Menu
RSS

რა კავშირი ჰქონდა „ჯავახკთან“, რუსულ სპეცსამსახურებსა და ფარმაცევტულ ბიზნესთან, რა სკანდალური წერილი გამოაქვეყნა 90-იან წლებში, რატომ არ აღიძრა საქმე ხელისუფლების შეცვლის შემდეგ და ცოცხალია თუ არა მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე

თუკი კარგად დავაკვირდებით, საქართველოს უახლესი ისტორია ერთგვარად იდუმალი ფაქტების ქრონოლოგიაა და მეტი არაფერი _ ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, უშიშროების საბჭოს მდივნის, ნუგზარ საჯაიასა თუ პრემიერ ზურაბ ჟვანიას ბუნდოვანი გარდაცვალება; ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თვითმკვლელობა თუ მკვლელობა _ ალბათ, გახსოვთ, ეს ტრაგედია 90-იან წლებში მოხდა და როგორც მაშინ ითქვა, დემურ დვალიშვილი შსს-ს ერთ-ერთი სართულის ფანჯრიდან გადახტა... იდუმალი ფაქტების ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს, მაგრამ აუცილებლად აღსანიშნავია ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობა და თუნდაც 2003 წლის ნოემბრის მოვლენებიც, რაც საზოგადოებაში ,,ვარდების რევოლუციის'' სახელითაა ცნობილი... ყველაფერი ეს ვინმესთვის შეიძლება, ღრმა კონსპიროლოგიაა, მაგრამ მოგეხსენებათ, ,,არა არს საიდუმლო, რომელიც არა გაცხადდეს'' ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ, ყოველთვის მოიძებნება გასაღები, რომელიც საიდუმლო ოთახის კარს გახსნის. ჰოდა, ,,ვერსიის'' ახალმა რუბრიკამ, რომელსაც ,,X-ფაილი'' დავარქვით, შესაძლოა, სწორედ ამ გასაღების ფუნქცია შეასრულოს.
სხვათა შორის, ჟურნალისტური არქივები ბევრ საინტერესო დეტალს ინახავს, რაც რაღაცნაირად დავიწყებასაა მიცემული, მაგრამ როგორც ამბობენ, ეშმაკები სწორედ დეტალებში სხედან. ამბიციად არ ჩაგვითვალოთ და, ჩვენ სწორედ ამ ,,პოლიტიკურ ეშმაკებზე'' ,,ნადირობას'' ვიწყებთ, რაც უდავოა, ბევრს არ მოეწონება, მაგრამ არა უშავს _ ვისაც გული მოუვა, შეუძლია, ცივი წყალი დალიოს! ისე, ელდარ შენგელაიას გენიალური ,,შერეკილების'' ერთ-ერთი პერსონაჟის, კერძოდ, ბიძია-ბაბუას ნათქვამისა არ იყოს, აქედან ანუ ამ შემთხვევაში, არქივიდან რაღაცების ამოშლა ძნელია. ასე რომ, დღეიდან, ყოველ პარასკევს, ყველა საიდუმლო მოვლენასა და პერსონაზე ,,ვერსია'' გაყალბებულ და ცრუ ფაქტებს კი არა, მოგიყვებათ სიმართლეს, მხოლოდ სიმართლეს და არაფერს სიმართლეს გარდა!
მაშ, ასე: ,,X-ფაილის'' პირველი ეპიზოდი, ჰოლივუდური ბესტსელერისა არ იყოს, ერთობ მძაფრსიუჟეტიანია, რამეთუ დღეს ვსაუბრობთ პიროვნებაზე, რომლის შესახებაც Gოოგლე-ის უკიდეგანო საძიებო სისტემებში ბევრი არაფერი მოიპოვება. შესაბამისად, ინტერნეტში მისი ხარისხიანი ფოტოსურათიც არ არსებობს. ასევე, ვერსად ნახავთ ე.წ. ჩV-ის ანუ ოფიციალურ ბიოგრაფიას. ერთადერთი, რაც ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით ირკვევა, ისაა, რომ ამირან მესხელი 1975 წლის 26 დეკემბერს, თბილისშია დაბადებული (ხალხური მითოსით, მესხელი სამცხე-ჯავახეთიდანაა და ვანო მერაბიშვილსაც სწორედ იქიდან, მაშასადამე, ბავშვობიდან იცნობს. მოგეხსენებათ, მერაბიშვილი სოფელ უდეში დაიბადა); ჰყავს მეუღლე და ორი შვილი...
მოსაზრებას, რომ ამირან მესხელს სამცხე-ჯავახეთთან ჰქონდა კავშირი, ერთი ფაქტიც ამყარებს: 2014 წლის მონაცემებით, მესხელის ძმა, გიორგი მესხელი, რომელიც ნაცმოძრაობის წევრია, საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. პარალელურად, არასამთავრობო ორგანიზაციას _ „დემოკრატ მესხთა კავშირი“ ხელმძღვანელობდა, რომელსაც 2014 წელს, გრანტის სახით, 50 000 ლარი აქვს მიღებული.
