გალელების ყოველდღიური პრობლემები და გაუსაძლისი ვითარება ოკუპირებული აფხაზეთის განათლების სისტემაში - ექსკლუზიური ინტერვიუ გალელ ჟურნალისტთან

ექსკლუზივი
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: მარიამ ელიავა

ოკუპირებულ გალში ქართველებს ქართული ენის შესწავლას უკრძალავენ. ახალი სასწავლო წლიდან გალის რაიონის სკოლებში მოსწავლეები მშობლიურ ენას ვეღარ ისწავლიან. ალბათ, ეს არის ერთ-ერთი „საუკეთესო საშუალება“ იმისა, რომ ქართველობა ნელი ნაბიჯებით ამოძირკვონ. რა შეიძლება გაკეთდეს ამ პრობლემის მოსაგვარებლად სახელმწიფოს მხრიდან? რა ხდება აფხაზეთის განათლების სისტემაში და საით მივყავართ ამ გადაწყვეტილებას?

„ვერსია“ ახალგაზრდა ჟურნალისტს აფხაზეთიდან - გიგა ბენიას ესაუბრა:

_ გიგა, რა ვითარებაა დღესდღეობით და როგორ შეაფასებდით აფხაზეთის განათლების სისტემას?

_ დღესდღეობით აფხაზეთში განათლების სისტემა არის საკმაოდ რთულ მდგომარეობაში. ამ შემთხვევაში ხაზს გავუსვამ, თუ რა სიტუაციაა ქართველებისთვის - ისინი ვერ ახერხებენ სკოლაში ქართულად სწავლას და როცა გადმოდიან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, უჭირთ ქართულად სწავლა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ გალის რაიონის სკოლებში მოსწავლეებს აუკრძალეს ქართული ენის შესწავლა, შეიქმნა პრობლემა, რადგან ეს ბავშვები არ ელოდნენ ამას და ასე სწრაფად სრულად რუსულ ენაზე გადასვლა სირთულეს წარმოადგენს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ პანდემიის გამო ისინი ონლაინ სწავლებასაც ვერ ახერხებდნენ. იმის გამო, რომ ერთი მხრივ მათ არ აქვთ ტექნიკასთან ხელმისაწვდომობა, პრობლემაა ასევე ინტერნეტის არქონა. საბოლოოდ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ გალში ქართული ენის შესწავლის აკრძალვა არის ძალიან დიდი გამოწვევა.

_ როგორც უკვე ახსენეთ  და როგორც ცნობილია,ახალი სასწავლო წლიდან გალის რაიონის სკოლის მოსწავლეები ქართულად აღარ სწავლობენ, როგორ ფიქრობთ, რა გავლენას მოახდენს ეს ყოველივე მათზე და საით მივყავართ ამ ყველაფერს?

_ყველაფერს მივყავართ იმისკენ, რომ რუსიფიკაცია მიმდინარეობს და სურთ, ადგილობრივ ბავშვებს დაავიწყდეთ ქართული, მაგრამ მე მაინც მჯერა და იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება იმიტომ, რომ არსებობს ორგანიზაცია - „ჩვენ ვარსებობთ, ხმა აფხაზეთიდან“, რომელშიც ხუთასამდე გალელი ახალგაზრდაა გაწევრიანებული და მიუხედავად იმ გამოწვევისა და აკრძალვისა, რომ მათ ქართული არ ისწავლონ, ისინი ახერხებენ და ცდილობენ, მშობლიური ენა არ დაივიწყონ.

