Menu
RSS

სისხლიანი ავტოავარია, სააკაშვილთან გაქცეული პირადი დაცვა, კონსტიტუციის დარღვევა და ექსრესპუბლიკელის X-ფაილის სხვა „შავი ლაქები“

ნაციონალების მმართველობა დასრულდა თუ არა, იგი მეორე ქიზიყელი იყო, რომელმაც ხელისუფლებაში გავლენიანი თანამდებობა მიიღო _ ქვეყნის მეორე პირი გახდა. „ორივე ჩვენებურია და ახლა მაინც გვეშველება“, _ ამბობდნენ მაშინ ქიზიყში, რომლის არსებობაც „ვარდოსნებმა“, ქალაქ სიღნაღს თუ არ ჩავთვლით, არც კი იცოდნენ. ყოველ შემთხვევაში, პრეზიდენტობის ორი ვადა ისე ამოწურა, მიხეილი ამ უბატონო მხარეს ერთხელაც არ სტუმრებია. „სააკაშვილი ჩვენზე გაბრაზებულია, _ ხშირად მეუბნებოდნენ „ზემლიაკები“ და გაბრაზების საბაბსაც ასახელებდნენ, _ 2004 და 2008 წლების საპრეზიდენტო არჩევნებში ეგ ვაჟბატონი პირში ჩალაგამოვლებული დავტოვეთ და ამიტომაც ვერ გვიტანს''. მოკლედ, ასე იყო თუ ისე, საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთში, იქ, სადაც ნიკო ფიროსმანი და სოლომონ დოდაშვილი დაიბადნენ, იმედოვნებდნენ, რომ ახალი პრემიერი და პარლამენტის ახალი თავმჯდომარე შეხმატკილებულად იმუშავებდნენ, თუმცა გლეხებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ პოლიტიკურ სამზარეულოში სულ სხვა ამბები ტრიალებდა. დიახ, დიდ პოლიტიკაში თამაშის წესებს ცივსისხლიანი ღმერთები და დემონები ადგენენ და ყველა, ვისაც კი პოლიტიკის ოლიმპოზე ასვლა უნდა, თამაშის ამ წესებს უნდა დაემორჩილოს! ამ მხრივ გამონაკლისი არც ქვეყნის სათავეში მოსული ორი ქიზიყელი ყოფილა _ მართალია, გარეგნულად კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე „ოცნება“ მმართველი ძალა გახდებოდა, დადიოდა ხმა, რომ ისინი ერთმანეთს დასანახად ვერ იტანდნენ. რა გახდა ირაკლი ღარიბაშვილისა და დავით უსუფაშვილის ფარული მტრობის მიზეზი? _ ეს სხვა თემაა, რომლის განხილვა-ანალიზიც შორს წაგვიყვანს, თუმცა ერთი მაინც უნდა გავიხსენოთ: ჯერ კიდევ 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნებამდე ინტერენეტსივრცეში ფარული აუდიოჩანაწერი გავრცელდა, სადაც მომავალი პრემიერი მომავალი სპიკერის თანამეცხედრეს არცთუ კორექტულად მოიხსენიებდა...
მაშ ასე, რა კომპრომატები არსებობს და, საერთოდ, როგორია დავით უსუფაშვილის გზა კომპარტიის წევრობიდან ლიბერალობამდე? _ „ვერსია“ პარლამენტის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარის X-ფაილს წარმოგიდგენთ.
ისე, „იმისტები“, „ამისტები“, ლიბერალები, ანტილიბერალები, რუსეთუმეები თუ მედასავლეთეები, მოკლედ, ყველანი თანხმდებიან, რომ დავით უსუფაშვილი, უდავოდ, ნიჭიერი, განათლებული და თვითმყოფადი პოლიტიკოსია, თუმცა მიუხედავად ამისა, „შავი ლაქები“ მის ბიოგრაფიაშიც არსებობს.
„ვერსია“ ხელაღებით არაფერს ამტკიცებს, უბრალოდ, შეეცდება, იმ X-ფაილებს, რომლებიც სხვადასხვა დროს მედიაში, ხალხსა თუ ინტერნეტსივრცეში გავრცელებულა, თავი მოუყაროს და საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის პორტრეტი შექმნას, პორტრეტი, რომელიც, შესაძლოა, ჟამთააღმწერელს 21-ე საუკუნის მეორე ათასწლეულის საქართველოს ისტორიის დაწერაში დაეხმაროს. ასე რომ, პოლიტიკური „პანდორას ყუთი“ გახსნილია _ ჩვენ დავით უსუფაშვილზე ვსაუბრობთ!
ოფიციალური დოსიე
1968 წლის 5 მარტს, სიღნაღის რაიონის სოფელ მაღაროს მკვიდრ უსუფაშვილებს ვაჟი შეეძინებათ. ახალშობილს დავითს დაარქმევენ, თუმცა მშობელსა თუ მეზობლებს აზრადაც არ მოსდით, რომ გავა რამდენიმე ათეული წელი და დავითი ქვეყნის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს.
