"აფხაზები უკრაინაში საკუთარი გენოფონდის განადგურებაზე არ წავლენ... არაა გამორიცხული, როცა გაწვევა გამოცხადდება, ენგურის ხიდს მოაწყდნენ"- სკანდალური ინტერვიუ პაატა დავითაიასთან

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი - თათია გოჩაძე

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მცხოვრები მოსახლოებისთვის ევროპის კარი იხურება. ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებით, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლები რუსული პასპორტებით ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობას ვეღარ შეძლებენ. რუსული პასპორტების მფლობელები ვეღარც ვიზებს მიიღებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირმა მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს რუსული პასპორტები დაურიგა. ანალოგიური რეგულაციები იმოქმედებს უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებისთვისაც.

შექმნილ დისკომფორტზე უკვე ალაპარაკდნენ ე.წ. სამხრეთ ოსეთში, სადაც აცხადებენ, რომ პრობლემა იმ ახალგაზრდებს შეექმნებათ, რომლებიც ევროპაში სწავლობენ. 

იმის გასარკვევად, თუ რა განწყობა მოჰყვა აფხაზეთსა და ცხინვალში ევროკავშირის სანქციებს, „ვერსია“ პარტია ევროპელი დემოკრატების ლიდერს, პაატა დავითაიას ესაუბრა:

- ამაში ახალი არაფერია, ეს აქამდეც ასე იყო, უბრალოდ, არ ჰქონდა სისტემური ხასიათი. აშშ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემულ რუსეთის პასპორტებს არ აღიარებდა და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაც ასე მოქმედებდა. ახლა კი ამას ევროკომისიამ სისტემური ხასიათი მისცა, რაც, რა თქმა უნდა, წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების თვალსაზრისით. აქ მთავარია, ოფიციალური თბილისი როგორ გამოიყენებს ამას. სპეციალური სახელმწიფო პროგრამა უნდა შემუშავდეს, რომ დაიწყოს ქართული პასპორტების გაცემა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებთათვის, თუმცა ყველაზე ვერ გასცემ, რადგან ზოგი დამნშავეა და პასუხი უნდა აგოს... მოკლედ, ამას სჭირდება სახელმწიფოებრივი მიდგომა და ეს მომენტი ხელიდან არ უნდა გავუშვათ.

- ე.ი. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაააქტიუროს მუშაობა იმისთვის, რომ აფხაზეთსა და ცხინვალში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეები ქართული პასპორტებით დააინტერესოს, არა?

- დიახ. მათ არჩევანი აქვთ - ან ჩაიკეტონ ფარდის უკან, ან გახდნენ ევროკავშირის მოქალაქენი, რადგან ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ყველა კრიტერიუმს დავაკმაყოფილებთ, უბრალოდ, ამას დრო სჭირდება. მათ კი ჯიბეში ექნებათ ევროკავშირის წევრი ქვეყნის პასპორტი.

- თქვენი ინფორმაციით, როგორი განწყობაა აფხაზეთში ამ სანქციების შემდეგ?

- იცით, რომ ბჟანიამ დაიწყო სამობილიზაციო შტაბების შექმნა, რასაც ძალიან დიდი ნეგატივი და პროტესტი მოჰყვა და არ არის გამორიცხული, რომ როცა მობილიზაცია და გაწვევა გამოცხადდება, ენგურის ხიდს მოაწყდნენ აფხაზები. ეს უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ, სამწუხაროდ, სახელმწიფო პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით არ არსებობს.

- ბჟანიამ ადგილობრივ ბიზნესმენებს ჯარის დაფინანსება სთხოვა, რასაც წინ უძღვოდა ინალ არძინბას განცხადება, რომ თითქოს საქართველოს მხრიდან აფხაზეთზე თავდასხმის საშიშროება დგას. როგორ ფიქრობთ, რატომ სჭირდებათ ამ ცრუ ნარატივის გავრცელება ადგილობრივ მოსახლეობაში დეფაქტო მმართველებს?

- თქვენც ხომ გესმით, რომ არანაირი თავდასხმა აქედან არ იქნება. განწყობის შექმნა უნდათ, თითქოს ქართველები აპირებენ თავდასხმას... თავიანთი ქმედებების განსამარტად, რაღაც იდეოლოგია ხომ უნდა მოიფიქრონ...

- ადგილობრივი ბიზნესმენების მიმართ ბჟანიას მოწოდება რას ემსახურება?

- ისედაც ისე აკონტროლებენ ბიზნესს, როგორც უნდათ, ეს ყველაფერი მხოლოდ PR-ია.

- ენგურს მოაწყდებიანო თქვით, ე.ი. ოღონდ უკრაინის ომში არ წავიდნენ და აფხაზი ახალგაზრდები მზად იქნებიან, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებზე გადმოვიდნენ? - ასე ფიქრობთ?

- აფხაზებს დიდ სამამულო ომში არ უომიათ და ახლა როგორ გგონიათ, უკრიანის ომში წავლენ და თავის გენოფონდს გაანადგურებენ? 1992-93 წლებში 2000 აფხაზი დაიღუპა და ლამის გენოფონდი გაუნადგურდათ. ახლა კი მხოლოდ 8000-მდე მამაკაცია გასაწვევი, რომლებიც ერთ დღეში შეიძლება, უკრაინის მიწაში ჩაწვნენ და ამაზე არ წავლენ აფხაზები...

- კი, მაგრამ მოსახლეობის ეს განწყობა ბჟანიამ და ინალ არძინბამ ხომ იციან?

- ისინი კრემლის მარიონეტები არიან და ბრძანებას ასრულებენ.

- გასაგებია... თქვენი ინფორმაციით, ცხინვალში რა ვითარებაა?

- ცხინვალში 8000 მოსახლეა და 12000 ჯარისკაცი. ეს ერთი დიდი სამხედრო ბაზაა და იმოქმედებენ ისე, როგორ ბრძანებასაც გასცემს მათი მთავარსარდალი პუტინი. ცხინვალი აფხაზეთიც კი არაა, მოდი, ასე ვთქვათ...

- შესაძლოა, ამ სანქციის გამო ახალგზარდებში პროტესტის მუხტი დაიძრას?

- სპონტანურად არაფერი დაიძრება. ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი და ისინი უნდა ხედავდნენ, სადაა გამოსავალი. ამიტომ სახელმწიფო პოლიტიკა უნდა იყოს შემუშავებული, რაც სამწუხაროდ, არ არსებობს.