცია სოციალურ ქსელში, „ტფილისის ჰამქრის“ გვერდიდან მოიპოვა, სადაც ნათქვამია:
„ტფილისის ჰამქრის“ ხედვაა ისეთი თბილისი: სადაც დაცულია ქალაქის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა; რომლის განვითარება და მოდერნიზაცია ხორციელდება ისტორიულ-კულტურული ღირებულების გათვალისწინებითა და საერთაშორისო გამოცდილებისა და ევროპული სტანდარტების შესაბამისად; რომელსაც მართავს მოქალაქეების მიერ არჩეული, საზოგადოებასთან ანგარიშვალდებული, გახსნილი ადგილობრივი ხელისუფლება და რომლის მაცხოვრებლებიც აქტიურად არიან ჩართულნი ქალაქის განვითარებასა და უნიკალური ურბანული გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნების რთულ პროცესში; სადაც ისტორიულ, ურბანულ, კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მიიღება ღიად, მოსახლეობის აზრის მაქსიმალური გათვალისწინებით; სადაც თვითეულ მოქალაქეს გათვითცნობიერებული ექნება თბილისის ისტორიული და კულტურული ღირებულება, და მომავალი თაობებისთვის ამ ფასეულობის შენარჩუნების პასუხისმგებლობა.
„ტფილისის ჰამქარს“ სურს ქალაქის, როგორც ურბანული სხეულის ჰარმონიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ერთის მხრივ, ჩაერთოს მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, იმისთვის, რომ ქალაქის განვითარებისა და მოდერნიზაციის აუცილებელ პროცესში, გათვალისწინებული იყოს თბილისის ისტორიული განაშენიანების, როგორც უნიკალური ურბანული სისტემის დაცვის საკითხები და, მეორე მხრივ, განახორციელოს საინფორმაციო-საგანამანათლებლო და კულტურული პროგრამები ქალაქის შესახებ საზოგადოების უკეთესი ინფორმირების, მოქალაქეობრივი ცნობიერებისა და ქალაქის მიმართ მგრძნობელობის ხარისხის ამაღლების მიზნით“.
ისე, ჰამქარი იქით იყოს და, ალბათ, იშვიათია ადამიანი, რომელსაც არ უნდა, ევროპული დონის ქალაქში ცხოვრობდეს, სადაც ისტორიული მემკვიდრეობაც დაცული იქნება და „მოდერნისტული“ შენობებიც ძველ არქიტექტურას ორგანულად შეერწყმება, მაგრამ ამის გამო თითოეულმა ჩვენგანმა თბილისის მერობა რომ მოინდომოს, ცხადია, ვერ ,,გავფრინდებით''. შესაბამისად, ჩნდება ლოგიკური კითხვა, მხოლოდ კეთილი სურვილების გამო აპირებს ელისაშვილი გამერებას თუ ამ სურვილს საფანელად პოლიტიკური სარჩული უდევს?
პოლიტიკაში გარკვეულთ თუ დავუჯერებთ, ელისაშვილის, როგორც „ცნობადი“ სახის გამოყენებას პოლიტიკური პარტიები ცდილობენ.
„მართალია, ყველა ხვდება, რომ ელისაშვილს გამარჯვების შანსი არ აქვს, მაგრამ როგორც მერობის კანდიდატი, მინიმუმ, იმას მაინც მოახერხებს,ე.წ. წარმდგენი პარტია გააპიაროს. ჰოდა, საკითხს თუ ამ კუთხით მივუდგებით ეს საარჩევო კამპანია ელისაშვილისთვისაც ხელსაყრელი იქნება და მისი წარმდგენი პოლიტიკური ძალისთვისაც“, _ ამბობს „ვერსიის“ კონფიდენტი.
სხვათა შორის, რამდენიმე კვირის წინ ითქვა, რომ ექსჟურნალისტი მერობის კანდიდატად შესაძლოა, საარჩევნოდ ჯვარდაწერილმა „რესპებმა“ და თავისუფალმა დემოკრატებმა წარადგინონ. კულუარული ვერსიით, ეს იდეა ირაკლი ალასანიას ყოფილ პარტიაში მართლაც განიხილებოდა, მაგრამ დღევანდელი მონაცემებით, ამ კუთხით კონსულტაციები დაკონსერვებულია. ამასთან, პოლიტიკაში ჩახედულნი იმასაც ეჭვობენ, რომ იგივე „შეწყალების სკანდალის“ უკანაც თავის დროზე შესაძლოა, სწორედ ყოფილი „კოალიცისტები“ იდგნენ.
ზოგადად, ენას ძვალი არ აქვს და ამიტომ ყველაფრის თქმა შეიძლება, მაგრამ ელისაშვილი ვინმეს ხელში პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღი გახდა თუ არა, ამის ასპროცენტიანი თქმა შეუძლებელია.
მოკლედ, ასეთია საბურთალოს რაიონის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატის, ჟურნალისტყოფილ ალექსანდრე ელისაშვილის მოკლე X-ფაილი.
ისე, თუ გავითვალისწინებთ, რომ ელისაშვილი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის კომისიების წევრია, მაშინ არც იმის პროგნოზირება გაგვიჭირდება, რომ თუკი სასწაული მოხდა და მერად მოგვევლინა, მისი პრიორიტეტი სწორედ ურბანიზაცია და გარემო იქნება, რაც თავისთავად ცხადია, მისასალმებელია, მაგრამ არსებობს ერთი „მაგრამ“:
მართალია, საარჩევნო მარათონი ჯერ ოფიციალურად არ გამოცხადებულა და ყოფილი და მოქმედი ნაცების გარდა მერობის კანდიდატი სხვა პარტიებს არ დაუსახელებიათ, მაგრამ ამთავითვე ნათელია: წლევანდელი თვითმართველობის არჩევნები მძაფრი იქნება. ყოველ შემთხვევაში, თბილისის მერობისთვის ერთმანეთს „კიტები“ შეერკინებიან და ბრძოლაში ელისაშვილის ადგილი, უბრალოდ, არ დარჩება. ნათქვამია, ეშმაკს არ სძინავსო... ჰოდა, კარგი იქნება, თუ ,,კიტები'' ელისაშვილს მუქარას გაითვალისწინებენ და არჩევნების გაყალბებას არ შეეცდებიან, თორემ „კბილები დაემტვრევათ“...
ნინო დოლიძე

back to top