საერთოდ, იშვიათია ადამიანი, ვისაც ეს სუბიექტი პირადად ჰყ¬ავს ნანახი, არადა, მთელი 9 წელი ანუ იმ ხნის განმავლობაში, რაც ხელისუფლება ნაციონლებს ეპყრათ, ხალხი, ესე იგი, სახელმწიფო ბიუჯეტი არჩენდა _ მაღალი სახელმწიფო თანამდებობა, კერძოდ, შს მინისტრის პირველი მოადგილის პოსტი ეკავა და ყველა იმ კანონიერ თუ უკანონო სპეცოპერაციაზე, რაც ნაცების დროს ძალოვნებმა ჩაატარეს, სწორედ მისი ,,ვიზავი'' უნდა არსებობდეს, თუმცა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, რაოდენ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, მერაბიშვილის ყოფილ მოადგილეზე არათუ სისხლის სამართლის საქმე აღძრულა, არამედ, მისი გვარი, ,,ვერსიის'' ინფორმაციით, ერთი დაზარალებულის ჩვენებაშიც კი არ ფიგურირებს. შესაბამისად, ჩნდება ლეგიტიმური ეჭვი, რომ ვიღაც ამ სუბიექტის ,,გასუფთავებას'' ცდილობს. რატომ? _ ეს ამირან მესხელის დოსიეში, როგორც იტყვიან, საკვანძო კითხვაა...
მოკლედ, ვინ არის, როგორ გახდა ჩვეულებრივი ,,ვალუტჩიკი'' პოლიციის გავლენიანი მაღალჩინოსანი და რატომ ეძახდნენ ,,მარტოხელა მგელს''? _ ,,ვერსია'', ჟურნალისტურ არქივებსა და პირად კონფიდენტებზე დაყრდნობით, ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილის შოკისმომგვრელ X-ფაილს წარმოგიდგენთ!
,,მარტოხელა მგელი''
90-იანი წლების მიწურულს, ერთ-ერთ პროვინციულ გაზეთში სკანდალური სტატია ქვეყნდება, რომელშიც ლაპარაკი სამცხე-ჯავახეთში დისლოცირებულ რუსულ სამხედრო ნაწილებში გამეფებულ ჰომოსექსუალიზმზეა. სტატიის ავტორი ვინმე ამირან მესხელია, რომელიც იმხანად, ალბათ, 25 წლამდე იქნებოდა. ეს მესხელის, რომელიც მოგვიანებით, ქართული სპეცსამსახურების გავლენიან ,,რუხ კარდინალად'' იქცევა, პრაქტიკულად, პირველი და, ალბათ, უკანასკნელი საჯარო გამოჩენაა... სტატიის გამოქვეყნებიდან მალევე, მესხელს სამხედრო სავალდებულო სამსახურში იწვევენ, რასაც სკანდალი მოჰყვება. მესხელი ასაჩივრებს, რომ ჯარში გაწვევა არ ეკუთვნის და დავას სასამართლოში იწყებს. თემიდას მომჩივნისთვის სასარგებლო ვერდიქტი გამოაქვს... ოფიციალური დოკუმენტები იმის თაობაზე, თუ რატომ არ ეკუთვნოდა მესხელს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა, არ არსებობს, მაგრამ ერთ-ერთი გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის იმდროინდელ ანგარიშში საინტერესო ჩანაწერს ვხვდებით. კერძოდ, მესხელის ეს ინციდენტი ანგარიშის იმ კონტექსტშია განხილული, სადაც აქცენტი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რელიგიურ, სექსუალურ და სხვა უმცირესობათა დისკრიმინაციაზე კეთდება. მაშასადამე, დაშვების დონეზე, შესაძლოა ითქვას, რომ მესხელი რომელიმე უმცირესობის წარმომადგენელი იყო ან, სულაც, ,,წამებულის როლის'' თამაში რაღაცისთვის დასჭირდა. კონფიდენტი, რომელსაც თავის დროზე საქართველოს კონტრდაზვერვაში მაღალი თანამდებობა ეკავა და რომელსაც ,,ვერსიამ'' ეს დეტალი გააცნო, არ გამორიცხავს, რომ სპეცსამსახურებმა ვანო მერაბიშვილის მოადგილესა და მეჯვარესთან მჭიდრო კავშირი შესაძლოა, სწორედ იმ პერიოდში დაამყარეს:
_ სხვანაირად წარმოუდგენელია, რომ მესხელს ახალციხეში, რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, რაც, პრაქტიკულად, ,,წითელი ზონა'' იყო, ვალუტის გადამცვლელი ჯიხური გაეხსნა, _ ამბობს ,,ვერსიის'' კონფიდენტი, _ მოგვიანებით, ამირან მესხელი შსს-ს ,,რუხი კარდინალი'' გახდა და უშიშროების ორგანოებს კურირებდა, ანუ მათ საქმიანობას წარმართავდა.
_ ,,უშიშროების ორგანოებში'' სახელდობრ, რას გულისხმობთ?
_ კონტრდაზვერვას, კონსტიტუციური უსაფრთხოებისა და სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტებს და, ასევე, იმ სპეციალურ ოპერატიულ სამსახურებს, რომლებიც უცხოელი სპეცსამსახურების მიერ ჩვენი ქვეყნის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოვლენაზე მუშაობენ, თუმცა ძალიან კარგად ვიცით, თუნდაც ,,ენვერის'' მაგალითზე, ნაციონალები უცხო ქვეყნის აგენტებს როგორც ავლენდნენ.
_ იმის თქმა გინდათ, რომ სპეცოპერაცია ,,ენვერი'' ამირან მესხელმა დაგეგმა?
