რა შედეგი მოჰყვება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ფინანსურ სანქციებს საქართველოსთვის

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თემურ ბასილია: „ცალკეული ჯგუფები რომ მეორე ფრონტის გახსნას ითხოვენ საქართველოში, გააზრებული თუ აქვთ, რა შედეგი მოგყვება ამას?!“

25 დღეზე მეტია, უკრაინა თავგანწირვით იბრძვის და ღირსეულად იცავს ტერიტორიულ მთლიანობას. ორ კვირაზე მეტია, რაც აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის უმკაცრესი ფინანსური სანქციები ამოქმედდა რუსეთის პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ. ფინანსურ სანქციებს ნელა, მაგრამ შედეგი მოაქვს - რუსული რუბლი გაუფასურებულია, საერთაშორისო კომპანიებმა და მსოფლიო ბრენდებმა, ერთი-მეორეს მიყოლებით დატოვეს რუსეთის ბაზარი, ხოლო საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „მუდსის“ პროგნოზით, რუსეთის ეკონომიკა დეფოლტის საფრთხის წინაშე დგას. უკრაინაცა და რუსეთიც საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებია და ცხადია, საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე კრიზისი ჩვენის ქვეყნის ეკონომიკაზეც აისახება, მით უფრო კორონავირუსის პანდემიის ფონზე. რა საფრთხის წინაშე დგას რუსეთის ეკონომიკა? რა არის აშშ-სა და მისი მოკავშირეების მიერ, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ფინანსური სანქციების მიზანი და საბოლოო შედეგი? „ვერსიას“ ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ანალიტიკოსი თემურ ბასილია ესაუბრება, რომელსაც აშშ-ში დავუკავშირდით.  

 

- ბატონო თემურ, აშშ-სა და მისი მოკავშირე ქვეყნების ფინანსური სანქციების საბოლოო მიზანი პუტინის რეჟიმის მაქსიმალურ წნეხში მოქცევაა, თუმცა რა უდევს საფუძვლად ამ სანქციებს, რა განწყობებია ამ მხრივ, აშშ-ში?

- სანქციების რეალური მიზეზი არის ის აგრესია, რომელიც დაიწყო რუსეთმა უკრაინის მიმართ, მაგრამ როგორც შეერთებული შტატების ხელისუფლებამ, ასევე ევროგაერთიანების ქვეყნებმა ძალიან მკაფიოდ განაცხადეს, რომ ისინი უკრაინას ყველა შესაძლო რესურსით დაეხმარებიან, სამხედრო დახმარების გარდა. მკაფიოდ იყო ნათქვამი, რომ შეტევითი ხასიათის საბრძოლო იარაღს უკრაინას არ მიაწვდიდნენ და არც ოფიციალური სამხედრო ძალით არ დაეხმარებოდნენ. თუმცა აშშ ეხმარება, როგორც ფინანსურად, ასევე ჰუმანიტარული დახმარების სახით და რაც მთავარია, თავდაცვითი იარაღით. აქედან გამომდინარე, ზღვარი უნდა გავავლოთ, რატომ მიიღო ბაიდენის ადმინისტრაციამ ასეთი გადაწყვეტილება? ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებდა ნებისმიერი ადმინისტრაცია შეერთებულ შტატებში, ვინც არ უნდა ყოფილიყო დღეს. ბევრს საუბრობენ, ნეტავ, დღეს, აშშ-ს პრეზიდენტი რეიგანი იყოსო, მაგრამ გარწმუნებთ, ახლა რომ ჯო ბაიდენის ნაცვლად, როლანდ რეიგანი იყოს პრეზიდენტი, ისიც ზუსტად იგივე გადაწყვეტილებას მიიღებდა იმიტომ, რომ შეტევითი იარაღის მიწოდება უკრაინისთვის, ავტომატურად, ომში მხარედ ჩაბმას ნიშნავს!