ეს ახალგაზრდები თბილისში არიან წამოსულნი სასწავლებლად და ამას გარდა, უამრავი ბავშვია, რომელსაც სურს, სწავლა ასე გააგრძელოს. მე ვფიქრობ, რომ უნდა სცადონ, მართალია, გაუჭირდებათ ქართულის სწავლა და ინტეგრაცია დანარჩენ საქართველოში, მაგრამ ეს იქნება დროებითი და მათ, ვისაც სურს საქართველოს გაერთიანებაში და საქართველოს უკეთესი მომავლის აშენებაში მიიღოს მონაწილეობა, წამოვა. არ აქვს მნიშვნელობა, „დამტვრეული“ თუ გამართული ქართულით შეძლებენ საუბარს, მთავარია, წამოვიდნენ. ვფიქრობ, რომ იმ პროპაგანდას და იმას, რასაც რუსეთი აკეთებს, საქართველომ უნდა ებრძოლოს განათლებით და სწორედ ეს უნდა იყოს იარაღი, რომლითაც ჩვენ ამ ბოროტებას ვუპასუხებთ. ეს უნდა გავაკეთოთ თუნდაც დისტანციურად, საჭირო ტექნიკის მიწოდებით, რომ ონლაინ ისწავლონ ქართული. ისინი ისტორიას დამახინჯებულად სწავლობენ და ჩვენ ნამდვილი ისტორია უნდა გავაცნოთ, ყოველთვის შევეცადოთ, რომ უნდოდეთ მათ ჩვენთან და დავანახოთ, რა პერსპექტივა ექნებათ მათ ამ მხრივ.

_გიგა, ამ თემას სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი გამოეხმაურა და თქვა, რომ ქართული მხარე ძალ-ღონეს არ დაიშურებს და გააკეთებს ყველაფერს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მშობლიურ ენაზე განათლების მისაღებად და სხვა ფუნდამენტური უფლებების დასაცავად. საინტერესოა, ამ კუთხით გადაიდგა თუ არა გარკვეული მცირედი ნაბიჯები მაინც?

_განცხადება გაკეთდა დაგვიანებით, რამდენიმე დღის შემდეგ, როცა ჩვენ გავავრცელეთ ინფორმაცია და უკვე ყველამ იცოდა ამის შესახებ. ერთი მხრივ, შერიგების სამინისტრო ნამდვილად აკეთებს ხოლმე რაღაცებს და ლოკალურად აქვს ხოლმე კომუნიკაცია, თუმცა ეს არის ზღვაში წვეთი და ხშირ შემთხვევაში არ არის შედეგიანი. მეორე მხრივ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რატომ გვაქვს უთანხმოება რუსეთთან. რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რათა მშობლიურ ენაზე იყოს სწავლება, უძლურია ამ შემთხვევაში ჩვენი სახელმწიფო და მსგავსი განცხადებები წლიდან წლამდე სულ გვესმის. ამ შემთხვევაში ძალიანაც ვერ გააკრიტიკებ, ალბათ, იმიტომ, რომ საქმე გვაქვს რუსეთთან, რომელიც არის არაპროგნოზირებადი და რომელსაც ვერაფერს აგებინებ.

_ ასევე საინტერესოა, თქვენი ინფორმაციით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტრომ რა რეაგირება მოახდინა ქართული ენის გაკვეთილების გაუქმებაზე?

_ზოგადად, ცენტრალური ხელისუფლების და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტროს მუშაობით არ ვარ კმაყოფილი და არც არასდროს ვყოფილვარ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ კეთდება, მაინც მგონია, რომ რეალური პრობლემები, რომლებიც არის აფხაზეთში, უყურადღებოდ რჩება. ვფიქრობ, რომ საქმის კეთება მხოლოდ საქმისთვის ვერ იქნება ეფექტური და უნდა დაისახოს ზოგადად მიზანი, რა გვჭირდება ჩვენ, რა სჭირდებათ იმ ადამიანებს და რა უნდა გააკეთოს კონკრეტულად სამინისტრომ თუ სახელმწიფომ. როგორც ცენტრალურმა ხელისუფლებამ, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტრომ უნდა ესაუბროს აფხაზეთიდან წამოსულ ახალგაზრდებს, მათთან ერთად უნდა გაიგოს პრობლემები და არა კაბინეტიდან, სწორედ ამის შეუსრულებლობის გამო არ არის ხოლმე მათი გადაწყვეტილებები შედეგიანი.

_ჩემი ინფორმაციით, აფხაზეთის უმაღლეს სასწავლებელში ბევრ პროფესიას ვერ დაეუფლები. საინტერესოა, ოკუპირებული სოხუმის უნივერსიტეტში სწავლა რა პროგრამებს ეყრდნობა?