ისე, ჩვენში დარჩეს და, ბატონ დავითს, რომლის პარლამენტის თავმჯდომარეობაც ორ კვირასღა ითვლის, არასოდეს ან თითქმის არასოდეს უხსენებია, რომ ქიზიყში დაიბადა. ახლა, თუკი მსჯელობას ფსიქოლოგიური კუთხით გავაგრძელებთ, შეიძლება, დავასკვნათ, რომ საკუთარი „სოფლელობის დამალვა“ უსუფაშვილის ერთგვარი კომპლექსია, თუმცა ამ „დამალვას“ მეორე მხარეც აქვს _ მოგეხსენებათ, დავით უსუფაშვილი თანამედროვე ქართული ლიბერალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელია ანუ როგორც ოპონენტები ამბობენ, მისთვის მამაპაპური ადათ-წესები არაფერს ნიშნავს, ესე იგი, უსუფაშვილის ლიბერალობა რაღაცნაირად კოსმოპოლიტიზმში გადადის. მართლმორწმუნე კოსმოპოლიტებისთვის კი ისეთი სენსიტიური თემები, როგორიცაა, მაგალითად, „სადაც ვშობილვარ-გავზრდილვარ და მისროლია ისარი“ არაფერს ნიშნავს, რამეთუ ისინი თავს მსოფლიო მოქალაქეებად მიიჩნევენ და სამშობლოდ დედამიწას თვლიან.
მოკლედ, „დედამიწელი“ დავით უსუფაშვილი, საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლას თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე აგრძელებს. სტუდენტობისას, კერძოდ, 1990-1992 წლებში, მუშაობას ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიულ განყოფილებაში იწყებს. მას შემდეგ კი, რაც იურისტის დიპლომს იღებს, სამუშაოდ სახელმწიფო საბჭოს იურიდიულ განყოფილებაში გადადის და ორი წელი, ანუ 1992-დან 1994 წლამდე მრჩევლის პოზიციას იკავებს.
სწორედ ამ დროს, პოლიტიკური ელიტა კონსტიტუციაზე იწყებს მუშაობას და ახალგაზრდა იურისტი ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობს _ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრად მუშაობს.
1994 წელს, დავით უსუფაშვილი, თანამოაზრეებთან ერთად, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას აფუძნებს და ამ „ენჯეოს“ პირველი თავმჯდომარეც ხდება.
საერთოდ, სამართლიანობა მოითხოვს, აღვნიშნოთ, რომ საქართველოში, არასამთავრობო სექტორის განვითარებაში უსუფაშვილის მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი _ სხვა თუ არაფერი, პოსტკომუნისტურ ქვეყანაში ერთ-ერთ პირველ „ენჯეოს“ სამი წელი ხელმძღვანელობდა ანუ ანტილიბერალების ლოგიკით, დასავლეთმა, კერძოდ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „უსუფას“ (პოლიტიკურ წრეებში მერვე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეს სწორედ ამ თიკუნით მოიხსენიებენ ხოლმე) „გადაბირება“ სწორედ იმ პერიოდში მოახერხა.
სხვათა შორის, ეს ის დროა, როცა ასპარეზზე ლიბერალური ღირებულებების პატივისმცემელი სხვა ახალგაზრდებიც ჩნდებიან, მაგალითად, გიგა ბოკერია, რომელთანაც დავით უსუფაშვილსა და მის მეუღლეს, ქალბატონ თინა ხიდაშელს თბილი და მეგობრული ურთიერთობა აქვთ...
მერე, წლები რომ გავა და უსუფაშვილი ქვეყნის მეორე პირი გახდება, ისეთი ანტილიბერალები, როგორიც მაგალითად, სანდრო ბრეგაძე გახლავთ, უსუფაშვილ-ხიდაშელის წყვილს ერთ-ერთ მთავარ ბრალდებად სწორედ ბოკერიასთან მეგობრობას „დაუდებენ“ და სოციალურ ქსელში ფოტოსურათიც კი გავრცელდება, რომელზეც თინა ხიდაშელი, გიგა ბოკერია და სხვა ლიბერალები არიან აღბეჭდილნი.
დღე დღეს მიჰყვება, თვე თვეს, წელიწადი წელიწადს...
დავით უსუფაშვილი, თანამოაზრეებთან ერთად, საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების კულტივირებას ცდილობს. პარალელურად, საკუთარ განათლებაზეც ზრუნავს და... 1999 წელს, დიუკის უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის ინსტიტუტს ამთავრებს. იმავე წელს, AMEX Iinternational-ის საქართველოს ფილიალის დირექტორად ინიშნება და ამ თანამდებობას 2000 წლამდე იკავებს. 2001-დან 2005 წლამდე, პარლამენტის მომავალი სპიკერი USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტების იურიდიული რეფორმების, ასე ვთქვათ, კურატორია. პარალელურად, როგორც რესპუბლიკური პარტიის აქტივისტი, პოლიტიკურ ფლანგზეც აქტიურობს _ „ვარდების რევოლუციის“ ერთ-ერთი აქტიური გულშემატკივარი და მებაირახტრეა; ხშირად ჩნდება ბეჭდვურ თუ ელექტრონულ მედიაში და ცდილობს, საზოგადოებაში დემოკრატიული და პროდასავლური იდეები გაავრცელოს.