- რუსეთის ეკონომიკა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია, რა შედეგი უნდა მოჰყვეს აშშ-ს, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის უმკაცრეს სანქციებს?

- შედეგი უნდა იყოს ეკონომიკური კოლაფსი, საითკენაც უკვე მიექანება რუსეთის სახელმწიფო. მეტიც, აშკარად თვალნათლივ ჩანს ამ სანქციების ნეგატიური შედეგები მთლიანად რუსეთის ეკონომიკაზე. ის, რომ რუსეთიდან ახალგაზრდები გარბიან, რათა როგორმე, თავი აარიდონ სამხედრო გაწვევასა და ომში მონაწილეობას, საკმაოდ თვალსაჩინო და შთამბეჭდავი მაგალითია. რაც შეეხება ფინანსურ სანქციებს, ეს არაა უბრალო, მარტივი ამბავი, როდესაც ერთ-ორ ადამიანს შეეხო, საუბარია მთელ ქვეყანაზე.

სხვათა შორის, არავის ჰქონდა ილუზია, რომ ამ სანქციების გამო, ერთ-ორ დღეში ან თუნდაც კვირაში, რუსეთი იძულებული გახდებოდა, ომი შეეწყვიტა. თუმცა, სანქციები ნამდვილად იძლევა იმის საშუალებას, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, თუნდაც რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში, იმდენად რთული ეკონომიკური მდგომარეობა შეიქმნას რუსეთში, რომ ელემენტარულად, ომის გაგრძელების საშუალება და შესაძლებლობა აღარ ჰქონდეთ - აი, ეს არის ამ სანქციების მიზანი.

- ბატონო თემურ, თუკი სანქციების შედეგი რუსეთის ეკონომიკის კოლაფსი უნდა იყოს და საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „მუდსის“ პროგნოზითაც, რუსეთის ეკონომიკა დეფოლტის საფრთხის წინაშე დგას, რაც პრინციპში, ფინანსური სანქციების მთავარი არსია, ეს პროცესი როგორ აისახება საქართველოს ეკონომიკაზე, რეალურად, რუსეთიცა და უკრაინაც ხომ ჩვენი ძირითადი, სავაჭრო პარტნიორები არიან?

- ამ ომს გავლენა აქვს არა მხოლოდ მეზობელ ქვეყნებზე, არამედ, ისეთ დიდ ქვეყანაზე, როგორიც შეერთებული შტატებია. ფაქტია, რომ ნავთობი გაძვირდა, თითქმის გაორმაგდა, ბენზინი ორჯერ უფრო ძვირია, ვიდრე ორი-სამი თვის წინ ღირდა. ინფლაცია, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო, ისედაც მაღალი იყო, კიდევ უფრო მეტად გაიზარდა. გარდა ამისა, საფონდო ბაზარზე, ფასიანი ქაღალდების ფასი, დაახლოებით, 10%-ით დაეცა - მე გესაუბრებით შეერთებულ შტატებზე და ბუნებრივია, ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, გაცილებით მეტი გავლენა ექნება.

როდესაც ესა თუ ის პოლიტიკური ჯგუფი საქართველოში მოუწოდებს საზოგადოებას, რომ რუსულ პროდუქტებს გამოუცხადონ ბოიკოტი, ან უგუნურები არიან, ან პროვოკატორები... ამ ომს უკვე აქვს გავლენა საქართველოზე და თუ დიდხანს გაგრძელდება, უფრო მეტი გავლენა ექნება. თუ ეკონომიკური კოლაფსი დაფიქსირდება რუსეთში, ბუნებრივია, ეს იქ მცხოვრებ ქართველებსაც შეეხება, მათი ფინანსური შესაძლებლობებიც საგრძნობლად შემცირდება. არის საფრთხე, რომ უცხოური ვალუტის ნაკადი, რომელიც რუსეთში მცხოვრები ქართველების მიერ ტრანსფერდება საქართველოში, სავარაუდოდ, საგრძნობლად შემცირდება. ამ საკითხზე საქართველოს ეროვნული ბანკი და ხელისუფლება ერთად უნდა ფიქრობდნენ, რა გააკეთონ და როგორ შეავსონ ეს გარღვევა, რათა საკმაოდ მყიფე ფინანსური სტაბილურობა არ დაირღვეს.

