Menu
RSS

ქვეყნის უმაღლესი კანონის ძალადობრივი X-ფაილი

...ის ძალადობის მსხვერპლია. ძალადობს ყველა, ვისაც არ ეზარება და ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ისინიც კი, ვინც დაცვას ცდილობენ, მოძალადეებად გვევლინებიან. ძალადობა მრავალგვარია _ სიტყვიერიდან დაწყებული ფიზიკურით დამთავრებული... სამართლიანობისთვის ერთიც უნდა ითქვას: მასზე ძალა ჯერ კიდევ მუცლადყოფნისას გამოიყენეს. დიახ, ვიღაცებს, ესე იგი, პოლიტიკურ დემონებს უნდოდათ, რომ არ დაბადებულიყო და პოლიტიკურ აბორტს მიმართეს, მაგრამ არსთაგამრიგის ნებას წინ ვერ აღუდგნენ: მაინც იშვა, იშვა და... 22 წელია, არსებობისთვის იბრძვის... დღესაც, ათასჯერ შეურაცხყოფილი და ნაცემ-ნაგვემი, ხელოვნურ სუნთქვაზეა... მოკვდება თუ გადარჩება? _ მკურნალი ექიმებისგან განსხვავებით, სხვადასხვა ყაიდის მისან-მჩხიბავებისგან დაკომპლექტებული კონსილიუმი საიმედოს ვერაფერს ამბობს... ჯერჯერობით მსოფლიოში სახელგანთქმული პროფესორიც, ვენეციის კომისიას რომ ეძახიან, დუმს... არადა, წამზომი ჩართულია და... თუ ის მოკვდება, ვეღარც პოლიტიკური ღმერთები გვიშველიან და ვეღარც პოლიტიკური სამოთხიდან განდევნილი ანგელოზები!
ვერაფერს მიხვდით და დაიბენით? _ კეთილი და პატიოსანი, მაშინ უფრო მარტივად და გასაგებად გეტყვით: „ვერსია“ ქვეყნის უზენაესი კანონის ანუ კონსტიტუციის X-ფაილს ადგენს. რა გამოვა? _ ცოდვა გამხელილი სჯობიაო და, საკონსტიტუციო ლაბირინთებში გარკვევა არცთუ მარტივია, მაგრამ ხომ იცით, ცდა ბედის მონახევრეა. ჰოდა, ჩვენი გამოცემაც შეეცდება, თვითმხილველების მონათხრობზე, არქივსა და ინტერნეტმასალებზე დაყრდნობით, მრავალტანჯული ქართული კონსტიტუციის ალგორითმი გაშიფროს, ესე იგი, გაარკვიოს, ყველა ხელისუფალი რატომ ცდილობს, კონსტიტუცია საკუთარ ტანზე მოირგოს? არ დაგიმალავთ: ეს მისია არცთუ მარტივია, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ შეუსრულებელი მისია არ არსებობს.
მოკლედ, მიზანი მკაფიო და ნათელია _ „ვერსია“ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვაში თავისებურად ერთვება და სააშკარაოზე ის დეტალები და კულუარული ნიუანსები გამოაქვს, რომელთა არსებობაც აღარავის ახსოვს. ვინ იცის, ეგებ, სწორედ ეს X-ფაილი აღმოჩნდეს ის ელექსირი, რომელიც ქვეყნის უმთავრეს კანონს კომიდან გამოიყვანს!..
პრეისტორია
ყველაფერი 24 წლის წინ, კერძოდ, 1993 წლის 26 თებერვალს, დაახლოებით, ასე დაიწყო: საქართველოს მაშინდელი პირველი პირი, ედუარდ შევარდნაძე, რომელიც იმავდროულად, პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობასაც ასრულებს, საკანონმდებლო ორგანოს წინადადებით მიმართავს, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია შექმნას, რომელიც სახელმწიფოს ახალ ძირითად კანონს კი არ შეიმუშავებს, არამედ, 1921 წლის კონსტიტუციის ახალი რედაქციის პროექტს მოამზადებს. დაახლოებით ერთ თვეში ანუ 1993 წლის 25 მარტს, ე.