2005 წელს, დავით უსუფაშვილი პირველ პოლიტიკურ თანამდებობას იღებს _ ეროვნული კომიტეტი რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარედ ირჩევს...
2011 წელს, პარტიის ეროვნული კომიტეტი ნდობას მეორედაც გამოუცხადებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული უსუფაშვილი ქართველი რესპუბლიკელების თავკაცი მეორე ვადით ხდება...
ორი კომპრომატი _ კომუნისტობა და ჯაპანას ტრაგედია
მათ, ვინც პიარის ხელოვნებაში მეტ-ნაკლებად ერკვევა, კარგად იციან, რომ ნებისმიერი საჯარო პერსონისთვის, მაშასადამე, პოლიტიკოსისთვის, ყველაფერი კარგია, ნეკროლოგის გარდა ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ, ჭორი ერთგვარი საშუალებაა, პიროვნება ცნობადი გახდეს. მეტიც, პიარტექნოლოგიებში ერთი ასეთი მიდგომაც არსებობს, თუკი სუბიექტზე არ ჭორაობენ, ეს იმის მაჩვენებელია, რომ მის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი ნულზე დაბალია. მართალია, ქართველ რესპუბლიკელებს წლებია, ხან „ერთპროცენტიანებს“ ეძახიან და ხანაც „სამპროცენტიანებს“, მაგრამ ფაქტია: ამ პოლიტიკური გაერთიანების მიმართ ინტერესი ყოველთვის არსებობდა და ალბათ, მომავალშიც იარსებებს.
კი ბატონო, „უსუფა“, რამდენიმე დღეა, „რესპი“ აღარაა, მაგრამ ეს გარემოება მის ბეგრაუნდში არაფერს ცვლის. ჰოდა, საზოგადოების პოლიტიკური მეხსიერებიდან არც ის ამბები „ამოიშლება“, რაც სხვადასხვა დროს უსუფაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულა.
ყველაზე დიდი „კომპრომატი“, რაც კი პარლამენტის ჯერ კიდევ მოქმედ თავმჯდომარეზე არსებობს, წეღანდელი თქმისა არ იყოს, მისი ლიბერალობაა. სხვა მხრივ კი უსუფაშვილის წარსული სუფთაა. ყოველ შემთხვევაში, ყველაზე პირწავარდნილ ანტილიბერალებსაც არ მოუტრიალდებათ ენა, თქვან, რომ უსუფაშვილი კორუმპირებულია ან ცხოვრება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე მოიწყო.
უსუფაშვილის X-ფაილში ყველაზე დიდი „შავი ლაქა“ 2005 წლის აგვისტოში, ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჯაპანასთან მომხდარი ტრაგედიაა _ ავტოავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. მანქანას, როგორც გაირკვა, დავით უსუფაშვილი მართავდა.
2011 წელს, როცა ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდება, ნაციონალების წინააღმდეგ ფართომასშტაბიან ბრძოლას დაიწყებს და ამ ბრძოლაში გვერდით რესპუბლიკელებსაც დაიყენებს. ჰოდა, სააკაშვილისგან მართული მედია უსუფაშვილს ჯაპანას ტრაგედიას არაერთხელ გაახსენებს.
რა მოხდა სინამდვილეში?
2005 წლის 26 აგვისტოს, რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტის, კობა ლიკლიკაძის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ: „...ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჯაპანასთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად, ქობულეთში მცხოვრები ძმები _ ლევან და გიორგი მოისწრაფიშვილები შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალნენ მაშინ, როცა მანქანა, რომლითაც ისინი მოძრაობდნენ, საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის მანქანას დაეჯახა. საჭეს თავად ცნობილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მართავდა, მანქანაში კი მისი ცოლი და შვილი იმყოფებოდნენ, რომლებმაც, ავარიის შედეგად, სხეულის მცირე დაზიანება მიიღეს. მიუხედავად იმისა, რომ უბედური შემთხვევა ეჭვს არ იწვევს, ყველა ელოდა, რა დასკვნას გააკეთებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო.
რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, მისი ცოლი თინა ხიდაშელი, ცნობილი იურისტი და მათი შვილი დაღუპვისგან იხსნა მანქანაში დამონტაჟებულმა უსაფრთხოების საჰაერო ბალიშებმა, რომლებიც ამოქმედდა მას შემდეგ, რაც „ჰიუნდაი ჯიპს“, რომლის საჭესაც დავით უსუფაშვილი მართავდა, დიდი სისწრაფით მომავალი „ჰონდას“ ტიპის ავტომანქანა დაეჯახა... რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ასე აღწერს ავარიის დეტალებს:
„ეს მანქანა შემობზრიალდა და დაჯახების მომენტში აღმოჩნდა ჩემს გზაზე, პერპენდიკულარული მიმართულებით ანუ მე ვაგრძელებდი მუშაობას ჩემს სავალ ნაწილზე და ჩემს წინ აღმოჩნდა მანქანა, რომელსაც მე მარჯვენა მხრიდან შევეჯახე ანუ მთლიანად გზა მქონდა გადაკეტილი ამ მანქანით. შეჯახების შედეგად, მანქანა გადავარდა გზის სავალი ნაწილიდან და ორ წუთში გაუჩნდა ხანძარი“.
ხანძრის შედეგად, „ჰონდაში“ მჯდომი მძღოლი ადგილზევე გარდაიცვალა, თანამგზავრი კი _ საავადმყოფოში მისვლამდე.
დავით უსუფაშვილი: „უშუალოდ, შეჯახების მომენტში გვერდით მესხდნენ თინა და სანდრო. მათ გადმოყვანას ვცდილობდი იმიტომ, რომ თინა გაჭედილი იყო სავარძელსა და მანქანის სხვა ნაწილებს შორის. და როდესაც ესენი გადმოვიყვანე და გზის ნაპირას დავრჩი, ამასობაში იქ ხალხიც შეგროვებული იყო და მეორე მანქანასაც უტრიალებდნენ, მაგრამ იქ უკვე აღარაფრის გაკეთება არ შეიძლებოდა“.
ავტოავარიასთან დაკავშირებით, რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა ჩვენება მისცა გამომძიებლებს, არიან თვითმხილველებიც, რომელთა ჩვენებაშიც აღნიშნულია, რომ მოძრაობის წესები სწორედ შემხვედრმა ავტომანქანამ დაარღვია. დავით უსუფაშვილი, თინა ხიდაშელი და მათი შვილი თბილისში იმყოფებიან და ამბულატორიულ მკურნალობას გადიან“.
სხვათა შორის, იმ დროს, როცა ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჯაპანასთან ტრაგედია დატრიალდა, რესპუბლიკური პარტია უკვე ნაცმოძრაობის ოპოზიციაში იყო ანუ დავით უსუფაშვილი და მისი პოლიტიკური გუნდი სააკაშვილს დემოკრატიული ღირებულებებიდან გადახვევისთვის მწვავედ აკრიტიკებდა.
მართალია, მაშინ მსგავსი პარალელი არავის გაუვლია, მაგრამ ჯაპანას ტრაგედიამდე ერთი თვით ადრე, უსიამოვნებაში კიდევ ერთი მაშინდელი რესპუბლიკელი გაეხვია _ ვალერი გელაშვილს, რომელიც 2011 წლიდან დღემდე „ოცნებელია“, შუა თბილისში, დღისით, მზისით, შავნიღბიანები დაესხნენ და სასტიკად სცემეს.
კონსპირაციის თეორიას თუ გავყვებით, სავსებით შესაძლებელია, ჯაპანას ტრაგედიასა და გელაშვილის ცემას შორის ერთგვარი კავშირი არსებობდეს.
ჩვენში დარჩეს და, ავტოავარია, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგის განეიტრალების იარაღი, აპრობირებული ხერხია. ასე, მაგალითად, 70-იანი წლების ბოლოსა და 80-იანი წლების დასაწყისში, ცეკა-ს ერთ-ერთი გავლენიანი თანამდებობის პირი სწორედ ავარიის ანაწერა გახდა. ხალხური მითოსით, ამ ადამიანს ქვეყნის უმაღლეს მმართველთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა, უფრო სწორად, ეს ადამიანი, როგორც ამბობენ, კრემლში ამბროსოვიჩის შესაძლო შემცვლელად განიხილებოდა. ჰოდა, ჭორიც აგორდა, ცეკა-ს მაღალჩინოსანს ავარია მოუწყვეს და თავიდან მოიშორესო...
საერთოდ, პოლიტიკაში, როგორც ამბობენ, ყველაფერი „მოსულა“.
ვინ იცის, ეგებ, ჯაპანას ტრაგედიაც ვინმეს ბინძური ფანტაზიის ნაყოფი იყო, თუმცა უსუფაშვილ-ხიდაშელის წყვილი თავის დროზე კატეგორიულად აცხადებდა, რომ ის, რაც მოხდა, მხოლოდ და მხოლოდ უბედური შემთხვევა იყო და მეტი არაფერი (!).
