Menu

III ქართველობა და ქართული საქმე

სტალინის ღრმა ქართული ფესვების პარალელურად, მის ეროვნულ თვითშეგნებაზეც უნდა ვისაუბროთ, რაც ესოდენ ,,ადარდებთ'' ჩვენს ნეოლიბერალებს, ნაცდემოკრატებსა თუ ,,ოქროს ხბოზე'' მეოცნებეებს, რომელთაც მე ერთი საერთო სახელი _ ნეოტროცკისტი სავლეები _ მოვარგე. ეს ზოგი ჭკვიანი და ზოგიც ცალტვინა, ზოგი ენაგაკრეფილი და ზოგიც ენაბლუ, ზოგი ორი ხელით და ზოგიც ცალით, ზოგი დაკვეთით და ზოგიც ხალისით, რა პასკვილს აღარა თხზავენ და რაღას არ კადრულობენ, იქამდეც კი მიდიან, რომ სტალინს ერთ ტა-ფაზე ათავსებენ ჰიტლერთან ერთად. ეს ორხელა და ცალხელა გრაფომანები, ენამჭევრები თუ ენაბლუები ასე მსჯელობენ: სტალინი რომ გულიანი ქართველი ყოფილიყო, საქართველოს თამარისდროინდელ საზღვრებში აღადგენდა, რუსეთსაც ზედ მიაყოლებდა და ატომური იარაღითაც კი გაგვაძლიერებდაო... არა, ამას პირდაპირ ვინ იტყვის. სულელები ხომ არ არიან, მაგრამ მცონარე ქართველის ფანტაზიას საზღვარი ხომ არ აქვს.. ამ ჩასაფრებულ სავლეებს ხელზე აქვთ დახვეული სტალინის მიერ ერთ-ერთ ოფიციოზში ნათქვამი: ,,მე არ ვარ ევროპელი, მე გარუსებული ქართველი აზიელი ვარ''-ო. აბა, სხვაგვარად როგორ ეთქვა _ მე პატარა საქართველოს შვილი ვარ და უზარმაზარ რუსეთს, როგორც მსურს, ისე ვატრიალებო?! ახლა ისიც მითხარი, სავლე, სადმე თუ წაგიკითხავს, რომ ეკატერინე II-ს ეთქვას _ გარუსებული გერმანელი ვარო, ან ნაპოლეონს თუ დასცდენია _ გაფრანგებული კორსიკელ-იტალიელი გახლავართო? მხოლოდ სტალინს ეყო გამბედაობა, თავისი ქართველობისთვის გაესვა ხაზი ოფიციალურად, შიდა საუბრებში კი ბოლომდე ქართველობით ეამაყა. ასეა, არ არსებობს ადამიანი, რომელიც თავისი ბავშვობიდან არ მოდიოდეს, ყმაწვილობის დროინდელი გულისცემა არ უკვალავდეს ქვეცნობიერად გზას, მით უმეტეს, თუ ეს გულისცემა პოეტური გულის ფეთქვაა.
ყმაწვილი იოსებ ჯუღაშვილის სკოლის მეგობარი ვანო კეცხოველი იგონებს, თუ რა შთაბეჭდილება მოახდინა მათზე ილიას ,,კაკო ყაჩაღმა'', ყაზბეგის გმირებმა და რაფიელ ერისთავის ლექსმა ,,სამშობლო ხევსურისა''. ,,ორივენი მზად ვიყავით, სამშობლოს სამსახურში ჩავმდგარიყავით, მაგრამ არ ვიცოდით, როგორ და რა ფორმით გაგვეკეთებინა ეს'', _ ამბობს კეცხოველი.