წ. იმელის პარლამენტი სპეციალურ დადგენილებას იღებს, რომლითაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია იქმნება, რომლის თავმჯდომარედაც დეპუტატები, ცხადია, ედუარდ შევარდნაძეს ირჩევენ, მოადგილეებად კი _ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანს, სამართლის თეორიისა და სახელმწიფო სამართლის კათედრის გამგეს, პროფესორ გივი ინწკირველსა და ვახტანგ ხმალაძეს. კომისიის მდივანი თსუ-ს პროფესორი ავთანდილ დემეტრაშვილი ხდება. საკონსტიტუციო კომისიაშია სულ 118 ადამიანია _ პარლამენტარები, იურისტები, ეკონომისტები, ისტორიკოსები, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი და აკადემიკოსები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები... ისე, დღევანდელი გადასახედიდან თუ ვიმსჯელებთ, ქართულ კონსტიტუციას ავთანდილ დემეტრაშვილსა და ვახტანგ ხმალაძეზე, როგორც იტყვიან, ჯვარი აქვს დაწერილი: 2009 წლის 8 ივნისის საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, ბატონი დემეტრაშვილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნება. რაც შეეხება ვახტანგ ხმალაძეს, შეიძლება, ოფიციალური სტატუსი დღეს არ აქვს, მაგრამ როგორც კულუარებში ამბობენ, „ოცნების“ მთავარი საკონსტიტუციო მრჩეველია. არადა, საქმეში ჩახედულთა შეფასებით, ამ ქვეყანაში ხმალაძეზე უკეთესი კონსტიტუცინალისტებიც არსებობენ. ყოველ შემთხვევაში, კონსტიტუციის X-ფაილზე მუშაობისას, ერთ-ერთმა პიროვნებამ, რომელიც ქართულ პოლიტიკას 90-იანი წლებიდან სწავლობს, „ვერსიას“ რიტორიკულად უთხრა: ვიდრე ხმალაძე ყველა დროსა და ეპოქაში ქვეყნის უმაღლესი კანონის ხან „მამის“ როლს შეასრულებს და ხანაც _ „მამობილის“, პირადად მე, არ მგონია, საუკეთესო კონსტიტუცია მივიღოთო(!). ისე, ჩვენთვის რომ ვთქვათ, მართლაც, უცნაურია: ყველა ხელისუფლება აზრს იმ კონსტიტუციონალისტს ანუ ამ შემთხვევაში, ხმალაძეს რატომ ეკითხება, რომლის თანამონაწილეობითაც შექმნილი კონსტიტუცია 22 წლის განმავლობაში მილიონჯერ შეიცვალა? შეიძლება, ბატონი ხმალაძე თავის საქმეში ვარსკვლავებს ეთამაშება, მაგრამ ამ კითხვას არსებობის ლეგიტიმური უფლება აქვს ანუ თუკი თავის დროზე მისი თანამონაწილეობით ისეთი უმაღლესი კანონი იქნა მიღებული, რომელმაც 20 ათეულ წელსაც ვერ გაუძლო, ვიღაცებს რატომ ჰგონიათ, რომ მისი რეკომენდაციებით შეცვლილი დღევანდელი კონსტიტუცია სამარადჟამოდ იარსებებს? სხვათა შორის, ამ კონტექსტში ბატონ ხმალაძეს კითხვა ერთ-ერთმა ქართულმა გამოცემამ დაუსვა. ინტერვიუ, რომელიც, დაახლოებით, ორი თვის წინ გამოქვეყნდა, ვკითხულობთ:
„_ ...შეცდომა მაშინ იყო დაშვებული, როცა 1995 წელს, კონსტიტუციაში ჩაიწერა, პრეზიდენტი პირდაპირი გზით აირჩევაო. შეცდომის გამოსწორება კი ყოველთვის რთული და ძნელია, ვიდრე _ შეცდომისგან თავის დაცვა.
_ პრეზიდენტის პირდაპირი გზით არჩევა შეცდომა რატომაა?
_ ის პროექტი, რომელიც 1995 წელს, საკონსტიტუციო კომისიამ პარლამენტს წარუდგინა, ჩემი აზრით, აბსოლუტურად მიუღებელი და რუსული მოდელი იყო. მოკლედ, ერთ-ერთი პირველი საკითხი, რომელსაც მაშინ პარლამენტმა კენჭი უყარა, პრეზიდენტის არჩევის წესი იყო. მახსოვს, მაშინ დავა ორ _ ამ რუსულ და საპარლამენტოსთან ძალიან ახლოს მდგარ, დაახლოებით, ხორვატიის მოდელს შორის მიდიოდა.
_ ქვეყნის მოწყობის რუსული მოდელი იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტიც ძლიერია და საკანონმდებლო ორგანოც?
_ არა, არა. მართალია, ეს სხვა თემაა, მაგრამ მაინც, გეტყვით: რუსები ამბობენ, ეს ფრანგული მოდელიაო, მაგრამ პირადად მე, ფრანგი კონსტიტუციონალისტების, მათ შორის, რუსეთში გამოქვეყნებული წერილი მაქვს წაკითხული, სადაც ნათქვამია, ეს ფრანგული მოდელი არაა და ტყუილად ნუ ამბობთო.
ფრანგული მოდელით, აღმასრულებელი ხელისუფლება პრეზიდენტსაც აქვს და მთავრობასაც, ოღონდ მკაფიო ზღვარი, თუ რა უფლებები აქვს პრეზიდენტს და რა მთავრობას, გატარებული არაა.
