Menu
RSS

ამბობენ, სამი ქართველი უკვე პარლამენტიაო. სამ ქართველს გააჩნია, მაგრამ, როცა ორი ქართველი საუბრობს, აუცილებლად ახსენებს მიხეილ სააკაშვილის დედას, რომელმაც თავის დროზე ძალიან საეჭვო ვითარებაში, ჩალის ფასად შეიძინა ტექნიკური უნივერსიტეტის ორი _ მეხუთე და პოლიკლინიკის კორპუსი. პოლიკლინიკა იქიდან გაასახლეს და მეორე კორპუსში გადააბარგეს, შემდეგ მიიტაცეს ასევე ვეებერთელა სტადიონი, რომელიც ტექნიკური უნივერსიტეტის საკუთრებაში უნდა ყოფილიყო და უცებ აღმოჩნდა „საქართველოს უნივერსიტეტის“ საკუთრება. ამ უნივერსიტეტის მფლობელი კი გიული ალასანიაა.
სააკაშვილის დედას კიდევ ბევრ საქმესთან დაკავშირებით ახსენებენ, ასევე ახსენებენ სააკაშვილის მამას.
ეკონომიკის სამინისტრომ სიმბოლურ ფასად _ 1 ლარად გაყიდა მთელ დსთ-ს სივრცეში უნიკალური კურორტი ,,საირმე'', რომლის მფლობელი ,,საირმის განვითარების კომპანიაა'', კომპანიის 100%-იანი წილი კი საქართველოს პარლამენტის ბაღდათის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს, ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრს, ,,თეგეტა მოტორსის'' ერთ-ერთ მფლობელ თემურ კოხოძეს ეკუთვნის. თავდაპირველად ,,კურორტი საირმე'' ,,საირმის განვითარების კომპანიას'' 60 ათას ლარად გადაეცა. კომპანიამ ვალდებულება აიღო, კურორტის აღორძინების მიზნით, 10 მილიონი ლარის ინვესტიცია განეხორციელებინა. მოგვიანებით, როგორც ჩანს, უნიკალურ კურორტში დეპუტატს 60 ათასი ლარის გადახდაც დაენანა და ეკონომიკის სამინისტრომ შემდეგი მოთხოვნაც დააკმაყოფილა _ კურორტის 1 ლარად გადაცემასთან დაკავშირებით. ,,საირმის განვითარების კომპანია'' საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მამას, ნიკოლოზ სააკაშვილს ეკუთვნის.
,,ბიზნესრეზონანსი'' წერდა, რომ ,,საირმეში კერძო მესაკუთრეები მასობრივად დააყაჩაღეს''. მაგალითად, 2010 წლის 13-დან 23 დეკემბრის ჩათვლით საირმეში სახელმწიფოსათვის ქონების ჩუქების 20 და უძრავი ქონების მიტოვების 2 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდა ჩუქებით მიღებული მიწის ნაკვეთებისა, სახელმწიფომ საჯარო რეესტრისათვის მიმართვის გზით საკუთრებაში დაირეგისტრირა კურორტ საირმეში მდებარე არაერთი მიწის ნაკვეთი. მიწების უმრავლესობა კოხოძეს, ანუ შპს ,,საირმის განვითარების კომპანიას'' გადაეცა. 2011 წლის 5 დეკემბერს კი, აჭარის მთავრობამ ჯავახიშვილის 5-ში (საჯარო რეესტრის ყოფილი შენობა) მდებარე 1556 კვ/მ ტერიტორია პრეზიდენტის დედის გიული ალასანიას მფლობელობაში არსებულ ,,საქართველოს უნივერსიტეტის საშუალო სკოლას'' სიმბოლურ ფასად _ 1 ლარად აჩუქა“.
ასევე ახსენებენ სააკაშვილის ძმებს, ძმებ ახალაიებს, მამა-შვილ გაბაშვილს, მაჭავარიანისა და თარგამაძის ძმებს, გოგორიშვილის დას, ნადირაშვილის ქმარს, მერაბიშვილის დედასაც ახსენებენ, არ ვიცი, რა კონტექსტში, მაგრამ ამდენი ნეგატივის შემდეგ, სჯობს, პოზიტივზე გავამახვილოთ ყურადღება.
„შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის დედას ჟენია თუმანიშვილ-მერაბიშვილსას ,,ეტალონი დირექტორის'' წოდება მიენიჭა, სკოლა კი, რომლის დირექტორიც ჟენია თუმანიშვილ-მერაბიშვილია, წლის ,,ეტალონი საჯარო სკოლა'' გახდა. ახალციხის ილია ჭავჭავაძის სახელობის მე-5 საჯარო სკოლის დირექტორი გადაცემა ,,ეტალონის'' ავტორმა და წამყვანმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გუშინდელი გადაცემის დროს დააჯილდოვა. „არსებობენ ადამიანები, რომლებიც პედაგოგობისთვის არიან დაბადებულები და ქალბატონი ჟენია თუმანიშვილ-მერაბიშვილი სწორედ ასეთი ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება'', _ აღნიშნა გოჩა ტყეშელაშვილმა დაჯილდოებისას''.
