გახდა თუ არა ავსტრალიელი ქალი მანიაკის მსხვერპლი და მივა თუ არა კვალი უცხოურ სპეცსამსახურებთან

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

„რუსეთის საგარეო დაზვერვაში მოქმედებს სპეცდანიშნულების გასაიდუმლოებული რაზმი, რომელსაც მოწინააღმდეგე ქვეყნებში დივერსიების მოწყობა ევალება“

 

ავსტრალიის მოქალაქის, 31 წლის შან ბრუკის განზრახ მკვლელობის საქმის ძიება გრძელდება. არსებული ინფორმაციით, მოკლულის სხეულზე დნმ-ის რამდენიმე ნიმუშია ნაპოვნი. ახალგაზრდა მასწავლებლის ცხედარს მრავლობითი დაზიანებ აქვს, თუმცა რა გახდა სიკვდილის მიზეზი, ჯერ უცნობია. ავსტრალიის მოქალაქის მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებულია, სამძებრო ოპერაცია კი მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. ქალის ცხედარი 31 ივლისს მთაწმინდის ფერდობზე იპოვეს. მართალია, ბურუსით მოცულ მკვლელობასთან დაკავშირებით, მედიას მწირი ინფორმაცია აქვს, მაგრამ „ვერსია“ დაინტერესდა, რა ვერსიებზე შეიძლება იყოს საუბარი... მაგალითად, რამდენად სავარაუდოა, რომ ავსტრალიელი ქალის მკვლელობაში რომელიმე ქვეყნის სპეცსამსახურის ხელი ერიოს ან, სულაც, საქმე რიგით კრიმინალურ შემთხვევასთან გვქონდეს, როცა თავდასხმა ძარცვის ან გაუპატიურების მოტივით ხდება? - ამ კითხვებით უსაფრთხოების ექსპერტებს - ვახტანგ მაისაიასა და ამირან სალუქვაძეს მივმართეთ.

 ვახტანგ მაისაია:

- ეროვნული უსაფრთხოების კუთხით რომ შევხედოთ, ჰიპოთეტური ვერსიის დონეზე, ასეთი ალბათობა გამორიცხული არაა, რომელიც შეიძლება, გამოყენებულ იქნას მსგავსი ტიპის პროვოკაციების განსახორციელებლად. საბჭოთა სპეცსამსახურები იყენებდნენ ტერორისტულ ორგანიზაციებს და სხვა ტიპის ჯგუფებს, რათა მათთვის სასურველ ქვეყანაში შეექმნათ არასტაბილურობის იმიჯი. შემიძლია, გავიხსენო 1978 წლის 9 მაისს იტალიის გავლენიანი პოლიტიკოსის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის გატაცება, რაც განხორციელდა „წითელი ბრიგადების“ მიერ და ეს შეკვეთა მოდიოდა სწორედ საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურებიდან. შეიძლება, ეს რელევანტური „ქეისი“ არაა, მაგრამ მაშინ „წითელმა ბრიგადებმა“ შეძლეს იტალიის მოსახლეობის ტერორიზება. ეს პოლიტიკოსი ორი თვის შემდეგ იპოვეს მოკლული და ამან ხელი შეუწყო იტალიაში ამერიკული სამხედრო ბაზების განთავსების საკითხის გადადებას. ხაზს კიდევ ერთხელ ვუსვამ, რომ ეს, შეიძლება, არარელევანტური „ქეისია“, მაგრამ თუ საქართველოში გარკვეული ქვეყნის სპეცსამსახურს სურს, სიტუაციის დაძაბვა და შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ბოლო დროს გახშირდა უცხო ქვეყნის წარმომადგენლებზე თავდასხმები - გერმანელ დიჯეიზე, პოლონელ ტურისტზე... მოკლედ, არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთის სპეცსამსახურების „თხუნელები“ იყვნენ ჩვენს სპეცსამსახურებში. გვქონდა ამის კონკრეტული ფაქტები. იგივე, იგორ გიორგაძის, შოთა კვირაიას, კახა თარგამაძის მაგალითებიც საკმარისია. ყველა სპეცსამსახურს აქვს თავის სპეციფიკური სტილი ანუ ხელწერა და შეიძლება, ექსკლუზიურადაც გითხრათ, რომ რუსეთის სპეცსამსახურების საინტერესო ხელწერას წარმოადგენს მოწინააღმდეგე ქვეყნების სპეცსამსახურებში თავისი აგენტურის ჩანერგვა და აქედან გამომდინარე, ტერმინი „თხუნელაც“ კი გაჩნდა.