რეალობა კი ასეთია: თუკი პარლამენტში თავისი უმრავლესობა აქვს, მაშინ აღმასრულებელი ხელისუფლების რეალური ხელმძღვანელი პრეზიდენტია, პრემიერ-მინისტრი კი უკანა პლანზე დგას. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტში უმრავლესობა პრეზიდენტს კი არა, პრემიერს აქვს, მაშინ მათი ადგილები იცვლება, ანუ აღმასრულებელი ხელისუფლება პრემიერის ხელში გადადის, პრეზიდენტი კი, უკანა პლანზე ინაცვლებს.
ფრანგულისგან განსხვავებით, რუსული მოდელი იმის საშუალებას იძლევა, ქვეყნის რეალური ხელმძღვანელი ან პრემიერი იყოს, ან პრეზიდენტი და ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ ამ თანამდებობებზე ვინ არის.
თუ ბოლო ათწლეულს გადავხედავთ, რუსეთში პირველი პირი ყოველთვის პუტინია, მიუხედავად იმისა, მას პრეზიდენტის პოსტი უკავია თუ პრემიერის.
_ საქართველოზე რას იტყვით, ბატონო ვახტანგ?
_ მოდელი, რომელიც 1995 წელს შემოიტანეს, ასეთი იყო: რუსულის მსგავსად, პრეზიდენტს ძალიან ბევრი უფლება ჰქონდა, მაგრამ პასუხისმგებლობა არ ეკისრებოდა და განტევების ვაცი ყოველთვის მთავრობა იქნებოდა. ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თუ როგორი იქნებოდა პრეზიდენტის არჩევის წესი. კენჭისყრისას უპირატესობა, როგორც მახსოვს, სულ რაღაც ორი ხმით პრეზიდენტის პირდაპირი არჩევით წესს მიეცა. ბოლოს, ერთი მოდელიც შეიცვალა, მეორეც და საპრეზიდენტო რესპუბლიკა მივიღეთ.
საერთოდ, საპრეზიდენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტი, მართლაც, პირდაპირი წესით უნდა ირჩეოდეს, ვინაიდან საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად იქმნებიან, ანუ ორივეს ხალხი ქმნის, თუმცა, აქვე შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის არჩევნები აშშ-შიც კი არაა პირდაპირი.
_ აბა, როგორია?
_ იურიდიული ფაკულტეტის ყველა სტუდენტმა იცის, რომ აშშ-ში პრეზიდენტის არჩევნები ირიბია და იცით, ასე რატომაა? _ შტატების მიხედვით, ამომრჩევლები ე.წ. ხმოსნებს ირჩევენ, რომლებიც თავის მხრივ პრეზიდენტს ირჩევენ. ამიტომაც, იგივე ბოლო არჩევნებზეც ის მოხდა, რაც ყოველთვის ხდებოდა, ანუ ხმოსნებმა ტრამპი აირჩიეს, მაგრამ ჰილარი კლინტონის მხარდამჭერი ხმოსნების უკან ორი თუ სამი მილიონით მეტი ამომრჩეველი იდგა. შესაბამისად, პირდაპირი რომ ყოფილიყო, მაშინ არჩევნებს კლინტონი მოიგებდა.
მოკლედ, საპრეზიდენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტის არჩევნები პირდაპირი უნდა იყოს! საპრეზიდენტო მმართველობის დროს პრეზიდენტი აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურია, მინისტრები კი, მისი მრჩევლები არიან _ თავიანთ სფეროებში დამოუკიდებლად მოქმედებენ, მაგრამ საერთო საკითხებს პრეზიდენტი წყვეტს, ანუ მინისტრებს უსმენს და საბოლოო გადაწყვეტილებას თავად იღებს.
საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტს აღმასრულებელი ხელისუფლება არ აქვს. ქვეყნის მოწყობის ნებისმიერი მოდელის დროს აღმასრულებელი ხელისუფლების პრიორიტეტი ისაა, რომ მხოლოდ საშინაო კი არა, საგარეო პოლიტიკაც განახორციელოს. ამასთან, ქვეყნის განვითარების პროექტი და ყოველწლიური ბიუჯეტი შექმნას, რომელსაც პარლამენტი დაამტკიცებს, თუმცა მიუხედავად ამისა, ყველა ის ბერკეტი, რომელიც ქვეყნის მართვისთვისაა საჭირო, აღმასრულებელი ხელისუფლების ხელშია. საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტს ამ ბერკეტებზე ხელიც არ უკიდია.
_ ყველაფერი ეს გასაგებია, ბატონო ვახტანგ, მაგრამ...
_ ერთი წუთით, დამაცადეთ, თუ კამათი გინდათ, დავსხდეთ და ვიკამათოთ, მაგრამ თუ ინტერვიუ გინდათ, ინტერვიუ აიღეთ. ჩემი მოსაზრებები გაინტერესებთ თუ ის, რომ ერთიმეორე რაღაცაში დავარწმუნოთ?
_ არაფერში გარწმუნებთ, უბრალოდ, შეკითხვას გისვამთ: იმ სიტუაციაში, როცა „ოცნების“ წარმომადგენლები პრეზიდენტს ემუქრებიან, თუ კარგად არ მოიქცევა, 2018 წლიდან არაპირდაპირი გზით ავირჩევთო...