აი, მეორე კომპრომატი კი, რომელიც დავით უსუფაშვილს, ასევე მას მერე გაახსენეს, რაც კოალიცია „ქართული ოცნების“ სახე გახდა „უბედური შემთხვევა'' ნამდვილად არაა. ყოველ შემთხვევაში, „უსუფას“ არც მაშინ და არც მერე უთქვამს, მიგონებენ და ყველაფერი ტყუილიაო. პირიქით, დაადასტურა კიდეც, რომ კომუნისტური პარტიის წევრი სისხლიანი 9 აპრილის შემდეგ გახდა. სხვათა შორის, კომკავშირულ-კომუნისტური წარსული ლიბერალულ-დემოკრატიული იდეების მიმდევარ უსუფაშვილს თავის დროზე მომღერალმა „უცნობმა“ „მაესტროს“ „საკანში“ გაახსენა.
,,იმიტომ შევედი კომუნისტურ პარტიაში, რომ მისი შიგნიდან დანგრევა მინდოდა“, _ განაცხადა მაშინ უსუფაშვილმა.
ასე იყო თუ ისე, „ძია ლენინი“ „რესპებსა“ და „უცნობს“ შორის განხეთქილების „ვაშლად“ იქცა.
,,ვერ გავიგე, რა უნდათ ჩემგან რესპუბლიკელებს და რატომ უნდა მოვუხადო ბოდიში ლევან ბერძენიშვილს? დანამდვილებით ვიცი, რომ 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ, კომუნისტურ პარტიაში შევიდა დავით უსუფაშვილი და ეს რომ ხმამაღლა ვთქვი, იმას მემართლებიან?“ _ რიტორიკულად კითხულობდა მომღერალი.
მოგვიანებით ანუ მაშინ, როცა კოალიცია „ქართული ოცნება“ ძალას იკრებდა და ყველასთვის ნათელი იყო, რომ ნაცმოძრაობის სახელისუფლებო კარიერა დღეებსღა ითვლიდა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სააკაშვილისადმი ლოიალურად განწყობილმა მედიამ კოალიციის ლიდერებს, მათ შორის, უსუფაშვილის კომპრომატებზე ნადირობა დაიწყო და პარლამენტის მომავალ თავმჯდომარეს, ცხადია, კომუნისტური წარსულიც გაახსენა, თან ეს „გახსენება“ ფაქტით გაამყარა _ რესპოდენტად საქართველოს ცეკა-ს ერთ-ერთი ბოლო ხელმძღვანელი და რუსეთ-სტალინის სიყვარულით სახელგანთქმული ავთანდილ მარგიანი აირჩია, რომელმაც განაცხადა: ,,უსუფაშვილი 1989 წელის 9 აპრილის შემდეგ მოვიდა კომუნისტურ პარტიაში. კომკავშირში და პარტიაში საქმიანობდა და ძალიანაც წარჩინებული წევრი იყო პარტიის. ჰქონდა კარგი იდეები და შრომასაც არ აკლებდა. ზუსტად ახლა აღარ მახსოვს, რა იდეებითა და ინიციატივებით გამოდიოდა, თუმცა თავგამოდებით რომ იცავდა პარტიის იდეებს და იდეოლოგიას, ეს არავისთვის უცხო არ არის. მის პოლიტიკურ მოღვაწეობას ვაფასებ _ ბევრმა დაიწყო ასე კომკავშირში საქმიანობა. რაც შეეხება უსუფაშვილის ნათქვამს, რომ კომუნისტური პარტია შიგნიდან უნდა დამენგრია. ამით რისი თქმა უნდოდა, რომ ლენინი მან მოკლა? კომუნისტური პარტიის შიგნიდან ნგრევა, მით უმეტეს, უსუფაშვილისთვის ძალიან ძნელი იქნებოდა. კომუნისტური და ბოლშევიკური პარტია დაანგრია სტალინმა, უსუფაშვილს თავი სტალინი ჰგონია? მან შემდეგ პოლიტიკოსისთვის არამომგებიანი ნაბიჯი გადადგა. ის გადავიდა რესპუბლიკურ პარტიაში, რომელიც ძმებმა ბერძენიშვილებმა დააფუძნეს. ეს იყო მასონისტური და სოროსული პარტია. თავიდან ასეთი იყო და ახლა როგორ არიან არ ვიცი. დიდმა ილიამ გვითხრა, ,,თუ არ იცი, რა უნდა თქვა, სიმართლე თქვი“.
ფარული კავშირები ნაციონალებთან
რესპუბლიკური პარტიის და, შესაბამისად, აწ უკვე ყოფილი რესპუბლიკელის, დავით უსუფაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის ფარულ კავშირებს ხალხურ მითოსში ფესვები ღრმად აქვს. ისე, ეს მითოსი კი არა, უფრო რეალობა თუნდაც იმიტომაა, რომ მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილმა ნაციონალური მოძრაობა შექმნა, რესპუბლიკელ ლევან ბერძენიშვილს ამ პარტიის ვიცეთავმჯდომრის პოსტი ეკავა. მოგვიანებით კი ანუ 2004 წლის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე „რესპები“ და ნაცები ერთიანი სიით გამოვიდნენ და იგივე ლევან ბერძენიშვილი დეპუტატი სწორედ ასე გახდა.