აი, რატომ არის, რომ სტალინის რევოლუციური ფიქრები ეროვნულ პრობლემებს დასტრიალებდა თავს. თბილისის სასულიერო სემინარიაში რომ არ გამჟღავნებულიყო მისი ეს რევოლუციურ-ეროვნული განწყობა, ილიას ,,ივერიაში'' სოსელოს ფსევდონიმით ბეჭდავდა ლექსებს. ისინი რაფიელ ერისთავის იდეით იყო განმსჭვალული (,,როგორც უფალი, სამშობლოც, ერთია ქვეყანაზედა''). ამ ლექსების აპოგეა ნამდვილი შედევრი აღმოჩნდა:
,,აყვავდი ტურფა ქვეყანავ, ილხინე ივერთ მხარეო და შენც, ქართველო, სწავლითა სამშობლო გაახარეო''. სავლე, სავლე... განა კი შეიძლება, ამ სტრიქონების ავტორის პატრიოტიზმში ეჭვი შეგეპაროს. ეს ხომ პირდაპირი პასუხია ილიას დარდისა: ,,აყვავებულა მდელო, აყვავებულა მთები, მამულო საყვარელო, შენ როსღა აყვავდები?!''.
ზევით მოტანილ სტალინის ოფიციალურ ნათქვამში, ჩემო სავლე, შენ ის კი არ გაწუხებს, რომ მან თავი გარუსებულ ქართველად მოიხსენია, არამედ ის, რომ ევროპელობა უარყო: ,,მე არ ვარ ევროპელი''... დიახ, არც შენ ხარ ევროპელი, სავლე. თუ ისტორიაში ღრმად ჩაიხედავ, მაშინ სწორედ ქართველობითა და წინააზიელობით უნდა იტრაბახო, რამეთუ ცივილიზაციის აკვანში ხარ დაბადებული (ამ საკითხს მომდევნო თავი დაეთმობა). სტალინმა ეს კარგად იცოდა და ამიტომაც გთხოვდა, სწავლით გაახარე სამშობლოო, და არა მარტო გთხოვდა, არამედ ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ მიწურში მცხოვრები გლეხებისა და პროლეტარების შვილიშვილები, შენი ჩათვლით, მსოფლიოში ყველაზე წიგნიერ ხალხად ექცია (არცთუ ისე დიდი ხნის წინათ მოსახლეობის ყოველ ათას სულზე გათვლით, ქართველებს უმაღლესი განათლების ყველაზე მეტი სპეციალისტი გვყავდა).
არა, რატომ ღმერთი არ გაიცინებს, სავლე! შენ რომ სტალინს არაეროვნულობაში სდებ ბრალს, ლეიბა ბრონშტეინი (ტროცკი) და ძმანი მისნი (შემდგომში სოლჟენიცინიც) მას სწორედ ქართველებისადმი გამორჩეულ გულუხვობასა და პროტექციონიზმში სდებდნენ ბრალს. ტროცკის სწორედ ქართველობის გამო სძაგდა სტალინი, ხოლო საქართველო _ სტალინის გამო, რომელსაც აზიატსა და უწიგნურს(?) უწოდებდა.
ერთ ტროცკის, ერთ ბუხარინს, ერთ ზინოვიევს, ერთ კამენევს, ერთ მარტოვს და კიდევ ერთ ვინმე ჯანდაბას რა უჭირდა, რომ რევოლუციის შემდგომ მთავრობაში ათობით და ასობით არ ყოფილიყვნენ მათი მსგავსები.
უინტერესო არ იქნება, თუ რუსეთის რევოლუციის შემდგომი ხელისუფლების კენწეროში მყოფთა ეროვნულ შემადგენლობას გავეცნობით. დუმის 554 დეპუტატს შორის რუსი მხოლოდ 30 კაცი იყო. რუსზე მეტი იყო ლიტველი _ 43, ხოლო გადამწყვეტ უმრავლესობას ებრაელები წარმოადგენდნენ _ 447 კაცი!.. გარდა ამისა, 22 სახალხო კომისარშიც 19 ებრაელი გახლდათ (იხ. გაზეთი ,,საერთო გაზეთი''. 2012 წ. 9 მაისის ნომერი, ჯემალ დავლიანიძე ,,მწარე გაკვეთილები''). ღმერთმა ხელი მოუმართოს ლიტველებსაც და ებრაელებსაც, მაგრამ განა კი რთული მისახვედრია, რომ ამდენ თანაეროვნების ადამიანში ტროცკის უზარმაზარი მხარდაჭერა ექნებოდა სიონისტური ფრთის სახით? სტალინმა რუსი ხალხის (და არა მარტო რუსი ხალხის) წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ 30-იანი წლების ბოლოს დაასრულა. მისი განსაკუთრებული ზრუნვა საქართველოსადმი სწორედ ამის შემდეგ იწყება. ამ მხრივ სტალინის ქართული საქმეების სრული ჩამოთვლაც კი ძალიან დამღლელი გამოგვივიდოდა, ამიტომ ზოგადად დავასახელებ: ეკონომიკა, მეცნიერება, კულტურა, ენა და ლიტერატურა.