_ ჩემი აზრით, სიტყვა გაექცათ...“
მოკლედ, სიტყვა თავის დროზე შეიძლება, ბატონ ხმალაძესაც გაექცა, თუმცაღა ეს სხვა საუბრის თემაა, ამიტომ მოდი, ისევ ქართული კონსტიტუციის ისტორიას დავუბრუნდეთ.
საერთოდ, ჩვენებურ კონსტიტუციონალიზმს სათავე მე-20 საუკუნის შორეულ 20-იან წლებში ჩაეყარა. ქართული „ვიკიპედიის“ თანახმად, „...1918 წლის 26 მაისს საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და დაიწყო კონსტიტუციის შემუშავება. კონსტიტუციაში გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ქართველი ხალხის ისტორიულად ჩამოყალიბების ფსიქიკა, ყოფა, ზნე-ჩვეულება, საქართველოს მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა და საპარლამენტო პრაქტიკა. კონსტიტუციის შემუშავება სამ წელიწადს გაგრძელდა და მიღებულ იქნა 1921 წლის 21 თებერვალს,“ მაგრამ ამ კონსტიტუციამ, სამწუხაროდ, მხოლოდ ოთხი დღე იარსება _ მოგეხსენებათ, 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს წითელი კალიები შემოესივნენ, რომელთა ბატონობის დროსაც საბჭოთა საქართველომ სულ ოთხი კონსტიტუცია გამოიცვალა: 1922, 1927, 1937 და 1978 წლებში მიღებული უმაღლესი კანონი ტიპური საბჭოთა კონსტიტუცია გახლდათ და რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუციისგან არაფრით განსხვავდებოდა.
1990 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოში უზენაესი საბჭოს პირველი მრავალპარტიული არჩევნები ტარდება. ხელისუფლებაში მოსულ ეროვნულ მოძრაობას 1978 წლის ჯერ კიდევ მოქმედ საბჭოურ კონსტიტუციაში უამრავი ცვლილება შეაქვს. ასე, მაგალითად, ქვეყნის სახელწოდებიდან იღებს სიტყვათა კომბინაციას _ „საბჭოთა სოციალისტური“ და სახელმწიფოს „საქართველოს რესპუბლიკას“ უწოდებს. ამასთან, იცვლება სახელმწიფო სიმბოლიკაც, უქმდება კომუნისტური პარტიის, როგორც ხელმძღვანელის როლი და დასაბამი ეძლევა პოლიტიკურ პლურალიზმს. პარალელურად, კონსტიტუციიდან ქრება ისეთი ცნებები, როგორიცაა, მაგალითად, „სოციალისტური საკუთრება“, „სოციალისტური კანონიერება“, „სოციალისტური დემოკრატია“...
„1991 წლის ბოლოს, არაკონსტიტუციური გზით, ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება საქართველოს უზენაეს საბჭოს, რესპუბლიკის პრეზიდენტსა და მთავრობას. 1992 წლის 6 იანვარს შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭო (ტრიუმვირატი) და დროებითი მთავრობა. სამხედრო საბჭომ ძალადაკარგულად გამოაცხადა გარდამავალი პერიოდის კონსტიტუცია და კანონმდებლობა და 1992 წლის 21 თებერვალს მიიღო დეკლარაცია 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის აღდგენის თაობაზე. იმავე წელს დაიშალა სამხედრო საბჭო და შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო. 1921 წლის აღდგენილ კონსტიტუციას კი ისეთივე ბედი ეწია, როგორიც მიღების დროს _ რეალურად ერთი დღეც არ უმოქმედია, რადგან იმ დროსთან შეუსაბამო იყო“, _ წერია ქართულ „ვიკიპედიაში“. ამავე წყაროს მიხედვით, 1992 წლის 6 ნოემბერს მიღებული იქნა კანონი „სახელმწიფო ხელისუფლების შესახებ“, რომელიც „მცირე კონსტიტუციის“ სახელწოდებითაა ცნობილი... ე.წ. მცირე კონსტიტუცია ერთადერთი აქტი იყო, რომელიც კონსტიტუციის გარეშე დარჩენილ ქვეყანაში ძირითადი კანონის მაგივრობას წევდა...
ასე და ამგვარად, 1993 წლის 25 მარტს შექმნილი საკონსტიტუციო კომისია 1921 წლის კონსტიტუციის ახალი პროექტის რედაქციაზე მუშაობას ორ წელს ანდომებს და... 1995 წლის 24 აგვისტოს პარლამენტი ქვეყნის უმაღლეს კანონს იღებს, რომლის ხელმოწერის ცერემონიაც 5 დღეში, ესე იგი, 29 აგვისტოს, ე.წ. პიონერთა სასახლეში უნდა გაიმართოს, მაგრამ 29 აგვისტოს კონსტიტუცია აღარავის ემახსოვრება, რამეთუ ამ დღეს სახელმწიფოს მეთაურს ააფეთქებენ...