_ჩემთვის ცნობილია, რომ აქვთ რუსული პროგრამები. ისწავლება აფხაზეთის ისტორია, რომელიც ასწავლის ახალგაზრდებს, თუ რამდენად ცუდები ვართ ქართველები, რომ საქართველო არის მტერი  და ამას შთააგონებენ სკოლის მოსწავლეებს. ეს პროპაგანდა გრძელდება სტუდენტობამდე. იმ პროგრამების მიერ მიღებულ განათლებას, რომლებსაც იქაური უმაღლესი სასწავლებელი ფლობს, ახალგაზრდები ვერ გამოიყენებენ ვერსად, გარდა აფხაზეთისა, და ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი დიპლომი არსად არის აღიარებული, გარდა რუსეთისა.

 

_როგორც უკვე ახსენეთ, სწავლა აფხაზეთში მიმდინარეობს რუსულად, საინტერესოა, რა დონეზე ისწავლება აფხაზური?

_ მე ვსწავლობდი აფხაზეთში და აფხაზურს ვსწავლობდით, როგორც უცხო ენას, კვირაში რამდენიმე საათი. ყოველი ახალი სასწავლო წლის წიგნი ერთმანეთს ჰგავდა და წლიდან წლამდე ახალს ვერაფერს ვსწავლობდით. არის ასევე აფხაზური სკოლები იქ, სადაც აფხაზები მჭიდროდ არიან დასახლებულნი, მაგრამ იქაც გარკვეული კლასების შემდეგ ისევ რუსულად გრძელდება სწავლა. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ აფხაზეთში რუსულად მიმდინარეობს სწავლა ყველგან და ფაქტობრივად, აფხაზური ქრება, აფხაზი ახალგაზრდების გარკვეულმა ნაწილმა არც კი იცის აფხაზური და ეს არის საკმაოდ დიდი პრობლემა იმიტომ, რომ ჩვენც ვართ ვალდებულნი დავიცვათ აფხაზური, როგორც ჩვენი სახელმწიფო ენა.

_ აფხაზეთის უმაღლეს სასწავლებელში, რომელიც მდებარეობს სოხუმში, არიან თუ არა ადგილობრივი(გალელი) ქართველი სტუდენტები?

_ გალის რაიონიდან სოხუმის უნივერსიტეტში აგრძელებენ ახალგაზრდები სწავლას ნამდვილად და ბოლო წლებში განსაკუთრებით იზრდება მათი რიცხვი. ამის მიზეზი ხშირად არის ის, რომ ისინი ვერ ტოვებენ ოჯახს, მშობლებს და ურჩევნიათ, რომ არჩევანი გააკეთონ ისევ ადგილობრივ უნივერსიტეტზე. თუმცა აქ აღსანიშნავია ისიც, რომ ნებისმიერი პროფესიით იქაურ უნივერსიტეტში ვერ ჩააბარებ, მაგალითად, იურისტი ან პოლიტოლოგი ვერ გახდები, თუ აფხაზი არ ხარ. ფილოლოგია ან ენერგეტიკული მიმართულება შეგიძლია, აირჩიო, გარდა ამისა, დაახლოებით 5 ან 6 წლის წინ რომ ჩაგებარებინა, თანხა უნდა გადაგეხადა მიუხედავად იმისა, თუ როგორი შედეგი გექნებოდა გამოცდაზე.

_ კურსდამთავრებულებს საკუთარი პროფესიით დასაქმების შესაძლებლობა აქვთ?

_ნაცნობები უნდა გყავდეს და ნეპოტიზმით საქმდებიან, მასწავლებლობის შეთხვევაში უფრო მარტივია იმიტომ, რომ მათ სურთ, ჩაანაცვლონ ის პედაგოგები, რომლებსაც განათლება თავის დროზე საქართველოს უნივერსიტეტებში აქვთ მიღებული და რუსულენოვანი კადრების დეფიციტიც აქვთ. ამ შემთხვევაში მე ვისაც ვიცნობ, დასაქმდნენ, თუმცა სხვა მიმართულებით უნდა გყავდეს ისეთი პირი, ვინც შეგიწყობს ხელს, რომ დასაქმდე და არც იმდენად მარტივია ეს. გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ აბიტურიენტებს ეუბნებიან, სოხუმში ჩაბარების შემთხვევაში მიიღებენ დოკუმენტებს და ეს პროცესიც ძალიან იწელება დროში, ბევრ მათგანს ატყუებენ კიდეც.