,,შენს ძარღვის ცემას მე ყურს ვუგდებ სულგანაბული, ღამე თენდება ეგრედ ჩემი და დღე ღამდება'', _ ამბობდა დიდი ილია, ჩვენი წმინდა მამა. ილიას პატივისმცემელი და ნატრული სტალინიც ასე იყო, ისიც ღამეებს ათევდა ამ სიტყვის პირდაპირი და ფართო გაგებით, ოღონდ არა მარტო საქართველოს, არამედ უზარმაზარი საბჭოთა ქვეყნის მომავალზე ფიქრში. ამასთანავე, რატომ გვიჭირს იმის დაჯერება, რომ მას სამშობლოს პრობლემების არსში წვდომა უფრო უადვილდებოდა.
სტალინის იდეა და წამოწყებაა თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობა. მისი ინიციატივით შეიქმნა მძიმე მრეწველობის ისეთი გიგანტები საქართველოში, როგორიც საავიაციო ძრავების, თვითმფრინავებისა და მეტალურგიის ქარხნებია. აბა, წარმოიდგინეთ: იმიტომ, რომ ხალიბთა შთამომავლები ისტორიულ მეტალურგიას დაბრუნებოდნენ, რკინის მადანი ურალიდან მოედინებოდა (ჩვენ კი, აგერ უკვე მეოთხედი საუკუნეა, სტალინური ლითონის ნაწარმს ჯართის სახით გროშებად ვყიდით უცხოეთში); იგივე უნდა ითქვას სუბტროპიკული კულტურების დარგის ამაღლებაზე, ვენახების გაშენებაზე, უნიკალური აბრეშუმის წარმოების არნახულ მასშტაბებზე, საუცხოო ბალნეოლოგიური კურორტების დაარსებაზე; ჰიდროელექტროსადგური, რომელიც მცხ-ეთასთან აიგო, პირველი იყო საბჭოთა კავშირში. სულ მალე საქართველო მოწინავე ქვეყნად იქცა. იცით, ეს რას ნიშნავს? იმას, რომ ღატაკი ქართველი გლეხი და მშიერი ქალაქელი კაცი ყველაზე შეძლებული ადამიანი გახდა დედამიწის ტერიტორიის მინიმუმ სამ მეოთხედზე მცხოვრები მსოფლიოს მოსახლეობის სულ მცირე 80 პროცენტში.
მაშ, ჩემო თანამოძმენო _ მხეცის სიტყვით მოწამლულო მამებო და შვილებო, იქნებ გამცეთ პასუხი _ იყო თუ არა სტალინი ყველა ჩაგრული კაცის და მით უმეტეს, ქართველთა უწინარესი ქომაგი _ ნამდვილი მამულიშვილი?
განა აშკარა არაა, რომ XX საუკუნე ქართული კულტურის მეორე რენესანსი იყო?! და როგორ გგონიათ, ვინ ჩაუყარა ამას საფუძველი? ერთადერთ ფაქტს შეგახსენებთ: განა კი სტალინმა არ დაგვიბრუნა საფრანგეთიდან უდიდესი ეროვნული განძი. ჩვენ სამართლიანად ვამაყობთ ამ განძის მცველით, წმინდანად შერაცხული ექვთიმე თაყაიშვილით და იმავდროულად, მუზეუმში მყოფნი, ამ განძის ხილვისას, ვლანძღავთ სტალინს.