აფეთქება ,,იმელში''
„1995 წლის 29 აგვისტოს, კონსტიტუციის მიღებიდან ოთხი დღის შემდეგ, ქართული პოლიტიკური ბომონდი და „ელიტარული ინტელიგენცია“ „მოსწავლეთა სასახლეში“ შეიკრიბა, სადაც უნდა გამართულიყო კონსტიტუციის ხელმოწერის საზეიმო ცერემონიალი. ელოდნენ მხოლოდ სახელმწიფოს მეთაურს, რომელიც სულ მალე უნდა მოსულიყო მანქანით. მოულოდნელად, პარლამენტის შენობის (იმელის) მხრიდან მძლავრი აფეთქების ხმა გაისმა და ცაში შავი კვამლის სვეტი ავარდა. როგორც შემდგომ გაირკვა, აფეთქდა თეთრი ფერის „ნივა“. იგი პარლამენტის ეზოში, ავტოსადგომზე იდგა; ცეცხლი წაეკიდა ედუარდ შევარდნაძის მანქანასაც. სახელმწიფოს მეთაური სულ რამდენიმე წამით ადრე გამოიყვანეს ალმოდებული მანქანიდან, რომელიც მაშინვე მთლიანად დაიწვა, _ ესაა ამონარიდი 1998 წელს, ერთ-ერთ ქართულ გაზეთში გამოქვეყნებული სტატიიდან, რომელშიც, ასევე, ვკითხულობთ _ პირადი დაცვის წევრებმა ედუარდ შევარდნაძე „ჟიგულში“ გადასვეს და რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიიყვანეს. შევარდნაძე სერიოზულად არ დაშავებულა, მხოლოდ შუშის ნამსხვრევები შეეხო სახესა და მკერდში... პოლიტიკური თვალსაზრისით, ედუარდ შევარდნაძემ ეს აფეთქება ბრწყინვალედ გამოიყენა იმ დროს მთავარი მოწინააღმდეგის _ „მხედრიონის“ გასანადგურებლად: რამდენიმე დღის შემდეგ აიყვანეს გიგა გელაშვილი და თემურ ხაჩიშვილი, შემდგომ სხვა „მხედრიონელები და ბოლოს, თვით ჯაბა იოსელიანიც... აფეთქების უშუალო ორგანიზატორობა ბრალად ედება გიგა გელაშვილს, რომელმაც „ღილაკს ხელი დააჭირა“. სხვა ბრალდებულები არიან უშიშროების სამინისტროს თანამშრომლები, რომლებიც ამ უწყებაში მოხვდნენ თემურ ხაჩიშვილთან ერთად ანუ იგივე მხედრიონელები.
ყველაზე საინტერესო მომენტი მთელ ამ ისტორიაში იგორ გიორგაძის როლია. „საინტერესო“ იმდენად, რამდენადაც ცხადს ხდის მომხდარის მოტივაციას და შინაგან მექანიზმს.
იყო თუ არა იგორ გიორგაძე ტერორისტული აქტის ორგანიზატორი? წინასწარი გამოძიებისას ,,მხედრიონელები'' სწორედ მას ,,ადებდნენ ხელს'' და ამტკიცებდნენ, რომ იგორ გიორგაძე ყველა ტერაქტის უშუალო ორგანიზატორია... იგორ გიორგაძე ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული „კა-გე-ბეს'' მუშაკია. სტანდარტულ ვითარებაში, საბჭოთა კავშირის დროს, იგი რომელიმე რაიონის „კა-გე-ბეს'' უფროსის თანამდებობაზე მაღლა ვერ წავიდოდა, მაგრამ დრომ და გარემოებამ საქართველოს სპეცსამსახურის ხელმძღვანელად აქცია, იმ სპეცსამსახურისა, რომელსაც, პრაქტიკულად, მხედრიონი მართავდა“.
ჯაბა იოსელიანი ცოცხალი აღარაა, იგორ გიორგაძე კი, ორ ათეულ წელზე მეტია, ინტერპოლის მიერ იძებნება. შესაბამისად, დღესაც პასუხგაუცემელია კითხვა: რა მიზანი ჰქონდა 29 აგვისტოს ტერაქტს? ამ თემაზე მსჯელობა მხოლოდ ვერსიებით შეიძლება. ერთ-ერთი მთავარი ვერსია, რომელიც შევარდნაძის აფეთქებისთანავე გაჩნდება, ისაა, რომ სახელმწიფო მეთაურს კონსტიტუციისთვის ხელი არ უნდა მოეწერა ანუ წმინდა რუსული ნარატივი იყო, რომ საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, კონსტიტუცია არ ჰქონოდა. ქვეყანა კი, რომელსაც უმთავრესი კანონი არ აქვს, დამოუკიდებლობასა და, მით უფრო, დემოკრატიულობაზე თავს ვერ დასდებს, რამეთუ სწორედ კონსტიტუციაში წერია: „საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთის ასსრ-სა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით, საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური წყობილების ფორმა არის დემოკრატიული რესპუბლიკა. სახელმწიფო ხელისუფლება, როგორც ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში, ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით _ საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლება იყოფა საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებად. ხელისუფლების წყარო არის ხალხი, რომელიც თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით.
