Menu
RSS

დოკუმენტურად არის დადასტურებული, რომ თავდაცვის მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე 7-10 აგვისტოს კოჯორსა და ტაბახმელაში მის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების ყიდვა-გაყიდვა-გადაფორმებით იყო დაკავებული. დარბოდა რეესტრში, ნოტარიუსებში, ბანკებში, აწერდა ხელს და ანგარიშობდა, რა შემოსავალი მოუტანა მიწებით ვაჭრობამ და... ჯერ კიდევ უპატრონოდ ეყარა ომში დაღუპული მებრძოლების ცხედრები და ასე იყო მანამ, სანამ ეს მძიმე მისია, ცხედრების გადმოსვენება, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა არ აიღო საკუთარ თავზე.
რაც შეეხება კოდორის ხეობას, მისი ბედი ბევრად ადრე იყო გადაწყვეტილი, სანამ მას „ზემო აფხაზეთს“ დაარქმევდნენ. ცოტა ხნით ადრე დაშალეს რამდენიმე ათეული ადგილობრივისგან შემდგარი რაზმი „მონადირე“, რომელიც წლების განმავლობაში წარმატებით იცავდა ხეობას. ეს რაზმი დაშალეს, აიტანეს ტექნიკა, ჩააყენეს ჯარი და როცა დრო მოვიდა, უკანმოუხედავად მიატოვეს იქაურობა, მშვიდობიანი მოსახლეობა, ასეული მილიონების ღირებულების შეიარაღება კი მტერს დარჩა, თუმცა დღეს უკვე შეუძლებელია გაარკვიო, რამდენი, რა ტიპის და რა ღირებულების შეიარაღება აჩუქეს მტერს სააკაშვილმა და მისმა თანამზრახველებმა. ომი ყველაფერს ჩამოწერსო და... გენერალ-მაიორი დავით კეზერაშვილი ომის შემდეგ ერთბაშად მოგვევლინა მილიარდერი ბიზნესმენის რანგში, მისი ბიზნესდევიზი იყო „შეეჩვიე მოგებას“.
„რა ურთიერთობები გააჩნია ,,ბელთრეიდინგს'' საქართველოს მთავრობასთან და თავდაცვის სამინისტროსთან. რა პირობებით მუშაობთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ამ ტრანზაქციასთან დაკავშირებით. ვინ არის საკონტაქტო პირი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან?.. არის თუ არა ,,ბელთრეიდინგისთვის'' ცნობილი აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს წესები, მათ შორის იმ შეზღუდვების შესახებ, რასაც ჰქვია ექსპორტი?“ _ წერდა აშშ-ს მაშინდელი სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი საქართველოში აშშ-ს იმდროინდელ ელჩს, ჯონ ტეფტს.
კლინტონის წერილის დასასრულს მითითებულია საქმის ნომერი, 7000 ,,ემ-5'', ,,ა-1'' შაშხანა, 5, 56 მმ. 2000 ,,ემ-2, ,,03''... ლიცენზიის ღირებულება 6 მილიონ 600 ათას დოლარს შეადგენს, საქმეში ფიგურირებს, ,,ბელთრეიდინგი'' და ,,კონსალტინგი'', რომელიც მდებარეობს სეიშელის კუნძულებზე, სამხედრო შეიარაღების საბოლოო მომხმარებელი არის საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. გადარიცხვას ხელს აწერს მამუკა მუჯირი, 11 აპრილი, 2008; ზაზა გოგავა, 11 აპრილი, 2008 წელი და ალმენდიევი არკადი. ,,ბელთრეიდინგი'' და ,,კონსალტინგი'' 2008 წლის 11 აპრილი”.
ომის დროს შიდა ქართლის ვიცე-გუბერნატორი, ზურაბ ჩინჩილაკაშვილი რუს გენერალს, ბორისოვს მძღოლად ემსახურებოდა, ხოლო თავად გუბერნატორმა, ლადო ვარძელაშვილმა, მას შემდეგ, რაც სასწაულით გადარჩენილ ჟურნალისტებს უთხრა, ნეტავ, მძევლებად აეყვანეთ, მაგარ პიარს ავაგორებდითო, ტელეფონი აიღო და გენერალ ლანცოვს დაურეკა: „ზდრავიე ჟელაიუ, ტავარიშჩ გენერალ“.
საცოდავად სასაცილოები იყვნენ ეს თბილისის სხვადასხვა ბირჟიდან მოკრებილი, არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილი ოროსანი უსაქმურები...