არა, ვეჟო, ამაზე მეტი სიბრმავე და უმადურობა იქნება?!
კიდევ ორჭოფობთ? კიდევ გაქვთ შეკითხვები უსჯულოთა მიერ მოცემულ ,,შპარგალკებში''?
ბევრმა ბევრი რამ არ იცის სტალინური ეპოქიდან ან, უფრო სწორედ, იცის მხოლოდ ნეგატივი და ისიც გამუქებულ-გაყალბებული. მან საერთოდ არ იცის უთვალავი კეთილი საქმე. ასე, მაგალითად, იცით, რომ სტალინის ინიციატივით შექმნილი ქართული ეროვნული დივიზია, ხრუშჩოვმა გააუქმა?
IV სტალინი ძველი და ახალი საქართველოს შესახებ
სამწუხაროა, რომ ყველამ არ იცის სტალინის დამოკიდებულება საქართველოს წარსულისა და მომავლისადმი, მისი ღრმა ხედვა საქართველოს ისტორიის საკითხებში. სავლეს საყურადღებოდ მოვიყვან 1945 წლის ოქტომბერში სტალინის მიერ სოჭში გამართულ შეხვედრას საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მაშინდელ პირველ მდივანთან კანდიდ ჩარკვიანთან, აკადემიკოსებთან _ ნიკო ბერძენიშვილთან, სიმონ ჯანაშიასთან და ქართული კარდიოლოგიური სკოლის ფუძემდებელ მიხეილ წინამძღვრიშვილთან (იგი სტალინის კლასელი იყო და სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ, სტალინის თანხმობითა და დახმარებით, შექმნა კარდიოლოგიის ინსტიტუტი _ მთელ საბჭოთა კავშირში პირველი ასეთი დიდი კლინიკა).
ხსენებული შეხვედრის ჩანაწერები კ. ჩარკვიანისა და ნ. ბერძენიშვილის დღიურებმა შემოგვინახა. კ. ჩარკვიანის ეს დღიურები მისმა ვაჟმა, გელა ჩარკვიანმა 2015 წელს გამოსცა (,,სტალინთან ურთიერთობის ეპიზოდები''), ხოლო ნ. ბერძენიშვილის დღიური ჟურნალმა ,,ისტორიულმა მემკვიდრეობამ'' დაბეჭდა 2010 წლის იანვრის ნომერში (გვ. 26 ,,სტუმრად სტალინთან''). როდესაც სტალინის ამ შეხვედრას ვახსენებთ, ჩვენ შეიძლება პროტოკოლის მკაცრი წესებით დადგენილი ოფიციალური შეხვედრა ან სადილი წარმოვიდგინოთ, მაგრამ სტალინს თავის ხალხთან ასეთი რამ არ სჩვეოდა.
ნაწყვეტები კ. ჩარკვიანის მოგონებებიდან:
,,_ გამარჯობა, ამხანაგო ჩარკვიანო... გადავწყვიტე, ცოტა დავისვენო და აი, ახლა სოჭში ვარ. წავიკითხე თქვენს მიერ გამოგზავნილი ,,საქართველოს ისტორია''. მაქვს შენიშვნები, ხომ ვერ შეძლებთ ჩამოსვლას ისტორიკოსებთან ერთად? ჯანაშია, ბერძენიშვილი... კიდევ ხომ არ არის ვინმე საჭირო?
_ წიგნის ავტორები ჯანაშია და ბერძენიშვილი არიან, _ ვუპასუხე, _ ჯავახიშვილის შემდეგ ისინი ჩვენში წამყვან ისტორიკოსებად ითვლებიან. ვფიქრობ, სხვა არავინ დაგვჭირდება...