_ ყოველ შემთხვევაში, ეს სპეცოპერაცია მისი კურატორობით ჩატარდა. როგორც გითხარით, მესხელი შსს-ში უშიშროების ორგანოებს კურირებდა, ე.წ. მოდულში იჯდა და მისი სანქციის გარეშე, ვერც ერთი ქვედანაყოფისა თუ დეპარტამენტის უფროსი ნაბიჯსაც ვერ გადადგამდა.
_ თქვენი ინფორმაციით, მერაბიშვილი და, შესაბამისად, სააკაშვილი მესხელს რატომ ენდობოდა?
_ მართალია, მერაბიშვილი ენდობოდა, მაგრამ 2011 წლის ბოლოს, როგორც ვიცი, მათ შორის შავმა კატამ გაირბინა.
_ რა მიზეზით?
_ ჩემი ინფორმაციით, მესხელს გარკვეული ინფორმაცია ჰქონდა, რომლის სააკაშვილისთვის გადაცემასაც მერაბიშვილის გვერდის ავლით ცდილობდა.
_ ეს ინფორმაცია რას შეეხებოდა?
_ სავარაუდოდ, მერაბიშვილის ფიგურას, მაგრამ მესხელი სააკაშვილს ვერ შეხვდა, რადგან ვანომ ყველაფერი გაიგო და მათ შორის დიდი უთანხმოება დაიწყო. მერაბიშვილისა და მესხელის დაპირისპირების შესახებ ინფორმაციას გარეთ არ გამოუჟონავს, რადგან ეს შსს-ში და, საერთოდ, მთელ მაშინდელ მმართველ გუნდში გარკვეულ ბზარს გააჩენდა.
ცნობისთვის: ,,ვერსიის'' კონფიდენტის ინფორმაციას არაპირდაპირ ბაჩო ახალაიაც ადასტურებს. ყოველ შემთხვევაში, რამდენიმე წლის წინ, როცა ადვოკატის საშუალებით ინტერვიუ ჩაწერა, ,,ვერსიამ'' კითხვა, მერაბიშვილთან დაპირისპირების კონტექსტში, ამირან მესხელზეც დაუსვა, თუმცა ბაჩო ახალაიამ, უბრალოდ, ვერ გაიხსენა, მესხელი ვინ იყო:
ამონარიდი ინტერვიუდან:
_ თქვენი მისამართით მუდმივად ისმოდა ერთი კითხვა _ შინაგან საქმეთა მინისტრობისას, გქონდათ თუ არა, რეალურად, პრემიერ ვანო მერაბიშვილთან დაპირისპირება და რა იყო ამის მიზეზი. რა ურთიერთობა გქონდათ მის მოადგილე ამირან მესხელთან თქვენ და თქვენს ძმას, დათა ახალაიას და რას უკავშირდება გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ მესხელი და ახალაიები ვანო მერაბიშვილს უპირისპირდებოდნენ?
_ აი, მაგალითად ამ კითხვაში ნახსენები ამირან მესხელი რომ წავიკითხე, გულწრფელად გეტყვით, წამიერად დავიბენი და ვერ გავიხსენე, ვინ იყო. ვანოსთან დაკავშირებით ძალიან ბევრჯერ ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ მასთან ყოველთვის საქმიანი ურთიერთობა მქონდა, განსაკუთრებით სუბორდინაციული მაშინ, როცა ის პრემიერი გახდა. ჩემი ძმა კი, ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ ვანოს უახლოესი მეგობარია''.
ახლა კი გავაგრძელოთ საუბარი ვერსიის კონფიდენტთან:
_ თუკი მესხელი ,,რუხი კარდინალი'' და შავბნელი ფიგურა იყო, სისხლის სამართლის ერთ საქმეში მაინც რატომ არ ფიგურირებს? სხვათა შორის, მას ხელს არც დაზარალებულები ადებენ...
_ საინტერესო შეკითხვაა... საერთოდ, იცით, როგორ არის? _ უნდა ვიცოდეთ, სისტემა რას წარმოადგენს. შსს და უშიშროების სამსახური იერარქიული სისტემაა, სადაც შესულ ნებისმიერ ინფორმაციაზე, რომელიც სახელმწიფო მნიშვნელობისაა, მინისტრის იმ მოადგილის სანქციის გარეშე, რომელიც უშიშროების ხაზს კურირებს, ოპერატიული საქმიანობა არ დაიწყება. ეს ყველამ იცის, ვისაც ამ სისტემაში უმუშავია. მოკლედ, ნებისმიერი საქმის გამოძიება, რომელზეც დღეს პროკურატურა მუშაობს, მათ შორის, 7 ნოემბერი თუ ,,ენვერი'', სწორედ მესხელის პიროვნების შესწავლით უნდა დაიწყოს...
_ ყველაფერი ეს გასაგებია, მაგრამ მესხელმა კვალი არ დატოვა?
_ ინფორმაცია რომ არ დაიკარგოს, მისი ქაღალდზე დატანა ხდება ანუ დოკუმენტები იქმნება, რომელსაც ვიზას უმაღლესი თანამდებობის პირი და ის ადამიანი აძლევს, ვინც ამ სფეროს კურირებს. ასე რომ, მესხელს კვალი დატოვებული აქვს და გამოძიებამ ეს კვალი შსს-ში უნდა ეძებოს. თუკი გამოძიება მესხელით დაინტერესდება, ყველა ის დოკუმენტი უნდა შეისწავლოს, რომელზეც მისი ვიზირება არსებობს და ასე დაადგინოს, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები კანონიერად წარმოებდა თუ არა.