ისიც ცნობილია, რომ დავით უსუფაშვილი, მისი მეუღლე და სხვები, რომლებიც ჯერ კიდევ რესპუბლიკური პარტიის წევრებად რჩებიან, ცხონებულ ედუარდ შევარდნაძეს პირგამეხებულნი ებრძოდნენ და „ვარდების რევოლუციის“ ბარიკადებზეც სააკაშვილის გვერდით იდგნენ, თუმცა შევარდნაძე „სახლში წავიდა“ თუ არა, „რესპებსა“ და ნაცებს შორის „შავმა კატამ“ გაირბინა, შესაბამისად, უსუფაშვილი, რომელსაც იმხანად რესპუბლიკურ პარტიაში უკვე დიდი გავლენა ჰქონდა, მართლმორწმუნე ანტინაცად მოგვევლინა.
იმის ოფიციალური მიზეზი, თუ რატომ ,,დაეტაკნენ'' რესპუბლიკელები სააკაშვილსა და მის გუნდს, არაერთხელ თქმულა. კერძოდ, ლაპარაკია ნაციონალების მიერ დემოკრატიული ღირებულებების უგულებელყოფაზე, თუმცა პოლიტიკურ კულუარებში ამ „დატაკების“ სხვა საბაბი სახელდება. ყოველ შემთხვევაში, ამბობენ, რომ დავით უსუფაშვილს სააკაშვილის მთავრობაში გენერალური პროკურორის პოსტი უნდოდა, ვერ მიიღო და „ვარდოსნებს“ სწორედ ამიტომაც გაემიჯნა.
ახლა, ვიცით, რომ ენას ძვალი არ აქვს და ყველაფრის თქმა შეუძლია, მაგრამ ისიც ვიცით, რომ კვამლი უცეცხლოდ არასოდეს ჩნდება. ამასთან, პოლიტიკის არითმეტიკაა _ მუდმივი მეგობრები და მტრები არ არსებობენ. ჰოდა, რა გასაკვირია, თუკი ერთ დროს თანამოაზრეები მოგვიანებით „მოსისხლე მტრებად“ იქცნენ?! „მოსისხლე მტერი“ ფიგურალური ნათქვამი ნამდვილად არაა _ 2008 წლის ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დროს, რესპუბლიკური პარტია, შესაბამისად, უსუფაშვილ-ხიდაშელის წყვილი გაერთიანებული ოპოზიციის ავანგარდში იდგა. მართალია, უსუფაშვილი, ლევან გაჩეჩილაძის მსგავსად, ბოლო ხმაზე არ ყვიროდა, მიშა, მოვდივარო, მაგრამ ცხადია, „გრეჩიხას“ პათოსს იზიარებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის გვერდით ვერ იდგებოდა, მაგრამ...
გამოხდა ხანი და, გაჩეჩილაძე-უსუფაშვილის გზები გაიყო ანუ მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარე გახდა, უსუფაშვილმა ერთი ფრაზა თქვა, რაც საფუძვლად ყბადაღებულ კოჰაბიტაციას დაედო. მაინც, რა თქვა ასეთი „უსუფამ“? რა და, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, ნაცმოძრაობის ქართულ პოლიტიკურ ბზარზე დარჩენა აუცილებელიაო.
ეს ამბავი კი, ასე მოხდა:
2013 წლის აპრილში, პოსტნაციონალური საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ჩადის. დავით უსუფაშვილს რადიო „თავისუფლების“ პრაღის სტუდიაში იწვევენ. მასთან ინტერვიუს სალომე ასათიანი უძღვება. საუბარი ბევრ რამეს შეეხება, მათ შორის, სააკაშვილსა დ ივანიშვილსაც.
დავით უსუფაშვილი: „დარწმუნებული ვარ და მჯერა, ივანიშვილი, ამ შემთხვევაში, გულწრფელია. არასოდეს ვიყავი დარწმუნებული, რომ მიხეილ სააკაშვილი იქნებოდა გულწრფელი და სწორი პრეზიდენტი. 2003 წლის „ვარდების რევოლუციაში“ რესპუბლიკურ პარტიასაც ჰქონდა გარკვეული წვლილი. პირადად მე, წინა ხაზზე არ ვყოფილვარ, მაგრამ სადაც ვიყავი, ცხადია, ვგულშემატკივრობდი ამ ამბებს, მაგრამ პოლიტიკურად არასოდეს დამისახავს ამოცანა, რომ სააკაშვილი გამხდარიყო პრეზიდენტი და ქვეყნის ლიდერი იმიტომ, რომ ამის უნარი არ ჰქონდა.
