"დაიჭირე და მოკალი" - რას გულისხმობს ბრალდებები ტრამპის წინააღმდეგ და რა ელის აშშ-ის ექსპრეზიდენტს

მსოფლიო პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თითის ანაბეჭდები აღებულია, ბრალი წაყენებულია - ბრალდება აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის, 76 წლის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ 34 პუნქტს მოიცავს, საპატიმრო სასჯელს გულისხმობს და ძირითადად, საარჩევნო მიზნებისთვის, მნიშვნელოვანი დოკუმენტების გაყალბებას უკავშირდება.

დონალდ ტრამპი ბრალს არ აღიარებს. ის და მისი მომხრეები პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე ლაპარაკობენ. დანაშაულის დამტკიცება პროკურორს ევალება.

ტრამპი აშშ-ის პირველი ექსპრეზიდენტია, რომელსაც სისხლის სამართლის წესით ასამართლებენ და თანაც მაშინ, როცა ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობას.

ყოფილი პრეზიდენტის გასამართლება თავისთავად დიდ ყურადღებას იპყრობს მთელ მსოფლიოში და მით უფრო საქართველოში - სადაც დაპატიმრებულია ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

  • რას ედავება სასამართლო დონალდ ტრამპს, რატომ არ დააპატიმრეს ის და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?
  • შეაფერხებს თუ არა სასამართლო განხილვა ტრამპის სამომავლო პოლიტიკურ გეგმებს?

რას ედავებიან?

4 აპრილს, ნიუ-იორკში, მანჰეტენის რაიონულ სასამართლოში, დონალდ ტრამპს 34-პუნქტიანი ბრალდება გააცნეს, რომელიც საქმიანი დოკუმენტების გაყალბებას ეხება.

ტრამპის ბრალდება უკავშირდება არა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებსა და მის შემდგომ მღელვარებას, არამედ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდს.

ნიუ-იორკის სამხარეო პროკურატურა ირწმუნება, რომ დონალდ ტრამპი და მისი გარემოცვა ჯერ კიდევ 2015 წლიდან მუშაობდნენ პრინციპით „დაიჭირე და მოკალი“ - ცდილობდნენ ტრამპის, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატის წინააღმდეგ არსებული ნებისმიერი შესაძლო კომპრომატის წინასწარ მოპოვება-გაქრობას.

გამოძიების თანახმად, ტრამპის ადვოკატმა, მაიკლ კოენმა, 2016 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებამდე 12 დღით ადრე, კლიენტის გაჩუმების სანაცვლოდ, 130 000 დოლარი გადასცა პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსის ადვოკატს და ეს ხარჯი იურიდიულ მომსახურებად გაფორმდა. ფაქტი 2018 წელს აღიარა კოენმა, რომელსაც 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. გამოძიების თანახმად, საქმეში დევს ტრამპის მიერ ხელმოწერილი 9 ქვითარი.

დენიელსი ადასტურებს, ხოლო ტრამპი დღემდე უარყოფს მასთან სექსუალურ ურთიერთობას.

ამერიკულ მედიაში გავრცელებული საქმის მასალებიდან ჩანს, რომ ტრამპს თანხის გადახდა არჩევნებამდე არ სურდა, რადგან, მისი ლოგიკით, არჩევნების შემდეგ „მნიშვნელობას დაკარგავდა ამ [დენიელსთან დაკავშირებული] ამბის გასაჯაროება“ და ფულის გადახდაც აღარ გახდებოდა საჭირო. გამოძიების თანახმად, ამის შესახებ ტრამპმა კოენს უთხრა, თუმცა შემდეგ, ფარული ჩანაწერის გასაჯაროებამ ვითარება შეცვალა.

გამოძიების თანახმად - კომპრომატებთან ბრძოლის პროცესში, ასევე გაჩუმების სანაცვლოდ, ფული გადაუხადეს სხვებსაც:

  • 150 000 დოლარი Playboy-ს ყოფილ მოდელს (კარენ მაკდუგალს), რომელიც ტრამპთან სექსუალურ ურთიერთობაზე ლაპარაკობდა;
  • 30 000 დოლარი - „ტრამპ თაუერის“ კარისკაცს - რომელიც ამტკიცებდა, რომ ჰქონდა ტრამპის მიერ ქორწინების მიღმა გაჩენილი შვილის შესახებ ინფორმაცია.

ეს კონკრეტული ფაქტები დევს საგამოძიებო მასალებში, მაგრამ არ არის ასახული ბრალდებაში.

რა არის აქ კანონდარღვევა?

გაჩუმების სანაცვლოდ თანხის გადახდა, აშშ-ის კანონმდებლობით, ცალკე აღებული, კანონდარღვევა არ არის, დოკუმენტის გაყალბება კი მსუბუქ კანონდარღვევად ითვლება; თუმცა თაღლითობას სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაცია ეძლევა იმ შემთხვევაში, როცა ის სხვა დანაშაულის გადაფარვას ემსახურება და კონკრეტული მოტივი აქვს. ტრამპის შემთხვევაში ლაპარაკია საარჩევნო კამპანიის დაფინანსების კანონმდებლობის დარღვევაზე.