ეს უაღრესად სასიამოვნო ინფორმაცია 2011 წლის 15 დეკემბერს გავრცელდა, რამდენიმე წლით ადრე კი, ადგილობრივი არჩევნების წინ მთელი პროგრესული სამყარო ძმებ კოდუების დედას, ლაურა ღაჭავას ახსენებდა და აი, რატომ: „ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბს მიმართა წერეთლის გამზირზე მცხოვრებმა პენსიონერმა ქალბატონმა, რომელმაც განაცხადა, რომ ტელევიზორის ეკრანზე შალვა ნათელაშვილის გამოჩენამ გააღიზიანა, თავი ვერ შეიკავა და ტელევიზორს ტაფა ესროლა. ბიზნესმენმა ლაურა ღაჭავამ მას შინ ახალი ტელევიზორი მიუტანა“.
ხშირად ახსენებდნენ გიგი უგულავას ყოფილ ცოლს და ასევე, გიგი უგულავას ცოლის მამიდას _ ჩუღურეთის რაიონის უგვირგვინო დედოფალს.
საერთოდ კი, ცოლების თემა ყოველთვის აქტუალური იყო, რამეთუ 2009 წლის ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით:
ნინო ლაშხი _ ენერგეტიკის მინისტრის, ალექსანდრე ხეთაგურის ცოლი მუშაობს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში, საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსად; მაია მესხიშვილი _ საქართველოს იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის ცოლი მუშაობს საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში, იურიდიულ საკითხთა დეპარტამენტის წამყვან სპეციალისტად; მაია ირემაშვილი _ საქართველოს პარლამენტის წევრის, ლაშა თორდიას ცოლი მუშაობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, მინისტრის მოადგილის თანაშემწედ; ლელა ცქიტიშვილი _ საქართველოს პარლამენტის წევრის, დავით დარჩიაშვილის ცოლი მუშაობს საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროში, მთავარ სპეციალისტად; ქეთევან კობიაშვილი _ საქართველოს პარლამენტის წევრის, აკაკი მინაშვილის ცოლი მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, მთავარ სპეციალისტად; ნატო ბლუაშვილი _ საქართველოს პარლამენტის წევრის, ზურაბ მელიქიშვილის ცოლი მუშაობს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, იურიდიული სამსახურის უფროსის მოადგილედ; მაკა მეტრეველი _ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის ცოლი მუშაობს თბილისის მერიაში, სოციალური მომსახურების და კულტურის საქალაქო სამსახურის მთავარ სპეციალისტად; მანანა რობაქიძე _ საქართველოს პარლამენტის წევრის, კობა ხაბაზის ცოლი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სპეციალისტია; ეკა კვესიტაძე _ საქართველოს შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის, შოთა უტიაშვილის ცოლი მუშაობს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში და პირველ არხზე მიჰყავს საავტორო გადაცემა „აქცენტები“; თამარ ჩერგოლეიშვილი _ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, გიგა ბოკერიას ცოლი არის ჟურნალ „ტაბულას“ დირექტორი; ნატალია თოფურია _ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, მირზა (პაპუნა) დავითაიას ცოლი მუშაობს ტელეკომპანია ,,იმედში'' ჟურნალისტად; ნანუკა ჟორჟოლიანი _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ირაკლი კოდუას ცოლი მუშაობს ტელერადიოკომპანია ,,იმედში'', უძღვება გადაცემას (,,ნანუკას შოუ'') როგორც ტელევიზიაში, ასევე _ რადიო ,,იმედში''; ლელა კილაძე _ თბილისის მერის, გიგი უგულავას ცოლი ტელეკომპანია ,,რუსთავი 2''-ის გასართობი გადაცემა ,,ბრავოს'' პროდიუსერია; იანა ფრემერი _ აშშ-ში საქართველოს ელჩის თემურ იაკობაშვილის ცოლი მუშაობს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში, პირველი კავკასიურის მთავარ პროდიუსერად; ეკა ჯაფარიძე _ საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, გიორგი ბარამიძის ცოლი შპს „ოპერას“ დამფუძნებელი; ირინა ონაშვილი _ სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრის, ვლადიმერ ვარძელაშვილის ცოლი შპს „ფეშენ ასოუსიეიშენის“ დირექტორია; ნათია ვერულაშვილი _ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის, ბაკურ კვეზერელის ცოლი არის ახალგაზრდული ცენტრების კავშირის დირექტორი; თამარ მერაბიშვილი _ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილი ცოლი არის მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის შეხვედრების კოორდინატორი; მაკა ლაჩაშვილი _ საქართველოს პარლამენტის წევრის, გიორგი მელაძის ცოლი არის „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მენეჯერი; სალომე წაქაძე _ ქვემო ქართლში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულ-გუბერნატორის, დავით კირკიტაძის ცოლი არის შოკოლადის საწამო „ბარამბოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი...
ეს სია რომ ჩავიკითხე, გამეცინა, გივილოს და ბაწროს მეუღლეები გამახსენდა ფილმიდან _ „სიყვარული ყველას უნდა“ საკერავი მანქანებით, ნაწნავებით და „კარგად დაწკეპილი ულვაშებით.