საქართველოს კონსტიტუცია განამტკიცებს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს. სახელმწიფო ხელისუფლება ცნობს და აღიარებს ამ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
საქართველოს კონსტიტუცია აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებას, ამასთან ერთად, აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებულ როლსა და მის დამოუკიდებლობას“ (წყარო _ ქართული „ვიკიპედია“).
უბედური ვარსკვლავი
მოკლედ, ყოველივე ზემოთქმული ნათელყოფს, რომ საქართველოს კონსტიტუცია „უბედურ ვარსკვლავზეა დაბადებული“. ეს შეიძლება, უტრირებული ნათქვამია, მაგრამ ფაქტია: 22 წლის განმავლობაში, სახელმწიფო მმართველობაში მოსულმა სხვადასხვა ყაიდის პოლიტიკოსებმა ქვეყნის უმთავრესი კანონი არაერთხელ, მომიტევეთ და, გააუპატიურეს. კონსტიტუციაზე ძალადობა კი პირველად 1999 წლის 20 ივლისს განხორციელდა: სწორედ ამ დღეს მიღებული იქნა ორი კონსტიტუციური კანონი ანუ კონსტიტუციის 50-ე და 70-ე მუხლების ზოგიერთი დებულება შეიცვალა. ამ ცვლილებებიდან კი ყველაზე მნიშვნელოვანი ის გახლდათ, რომ საარჩევნო ბარიერი 5-დან 7%-მდე გაიზარდა. სხვათა შორის, ეს საკონსტიტუციო ცვლილება ფართო მასებს ერთი დეტალით დაამახსოვრდათ: ირინა სარიშვილი, რომელიც იმხანად მოქკავშირის რეფორმატორული ფრთის მაკრიტიკებელ-მაგინებელი იყო, ბარიერის გაზრდამ ისე აღაფრთოვანა, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში მიხეილ სააკაშვილი ამბორით დააჯილდოვა, თუმცა სარიშვილ-სააკაშვილის 7-პროცენტიანი ერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა. ყოველ შემთხვევაში, 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ დროს, ქალბატონი პოლიტიკოსი მოქკავშირის რეტროგრადული ბანაკის ინტერესებს ამაგრებდა. დღეს კი საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ სარიშვილი სააკაშვილის ინტერესების დამცველია, თუმცა ესეც სხვა საუბრის თემაა...
კონსტიტუციაში შემდეგი ცვლილება 2000 წლის 20 აპრილსა და 2002 წლის 10 ოქტომბერს შევიდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ აჭარისა და აფხაზეთის სტატუსები ასე განისაზღვრა _ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა“ და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა“.
2001 წლის 30 მარტის კონსტიტუციური კანონით, კონსტიტუციის მე-9, 66-ე, 73-ე და 89-ე მუხლები გადაისინჯა და საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების დადების შესაძლებლობა დაიშვა.
2003 წლის 23 ივლისის კონსტიტუციური კანონით, კონსტიტუციის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტი გადაისინჯა, რაც იმას ნიშნავდა, რომ დაწყებითთან ერთად, საბაზისო განათლებაც სავალდებულო გახდა.
ერთ-ერთი მასშტაბური კონსტიტუციური რეფორმა 2004 წელს განხორციელდა, როცა ცვლილება 30-მდე მუხლს შეეხო. ამასთან, კონსტიტუციის ტექსტს ახალი, მეოთხე თავი ჩაემატა, რომელიც საქართველოს მთავრობას ეხება. 2004 წელსვე, კონსტიტუციიდან ამოღებული იქნა 91-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, პროკურატურა სასამართლო ხელისუფლების დაწესებულება იყო. 2004 წლის 6 თებერვლის კონსტიტუციური კანონი არსებითად შეეხო კონსტიტუციის იმ ნაწილს, რომელიც სახელმწიფო მმართველობის ფორმას ადგენდა ანუ საპრეზიდენტო რესპუბლიკის ნაცვლად შემოღებულ იქნა მმართველობის ფორმა, რომლის კონცეფციურ საფუძვლად ე.წ. ფრანგული მოდელი დასახელდა. აღსანიშნავია, რომ დღეს ბაკქანალია სწორედ ამ ფორმის შეცვლაზეა ატეხილი...
2004 წლის 23 აპრილის კონსტიტუციური კანონით, საქართველოს პარლამენტის წევრის იმუნიტეტის შინაარსი შეიცვალა. 2004 წლის 1 ივლისს, კიდევ ერთი ცვლილება განხორციელდა, რომელიც მართალია, კონსტიტუციის ტექსტში არ შესულა, მაგრამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ გამგებლობას მიკუთვნებული საკითხები, ასევე ორგანოთა სისტემა და კომპეტენცია განისაზღვრა. ამავე კანონით, გარკვეული ცვლილებები იქნა შეტანილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციაში.