შეიძლება, ეს მოზაიკური ფაქტია, მაგრამ თუ ყველაფერს, მათ შორის, ავსტრალიელი მოქალაქის მკვლელობისა და უცხოელებზე თავდასხმების ფაქტებს გავაერთიანებთ, იქმნება ისეთი გარემო, რომ აშშ-მა საქართველო წითელ ზონად გამოაცხადოს.

- ანუ, საქართველოს დასავლეთის თვალში იმიჯი ელახება, არა?

- დიახ და ეს სპეცსმასახურების აქტუალურ მიმართულებას წარმოადგენს. რუსული სპეცსამსახურების საგარეო დაზვერვის სამსახურში მოქმედებს სპეციალური დანიშნულების ყველაზე გასაიდუმლოებული რაზმი, რომელსაც ევალება მოწინააღმდეგე ქვეყნების ტერიტორიებზე, სადაზვერვო-დივერსიული ოპერაციების ჩატარება...

- ბატონო ვახტანგ, გავყვეთ იმ ვერსიას, რომ ავსტრალიელი ქალის მკვლელობა რიგითი კრიმინალური შემთხვევაა, ვთქვათ, ძარცვის ან გაუპატიურების მოტივით... ეს ხომ დღის საათებში მოხდა, მთაწმინდის პარკი კი ხალხმრავალი ადგილია. როგორ უნდა აღკვეთოს სახელმწიფომ მსგავსი დანაშაული?

- დიახ, მეორე ვარიანტზეც შეიძლება საუბარი. არაა გამორიცხული, რომ ეს ყოფილიყო სერიული მანიაკი და შეიძლება, მანამდეც ყოფილიყო დაფიქსირებული მსგავსი ტიპის დანაშაულები. ეს ვერსია, სამწუხაროდ, მართალი აღმოჩნდა იმიტომ, რომ გარკვეული პერიოდით ადრე მოხდა რამდენიმე ტურისტზე თავდასხმა და შეიძლება, ანალოგიურ ფაქტებზე აღძრულიც კი იყოს სისხლის სამართლის საქმეები. დღეს, ბუნებრივია, არ გაიჟონება ეს ინფორმაცია, რადგან ამან შეიძლება, გამოიწვიოს პანიკა. სერიული მანიაკი არ გამოდის მხოლოდ ღამით, შეიძლება, მას გააჩნდეს გარკვეული სეზონური ქმედებები. მოკლედ, არც ეს ვერსია უნდა გამოვრიცხოთ, თუმცა სპეცსამსახურების სავარაუდო ქმედებაც ჰიპოთეტურ დონეზე უნდა დავუშვათ.

- იმ ვერსიის დაშვება ლოგიკურად მიგაჩნიათ, რომ მსხვერპლი იცნობდა სავარაუდო დამნაშავეს? ზოგს საეჭვოდ მიაჩნია, რომ ახალგაზრდა ქალი, მთაწმინდის მიდამოებში, მარტო შეიძლება ყოფილიყო...

- არა, მანდ ნამყოფი ვარ და მისარგებლია ამ ბილიკებით, რომლებიც განკუთვნილია ფეხით მოსიარულეთათვის. აქ უცნაური არაფერია, შეიძლება, ბევრი ადამიანი მოკლე გზით ავიდეს მთაწმინდაზე. მეორე ვარიანტი შეიძლება ის იყოს, რომ თუ ეს ქალბატონი ხშირად დადიოდა ამ გზით, შემჩნეული ჰყავდა, მაგრამ არ მიაქცია ყურადღება. მაინცდამაინც ისიც არაა უცნაური, რომ თავდასხმა დღის საათებში მოხდა, რადგან შესაძლოა, ეს ადამიანი წინასწარ ამზადებდა ყველაფერს და შექმნა მახე, როცა არავინ იყო ირგვლივ, გამოიყენა ეს მომენტი. სხვა ვერსიაა, რომ შეიძლება, მას ჰყოლოდა თანამზრახველი, რაც არაა გამორიცხული, მაგრამ ის, რომ მკვლელს წინასწარ ჰქონდა კარგად განზრახული დანაშაულის ქმედება და, როგორც ჩანს, მოფიქრებულიც ჰქონდა, სად დაემალა გვამი, ისეთი ადგილი შეარჩია, რომ 8-9 საათი ძებნა გახდა საჭირო. ასევე, არ გამოვრიცხავ, რომ თავდამსხმელს ჩადენილი ჰქონდა არაერთი დანაშაული. მანიაკს შეიძლება, ჰქონდეს იმპულსური აგრესიულობა ან შიზოფრენიის ის ფორმა, როცა სერიოზულად, შეგნებულად ახორციელებს და გეგმავს დანაშაულს.