მეორე დღეს 12 საათისთვის უკვე სტალინთან ვიყავით. მან ჩვენ სამს გულთბილად ჩამოგვართვა ხელი, წინამძღვრიშვილი კი, როგორც დიდი ხნის უნახავი მეგობარი, მკერდზე მიიკრა და მაგრად გადაკოცნა. ჩვეულებისამებრ, სტალინი მაშინვე საქმეზე გადავიდა... სტალინთან თითქმის ერთი კვირა დავრჩით. მთელი ამ ხნის განმავლობაში საუბარი ისტორიის გარშემო ტრიალებდა. იგი ეხებოდა საქართველოს, ამიერკავკასიისა და წინა აზიის ხალხთა უძველეს წარსულს, მსოფლიო ისტორიის ცალკეულ ეტაპებს... სტალინის, როგორც ისტორიკოსის მიმართ, აღფრთოვანების გრძნობა თავისებურად გამოხატა ჩვენი შეხვედრის ყველზე მდუმარე მონაწილემ, ნ. ბერძენიშვილმა. როცა ერთ-ერთი საუბრის შემდეგ სასადილოდან გამოვედით, ბერძენიშვილმა პათეტიკურად წამოიძახა: ,,რა ერუდიცია აქვს, რა ზღვა ცოდნა! საწინააღმდეგოს უმტკიცებ, საბუთები მოგყავს, ფიქრობ, დაარწმუნე. ის მოთმინებით გისმენს, მაგრამ შემდეგ თავისი ლოგიკის ბასრი ხმლით მოგწვდება და პირდაპირ თავს გაგაგდებინებს''.
...სტალინი მტკიცედ იცავდა აზრს, რომ ქართული ტომები წარმოიშვნენ ხეთებისა და სუბარებისგან _ მონათესავე ხალხებისგან, რომელთაც ჯერ კიდევ მესამე ათასწლეულში ჩვენს წელთაღრიცხვამდე შექმნეს წინა აზიაში მძლავრი სახელმწიფოები და მაღალი კულტურა.
და კიდევ სტალინს უთქვამს: ,,უეჭველია, მეცნიერები რომ ეტრუსკების ეპიგრაფიკას ქართული ენობრივი ფაქტებიდან მისდგომოდნენ, იგი მათ დიდი ხნის გაშიფრული ექნებოდათ. იგივე ითქმის ხეთურ იეროგლიფებზე და ალბათ, ლურსმულ წარწერებზეც, რომელიც თითქმის ამოიკითხეს, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრ შეუცნობსა და გაუგებარს შეიცავს''.
ეს თემა უფრო ვრცლადაა მოცემული დიალოგების სახით ნიკო ბერძენიშვილის დღიურებში:
,,ჩვენი წიგნი წინ უდევს, გადაშლის. არ აკმაყოფილებს დასაწყისი თავი. მეტ გაბედულებასა და გარკვეულობას სცნობს საჭიროდ ქართველთა მონათესავეობა-წარმოშობილობა-იგივეობის შესახებ წინა აზიის უძველეს კულტურულ ხალხებთან: შუმერ-სუბარხეთა-ურარტუსთან. კართაგენი (,,კართაშენი'') არ მიაჩნია ებრაელთა მონათესავეებად... ასევე ლიბიელები, ბასკები, ეტრუსკები. ,,ბერძნები გვიან მოვიდნენ, ეგვიპტელები მათ ავარებს, რაზბოინიკებს უწოდებდნენ... ყველაფერი ეს შესწავლილია... მეტი გაბედულებაა საჭირო. აღმოსავლეთის ისტორიის შესასწავლად თქვენ უკეთესი პირობები გაქვთ, ვიდრე დასავლეთ ევროპელთ. კავკასიური ენები, ეთნოგრაფია... ზედმეტი პიეტეტი გჭირთ ევროპელთა მოსაზრებების მიმართ... (საბუთიანი გაბედულება მეცნიერებაში, დაურიდებლობა გაბატონებული აზრების დარღვევაში). სომხებმა გვიან, ალბათ მეჯოგეებმა, _ ურარტუ დაიჭირეს, მოსახლეობა გამოაძევეს ან მათვე შეერივნენ''.