2005 წლის 23 თებერვლის ცვლილებით, პარლამენტის წევრთა რაოდენობა 235-დან 150-მდე შემცირდა, საპარლამენტო ფრაქციის შექმნისთვის კი, 10-ის ნაცვლად, 7 წევრის მოთხოვნა დადგინდა.
2005 წლის 23 დეკემბრის ცვლილება კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ და 26-ე მუხლის მე-5 პუნქტებს შეეხო, რაც იმას ნიშნავდა, რომ კონსტიტუციიდან ამოღებულ იქნა ფრაზა _ „უშიშროების სამსახური“. 73-ე მუხლის ცვლილების თანახმად კი პრეზიდენტს მიეცა უფლება, გადააყენოს მთავრობა, თანამდებობიდან დაითხოვოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები. ეს ცვლილება იმდროინდელმა ოპოზიციამ ხელზე დაიხვია, აი, სააკაშვილი საკუთარ უფლებამოსილებას განუსაზღვრელად იზრდის და დიქტატორობას აპირებსო.
2005 წლის 27 დეკემბერს კონსტიტუციური კანონში კიდევ ერთი ცვლილება შევიდა, რომელიც სასამართლო ხელისუფლებას შეეხო და რომლითაც საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ასაკობრივი ცენზი, მოსამართლის და ასევე, უზენაეს სასამართლოს, როგორც უმაღლეს საკასაციო სასამართლოს სტატუსი დადგინდა. ზუსტად ერთი წლის შემდეგ ანუ 2006 წლის 27 დეკემბერს ოთხი კონსტიტუციური კანონი მიიღეს. ერთ-ერთი მათგანით, სიკვდილით დასჯა აიკრძალა, მე-17 მუხლს კი მე-3 პუნქტი დაემატა, რომელიც მიხედვითაც, დაკავებული პირის ფიზიკური და ფსიქიკური იძულება იკრძალება. 2006 წლის 27 დეკემბრის ცვლილებები პრეზიდენტის, როგორც საქართველოს სამხედრო ძალების მთავარსარდლის უფლებამოსილებებს, პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩევნების რეგულაციას, პრეზიდენტის უფლებამოსილებას საგარეო ურთიერთობაში, მართლმსაჯულებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საკითხებსაც შეეხო, 2008 წლის 11 მარტის ცვლილებები კი _ პრეზიდენტის უფლებამონაცვლეობას, მთავრობის შემადგენლობას, სახელმწიფო რწმუნებულის ანუ გუბერნატორის ინსტიტუტს შეეხო.
2008 წლის 12 მარტის კონსტიტუციური კანონით, საარჩევნო ბარიერი 5%-ით განისაზღვრა და ისე გამოვიდა, რომ ლამის ათწლიანი ტაიმ-აუტის შემდეგ, პოლიტიკური სპექტრი ისევ იქ დაბრუნდა, საიდანაც კონსტიტუციის ჭრა-კერვა დაიწყო. დღევანდელი საკონსტიტუციო ომის ერთ-ერთი საბაბი, რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ისევ საარჩევნო ბარიერია...
2008 წლის 10 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონი იმპიჩმენტის საფუძველსა და პრეზიდენტის იმ უფლებას შეეხო, რომლის ძალითაც უმაღლეს მთავარსარდალს შეუძლია, თანამდებობიდან თავდაცვის, შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები გადააყენოს. ამავე ცვლილებით, პროკურატურის ორგანოები იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შევიდა.
2009 წლის 24 სექტემბრის კონსტიტუციური კანონით, საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელად ორი ქალაქი _ თბილისი და ქუთაისი განისაზღვრა, რასაც მაშინდელი ოპოზიციის მხრიდან დიდი აჟიოტაჟი და ხმაური მოჰყვა. ისე, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ 2012 წელს, „ოცნების“ ერთ-ერთი საარჩევნო დაპირება პარლამენტის თბილისში დაბრუნება იყო, თუმცა ახლანდელი ცვლილებების პროექტით, როგორც ირკვევა, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ისევ ქუთაისში რჩება.
ჯერ კიდევ მოქმედ კონსტიტუციაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ცვლილება 2010 წლის 15 ოქტომბერს შევიდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ცვლილება კონსტიტუციის თითქმის ყველა ნაწილს, მათ შორის, პრეამბულასაც შეეხო. კერძოდ, პრეამბულის თხრობის სტილი შეიცვალა და ჩაიწერა, რომ კონსტიტუცია 1921 წლის კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს კი არა, არამედ, მის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობას ემყარება.
ამასთან, ცვლილებები შევიდა ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, ხელისუფლების ორგანოთა ნორმებში. კონსტიტუციას ჩაემატა მეშვიდე თავი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საკითხებს არეგულირებს.