მიმაჩნია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უნდა ჩაერიოს ამ გამოძიებაში და მხოლოდ შსს-ს პრეროგატივა არ უნდა იყოს. ავსტრალიელი მოქალაქის მკვლელობა არის საზარელი ტრაგედია და მინდა, მწუხარება გამოვუცხადო მის ოჯახსა და მეგობრებს, მაგრამ მოკლე პერიოდში, უცხოელებზე განხორციელებული, გახშირებული ძალადობრივი ქმედებების სერია, გარკვეულწილად, ინსინუაციების საფუძველს იძლევა.

 ***

ამირან სალუქვაძე:

„თუ პირი იდენტიფიცირებულია, გამოძიებას, ალბათ, ექნება სავარაუდო ვერსიები. რაც შეეხება სპეცსამსახურებს, ამაზე საუბარი რთულია. არ მგონია, რომელიმე ქვეყნის სპეცსამსახურისთვის ყოფილიყო საინტერესო ეს პიროვნება თავის საქმიანობიდან გამომდინარე. ამაზე ჯერჯერობით ინფორმაცია არ არსებობს და ასეთ დროს, როცა ძალიან მწირია ინფორმაცია, ვერსიებზე საუბარი ყავაზე მკითხაობას ჰგავს. ამიტომ უნდა დაველოდოთ მეტ ინფორმაციას გამოძიების მხრიდან. მესმის საზოგადოების ინტერესი და სპეკულაციები ოპოზიციური ძალების და მათ შორის, მედიის მხრიდან, როცა ამბობენ, როცა სჭირდებათ, ვიდეომასალებს მალევე დებენო. ამ ფაქტს უკავშირებენ გარდაცვლილი ჟურნალისტის თემას. გარდაცვლილი ჟურნალისტის საქმეზე, დიდი ალბათობით, გამოძიება არ ეძებდა მკვლელს. ანალოგიური მკვლელობის ნიშნები რომ ყოფილიყო, სადმე პარკში ენახათ დაღუპული და ძალადობის ნიშნები გამოკვეთილიყო, მაშინაც არ გამოაქვეყნებდა გამოძიება კადრებს. ამ შემთხვევაში კი, როცა მიმდინარეობს რაღაც ვერსიებზე ჩამოყალიბება და შესაძლო დამნაშავის ძებნა, იმავეს გაკეთება ნიშნავს, რომ ხელი შეუშალო გამოძიების მსვლელობას. აქვე უნდა ვთქვა, რომ როცა მედია ცდილობს ლენტით შემოფარგლულ ზონაში შესვლას, ესეც აზიანებს გამოძიებას და ეს ძალიან კარგად იციან. ახლოსაც კი არ უნდა მივიდეს მედია, ამას კი არ ითვალისწინებენ.

საქართველოში ათეულობით მკვლელობა ხდება ყოველწლიურად ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში. აშშ-ის, ევროპის ქვეყნების რეიტინგს გადახედეთ უსაფრთხოების მხრივ. რასაც ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები და, მათ შორის, პოლიტიკოსები, ცნობადი სახეები აკეთებენ განცხადებებს ამ მკვლელობასთან დაკავშირებით, როცა ანტისახელმწიფოებრივი კამპანია დაიწყეს ტურიზმის ჩავარდნის მიზნით და ამას რომელი ქვეყნის სპეცსამსახური სჭირდება?! ჩვენ, ჩვენით ვაზიანებთ ქვეყანას და ამას უფასოდ ვაკეთებთ! რატომღაც ადამიანები თვლიან, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა ყველა მეთოდითაა შესაძლებელი და ტურიზმის ჩავარდნა მხოლოდ ხელისუფლების კი არა, ათასობით ადამიანს პრობლემაა. მთელი ეკონომიკაა მიბმული ტურიზმზე. მთელი კომპლექსია იმ სავარაუდო ზიანისა, რაც შეიძლება, მოჰყვეს ამ მავნე კამპანიას და შემდეგ ამის აღდგენა ძალიან რთული იქნება. არ შეიძლება, პოლიტიკური ინტერესებისთვის ამ ყველაფერს ზიანი მიაყენო და თუ ეს სპეცსამსახურების დაგეგმილია, გამოდის, რომ დღეს ვინც პოსტს ან კომენტარს წერს ან თავის უცხოელ მეგბრებს ეუბნება, საქართველოში არ ჩამოხვიდეთო, ჩართულია და ემსახურება უცხო ქვეყნების ინტერესებს, რადგან ვერავინ დამისაბუთებს იმას, რომ ეს კამპანია ქვეყნისთვის რაიმე სარგებლოს მომტანია“.