მედვედევი-სარკოზის ექვსპუნქტიანი შეთანხმებით დასრულდა ყველაფერი.
მოსკოვში ხელმოწერილი დოკუმენტი არ არის შეთანხმება საქართველოსა და რუსეთს შორის. რუსებმა იგი პოლიტიკურად გააფორმეს, როგორც შეთანხმება საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს, საქართველოსა და აფხაზეთს შორის, რომლის გარანტებიც არიან, ერთის მხრივ, რუსეთის ფედერაცია, ხოლო მეორეს მხრივ _ საფრანგეთის რესპუბლიკა და ევროკავშირი. სააკაშვილი კი იმით იყო აღფრთოვანებული, რომ დოკუმენტის მხოლოდ იმ ვარიანტს მოაწერა ხელი, რომელსაც კოკოითისა და ბაღაფშის ხელმოწერები არ ,,ამშვენებდნენ'', მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რაც დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ მოხდა. მოსკოვმა მთლიანად დაარღვია ეს ხელშეკრულება და მისი ღირებულება იმ ქაღალდის ფასზე დაიყვანა, რომელზეც იგი არის დაბეჭდილი. ნიკოლა სარკოზის თვითმფრინავი მოსკოვიდან აფრენილიც არ იყო, რომ რუსულმა ჯარებმა დაიკავეს გორი, შემდეგ იგოეთი, დასავლეთ საქართველოში კი ფოთი. ორ კვირაში რუსეთმა აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა და ასე და ამგვარად, სააკაშვილისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ძალისხმევის შედეგად, მრავალი წლით გადაიწია ქართველი ხალხის ორსაუკუნოვანმა ოცნებამ _ „საქართველო რუსული ჩექმის გარეშე“.
მაგრამ სეპარატისტული რეჟიმების აღიარება ოდნავ გვიან მოხდა, 26 აგვისტოს. 12 აგვისტოს კი, დიდგორის 1121 წლის 12 აგვისტოს „ძლევაი საკვირველიდან“ ზუსტად 987 წლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ ხუთდღიან ომში დამარცხება, ტერიტორიების დაკარგვა, ათიათასობით ახალი დევნილის გაჩენა, ჯარისკაცების, ოფიცრების დაღუპვა, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი, ქალაქების დაბომბვა და ქართული სოფლების მიწასთან გასწორება პომპეზურად აღნიშნა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, იუნკრების საფლავზე.
ეს იყო „ზეიმი საკვირველი“. უცხოელებს უკვირდათ, თორემ საქართველოს მოსახლეობისთვის ყველაფერი ნათელი და გასაგები იყო _ ძალაუფლება ტერიტორიების სანაცვლოდ. არადა, 2008 წლის იანვარში დევნილებს საჯაროდ დაპირდა, 2009 წლის 1 იანვარს, ახალ წელს სოხუმში ვიზეიმებთო. სოხუმში უნდა ეზეიმა ვალენტინობაც, ჰელოუინიც და „მაპ-ზე უკეთესიც“.
აგვისტოს ომში დაიღუპა 170 სამხედრო მოსამსახურე: 23 ოფიცერი, 136 კაპრალი, 9 რეზერვისტი, 1 რიგითი და 1 სამოქალაქო პირი. საომარი მოქმედებებისა და დაბომბვის დროს 228 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 10 ჯარისკაცი დღემდე დაკარგულად ითვლება.
ომის დღეებში, ქართული საჯარისო შენაერთების დიდი ნაწილის განადგურების შესახებ საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდებოდა. ამბობდნენ, რომ მეთაურთა და ხელმძღვანელთა მიერ მიტოვებული რიგითები გადარჩენის გზებს თავად ეძებდნენ და სამხედრო ნაწილებში დაბრუნება რამდენიმე დღის შემდეგ მოახერხეს. შემდეგში, დეზერტირობის ბრალდებით, მათზე სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა.
დღემდე უცნობია, რამდენ ჯარისკაცს დასდეს ბრალი დეზერტირობაში. სამხედრო ექსპერტები აღნიშნავენ, რომ აგვისტოს მოვლენების დროს, დეზერტირობის ბრალდებით 60-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე უკანონოდ დააპატიმრეს, ხოლო 500-ზე მეტი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, ჯარისკაცთა ნაწილი დასავლეთ საქართველოში გადავიდა, რომელთაც სახმელეთო ჯარების სარდლის, მამია ბალახაძის ბრძანების შემდეგ, გამოცხადებულიყვნენ სამხედრო ნაწილებში, აღმოსავლეთ საქართველოში გადმოსვლა ვერ შეძლეს. ეს ჯარისკაცებს დეზერტირობაში ჩაეთვალათ. რატომ ვერ ახერხებდნენ დაბრუნებას სამხედრო ნაწილებში, გამოძიებას არ გაუთვალისწინებია.