...პოლიტიკურ ცხოვრებაში გარკვეული სტაჟი მეც დამიგროვდა და პირველად ვარ კმაყოფილი პოლიტიკური ლიდერით ამ ურთიერთობების ჭრილში. იმიტომ, რომ ძალიან ხშირად ვკამათობთ, ძალიან მწვავედაც ვკამათობთ, 15 წუთში სხვა თემაზე გადავდივართ და ძალიან მშვიდად ვმუშაობთ, კიდევ 20 წუთის შემდეგ შესაძლოა ისევ ცხარედ ვიკამათოთ. და ეს არის სწორი სტილი.
...ძალიან ხშირად მიწევს თქმა, განსაკუთრებით აქეთ ყოფნისას, ევროპაში, აშშ-ში, რომ ნაციონალური მოძრაობის, როგორც ყოფილი მმართველი პოლიტიკური ძალის გადარჩენა თუ პოლიტიკურ სპექტრში დარჩენა, ეს არის ქართული დემოკრატიის ამოცანა. რაც უნდა გამიბრაზდნენ ახლა ქართველი მსმენელები, რომლებიც თვლიან, რომ ნაციონალური მოძრაობა გადასარჩენი კი არა, გასასამართლებელი და ასაკრძალია, მე ამას კიდევ ვიმეორებ და ყველას ვურჩევ, კარგად დავუკვირდეთ, რაზეა აქ საუბარი. ნაციონალური მოძრაობა, როგორც კოლექტიური დამნაშავე პოლიტიკური ძალა, ბოლო 9 წლის განმავლობაში ჩადენილ დანაშაულებში და ასე შემდეგ _ თუ ჩვენ ასე შორს წავედით, მაშინ ჯობია დავიწყოთ ჯერ კომუნისტური პარტიით, მერე მივაყოლოთ მრგვალი მაგიდა, მოქალაქეთა კავშირი, აღორძინება, ნაციონალური მოძრაობა და ყველა ერთად ავკრძალოთ, გავაუქმოთ და ა.შ. რადგან ჩვენ ეს არ გვიქნია კომუნისტური პარტიის მიმართ, არც ნაციონალური მოძრაობის მიმართ იქნება ეს სწორი. ეს არანაირად არ ნიშნავს, რომ ინდივიდუალური პირების პასუხისმგებლობის საკითხი არ უნდა დადგეს. ეს დადგება, თუმცა ამ განსაცდელს რამდენად გაუძლებს თავად ნაციონალური მოძრაობა და ამ შიდა გაუგებრობებს და შეჯახებებს არ გადაყვება, ეს უკვე ჩემი საქმე არ და ვერ არის. ვისურვებ, რომ მისი შედარებით ჯანსაღი ნაწილი, ასე ვთქვათ, უვნებელი გამოვიდეს ამ პროცესიდან და ჩვენ მათ ისევ პოლიტიკურ ბრძოლაში დავამარცხებთ“.
უსუფაშვილისა და ნაციონალების კონტექსტში კიდევ ერთი საინტერესო დეტალის გახსენება შეიძლება. სახელდობრ, დაახლოებით, ერთი წლის წინ, ერთ-ერთმა ქართულმა გამოცემამ, კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით, სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც, უსუფაშვილის, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის დაცვის წევრი, უკრაინაში გაიქცა. ამ სტატიაში ნათქვამი იყო: „პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის პირადმა დაცვამ, გიორგი რუბაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში პატაკი დაწერა და ოდესაში მიხეილ სააკაშვილთან გაემგზავრა... რუბაშვილი ამჟამად ოდესის გუბერნატორისა და საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი დაცვის სამსახურში აგრძელებს საქმიანობას... რუბაშვილმა სააკაშვილს ოდესაში საკმაოდ საინტერესო ინფორმაციები ჩაუტანა, მათ შორის, მტკიცებულებების სახით.
რა ინფორმაცია შეიძლება ჰქონდეს უსუფაშვილის დაცვას ,,ქართული ოცნების'' ლიდერებზე. ამის თქმა რთულია, თუმცა არ არის გამორიცხული, დახურული შეხვედრებისა და სატელეფონო საუბრების შესახებ ინფორმაციამ, მართლაც, გაჟონოს... რუბაშვილის თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურში კომენტარს არ აკეთებენ. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან გამოთხოვილი დოკუმენტის თანახმად კი ირკვევა, რომ დავით უსუფაშვილის პირადი დაცვა, გიორგი რუბაშვილი თანამდებობიდან 2015 წლის 15 ივნისს პირადი პატაკის საფუძველზე გათავისუფლდა. თუ რა გახდა რუბაშვილის მიერ პატაკის დაწერის მიზეზი ან სად აგრძელებს იგი საქმიანობას, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში არ აკონკრეტებენ. გიორგი რუბაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მუშაობა 2004 წელს დაიწყო და თავის დროზე მიხეილ სააკაშვილის დაცვაშიც მუშაობდა“.