_ საინტერესოა, როგორი დამოკიდებულება შეინიშნება  აფხაზ ახალგაზრდებში შერიგების საკითხზე?

_ზოგადად მე მგონია, რომ აფხაზ ახალგაზრდებს არ უნდათ კონფლიქტი რომ გაგრძელდეს მუდმივად და ამას ადასტურებს თუნდაც ბოლო დროს მათი გააქტიურება სოციალურ ქსელებში, გარკვეული კომენტარები და განცხადებები, რომლებიც მათი მხრიდან მოდის. მე თვითონაც სკოლის პერიოდში მქონია მათთან კომუნიკაცია და ჩვენ ძალიან კარგად გვისაუბრია ერთმანეთთან კარგ და მშვიდობიან მეგობრობაზე. თუმცა ერთადერთი პრობლემა, რაც ამ შემთხვევაში იჩენს თავს, არის ის, რომ როდესაც ვიწყებთ საუბარს დამოუკიდებლობაზე და იმაზე, რომ აფხაზეთი საქართველოა, იქ ყველაფერი მთავრდება, რადგან ეს ახალგაზრდები არიან იმ სულისკვეთებით, რომ აფხაზეთი არის ცალკე სახელმწიფო, იზრდებიან იმ პროპაგანდით, რომ ჩვენ წავართვით დამოუკიდებლობა, შესაბამისად, ეს არის საკმაოდ რთული. გარდა ამისა, შეიძლება ისეთი ახალგაზრდების ნახვაც, რომელთაც უნდათ ჩვენთან ყოფნა და ხედავენ, რომ ცუდები არ ვართ, მაგრამ ამაზე ხმამაღლა საუბარი იქ აკრძალულია. ყველამ კარგად ვიცით, რა მოუვა იმ ადამიანს, რომელიც ქართველებზე პოზიტიურად ისაუბრებს და ამის მაგალითი არაერთი ყოფილა. თუნდაც ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ოჯახთან ერთად დაიბარეს და ბოდიში მოახდევინეს იმის გამო, რომ ამბობდა,  აფხაზეთი საქართველოაო. ეს ყოველივე კი ვიდეო ჩანაწერით სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

_და ბოლოს, როგორ ფიქრობთ, კონკრეტულად რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რათა მსგავსი თემები, როგორიცაა მშობლიური ენის შესწავლის გაუქმება მომავალი თაობისთვის,საბოლოოდ წარსულს დარჩეს?

_ უპირველეს ყოვლისა ჩვენი ხელისუფლება მუდმივად უნდა საუბრობდეს აფხაზეთზე და იქ მყოფ ქართველებზე. ჩვენ საერთოდ არ გვესმის ხოლმე მსგავსი განცხადებები, იმდენად სხვა საკითხებზე არიან გადართულები, რომ ქვეყნის ოკუპაცია აღარც აინტერესებთ როგორც მთავრობის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს, ხოლო თუ რამე გაჟღერდა, ღირებული არაფერია ხოლმე. ხშირად და საერთაშორისო დონეზე უნდა იყოს საუბარი იმ ადამიანების პრობლემებზე, რომლებიც იქ არიან და განსაკუთრებით განათლებაზე უნდა ვისაუბროთ. პანდემიამაც დაგვანახა, რომ ონლაინ ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი. ჩვენ შეგვიძლია, რომ ეს ბავშები ჩავრთოთ ონლაინ განათლებაში და ასე ვასწავლოთ ქართული ენა. ჩვენ შეგვიძლია განათლებით დავუპირისპირდეთ ოკუპანტს და ამ თემასთან დაკავშირებით კომუნიკაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან გვქონდა, რაზეც ვერ მივიღეთ სასურველი შედეგი, თუნდაც ტექნიკის მხრივ და ეს არის ძალიან სამწუხარო.