_ ოფიციალურად არავინ არაფერს ერჩის, მაგრამ მესხელმა საქართველო მაინც დატოვა. ამას რითი ხსნით?
_ როგორც ჩანს, საშიშროებას გრძნობდა. მესხელმა, ცხადია, იცოდა, რომ ის ნაციონალები, რომლებიც საქართველოში დარჩნენ, მის დაცვას არ დაიწყებდნენ.
_ გამოდის, რომ ამირან მესხელი ნაცმოძრაობის ,,მარტოხელა მგელი'' იყო?
_ ,,მარტოხელა მგლად'' იმ ინციდენტის შემდეგ იქცა, რომელზეც წეღან გითხარით...
_ მესხელს პირადად იცნობთ?
_ რა თქმა უნდა, ვიცნობ. უფრო სწორად, სულ ორჯერ მყავს ნანახი. პირველად მაშინ შევხვდი, როცა კონსტიტუციური წყობილების დაცვის სამსახურის ხელმძღვანელად დაინიშნა, მეორედ კი, _ როცა სამსახურიდან მათავისუფლებდნენ.
_ ანუ, მესხელი უშიშროებაში მანამ გამოჩნდა, ვიდრე ნაციონალები კუდ-სა და სოდ-ს შექმნიდნენ?
_ დიახ. კონსტიტუციური წყობილების დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი სერგო ძაგნიძე გახლდათ. ამ უწყებაში ერთ-ერთ განყოფილებას ვხელმძღვანელობდი, თუმცა იმ დღეს, როცა ამირან მესხელი სამსახურში პირველად მოვიდა, ვერ შევხვდი, რადგან ავად ვიყავი. მოგვიანებით, ჩემი საქმიანობით დაინტერესდა, თავის კაბინეტში დამიძახა და ავუხსენი, რა მიმართულებითაც ვმუშაობდი...
_ ახალ უფროსზე რა შთაბეჭდილება შეგექმნათ?
_ მესხელი მაშინ ძალიან ახალგაზრდა იყო და ერთმა რამემ გამაოცა: ვიცოდი, რომ უშიშროების ორგანოებში მუშაობის გამოცდილება არ ჰქონდა, მაგრამ უშიშროების თანამშრომლის ყველა თვისებას ფლობდა ანუ კარგად იყო გათვითცნობიერებული, თუ საიდან იღებს და როგორ ამუშავებს სპეცსამსახური ინფორმაციას. ამის გამო გამიჩნდა შეკითხვა, რომ ადრე საქართველოს, ან რომელიმე უცხო სპეცსამსახურთან ხომ არ იყო დაკავშირებული. სხვათა შორის, მესხელს, როგორც გითხარით, სავალუტო ჯიხური ახალციხეში ჰქონდა და ეს ზონა რუსების ოპერატიული მომსახურების ქვეშ იმყოფებოდა, რადგან იქ რუსული არმია იდგა. საერთოდ, უცხო ადამიანს, რომელიც სისტემაში მოდის, ნიუანსებში გასარკვევად და ოპერატიულ თანამშრომლად ჩამოსაყალიბებლად წლები სჭირდება. ამ სავალუტო ჯიხურიდან მოსულმა მესხელმა კი თითქმის ყველაფერი იცოდა...
როგორც გითხარით, მესხელს მეორედ მაშინ შევხვდი, როცა სამსახურიდან მიშვებდნენ. ამ საქმეში შს მინისტრის მაშინდელი მოადგილე, ლევან ნიკოლეიშვილი იყო ჩართული ანუ ინიციატივა მისგან წამოვიდა, რომ სამსახური საკუთარი განცხადების საფუძველზე დამეტოვებინა, თუმცა საბოლოოდ, ისე გამოვიდა, განცხადების გარეშე გამომიშვეს და საბუთები გამიფუჭეს. მანამდე კი, ერთმა ნაცნობმა მაღალჩინოსანმა დამირეკა და მითხრა, მესხელს შენთან შეხვედრა უნდაო და ყველაფერი დარეგულირდებოდა. მაშინ მესხელი ჩიტაძის ქუჩაზე, უშიშროების სამინისტროს ყოფილი შენობის მეორე სართულზე იჯდა. მე მოსაცდელში დამტოვა, ნაცნობი მაღალჩინოსანი კი, მესხელთან შევიდა. უკან გამოსულმა მითხრა, პრობლემა არ იქნებაო და ამ მაღალჩინოსანს ვენდე, მაგრამ 2004 წლის 28 აგვისტოს, მარიამობას, გათავისუფლების ბრძანება ამაფარეს.
_ მაშასადამე, შსს-სა და, შესაბამისად, ნაცმოძრაობის რეალური ,,ხერხემალი'' მერაბიშვილი კი არა, მესხელი იყო?
_ დიახ, ასე გამოდის. ვანო მერაბიშვილი ოპერატიულ საქმიანობაშიც მონაწილეობდა, თუმცა მაინც პოლიტიკური ფიგურა იყო, სხვა გადაწყვეტილებებს კი მესხელი იღებდა... 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, მესხელი უჩინმაჩინივით გაქრა...