...ლაპარაკი იყო ურარტუს სომხურ თეორიაზე. სტალინის აზრი ნათელია: სომეხთა მოსვლამდე იქ მაღალი კულტურის ხალხი ცხოვრობდა. მომთაბარე სომხები მოვიდნენ. სომხურ თეორიას საფუძველი არა აქვს. სომხები ინდოევროპული ენის ხალხია _ ქართველებში აღრეულნი. ამხ. სტალინის ,,გრუზინი'' უფრო ფართე ცნების შემცველია, ვიდრე ჩვენ გვესმის, უფრო ფართე, ვიდრე ქართ-ზან-სვანური... ჭეშმარიტებაა _ ტერმინი ქართველი უნდა გაფართოვდეს. ეს აუცილებელია როგორც ისტორიული მეცნიერების თვალსაზრისით, ისე ადრინდელი საქართველოს პოლიტიკის თვალსაზრისით (ჰკითხავდა სიმონს: ,,შეიძლება ხეტსკო-გრუზინსკაია გრუპპა ნაროდოვ?'')...
XVIII-XIX საუკუნეების საქართველოს არჩევანზე სტალინი ასე მსჯელობდა: ,,საქართველოს ფეოდალურმა დაშლილობამ და რთულმა საგარეო პირობებმა მოუღეს ბოლო. ოსმალეთი და ირანი ყოვლად მიუღებელნი იყვნენ: ირანის ხელქვეშ საქართველოს ფერეიდნელობა ელოდა, ოსმალეთის ხელქვეშ _ ტურეჩინა... რუსეთი, მართალია, ბოროტება იყო, მაგრამ იმ ისტორიულ პირობებში _ უმცირესი''. და აი, ამის შემდეგ სტალინი ამბობს სიტყვებს, რომლებიც მის მოწინააღმდეგე ლიბერალ-დემოკრატებს უკანასკნელ ნიადაგს აცლის ფეხქვეშ: ,,სწორედ მიმაჩნია ჩემი ფორმულა, რომ საქართველო ევროპული ქვეყანა იყო და რომ ის კვლავ დაუბრუნდა ევროპული განვითარების გზას''...
მოდით, კარგად გავერკვეთ ამ ნათქვამში: სტალინს მიაჩნდა, რომ წინააზიურმა ცივილიზაციის აკვანმა მოგვიანებით ევროპაში გადაინაცვლა, ხოლო იმ აკვანში გაზრდილი საქართველო მარტო დარჩა აზიაში. აი, ამ თვალსაზრისით იყო საქართველო ევროპული ქვეყანა, რომელიც ბოლოს კინაღამ აითქვიფა ნეოაზიურ გარემოში; იგი მძიმე-მძიმედ, დიდი სისხლისა და ოფლის ფასად მიიქცა უძველესი მშობლიური ანუ ახალი ევროპული ცივილიზაციისკენ. მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც სტალინს კაპიტალისტური ევროპა კი არ ჰყავდა მხედველობაში, არამედ სულიერ-კულტურული ფასეულობების, ჰუმანისტების ვეროპა. მისთვის ჰუმანური, განათლებული რუსეთი და საქართველო, დიახაც, ევროპას წარმოადგენდა, მით უმეტეს, რომ პროტოქართველური ტომები, მათ შორის პელაზგები და ეტრუსკები მიაჩნდა ევროპაში დიდი ცივილიზაციის მესაძრიკვლეებად.
სტალინის ქართულ თვითშეგნებას, ანუ როგორც ახლა იტყვან, იდენტობას აქ ფსკერი არა აქვს.
ნიკო ბერძენიშვილის, როგორც ისტორიკოსის დასკვნა სტალინის შესახებ ასეთი იყო: ,,ის განუხრელად ქართველი პატრიოტია''.
ისევ კანდიდ ჩარკვიანის მოგონებებს დავუბრუნდები:
,,ოსმალეთის საქართველო, ჩანს, ღრმად სტკივა... იშხანს ეძებს რუკაზე (სურათი ვაჩვენეთ)... აქ სიტყვაძუნწობს. ექვთიმე თაყაიშვილის წიგნს ,,არქეოლოგიური ექსპედიცია თორთომის ხეობაში'' ათვალიერებს... ამბობს, ეს ყველაფერი ეხლა განადურებული იქნება'' (ყოველივე ზემოთ თქმული იმაზე ხომ არ მიგვანიშნებს, რომ სტალინი ტაო-კლარჯეთის დაბრუნებაზე ფიქრობდა და საამისოდ მეცნიერულ საფუძვლებს ამზადებდა? იგივე ითქმის ჰერეთზეც)...