ციხეში ჯარისკაცები არამხოლოდ დეზერტირობის, არამედ ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებითაც იყვნენ მოთავსებულნი. დეზერტირობაში ბრალდებული ერთ-ერთი ჯარისკაცი ყვებოდა, რომ მეთაურისგან მიიღო ბრძანება, დაშლილიყვნენ და თავისთვის ეშველათ, მაგრამ არ მიუღიათ მითითება, როდის ან სად უნდა შეკრებილიყვნენ.
ერთმა ჯარისკაცმა განაცხადა, მეთაურმა მიგვატოვა და საერთოდ არ ვიცოდით სად ვიყავითო. არც ის ვიცოდით, რა უნდა გაგვეკეთებინა მომავალში. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ეს ადამიანები 8 აგვისტოს ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფებოდნენ და მხოლოდ 25 აგვისტოს შემდეგ უთხრეს, რომ დათხოვნილნი იყვნენ შეიარაღებული ჯარებიდან და მათ მიმართ გამოძიებას სამხედრო პოლიცია აწარმოებდა.
დააკავეს ჯარისკაცები, რომლებიც აბსოლუტურად უდანაშაულოები იყვნენ. მათ შორის, ისეთები, რომლებსაც საერთოდ არ მიუტოვებიათ სამხედრო ნაწილი, მეტიც, ომის დასრულების შემდეგ თავიანთი ინიციატივით შევიდნენ ცხინვალში და დაჭრილი და დაღუპული ჯარისკაცები გამოიყვანეს.
საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპული 110 ჯარისკაცის ცხედრის იდენტიფიკაცია უკვე მოხდა. მათგან 52 ჯარისკაცი მუხათგვერდის სასაფლაოზეა დაკრძალული.
ყველაზე მეტად დაღუპული უცნობი ჯარისკაცების რაოდენობა იყო საგანგაშო. აფხაზეთის ომის დროს უსახელო, უცნობი ჯარისკაცების ცხედართა რაოდენობა მინიმალური იყო. სამწუხაროდ, უმეტესობა ამოუცნობი ჯარისკაცებისა დაღუპულები მიატოვეს. როდესაც დაღუპული ჯარისკაცების ნახევარს ბრძოლის ველზე ტოვებ, ეს ჯარის ბრძოლისუუნარობაზე მეტყველებს. გასათვალისწინებელია, რომ ბრძოლის ველზე მიტოვებულ დაღუპულთაგან ნახევარზე მეტი, სავარაუდოდ, დაჭრილი იყო და ალბათ, ან სისხლისგან დაიცალა, ან სეპარატისტებმა და ოკუპანტებმა დახოცეს.
ღირსების ორდენით დააჯილდოვეს ლოჯისტიკის ხელმძღვანელი, რომელმაც ჯარი ომში მშიერი დატოვა.
აქ კი, აღარავის უკვირდა, რომ რეპრესიული მანქანა სრული დატვირთვით მუშაობდა, მას ვერც ომი გააჩერებდა და ვერც _ ოკუპაცია. ომი და ოკუპაცია ვერ დააოკებს ჭამაში მოსულ მადას და მადიან ჭამას. ჭამდნენ ბევრს და ჭამდნენ ყველგან. არ გაჩერებულან.
