შეიძლება, გალი ქართველებისგან დაიცალოს?! - ექსკლუზიური ინტერვიუ გალში მცხოვრებ ქართველ პედაგოგთან

ექსკლუზივი
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საოკუპაციო ზონა

 ავტორი: მარიამ ელიავა

 მიმდინარე სასწავლო წლიდან გალში ქართული ენის სწავლება აიკრძალა და ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებიან, სწავლა რუსულ ენაზე უწევთ. რა ვითარებაა გალის განათლების სისტემაში და როგორ აფასებენ ადგილობრივები ამ საგანგაშო გადაწყვეტილებას - „ვერსია“ გალის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელს ესაუბრა, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა, გასაგები მიზეზების გამო, არ ისურვა. გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს პედაგოგთან, ოკუპირებული აფხაზეთიდან:

 - რამდენი ხანია, განათლების სფეროში ხართ?

- ეს  სპეციალობა ბავშვობიდანვე ჩემი ოცნება იყო და 17 წელია, ამ სფეროში ვარ. ამ ნაბიჯის გადადგმა ბავშვების სიყვარულმა გადამაწყვეტინა. როდესაც საქართველოში ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო - უშუქობასა და უგაზობას ვგულისხმობ, სწორედ მაშინ მომიწია სტუდენტობა. მიყვარდა ბავშვებთან ურთიერთობა, მოტივატორი კი ჩემი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი იყო, რომლიც მე-4-დან მე-11 კლასამდე მასწავლიდა და ჩემთვის დღემდე მისაბაძი ადამიანია. ამიტომ მინდოდა, მეც მასავით სანიმუშო ვყოფილიყავი.

- როგორც პედაგოგი, როგორ აფასებთ განათლების სისტემას გალის რაიონის სკოლებში?

- ეს საკმაოდ რთული თემაა, რადგან გვიწევს, ვუპასუხოთ გალის რაიონის სკოლებში განათლების განყოფილების გამოწვევებსა თუ სიახლეებს. დღემდე ვინარჩუნებთ ქართველობას, რთულია ამ თემაზე საუბარი და, რა თქმა უნდა, საქართველოს განათლების რესურს-ცენტრთანაც გვაქვს კავშირი. მოკლედ, ჯერჯერობით, ვუძლებთ და სხვა გზა არ არის. ძალიან რთულია, მაგრამ ვცდილობთ, თავი გავიტანოთ და შევანარჩუნებინოთ ჩვენს ბავშვებს ის ქართველობა, რომლისთვისაც დღემდე ვიბრძვით.

- ალბათ, მოსწავლეებისთვის რთულია, ყველა საგანის რუსულად სწავლა...

- დიახ, ეს უამრავ სირთულესთანაა დაკავშირებული, ჩვენი ბავშები არ არიან რუსულ გარემოში და ნამდვილად უჭირთ, მაგრამ დღევანდელი თაობა შედარებით მარტივად ითვისებს ახალს და ეგუება. პედაგოგებსაც, ძირითადად, ქართულად გვაქვს განათლება მიღებული, აქედან გამომდინარე, ჩვენც გვიჭირს, მაგრამ შეძლებისდაგვარად სწავლობენ, თან სხვა გზაც რომ არ გაქვს, ეს უნდა შეძლო.

- კოვიდპანდემიის ფონზე, როდესაც სწავლა ონლაინ-რეჟიმზე გადავიდა, გალის რაიონის სკოლის მასწავლებლებსა თუ მოსწავლეებს ინტერნეტსა და ტექნოლოგიებთან წვდომა არ გიჭირთ?

- ეს ძალიან რთულია და საკმაოდ მძიმე პერიოდი გავიარეთ, რადგან ბავშვებს არ აქვთ წვდომა ინტერნეტთან იმდენად, რამდენადაც ეს საჭიროა. პირადად მე, როგორც პედაგოგმა, გავიარე ტრენინგები გარკვეული პლატფორმებით, ძალიან დაგვეხმარა ქართული მხარე. იმისთვის, რომ მასწავლებელი მზად იყოს მოსწავლეების სამსახურში ყოფნისთვის, ისინიც უნდა მოემზადონ, იქნება ეს ტექნოლოგიები, თუ ინტერნეტთან წვდომა. ვატარებდი ონლაინ-გაკვეთილებს, მაგრამ ეს არ იყო ის გაკვეთილები, რაც სკოლაში, მერხთან ტარდებოდა. არ ვფიქრობ, რომ ეს იყო სრულფასოვანი, მით უმეტეს ჩვენთან, არ გვქონდა ამის შესაძლებლობა.