გამოხდა ხანი და, ინტერნეტი ფარულმა ჩანაწერებმა მართლაც წალეკა _ სხვებთან ერთად, ფარული საუბრების ის მონაკვეთებიც გავრცელდა, სადაც სააკაშვილი თითქოს უსუფაშვილთან დაკავშირებით საუბრობს ანუ მიანიშნებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე და შესაბამისად, მისი მეუღლე წყალს, თურმე, ნუ იტყვით და, ნაციონალების წისქვილზე ასხამენ, თუმცა ჯერ ერთი, არც ამ ჩანაწერების ავთენტურობა დადასტურებულა და, მეორეც, არც თავად უსუფაშვილს უარუყვია ან დაუდასტურებია, რომ სააკაშვილთან რაიმე სახის ფარული კომუნიკაცია აქვს.
ამიტომაც, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში მის მიმართ კითხვის ნიშნები შესაძლოა, დღემდე არ მოხსნილა.
უსუფაშვილი, როგორც სპიკერი
ცხონებული ზურაბ ჟვანია, როგორც პოლიტიკოსი, შესაძლოა, ბევრს არ ესიმპათიურებოდა და არც ახლა ესიმპათიურება, მაგრამ არავინ უარყოფს, რომ ჟვანიამ ქართული პარლამენტარიზმის ისტორიას ჩაუყარა საფუძველი და პარლამენტის კარგი თავმჯდომარე იყო.
მას მერე ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს სამი სპიკერი ჰყავდა _ ნინო ბურჯანაძე, ორი ვადით; დავით ბაქრაძე, ასევე ორი ვადით და დავით უსუფაშვილი. ბურჯანაძისა და ბაქრაძის მოღვაწეობაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბურჯანაძემ, როგორც ქვეყნის მეორე პირმა, სააკაშვილი ორჯერ ,,გააპრავა'' _ ერთხელ, 2003 წლის „ვარდების რევლუციის“ დროს და მეორედ, 2008 წლის დასაწყისში, როცა როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები აღიარა და ეს მაშინ, როცა იგივე გაერთიანებული ოპოზიცია, რომლის ერთ-ერთ ლიდერიც დავით უსუფაშვილი იყო, არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევდა.
რაც შეეხება უსუფაშვილის სპიკერობას, ამას, ალბათ, ისტორია შეაფასებს, მაგრამ ხაზგასასმელია ერთი გარემოება:
დავით უსუფაშვილმა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, ქვეყნის უმთავრესი კანონი ანუ კონსტიტუცია დაარღვია. იკითხავთ, „უსუფას“ მიერ კონსტიტუციის დარღვევა რაში გამოიხატებაო? ვიდრე საუბარს ამ კუთხით გავაგრძელებთ, კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ 90-იანი წლების პირველ დეკადაში, როცა საქართველოს კონსტიტუცია იწერებოდა, უსუფაშვილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში მოღვაწეობდა.
ამასთან, როგორც იურისტმა (ამბობენ, რომ მაღალი კვალიფიკაციის იურისტია), უმაღლესი კანონის ძალა და ფასი კარგად უნდა იცოდეს, ესე იგი, სხვას შეიძლება, კონსტიტუციის დარღვევა ან უგულებელყოფა ეპატიოს, აი, უსუფაშვილს კი _ არა, თუმცა მიუხედავად ამისა, მან, როგორც „ვერსიას“ უხსნიან, კონსტიტუციის ის მუხლი, სადაც ნათლად წერია, რომ საქართველოს საპარლამენტო დედაქალაქი ქუთაისია, შესაბამისად, ყველა კანონპროექტის განხილვა თუ სხვა კანონშემოქმედებითი საქმიანობა სწორედ ქუთაისში უნდა წარმოებდეს, უხეშად დაარღვია და მე-8 მოწვევის პარლამენტს ნება დართო, საქმიანობა, თუნდაც საკომიტეტო მოსმენების დონეზე, ე.წ. თბილისის შენობაში ეწარმოებინა.
ყველაფერ აქედან გამომდინარე, ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ თუკი მე-9 მოწვევის პარლამენტი კონსტიტუციას დაარღვევს, ამის ,,წამფითილებელი'', შესაძლოა, უსუფაშვილიც იყოს ანუ თავის დროზე მას კანონი რომ არ დაერღვია და კონსტიტუცია ,,ფარითა და მახვილით'' დაეცვა, ეს პოლიტიკური ძალებისთვის ერთგვარი ბერკეტი იქნებოდა და ქვეყნის უმაღლესი კანონის ,,პოლიტიკური წაბილწვა'' აზრადაც აღარ მოუვიდოდათ, მაგრამ უსუფაშვილმა გააკეთა ის, რაც გააკეთა. აქედან გამომდინარე, მისი მხრიდან იმაზე ლაპარაკი, რომ თუნდაც ,,ოცნების'' ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობა კონსტიტუციას ისე ჭრის და კერავს, როგორც უნდა, მინიმუმ, ალბათ, უხერხული იქნება, თუმცა პოლიტიკაში ოპონენტის ,,დასასამარებლად'' ხომ ყველაფერი მოსულა...
ვანო პავლიაშვილი

back to top