,,სწუხს ზაქათალას შესახებ. სერგოს ამტყუნებს, ეროვნული საკითხებისადმი კომსომოლური მიდგომის შედეგია, ბორჩალოს გადაცემაც სურდა სომხებისთვისო''... სხვათა შორის, ჰერეთის საკითხს გაცილებით ადრეც შეეხო სტალინი, როცა ჩარკვიანმა საინგილოს თემა წამოჭრა მის წინაშე. სტალინმა მაშინ უარი იმიტომ თქვა ისტორიული ჰერეთის გადმოცემაზე, რომ ამას დადგენილი საზღვრების საყოველთაო გადასინჯვა და დიდი დაპირისპირებები მოჰყვებოდა მთელ საბჭოთა კავშირში, მაგრამ უკვე 1945 წელს, როცა საქართველოს ქლეხორის უზარმაზარი დაცლილი ტერიტორია გადმოეცა, სტალინმა აზრი შეიცვალა. როგორც კანდიდ ჩარკვიანი წერს, ამ პერიოდში ,,თუ სტალინი მოინდომებდა, რესპუბლიკათა საზღვრების ხელშეუხებლობის არგუმენტს შეიძლება იმდენი ძალა აღარ ჰქონოდა. მეც ამით ვისარგებლე და ერთ-ერთ საკითხში საინგილოს საკითხი კვლავ დავაყენე. სწორედ იმ ხანებში ირანის აზრბაიჯანში ფართო მასშტაბი მიიღო მოძრაობამ საბჭოთა აზერბაიჯანთან შეერთებისთვის.
_ ვნახოთ, საქმე როგორ დამთავრდება, _ თქვა სტალინმა, _ თუ სამხრეთ აზერბაიჯანი შემოგვიერთდა, თქვენი საინგილოს საკითხიც მოგვარდება!''.
ობიექტური მკითხველისთვის აქ ყველაფერი დღესავით ნათელია, მაგრამ მაინც უნდა ითქვას: საქართველოსთვის საინგილოს დაბრუნება ერთი მხრივ აზერბაიჯანში გამოიწვევდა დიდ შფოთს, ხოლო მეორე მხრივ უკრაინელებს, ბელარუსებსა და სომხებს აღუძრავდა საზღვრების შეცვლის სურვილს. ყოველივე ეს, საბჭოთა კავშირს, რომელსაც ომის იარები ჯერ კიდევ არ ჰქონდა მოშუშებული, სამოქალაქო ომის ცეცხლში გახვევდა და დაშლიდა. დავუშვათ და სტალინი ამ თვითშეწირვაზე წასულიყო, დიდ ქარცეცხლში ხელში რა შეგვრჩებოდა?
ახლა სხვა, მსგავსი თემებიც განვიხილოთ.
სოჭი _ დავით აღმაშენებლის დროს არათუ სოჭის ტერიტორია, ტუაფსემდე (ნიკოფსიამდე) მიწები ქართული სახელმწიფოს საზღვრებში მოექცა. უფრო მეტიც _ ძვ.წ-ის I ათასწლეულის დასაწყისში ურარტუ _ ქვეყანა ჰურისა და ჰარისა _ ქართველებით იყო დასახლებული, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ იგი სტალინმა გააჩუქა? XIX საუკუნის 60-იან წლებამდე სოჭის ტერიტორია ტრამალს წარმოადგენდა. იგი 1864 წელს რუსებმა გამოგლიჯეს ხელიდან თურქებს და აქ სასაზღვრო პუნქტი პოსტდახოვსკი შექმნეს. იგი ქალაქი 1896 წელს გახდა, ხოლო სოჭი კიდევ უფრო გვიან ეწოდა (იხ. აკად. გ. ბერძენიშვილის წერილი, ჟურნ. ,,ისტორიული მემკვიდრეობა''. 2010 წ. #10).