გ.შ: „ბინის ჩხრეკის დროს პოლიციის მუშაკებმა ჩვენს თვალწინ ჩაყარეს და ამოიღეს ავტომატის 10 ვაზნა, ასევე ჩემს შვილს დააბრალეს, რომ მან შეიძინა და გაასაღა წინასწარ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული მანქანა. როლანდი დააკავეს და მე-8 საპყრობილეში გადაიყვანეს, ღამით არეკინებდნენ და მთხოვდა, ნებისმიერი საშუალებით გამეყვანა ციხიდან. ამ მიზნით, სოდ-ის ხელმძღვანელობის მითითებით, ჩემი შვილის BMჭ-ს მარკის ავტომანქანა სახელმწიფოს გადავუფორმეთ, ჯარიმის სახით კი 20 ათასი ლარი გადამახდევინეს. ჩემი შვილისთვის წართმეული მანქანით შს მინისტრის მოადგილე, ამირან მესხელი გადაადგილდებოდა... 2009 წელს ისევ დააპატიმრეს _ მოთსხოვეს, რომ მათი აგენტი გამხდარიყო, რაზეც უარი მიიღეს. გავყიდე სახლი შინდისში და გადავიხადე 50 ათასი ლარი, შემდეგ დამატებით მომთხოვეს 2 ჰექტარი მიწის ჩაბარება უსასყიდლოდ. სახელმწიფოს სასარგებლოდ სულ ჩავაბარე 9 ნაკვეთი, საიდანაც 5 ნაკვეთი შეძენილი მქონდა სახელმწიფოსთვის ჩაბარების დღეს. ნაკვეთების შესაძენად აღებული მაქვს 100 ათასი დოლარი კერძო პირისგან, ბანკის ვალი 18 ათასი ლარი, ლომბარდის ვალი 3500 დოლარი, რისი გადახდის საშუალებაც არ გამაჩნია“.
როზა ჯ: „შემოწმების მიმდინარეობისას მე დამიბარეს ფინანსურ პოლიციაში, სადაც რამაზ ნიკოლაიშვილი პირადად დამემუქრა, რომ თუ არ მივიტანდი 1 მილიონ ლარს, დამაპატიმრებდნენ... რადგანაც მე უარი განვაცხადე, რამდენიმე დღის შემდეგ გამაცნეს შემოწმების შუალედური აქტი, რომლის მიხედვითაც ჩემს საწარმოს დაერიცხა 500 ათასი ლარი და მომთხოვეს მისი გადახდა 5 დღის ვადაში... ნერვიულობის ნიადაგზე დამემართა დიაბეტი და მივიღე ინსულტი, პარალიზებული მაქვს სხეულის მარჯვენა მხარე, ვიმყოფები უმძიმეს მდგომარეობაში“.
„...ასე რომ, 320 კომლი დაგვტოვეს უმიწოდ, თუმცა ეს არ იკმარეს და 2012 წლის აპრილში ავტოფარეხები, პირუტყვის ბოსლები და ბოსტნები დაგვინგრიეს, ყველაფერი გაანადგურეს და არც არაფერი აუშენებიათ, 580 სული პირუტყვი კი ნახევარ ფასად გაყიდეს, ლუკმა-პურის გარეშე დაგვტოვეს... გონიოში მოსულ ქალაქის მერს მოვახსენეთ, რომ დიდი შრომა და ხარჯი გავწიეთ და ამ ჭაობის ამოშრობა თითოეულს დაახლოებით 4-5 ათასი ლარი დაგვიჯდა. მერმა კი, დამცინავად გვიპასუხა, ვინ გეხვეწებოდათ ამ მიწის ჩაყრას, როგორც ჩაყარეთ, ისე ამოყარეთო... დრო იხელთეს და 15 წუთში დამინგრიეს ყველაფერი, თან კი დაიტრაბახეს, რაც ვანომ და მიშამ 40 დღეში ვერ დაანგრიეს, ჩვენ ნახევარ საათში მიწასთან გავასწორეთო“, _ ყვება ერთ-ერთი დაზარალებული, გონიოს მაცხოვრებელი.
,,საქართველოს პრეზიდენტი გონიოს ციხეში საღამოს საათებში მოვიდა და მიწებს ათვალიერებდა. 200 კაცი შევიკრიბეთ, მაგრამ 300-კაციანი დაცვა ჰყავდა. ჯაჭვი გააკეთა დაცვამ და პრეზიდენტთან არ მიგვიშვეს. ვიფიქრე, გონიოს ციხის კარი ბოქლომით ჩამეკეტა, ასე თუ მოგვისმენდა მიშა. დიდი ბოქლომი სანამ მოვიტანე, წასული დამხვდა. ბავშვებმა კორტეჟს სურათები გადაუღეს, მაგრამ პოლიციამ ტელეფონები წაართვა და წაშალა. მიწის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები 60 ოჯახს პირადად ლევან ვარშალომიძემ გადასცა. ორივე მხარზე მაკოცა და მითხრა, აი, ხომ ხედავთ, პრეზიდენტმა 100 ათასდოლარიანი საჩუქრები გაგიკეთათო. გახარებულები ვიყავით“, _ იხსენებს ლადო მჟავანაძე.
დიტო გელოვანი

back to top