მანჰეტენის ოლქის პროკურორი ელვინ ბრეგი აცხადებს, რომ გაწეული ხარჯები აღემატება კამპანიის დაფინანსების ლიმიტს. ეს დანაშაული უკვე აღიარებული აქვს ტრამპის ყოფილ ადვოკატ კოენს.

ამასთან, გამოძიებას მიაჩნია, რომ ფაქტების განზრახ მიჩქმალვას შეეძლო მნიშვნელოვანი გავლენა მოეხდინა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე.

პროკურორი ბრეგი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი აყალბებდა დოკუმენტებს, რათა „დაემალა მაკომპრომეტირებელი ინფორმაცია და უკანონო საქმიანობა ამერიკელი ამომრჩევლებისთვის“.

იმისათვის, რომ ტრამპს ბრალდება დაუმტკიცდეს, პროკურატურამ უნდა დაადასტუროს არა მხოლოდ ის ფაქტი, რომ დოკუმენტები განზრახ გაყალბდა, არამედ ისიც, რომ ეს საარჩევნო კამპანიის დაფინანსების კანონმდებლობის დარღვევის მიზნით მოხდა.

“Los angeles time”-სთან იურისტები განმარტავენ, რომ პროკურორებს ეთიკის ნორმები ბრალის უტყუარად დადასტურებას ავალდებულებთ და სავარაუდო უფრო ის არის, რომ ბრალდების მხარე, შესაბამისი მტკიცებულებების გარეშე, საქმის წარმოებას არ დაიწყებდა.

რა არის სასჯელი?

ბრალდების დადასტურების შემთხვევაში, დონალდ ტრამპი შესაძლოა 4 წლამდე ვადით დააპატიმრონ. თუმცა ექსპერტებისთვის ეს არ არის გარდაუვალი სასჯელი და ისინი ალტერნატიულ გზებსაც განიხილავენ. ვარაუდი ბევრნაირია, იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ს მანამდე არა ჰქონია სისხლის სამართლის წესით ექსპრეზიდენტის გასამართლების გამოცდილება.

4 აპრილს, მოსამართლემ აღარ ჩათვალა საჭიროდ დონალდ ტრამპისთვის პატიმრობის შეფარდება, რაც, ზოგი გამოცემის ვარაუდით, შესაძლოა ბრალდებათა არასათანადო დამაჯერებლობაზე, ანდა საქმის დეტალების გასაცნობად მეტი დროის საჭიროებაზე მიუთითებდეს.

იურისტების განმარტებით, ბრალდების მხარემ დაცვის მხარეს მოპოვებული მტკიცებულებები ერთი თვის ვადაში უნდა გადასცეს, რის საფუძველზეც ადვოკატებს შესაძლებლობა მიეცემათ შუამდგომლობით მიმართონ სასამართლოს.

 

სასამართლო სხდომაზე ტრამპს ხელბორკილები არ დაადეს და მისი გადაადგილება არც სხდომის შემდეგ შეიზღუდა - რადგან, როგორც ყოფილი პრეზიდენტი, ის ისედაც სამართალდამცავი ორგანოების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

მანჰეტენის რაიონულ სასამართლოში მომდევნო სხდომა 8 თვეში, 4 დეკემბერსაა დანიშნული.

თარიღთან დაკავშირებით მიიღეს კომპრომისული გადაწყვეტილება, რადგან პროკურორი პროცესის დანიშვნას 2024 წლის იანვარში ითხოვდა; ხოლო დაცვის მხარე აცხადებდა, რომ ტრამპს ხელი შეეშლებოდა პრეზიდენტობის კანდიდატის რანგში შიდაპარტიულ არჩევნებში მონაწილეობის პროცესში.

შეეშლება თუ არა ხელი პოლიტიკურ გეგმებს?


დღევანდელი მოცემულობით, დონალდ ტრამპს სრული შესაძლებლობა აქვს, მიჰყვეს თავის საარჩევნო მიზნებს. სხვა საკითხია, რომ ბრალდებულის სტატუსმა საარჩევნო კამპანიის პროცესში მას შესაძლოა ზიანი მიაყენოს; თუმცა ფიზიკურად მას მხოლოდ დაპატიმრება შეუშლის ხელს.

საერთაშორისო მედიის განმარტებით, გამარჯვების შემთხვევაში, ამერიკული კანონმდებლობა არ უკრძალავს ბრალდებულ ან დაპატიმრებულ კანდიდატს, დაიკავოს პრეზიდენტის პოსტი. დაპატიმრებულ პრეზიდენტს აქვს შესაძლებლობა, თავისი უფლებამოსილება დროებით ვიცე-პრეზიდენტს გადააბაროს.

თავისთავად, ძალაში რჩება პრეზიდენტის იმპიჩმენტის მექანიზმიც.

წყარო:რადიო თავისუფლება