მეორე პრობლემაა ქართული პროდუქციის ექსპორტი რუსეთში. სანქციებიდან გამომდინარე, როდესაც წამყვანი ბანკები „სვიფტის“ სისტემიდან ჩახსნეს, მაინტერესებს, ვინ და როგორ გადაუხდის ამ ფულს, ჩემს მეზობელს, რომელსაც რუსეთში ვაშლი გააქვს...

რაც შეეხება უკრაინას, აქ პორტები დაკეტილია და როგორ შემოვა პროდუქცია? უკრაინიდან საქართველოში ორი გზით შემოდის სხვადასხვა ნივთები - რუსეთის გავლით ან შავი ზღვით. ვერც უკრაინიდან შემოვა პროდუქტები - საომარი მდგომარეობაა და ამიტომ, ვერც ზღვის საშუალებით, რადგან უკრაინის პორტები დაკეტილია. ჩნდება კითხვა - საიდან უნდა შემოიტანოს ხორბალი საქართველომ? - ხორბლის ძირითადი მომწოდებლები არიან უკრაინა, რუსეთი და ყაზახეთი. თუ რუსულ პროდუქციას ემბარგო გამოუცხადეთ, საიდან მოგაქვთ ხორბალი? ომი რომ გაგრძელდება, რამდენად იქნება დაცული ქვეყნის უსაფრთხოება - ერთი მხრივ, სამხედრო, ხოლო მეორე მხრივ, ეკონომიკური? რამდენადაა მოსალოდნელი ის კატასტროფა, რაც შეიძლება მოჰყვეს ძირითადი პროდუქტების მარაგების ამოწურვას. რა ხდება, რა გველოდება, რას აკეთებს მთავრობა და რა მიმართულებით მუშაობს, რათა ქვეყანა არ დადგეს ეკონომიკური კოლაფსის წინაშე.

ავიღოთ პატარა ქვეყანა ისრაელი. განა, ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ისრაელი დასავლური სამყაროს ნაწილია, მაგრამ ხომ ყველამ ვნახეთ, რა პოზიცია დაიკავა ამ ვითარებაში. ისრაელის პრემიერმა ღიად განაცხადა, რომ მათი მთავარი ამოცანა ისრაელის უსაფრთხოებაა. უკაცრავად, მაგრამ საქართველოს არც ისრაელის და არც ნატო-ს წევრი სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, არც სამხედრო ძალა გააჩნია და არც ეკონომიკური შესაძლებლობა. ცალკეული ჯგუფები რომ მეორე ფრონტის გახსნას ითხოვენ საქართველოში, გააზრებული თუ აქვთ, მათივე პროვოკაციული მოწოდებები მართლაც რომ განხორციელდეს, რა შედეგი მოჰყვება ამას?!

- ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში, საქართველო ღიად უჭერს მხარს უკრაინას, მაგრამ პრეზიდენტ ზელენსკის ეს ინფორმაციაც კი არასწორად მიაწოდეს. იმის გამო, რომ ხელისუფლება ღიად არ ერთვება ომში, მაგრამ ყოველნაირად მხარს უჭერს უკრაინას, ოპოზიცია პუტინის მხარდამჭერად მიიჩნევს. ახლა, როდესაც მტერი კარს კი არ მოგვდგომია, აქვე, ქვეყნის შიგნითაა - დედაქალაქიდან 40 კილომეტრში, როგორ გგონიათ, არეულობისა და ხელისუფლების შეცვლის დროა?

