რჩეული სტატიები

Grid List

ბრიტანეთის დიეტოლოგების ასოციაცია გვირჩევს, ბანანი კანიანად მივირთვათ, რადგან მასში უფრო მეტი სასარგებლო ნივთიერებებია, ვიდრე რბილობში. როგორც ბევრ სხვა ხილში, ბანანის შემთხვევაშიც, ქერქი მდიდარია უჯრედისით, კაროტენოიდებით, ლუტეინით, კალიუმით, მაგნიუმით. გარდა ამისა, მასში დიდი რაოდენობით არის ტრიპტოფანი - ნივთოერება, რომელიც აუცილებელია სეროტონინის („ბედნიერების ჰორმონის“) გამოსამუშავებლად. მოუსვლელი ბანანების კანი მაგარი და მიმწარო გემოსია, მაგრამ როცა ის ბოლომდე მომწიფდება, ქერქიც ნაზი და გემრიელი ხდება. ბევრი ადამიანისთვის ბანანის კანიანად ჭამა, ალბათ, წარმოუდგენელია, მაგრამ დიეტოლოგების რწმუნებით, ეს უბრალოდ ჩვევაა. დასაწყისისთვის, მსურველებს შეუძლიათ, მთლიანი ბანანის სმუზი მომზადონ, შეწვან კანიანად ან 10 წუთით მოხარშონ და მერე გახეხონ და ისე მიირთვან.

 

სამხრეთ კორეაში, ქალაქ პუსანის ერთ-ერთ მუნიციპალურ რაიონში, ოჯახის შექმნის გზაზე სხვადასხვა ეტაპისთვის: პაემანზე წასვლა, მშობლების გაცნობა და სხვა, გარკვეულ თანხას გადაუხდიან. საპილოტე პროექტი პოტენციური წყვილებისთვის სტარტს „შეხვედრების დღიდან“ იღებს. ქალი და მამაკაცი, რომლებიც თანახმა იქნებიან, შეხვედრაზე 500 ათას ვონს (დაახლოებით, 360 დოლარი) მიიღებს.

წყვილები, რომლებიც დაქორწინებას გადაწყვეტენ, დამატებით 20 მილიონ ვონს, „ქორწილის საჩუქრის“ სახით მიიღებენ. ახალდაქორწინებულებს, ხუთი წლის განმავლობაში, ბინის ქირის გადახდაშიც დაეხმარებიან. პროექტის მონაწილეთა ასაკი 24-დან 43 წლამდეა განსაზღვრული და ისინი პუსანის აღნიშნულ რაიონში უნდა ცხოვრობდნენ. საპილოტე პროგრამის მონაწილეთა რაოდენობა დიდი არ იქნება და მხოლოდ კორეის მოქალაქეებით შემოიფარგლება. თუმცა, მომავალში, პროგრამაში უცხოელების ჩართვასაც გეგმავენ. აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კორეაში, 2020 წელს, მსოფლიოში ყველაზე დაბალი შობადობის დონე დაფიქსირდა. ხელისუფლება კი ამ პრობლემის მოგვარებას სხვადასხვა მეთოდებით ცდილობს.

მკვლევარებმა შეისწავლეს, უკავშირდება თუ არა პოლიტიკური შეხედულებები ძილის ხარისხს. საამისოდ მათ 922 ზრდასრული არიზონელი გამოკითხეს, რომელთა საშუალო ასაკი 41-65 წელს შეადგენდა. რესპონდენტები საკუთარ თავს „რესპუბლიკელებთან“ ან „დემოკრატებთან“ აიგივებდნენ, ზოგი კი თავს „დამოუკიდებლად“ თვლიდა - ისინი აშშ-ს არცერთ წამყვან პარტიას არ უჭედნენ მხარს. ცალკე გამოკითხეს პანდემიის თემაზეც, რამდენად ძლიერად შეიცვალა მათი ცხოვრება კორონავირუსის შემდეგ.

მიღებული მონაცემების გაანალიზებისას სწავლულებმა გაითვალისწინეს რეპონდენტთა ასაკი, სქესი, რასა და ჯანმრთელობის მდგომარეობა. აღმოჩნდა, რომ ის ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს „დემოკრატებად“ ან „დამოუკიდებლებად“ მიიჩნევდნენ, ძილის უფრო ცუდი ხარისხი ჰქონდათ, ვიდრე „რესპუბლიკელებს“. პანდემიის დაწყების შემდეგ, ისინი უფრო ძლიერ ცვვლილებებს შეეჯახნენ. შედეგების მიხედვით, მემარცხენე პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანები უფრო მწვავედ აღიქვამდნენ კორონავირუსთან, ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებულ  სტრესებს და სოციალურ რყევებს. „რესპუბლიკელები“ უფრო ნაკლებად შფოთავდნენ პანდემიის შედეგებზე, ნაკლებ სტრესში იყვნენ და უკეთესადაც ეძინათ. თუმცა, სწავლულები აღნიშნავენ, რომ ექსპერიმენტის მონაწილეები, შესაძლოა, გამოკითხვისას გულწრფელნი არ იყვნენ.