_ ზოგი მიიჩნევს, რომ ფარული ჩანაწერების ასლები ქვეყნიდან სწორედ მესხელმა გაიტანა...
_ საერთოდ, მეგის ქარდავა და სხვები ჩვეულებრივი დაბალი რანგის მოხელეები ანუ შემსრულებლები იყვნენ... იცით, მაშინდელ შსს-ში რა ხდებოდა? _ ფარულ ჩანაწერებს უმეტესად პიროვნების დაკავების შემდეგ აკანონებდნენ და ამას ვიზირებას ამირან მესხელი აძლევდა.
ისე, მესხელთან დაკავშირებით ერთ ამბავს გავიხსენებ, რომელიც სამცხე-ჯავახეთთან მის მიჯაჭვულობას ადასტურებს: 2008 წლის სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ერთმანეთის ძირითადი კონკურენტები ლევონ ტერ-პეტროსიანი და სერჟ სარქისიანი იყვნენ, რომლებიც ცდილობდნენ, ჯავახეთის სომხური მოსახლეობის მხარდაჭერა მოეპოვებინათ.
_ ჯავახელი სომხები საქართველოს მოქალაქეები არიან და მათი მხარდაჭერა პრეზიდენტობის კანდიდატებს რისთვის სჭირდებოდათ?
_ ალბათ, უბრალოდ, რეიტინგისთვის. მოკლედ, 2008 წლის 17 თებერვალს, სომხურ გაზეთ ,,ჩორრორდ იშხანუტიანში'', რომელიც მხარს ლევონ ტერ-პეტროსიანს უჭერდა, გამოქვეყნდა პუბლიკაცია, სადაც ნათქვამი იყო, რომ სომხეთის დღევანდელი პრეზიდენტის, სერჟ სარქისიანის მხარდამჭერ მიტინგზე ჯავახეთში მცხოვრები სომხები ჩაიყვანეს. ამავე გაზეთის მონაცემებით, ჯავახეთიდან ხალხის სომხეთში ჩაყვანის ოპერაციას მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის მეგობარი ნორიკ ტევონიანი ხელმძღვანელობდა, რომელიც რუსეთში სომხური დიასპორისა და ,,ჯავახკის'' ლიდერია. ამასთან, ოპერაციას მეორე ხელმძღვანელიც ჰყავდა და ის საქართველოს შს მინისტრის მოადგილე, ამირან მესხელი იყო. ჰოდა, სხვა თუ არაფერი, ჩნდება შეკითხვა, თუ რა კავშირი აქვს მესხელს ნორიკ ტევონიანსა და, საერთოდ, რუსეთთან?
სომხური გაზეთის მონაცემებითვე, რუსეთში კიდევ ერთი უმდიდრესი სომეხი მოღვაწეობს, რომელიც კომპანია ,,ტაშირ გრუპში'' 30-პროცენტიან წილს ფლობს. ამ კომპანიაში 30-30-პროცენტიან წილებს ისეთი ოდიოზური ფიგურებიც ფლობენ, როგორიც იური ლუჟკოვის შვილი, მიშა ლუჟკოვი და იოსებ კობზონი არიან. კომპანიის კიდევ ერთი მეწილე კალუგელი სამო ანუ სამუელ კარაპეტიანია, რომელიც პოსტსაბჭოთა კრიმინალურ სამყაროში საკმაოდ გავლენიანი ფიგურაა. მას ბიზნესი კალუგაში აქვს და ,,კალუგელი სამოც'' ამიტომ შეარქვეს.
_ კრიმინალური სამყაროს გავლენიან ფიგურა კალუგელ სამოს ამირან მესხელი საიდან იცნობს?
_ ალბათ, ნორიკ ტევონიანისგან, რომელიც ლუჟკოვის კლანის წევრია. საერთოდ, რუსულ პოლიტიკაში ამიერკავკასიის ქვეყნებს თავის დროზე ლუჟკოვი კურირებდა და საქმე იქამდეც კი მივიდა, ლუჟკოვის სომხური ვოიაჟებით აშშ-ს ფედერალური ბიუროც დაინტერესდა. ფედერალური ბიურო, როგორც ვიცი, ლუჟკოვისა და აშშ-ში სომხური დიასპორის ურთიერთობასაც სწავლობდა. ყველაფერ ამაში სერჟ სარქისიანის ძმა, საშიკაც იყო გარეული. მას შემდეგ, რაც სარქისიანი პრეზიდენტი გახდა, ნორიკ ტევონიანი და კალუგელი სამო ელოდნენ, რომ მათ ბიზნესებს სერიოზულ ლობირებას გაუწევდა, მაგრამ სარქისიანი კერკეტი კაკალი აღმოჩნდა. ისე, ტევონიანსა და კალუგელ სამოს ბიზნესები სომხეთშიც აქვთ...
_ ...ყველაზე ცუდი, რაც ამირან მესხელს უკავშირდება, რა არის?
_ ყველა საქმე, რომელიც შეკითხვებს აჩენს, მესხელს უკავშირდება. იგივე ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეში მესხელის ხელი ერია...
_ ესე იგი, მესხელმა ნაციონალებზე ბევრი რამე იცის, არა?
_ ბუნებრივია... ჩანაწერების გაკეთებას ოტო-ს ყოფილი ხელმძღვანელი კუტარია ისე ვერ გაბედავდა, ხელმძღვანელობისგან ნებართვა რომ არ ჰქონოდა.