2010 წლის 15 ოქტომბრის რეფორმით გათვალისწინებულ ცვლილებები ძალაში 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შევიდა... ასე გახდა საქართველო ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკა ანუ პრეზიდენტმა დაკარგა მთავრობის მეთაურის ფუნქცია და მთავრობის ფორმირებაში ფორმალურადღა მონაწილეობს. სამაგიეროდ, გაიზარდა პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილება. ამასთან, სრულიად შეიცვალა მთავრობის ფორმირების წესი ანუ დღემდე მოქმედი კონსტიტუციით, მთავრობას პრეზიდენტი კი არა, პარლამენტი აყალიბებს. მთავრობის უფლებამოსილება კი მოხსნილად ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე ითვლება. პრეზიდენტი მხოლოდ პარლამენტში საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტის მიერ მისთვის წარდგენილ პრემიერობის კანდიდატს წამოაყენებს, მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებიდან ორი დღის ვადაში კი პრემიერს ნიშნავს.
2010 წლის 15 ოქტომბრის საკონსტიტუციო რეფორმას საზოგადოების დიდი კრიტიკა მოჰყვა. სწორედ ეს აყალმაყალი დაედო საფუძვლად ამჟამინდელი საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადებას. სხვათა შორის, ადამიანები, რომლებიც მაშინ ოპოზიციაში იყვნენ, ახლა კი ხელისუფლებაში არიან, ირწმუნებოდნენ და ირწმუნებიან, რომ 2010 წლის საკონსტიტუციო რეფორმით, სააკაშვილმა საკუთარი მომავალი უზრუნველყო, კერძოდ, გაჩნდა მოსაზრება, რომ სააკაშვილი აპირებდა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტობის მეორე ვადას ამოწურავდა, პრემიერად მოგვევლინებოდა და ხელისუფლებაში რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში დარჩებოდა. შესაძლოა, 2010 წლის რეფორმის მთავარი მიზანი სწორედ ეს იყო, მაგრამ სააკაშვილი ბჭობდა, ის „ბრძენი კაცი“ კი იცინოდა. ჰოდა, მოხდა ის, რაც მოხდა _ სააკაშვილი საქართველოდან არათუ წავიდა, არამედ, მასზე შიდა ძებნაა გამოცხადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც კი საქართველოს საზღვარს გადმოკვეთს, დააკავებენ და პრემიერის კაბინეტში კი არა, „მატროსოვზე“ მიაბრძანებენ!
ასეა თუ ისე, სააკაშვილმა, მავრისა არ იყოს, თავისი საქმე გააკეთა და, მიუხედავად იმისა, რომ წავიდა, კონფრონტაციის მარცვალი ჩააგდო, რომელიც „ოცნებისა“ და მის მიერვე გაპრეზიდენტებული გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკური მუშტი-კრივის საბაბი გახდა...
მოკლედ, რამდენიმე დღეში საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო-საყოველთაო განხილვა დასრულდება. მერე?.. მერე თამაშში მსოფლიოში ცნობილი ის ,,დასტაქარი'' ჩაერთვება, რომელიც X-ფაილის დასაწყისში ვახსენე. სახელისუფლო გუნდი ირწმუნება, რომ ვენეციის კომისიას საკონსტიტუციო ცვლილებები მოსწონს, თუმცა რეალურად ასე თუა, მოგვიანებით გამოჩნდება...
სხვათა შორის, საქართველოს კონსტიტუცია, პირვანდელი რედაქციით, პრეამბულისგან, ძირითადი ნაწილისა და გარდამავალი დებულებებისგან, სულ 9 თავისა და 109 მუხლისგან შედგებოდა. დღეს კონსტიტუცია პრეამბულისგან, ძირითადი ნაწილისა და გარდამავალი დებულებებისგან ანუ სულ 11 თავისა და 124 მუხლისგან შედგება. ამჟამინდელი მონაცემებით, ჯერ კიდევ მოქმედ კონსტიტუციაში ჩამატებულია მეოთხე და მეშვიდე თავები, 341, 481, 511, 731, 801, 811, 812, 813, 814, 861, 1011, 1012, 1013, 1041, 1042, 1043 მუხლები, ამოღებულია 761 და 91-ე მუხლები.
კონსტიტუციის პრეამბულაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მოქალაქეთა ნებაა, დაამკვიდრონ დემოკრატიული საზოგადოებრივი წეს-წყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველყონ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განამტკიცონ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა. მართალია, პრეამბულას იურიდიული ძალა არ აქვს, მაგრამ იმედია, საქართველო ოდესმე მაინც იქნება ისეთი სახელმწიფო, სადაც სხვადასხვა ყაიდის ხელისუფალნი დემოკრატიულ პრინციპებს არ დაარღვევენ!
ვანო პავლიაშვილი

დაბრუნება დასაწყისში