- ძირითადად, რა სახის პრობლემებს აწყდებიან სკოლები გალში? მოსწავლეები არიან თუ არა მათთვის საჭირო ყველა წიგნითა და კონკრეტული ნივთით აღჭურვილნი?

- არა. 17 წელია, ვასწავლი და ამ დროის განმავლობაში, ეს პრობლემა სულ იყო და ახლაცაა იმიტომ, რომ სახელმძღვანელოები არის რუსულად. დღემდეა მათი ნაკლებობა და ასლებს ვიღებთ ხოლმე. როცა ქართული მხარე გვიგზავნის რაღაც ნივთებს, ესეც პრობლემაა, რადგან აქ არის ე.წ. საზღვარი და თან წიგნების გადმოტანა ძალიან დიდ საფრთხესთანაა დაკავშირებული. ვერ ვახერხებთ მათ მიღებას, გვიჭირს საკმაოდ.

- როგორც ვიცი, ახალი სასწავლო წლიდან, გალის რაიონის სკოლის მოსწავლეები ქართულად აღარ სწავლობენ. როგორ ფიქრობთ, ეს რამ გამოიწვია და რა შედეგამდე შეიძლება მივიდეს ადგილობრივი ქართველი მოსწავლეებისთვის მშობლიური ენის შესწავლის გაუქმება?

- ეს საკმაოდ რთული და მტკივნეული საკითხია და თუ ასე გაგრძელდა, ალბათ, დაიცლება გალის რაიონი. იმ სკოლებს, რომლებიც დღემდე ინარჩუნებდნენ ქართული ენის გაკვეთილებს, ნელ-ნელა წაართვეს ამის უფლება. ჯერ პირველი კლასიდან ამოიღეს ქართულის გაკვეთილები, შემდეგ წელს - მეორე კლასიდან, შემდეგ  - მესამედან და თუ ასე გაგრძელდა, ალბათ, კატასტროფულ შედეგამდე მივალთ.

- ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ქართული ენის გაკვეთილებს არც აქამდე ეთმობოდა დიდი დრო. შეიძლება ითქვას, რომ ეს გადაწყვეტილება მოსალოდნელიც იყო?

- დიახ, თავიდანვე ჩანდა, რომ აქეთ მიდიოდა ყველაფერი. წლიდან წლამდე, კლასებში აუქმებდნენ ქართული ენის გაკვეთილებს და ბოლო წლებში, ვარაუდის დონეზე, ამაზე განსაკუთრებით საუბრობდნენ.

- რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას ქართული მხრიდან, რომ ეს პრობლემა გადაწყდეს?

- ნეტავ, თუ გადაწყდება ოდესმე... ოპტიმისტი ვარ, მუდამ კარგი მომავლის იმედი მაქვს და ამ იმედით მოვედი დღემდე. ვცდილობ, ჩემი მოსწავლეებიც ასე აღვზარდო. სახლში ვიბარებ და ვსაუბრობთ, ვსწავლობთ, მაგრამ ეს უკვე შორს წასული ამბავია. ღმერთმა ქნას, რომ გვეშველოს, თუმცა უკვე უიმედოდ ვარ...

- მოსწავლეებს პროტესტისა და უკმაყოფილების გრძნობა აქვთ?

- დაწყებითი კლასის მოსწავლეები ვერ ხვდებიან და ვერ აანალიზებენ, თუ სადამდე შეიძლება მივიდეს ეს ამბავი, მაგრამ უფროსკლასელები ძალიან განიცდიან და ფიქრობენ, სად და როგორ ჩააბარონ, როგორი იქნება მათი მომავალი. ჩვენი იმედი აქვთ და მუდმივად გვეკითხებიან.

- ბოლოს, აბიტურიენტებზე გკითხავთ - აგრძელებენ თუ არა სწავლას აფხაზეთის უმაღლეს სასწავლებელში?

- ძალიან იშვითია მსგავსი შემთხვევა. ყველა ჩვენი აბიტურიენტი უპირატესობას ქართულ უმაღლეს სასწავლებლებს ანიჭებს, ჩემთან დადიან კიდეც მალულად ბავშვები, სამეცადინოდ, ასევე, სხვა საგნის მასწავლებლებთანაც. სწორედ ამ გზით ვინარჩუნებთ ჩვენს ურთიერთობას, ასე რთულად და მტკივნეულად.