_ ანუ, ფარული ჩანაწერები მესხელის დავალებით იქმნებოდა?
_ ხომ გეუბნებით, მის გარეშე უშიშროების კუთხით არაფერი ხდებოდა.
ისე, მესხელს, თუკი, მართლაც, რუსულ სპეცსამსახურებზეა მიბმული, სხვანაირი ფსიქოლოგია ექნება.
_ რას გულისხმობთ?
_ შეიძლება, სპეცსამსახურის მუშაობაში გათვითცნობიერებულია და ინფორმაციის მოპოვება-დამუშავებაც კარგად იცის, მაგრამ აგენტის ანუ ოპერატიული წყაროსა და ოპერატიული მუშაკის უნარ-ჩვევები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება.
_ მესხელი ოპერატიული მუშაკია თუ წყარო?
_ გამოდის, რომ წყაროა და ოპერატიულ მუშაკად ვერასოდეს გარდაიქმნება. წყაროსთვის ანუ აგენტისთვის სახელმწიფოებრივი ხედვა უცხოა, ის პირადი ინტერესებიდან გამომდინარე ფიქრობს და შეიძლება, ნებისმიერი ჩაუშვას. აგენტების უმეტესობა პირადი მოსაზრებებით ხელმძღვანელობს და სწორედ ამით განსხვავდება აგენტის ფსიქოლოგია ოპერატიული მუშაკის ფსიქოლოგიისგან. ისიც სულელური და გაუთვითცნობიერებელი წარმოდგენაა, როცა ოპერატიულ მუშაკზე ამბობენ, სპეცსამსახურის აგენტიაო.
_ მსმენია, რომ გადაბირების სამი მეთოდი არსებობს. თქვენი ვარაუდით, ამირან მესხელი, თუკი რუსულ სპეცსამსახურებთან, მართლაც თანამშრომლობდა, კომპრომატებით გადაიბირეს, პატრიოტული მოტივით თუ ფულით?
_ პატრიოტული მოტივი გამორიცხულია, ალბათ, უფრო ფულითა და კომპრომატებით.
_ ვალუტის გადამცვლელის მეპატრონეზე რა კომპრომატი უნდა ჰქონოდათ?
_ შეიძლება, გაჭირვებული იყო და მატერიალურად დააინტერესეს... ასე ყალიბდება ,,კროტი'', რომელიც შემდეგ, გავლენის აგენტი ხდება.
_ გავრცელებული ინფორმაციით, მესხელი თავს ევროპას აფარებს და თუკი რუსებთან თანამშრომლობდა, რუსეთში რატომ არ გაიქცა?
_ თქვენ, რა, გგონიათ, რუსეთი მთელ თავის აგენტურას გაამჟღავნებს?''
ქონებრივი დეკლარაცია
მოკლედ, თუკი ,,ვერსიის'' კონფიდენტის ლოგიკას გავყვებით, მხოლოდ ,,ენვერის'' კი არა, იგივე ე.წ. კორტებისა და ნაციონალების დროს ჩატარებული სხვა ხამურიანი სპეცოპერაციების, მათ შორის, ,,ნავთლუღის საქმის'' კვალი ამირან მესხელამდე მიდის, რადგან შსს-ში უშიშროების ხაზს სწორედ ის კურირებდა, თუმცა თავისთავად საინტერესოა, რომ არც ერთი ამ გახმაურებული საქმის გამოძიებისას მესხელის გვარი ოფიციალურად არ ,,ამოვარდნილა''...
კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: ქონებრივი დეკლარაციიდან, რომელიც ამირან მესხელს 2011 წლის გაზაფხულზე, კერძოდ, 5 მაისს აქვს შევსებული, მისი მეუღლე მარიამ მესხელი (კაცაძე) შპს ,,ლოტუსის'' მფლობელი და დირექტორია. ,,ლოტუსი'', საჯარო რეესტრის მონაცემებით, ესთეტიკური მედიცინის სფეროში დღემდე მოღვაწეობს. ეს შპს საქართველოს საჯარო რეესტრში ოფიციალურად 2010 წლის 8 ნოემბერს დარეგისტრირდა.
2016 წლის 18 აპრილს, შპს ,,ლოტუსის'' რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილება განხორციელდა _ სამეწარმეო რეესტრის ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, 2016 წლის 18 აპრილიდან, კომპანიის დირექტორი ნინო მახარაძეა, თუმცა ეს მაინც უმნიშვნელო ცვლილებაა, რადგან შპს ,,ლოტუსის'' 100%-იანი წილის მფლობელად ისევ მარიამ მესხელი დარჩა.
ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში 2016 წლის 1 ოქტომბრით დათარიღებული ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, შპს ,,ლოტუსის'' საქმიანობა საპარიკმახეროებისა და სხვა სილამაზის სალონების მომსახურება, გამაჯანსაღებელი და სხვა პერსონალური მომსახურების საქმიანობებია. შპს ,,ლოტუსს'' თბილისში რამდენიმე ფილიალიც აქვს, მათ შორის, ვაგზლის მოედანზე, აფაქიძის, ხიზანიშვილის, ფალიაშვილისა და კოსტავას ქუჩებზე.
მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების შეცვლის მერე, მედიამ თუ პოლიტიკურმა პირებმა თითქმის ყველა გავლენიანი ნაციონალის, ასევე, მათი ოჯახის წევრების ქონებრივ მდგომარეობაზე არაერთი მამხილებელი მასალა გაასაჯაროვეს, მესხელის მეუღლის ბიზნესის შესახებ სიტყვა ყასიდადაც არ თქმულა. მეტიც, კულუარული ინფორმაციით, მესხელის მეუღლის ბიზნესით მაკონტროლებელი ორგანოებიც არ დაინტერესებულან.
სხვათა შორის, 2011 წლის დეკლარაციაში, მესხელს მითითებული აქვს, რომ მის მეუღლეს, როგორც ,,ლოტუსის'' პარტნიორს შემოსავალი არ მიუღია. მიუხედავად ამისა, მესხელისა და მისი მეუღლის ქონება, ამავე დეკლარაციით, ერთობ შთამბეჭდავად გამოიყურება. კერძოდ, დეკლარაციას თუ ვენდობით, ამირან მესხელი, რომელიც 2011 წლის გაზაფხულზე შს მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა, თბილისში, გლდანის ერთ-ერთ მიკრორაიონში ბინას ფლობს, რომლის ფართობიც 57.0 კვ.მ-ია. ამავე დეკლარაციით, ამირან მესხელი ქალაქ ახალციხეში 497.0 კვ.მ ფართობი მიწის, 197.0 კვ.მ ფართობი შენობა-ნაგებობის მესაკუთრეა. გარდა ამისა, მესხელს კიდევ ერთი ბინა აქვს თბილისში, გამრეკელის ქუჩაზე (100.0 კვ.მ), ამავე მისამართზე _ ავტოფარეხი (20.0 კვ.მ.).
თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, 2011 წლის დეკლარაციის თანახმად, ბინის (35.0 კვ.მ) მესაკუთრეა მისი მეუღლეც, მარიამ მესხელი (კაცაძე).
2011 წლის დეკლარაციის თანახმადვე, გრაფაში _ ,,საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში არსებული ანგარიში ან/და შენატანი, რომლის განკარგვის უფლება გაქვთ თქვენ, თქვენი
ოჯახის წევრს'', აღნიშნულია:
,,ამირან მესხელი _ ,,საქართველოს ბანკი'' _ საბარათე 105.76 GBP; ,,საქართველოს ბანკი'' _ საბარათე 1.71 USD; ,,საქართველოს ბანკი'' _ საბარათე 31061.74 GEL; ,,საქართველოს ბანკი _ AM EX-ის ტექნიკური (მომსახურე) ანგარიში 34.59 USD; ,,საქართველოს ბანკი'' _ ვადიანი დეპოზიტი _ 12500.0 USD; ,საქართველოს ბანკი'' _ ვადიანი დეპოზიტი 17500.0 USD.
მარიამ მესხელი (კაცაძე) _ ბანკი ,,ქართუ'' _ საბარათე 26.12 GE; ბანკი ,,ქართუ'' _ საბარათე _ 0.12 USD; ,,თიბისი ბანკი'' _ საბარათე 538.0 GEL; ,,თიბისი ბანკი'' _ საბარათე 67.0 GEL; ,,თიბისი ბანკი'' _ საბარათე 0.0 USD; ,,თიბისი ბანკი'' _ საბარათე 0.0 EUR.
2011 წლის დეკლარაციის თანახმად, 2010 წელს ამირან მესხელს, როგორც შს მინისტრის მოადგილეს, ანაზღაურების სახით, 59 205 ლარი მიუღია. მის მეუღლეს, მარიამ მესხელს (კაცაძეს) კი, როგორც შპს WAYSMARK-ის აღმასრულებელ დირექტორს _ 40 650 ლარი. ნიშანდობლივია, რომ ეს კომპანიაც ვანო მერაბიშვილთან ასოცირებული კომპანიების ჩამონათვალში გვხვდება. შპს ჭAYშMAღK ფარმაცევტული კომპანია. ყოველ შემთხვევაში, „საქპატენტში“ რამდენიმე მედიკამენტი ოფიციალურად აქვს დაპატენტებული.
2012 წელს კი, როგორც ირკვევა, წამლის მიწოდების რამდენიმე ტენდერი მოუგია.
ცოცხალია თუ არა მესხელი
სხვადასხვა წყაროს მონაცემებით, ამირან მესხელმა საქართველო 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნებისთანავე დატოვა და ერთხანობა, როგორც ითქვა, ბელარუსში იმყოფებოდა, თუმცა მალევე, მისი კვალი გაქრა. ყოველ შემთხვევაში, დღევანდელი მონაცემებით, ამირან მესხელის ზუსტი ადგილსამყოფელი არავინ იცის.
3 წლის წინ, კერძოდ, 2013 წლის ნოემბერში უსაფრთხოების ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ გამოთქვა ვარაუდი, რომ შს მინისტრის ყოფილი მოადგილე, შესაძლოა, მოკლეს.