მაგრამ, ისიც მახსენდება, სიმთვრალეში როგორ წამოცდა სოდ-ის თუ კუდ-ის ერთ თანამშრომელს _ ყოველთვის ვცდილობთ, ქალები დავიჭიროთ, ასეთ დროს ოჯახი და საახლობლო ყველაფერს აკეთებს, ყველაფერზე მოდიან, ოღონდ ის დაიხსნან და თანხაზე საერთოდ არ გვევაჭრებიანო.
რამდენიმე ეპიზოდი დაყაჩაღებულთა ცხოვრებიდან
ირაკლი შ: „...ეს ქონება მე და დედაჩემმა შევიძინეთ 2003- 2005 წლებში. 2005 წლის მარტიდან დირექტორად დაინიშნა მამაჩემი. ამჟამად გარდაცვლილ ჩემ მამას, რომელიც იურიდიულად არ იყო უფლებამოსილი, რომ ხელი მოეწერა გარიგებაზე, იმერეთის საოლქო პროკურატურის პროკურორის დავალებით, საოლქო პროკურატურის გამომძიებლებმა 2007 წლის 16 ნოემბერს იძულებით, დაშინებით, შანტაჟით და ძალადობით, ხელი მოგვაწერინეს უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულებაზე, თითქოსდა, შპს-მ თავისი ქონების ღირებული ნაწილი, - შენობა-ნაგებობები და 2 მიწის ნაკვეთი, მდებარე ქალაქ ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, აჩუქა ქუთაისის საკრებულოს“.
ნინო დ: „2006 წლის ოქტომბერში ნანა კალატოზიშვილი დაიბარეს თბილისის პროკურატურაში, სადაც დაკითხეს მისი საქმიანობის შესახებ და გააფრთხილეს, რომ საჭიროების შემთხვევაში კვლავ დაიბარებდნენ, რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ დაიბარეს და უთხრეს, რომ უნდა დაეთმო მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთი და მიასწავლეს ნოტარიუსი, რომელთანაც უნდა მისულიყო. ვინაიდან მის მიმართ ხორციელდებოდა ზეწოლა და ემუქრებოდნენ დაკავებით, რაც რეალური იყო, ნანა კალატოზიშვილი პროკურატურიდან ღამის 11 საათზე მივიდა ნოტარიუსთან, ნინო გინტურთან, სადაც გაფორმდა სანოტარო აქტი უძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ. ამ აქტის თანახმად საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელს გადასცა 1990 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი''.
იგივე წლის, იგივე თვეს, იგივე პროკურატურის იგივე გამომძიებელმა დაიბარა ვალტერ შაკაია. მუქარა _ იგივე, მიზანი _ იგივე, ნოტარიუსთან მისვლის დრო _ იგივე, ღამის საათები, ნოტარიუსიც იგივე და შედეგიც იგივე _ ვალტერ შაკაიამ ეკონომიკის სამინისტროს გადასცა თავისი წილი საერთო ქონებიდან, რომელიც მდებარეობდა თბილისში, რიყეზე.
იგივე მოხდა ლაშა შაკაიასთან მიმართებაშიც. ლაშა შაკაიამ ეკონომიკის სამინისტროს უსასყიდლოდ გადასცა რიყეზე მდებარე 202 კვ. მეტრი სარდაფი, 225 კვ.მეტრი ანტრესოლი და 574 კვ. მეტრი პირველ და მეორე სართულებზე. რა თქმა უნდა, ნოტარიუსი ისევ და ისევ, გინტური იყო.
მამუკა რ: „...და უთხრეს, რომ თუ იგი ნებაყოფლობით არ დათმობდა, მის წინააღმდეგ აღიძვრებოდა სისხლის სამართლის საქმე, და მისცეს მოსაფიქრებელი დრო. რამდენიმე დღის შემდეგ ხიზანეიშვილი ისევ დაიბარეს პროკურატურაში, მას თან ჰქონდა დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებდა, რომ აღნიშნული ქონება შესყიდული იყო კანონიერად და არანაირ კორუფციულ გარიგებას ადგილი არ ქონია. იგი გამოუშვეს, თუმცა იმავე დღეს შპს-ში შესამოწმებლად შევიდა ფინანსური პოლიცია, მაგრამ რაიმე მნიშვნელოვანი დარღვევა ვერ აღმოაჩინეს და მხოლოდ დააჯარიმეს მსხვილ გადამხდელთა ინსპექციაში გადახდის რამდენიმე დღის დაგვიანებისთვის.
ამის შემდეგ იგი კვლავ დაიბარეს პროკურატურაში, სადაც უკვე მასზე განხორციელდა ზეწოლა, ემუქრებოდნენ ჯერ მისი დაჭერით, ხოლო შემდეგ მისი არასრულწლოვანი შვილისთვის, სკოლის მოსაწავლისთვის ნარკოტიკის ჩადებით. ხიზანეიშვილმა საფრთხე რეალურად ჩათვალა და იძულებული გახდა მისი კუთვნილი ქონება ჩუქების სახით ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაეცა.
დიტო გელოვანი

back to top