- არ არის საუბარი იმაზე, ხელისუფლება მოგწონს, თუ არა, საუბარია საკუთარი ოჯახისა და ახლობელი ადამიანების უსაფრთხოებაზე. საქართველომ მართლაც რომ რადიკალური ნაბიჯი გადადგას, რაც ამის შემდეგ მოხდება, იმაზე პასუხს ვინ აგებს? შესაძლოა, ადამიანებს ხელისუფლება არ მოსწონდეს, მაგრამ ეს სრულებითაც არ არის იმის საფუძველი, ქვეყნის საწინააღმდეგოდ იმუშაო, ქვეყნის დისკრედიტაციას ახდენდე საერთაშორისო საზოგადოებაში. მაგალითად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხეთში დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზიდან გადაჰყავდათ რუსი ჯარისკაცები უკრაინაში და თითქოს, საქართველოს ხელისუფლება იყო დამნაშავე, რომელიც საჰაერო მარშრუტის გამოყენების საშუალებას აძლევდა რუსეთს. კითხვა მიჩნდება, კეთილი, დავუშვათ, ეს მართლაც ასე იყო, რის გამოც ელჩი გაიწვიეს საქართველოდან, სომხეთის ტერიტორიაზე რომ ხდებოდა რუსი ჯარისკაცების მობილიზება, სომხეთის ხელისუფლებას რატომ არ წაუყენეს იგივე პრეტენზია ან თუნდაც ისრაელის ხელისუფლებას? ავიღოთ თურქეთი, რომელიც მისივე სახელმწიფო ინერესებიდან გამომდინარე პოლიტიკას ატარებს - მხარს უჭერს უკრაინას, მაგრამ განა, ვინმეს მოუსმენია, რომ თურქეთი სამხედრო პროცესში აპირებს ჩაბმას. არადა, თურქეთი გაცილებით ძლიერი სახელმწიფოა, რომელსაც შეუძლია, პასუხი გასცეს ნებისმიერ ქვეყანას. საქართველოს რა პოტენციალი და შესაძლებლობა გააჩნია? მიჩნდება შთაბეჭდილება, რომ ასეთი მოწოდებების ავტორები ან საქმეში ჩაუხედავები არიან, ან უბრალოდ, პროვოკატორები, რომლებიც პირადი სარგებლის მიღების გამო, ქვეყნის საომარ მოქმედებებში ჩართვას ცდილობენ.

- ვინაიდან რუსეთის უკრაინაში შეჭრა აშშ-ს ეკონომიკაზეც კი აისახა, ცხადია, საქართველოს გაცილებით მძიმე დარტყმა ელის, მით უმეტეს, პანდემიის შემდეგ. ბატონო თემურ, შესაძლოა, ეკონომიკური კოლაფსი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკასაც ელის, ამ ვითარებაში, რა ნაბიჯები უნდა გადადგას მთავრობამ?

- სავსებით მოსალოდნელია, რომ ეს ომი გრძელვადიან პერსპექტივაში გაგრძელდება, რისიც დიდი ეჭვი მაქვს, რადგან ასეთი დაკონსერვებული კონფლიქტები არსებობს მსოფლიოში და არაერთი მაგალითის მოტანა შეიძლება. იმედი მაქვს, ასე არ მოხდება უკრაინის შემთხვევაში, მაგრამ ამგვარი ალბათობაც არსებობს. ვფიქრობ,. დარწმუნებული ვარ, შეერთებული შტატები ნამდვილად დაეხმარება საქართველოს. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა გააქტიურდეს ურთიერთობა მეზობელ ქვეყნებთან - თურქეთთან, აზერბაიჯანთან, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, რომლებსაც გააჩნიათ ნავთობპროდუქტები, ხორბალი, ასევე შავი ზღვის აუზის ქვეყნებთან, განსაკუთრებით რუმინეთთან და ევროგაერთიანების სხვა, შედარებით ახლომდებარე ქვეყნებთან, საიდანაც ტრანსპორტირება და იმპორტი ადვილად შესაძლებელია.