,,მაქვს გარკვეული ინფორმაცია და კიდევ უფრო დიდი საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამირან მესხელი ლიკვიდირებულია. მესხელზე ინფორმაცია არავის სმენია _ არავინ იცის, სად ან როგორ არის. სახელდებიან სხვა პიროვნებები, მაგალითად, დათა ახალაია, ადეიშვილი, თოფურიძე, ქარდავა და მათზე პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია, ამირან მესხელის შესახებ კი ვერსიის დონეზეც კი, ინფორმაცია არ არის... ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი ლიკვიდირებულია, ვინაიდან ძალიან ბევრი ინფორმაცია ჰქონდა. მან ისეთი რაღაცები იცოდა, რომლის გათვალისწინებითაც ცხადი იყო, რომ ცოცხალს არავინ დატოვებდა. შესაძლოა, ამირან მესხელი რუსეთის სპეცსამსახურებმა ,,გააგორეს'', რომლებიც კავშირში იყვნენ ვანო მერაბიშვილსა და თვითონ მესხელთან... პირადად შევხვდი მესხელს, როდესაც ,,მოდულში'' მომიყვანეს. მან მომიწყო მაშინ დაკითხვა. იმდენად დებილი იყო ეს ადამიანი და იმდენად გონებაჩლუნგი, რომ კაცმა, ფაქტობრივად, აქეთ მომცა აღიარებითი ჩვენება. მესხელმა თავად აღიარა, რომ ვანო მერაბიშვილს ჰქონდა კავშირი ბელორუსის და ასევე, რუსეთის სპეცსამსახურებთან. თავისი პირით აღიარა ყველაფერი ეს. საუბარი იყო ჩემს ორ მოხსენებაზე, რომლიდანაც ერთში პირდაპირ მეწერა, რომ ვანო მერაბიშვილს ჰქონდა კავშირი რუსეთის სპეცსამსახურებთან ბელარუს შეიმანის მეშვეობით, რომლითაც მერაბიშვილი გადიოდა კრემლის უმაღლეს პირებთან. დაკითხვის დროს მესხელს ვკითხე, ამ მოხსენებაში რამე არასწორად წერია-მეთქი და იცით, იმ დებილმა რა მიპასუხა? ყველაფერი სწორად რომ წერია, მაგიტომ ხარ ახლა ჩვენთან და მითხარი წყარო, ვინც ეს ინფორმაციები მოგაწოდაო'', _ ესაა ამონარიდი ვახტანგ მაისაიას ინტერვიუდან, რომელიც 2013 წლის ნოემბერში, ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნდა. ამავე ინტერვიუში მაისაია ირწმუნება, რომ ე.წ. ,,სიკვდილის ესკადრონების'' უკან სწორედ ამირან მესხელი იდგა. აქვე, უსაფრთხოების ექსპერტი ხაზს უსვამს, რომ ნაციონალების დროს ,,იარაღის სამალავებიც'' სწორედ ,,სიკვდილის ესკადრონების'' მიერ ანუ მესხელის კურატორობით კეთდებოდა.
ორმაგი აგენტი?
ასე და ამგვარად, ესაა ყველაფერი, რაც შს მინისტრის ყოფილ მოადგილეზე, ამირან მესხელზე ,,ვერსიამ'' ინტერნეტზე, ხალხურ მითოსსა თუ პირად წყაროებზე დაყრდნობით მოიპოვა. ცხადია, ეს სრულყოფილი ინფორმაცია არაა და მესხელის X-ფაილი, ალბათ, კიდევ ბევრ საიდუმლოს ინახავს. სხვათა შორის, იმას, რომ მესხელი იდუმალებით მოცული პიროვნებაა, კიდევ ერთი გარემოება მოწმობს, რომლის შესახებაც ,,ვერსიას'' პირადმა კონფიდენტმა უამბო: 2004 წელს ანუ ,,ვარდების რევოლუციის'' შემდეგ, მესხელი ერთხანობა, უშიშროების მინისტრის მოადგილედ მუშაობდა (მოგვიანებით, ნაციონალებმა უშიშროების სამინისტრო, როგორც დამოუკიდებელი უწყება, გააუქმეს და შსს-ს შეუერთეს. სწორედ ამის შემდეგ შეიქმნა ყბადაღებული კუდ-ი და სოდ-ი). ჰოდა, როგორც ჩვენი კონფიდენტი ამბობს, როგორც კი უშიშროებაში მისულა, მესხელს არქივები მოუთხოვია. ,,ჩემი აზრით, აინტერესებდა, მასზე რა ინფორმაცია არსებობდა და არქივიც, ალბათ, ამიტომ მოითხოვა'', _ ამბობს ,,ვერსიის'' წყარო, რომელიც აქვე განმარტავს, რომ მესხელმა მის შესახებ არსებული ინფორმაცია შესაძლოა, გაანადგურა, მაგრამ მიუხედავად ამისა, თუკი ვინმე დაინტერესდება, არქივში რაღაცას აუცილებლად მიაგნებს, რითიც მესხელის X-ფაილს ნათელი სამუდამოდ მოეფინება ანუ გაირკვევა, მართლა არის თუ არა რომელიმე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურთან ოპერატიულ კავშირზე და თუ არის, მისი გადაბირება როდის და რა ფორმით მოხდა.
კიდევ ერთი დეტალი, რამაც მესხელის X-ფაილზე მუშაობისას ,,ვერსიის'' ყურადღება მიიქცია, ისაა, რომ შს მინისტრის ყოფილი მოადგილე, როგორც ჩეკისტები ამბობენ, შესაძლოა, ორმაგი გავლენის ქვეშ იყოს ანუ უცხო ქვეყნის შემდეგ, ქართული სპეცსამსახურის ოპერატიული წყაროც გახდა...
ვანო პავლიაშვილი

back to top