ცხინვალის რეგიონი. შიდა ქართლის ამ უძველეს ტერიტორიაზე ოსების ერთი მცირე ჯგუფი ჯერ კიდევ VI საუკუნის ბოლოს გამოჩნდა (იხ. ,,ძეგლი ერისთავთა''), გვიან შუასაუკუნეებში კი მომთაბარე მწყემსებმა ბარში ცხოვრების გემო რომ გაიგეს, ჯერ ლიახვის ზედა წელში დაიწყეს კომპაქტური დასახლება, ხოლო მერე, ქართველთა დარხეინებით (იხ. ,,ჯაყოს ხიზნები'') და რუსთა მხარდაჭერით ქვევითაც ჩემოეშენნენ. ლენინი, ტროცკი და პოლიტბიუროს სხვა წევრები ლიახვისა და ფრონეს აუზების ზედა მონაკვეთების ჩრდილო ოსეთთან შეერთებასა და ოსეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შეკოწიწებას აპირებდნენ (ისევე, როგორც ერთი ჩვენი მეზოებლი სახელმწიფო შეიქმნა). ამის წინააღმდეგ სწორედ სტალინი წავიდა, რის სანაცვლოდაც ამ ტერიტორიას ავტონომიური ოლქის (და არა რესპუბლიკის) სტატუსი მიენიჭა (იხ. აკად. გ. ბერძენიშვილის წერილი ჟურნ. ,,ისტორიული მემკვიდრეობა''. 2010 წ. #10).
და კიდევ: სავლეს, რომელიც სტალინს ჰერეთის (საინგილოს) საკითხში ადანაშაულებს, ერთ რამეს ვურჩევ: თავდაპირველად, 1924-1945 და 1956-1992 წლების რუკებს გადახედოს (აღარაფერს ვამბობ დღევანდელ რუკაზე) და ისინი 1945-1952 წლების რუკას შეადაროს. შეადარე, ბატონო, შეადარე, მეტადრე ჩრდილოეთ საზღვრებს მიაქციე ყურადღება: საქართველოშია მოქცეული ერთ მხარეს თებერდა და მდ. ყუბანის სათავეები ქლუხორის უღელტეხილის გადაღმა; მეორე მხარეს _ ჯარიახის ხეობა, არღუნის ხეობის მითხო-მაისტის მიწები (ჩრდილოეთის საზღვრები ბალთა-ითუმ-ხალეს ხაზი). დასახელებული ტერიტორიები, სადაც ქართული მოსახლეობა დამკვიდრდა 13-14 წლის განმავლობაში, ლამის საინგილოს ტოლია. ცალკე უნდა ითქვას კასპიისპირეთის ანუ იგივე ყიზლარის ზამთრის საძოვრებზე. მართალია, ნოღაის სტეპებს ადრეც იყენებდა ქართლის სამეფო, მაგრამ XIX საუკუნის ბოლოს გიორგი ყაზბეგს ხმლით მოუწია ამ ტერიტორიის დაცვა. სტალინმა ეს სადავიდარაბო საკითხიც ჩვენს სასარგებლოდ გადაჭრა. იგი იჯარით გადმოეცა საქართველოს და ეს იჯარა პერმანენტულად XX ს-ის 90-იან წლებამდე გაგრძელდა. ესეც, თუ მეტი არა, საინგილოს ტოლი ტერიტორია იყო. იქ მილიონზე მეტი ცხვარი იზამთრებდა ცხინვალის რეგიონიდან, ყაზბეგის, დუშეთისა და თიანეთის რაიონებიდან. იქვე მზადდებოდა დიდი რაოდენობის თივა.
ახლა მარტივი ამოცანის ამოხსნა გმართებს, სავლე: იყო თუ არა სტალინურ ეპოქაში საქართველო დამონებული?
გაგრძელება იქნება

back to top