აპენინებზე ახალ გონდოლიერებს ეძებენ. ეს იშვიათი შემთხვევაა, რადგან აქამდე, ამ სამუშაოზე მიღება მხოლოდ მემკვიდრეობით იყო შესაძლებელი. ვენეციელი მენავეების ჩვეულებრივი ხელფასი, საშუალოდ, 150 ათასი ევროა წელიწადში. იმ შემთხვევაში, თუ გონდოლიერი მღერის, ან უკრავს მუსიკალურ ინსტრუმენტზე, ხელფასი კიდევ უფრო მეტი გამოსდის. წყალზე მდგარმა ქალაქმა გონდოლიერების სკოლაში მიღებაზე კონკურსი გამოაცხადა. სწავლება უფასო არ არის - მსურველს კურსის გავლა 1000 ევრო დაუჯდება, რაც ძვირია, თუმცა ამ თანხას ერთ კვირაში ამოიღებენ. გონდოლიერობის კანდიდატები უნდა ლაპარაკობდნენ იტალიურად, იყვნენ ჯანმრთელები, იცოდნენ ცურვა, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა და ვენეციის ისტორია. აღსანიშნავია, რომ სეზონზე, გონდოლით ერთი გასეირნება, შესაძლოა, ერთ ადამიანს 80-100 ევრო დაუჯდეს.

ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ მისი გაპრეზიდენტების შემდეგ ირანს რუსეთისთვის იარაღი არ გადაუცია. ამასთან, ფეზეშქიანმა, როგორც ჩანს, მიანიშნა ბირთვულ საკითხებზე აშშ-სთან პირდაპირი მოლაპარაკებისთვის მზაობაზე იმ შემთხვევაში, თუ, მისი თქმით, ვაშინგტონი აჩვენებს, რომ არ არის "მტრულად" განწყობილი ირანის მიმართ.

69 წლის ფეზეშქიანმა - რომელსაც ზოგიერთი ანალიტიკოსი შედარებით ზომიერი შეხედულებების მქონედ ახასიათებს - 16 სექტემბერს ასევე თქვა, რომ მისი ქვეყანა არასდროს შეელევა სარაკეტო პროგრამას, მიუხედავად დასავლეთის სანქციებისა, რომლებიც ამგვარი აქტივობების შეზღუდვას ისახავს მიზნად.

ამ განცხადებებით ფეზეშქიანი გამოვიდა თეირანში, თავის პირველ ოფიციალურ პრესკონფერენციაზე. მისი გამოსვლის ფონია გაზრდილი დაძაბულობა როგორც საკუთრივ ირანში, ისე ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით. ირანი განიცდის ძლიერ ეკონომიკურ სირთულეებს, რომლებსაც მნიშვნელოვანწილად იწვევს დასავლეთის სანქციები, ადამიანის უფლებების დარღვევის გამო მოქალაქეებს შორის მატულობს სიბრაზე, განსაკუთრებით ქალთა ჯგუფებში. როგორც პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე თქვა, ის თავის ძალაუფლებას გამოიყენებს იმისთვის, რომ მორალის პოლიციამ ქალები არ "შეაწუხოს".

ფეზეშქიანი პრეზიდენტი გახდა 30 ივლისს, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ. მან შეცვალა უფრო მკაცრი შეხედულებებით ცნობილი ებრაჰიმ რაისი, რომელიც მაისში დაიღუპა, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის არჩევნებამდე ორი თვით ადრე პირველი ტელედებატები გამართეს პრეზიდენტობის კანდიდატებმა, დემოკრატმა კამალა ჰარისმა და რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა.

ტელეკომპანია ABC News-ის მიერ ორგანიზებული დებატები ფილადელფიაში, ადგილობრივი დროით 10 სექტემბრის საღამოს ცხრა საათიდან მიმდინარეობდა.

ჰარისმა და ტრამპმა მწვავედ იკამათეს საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე და ერთმანეთი არაერთხელ დაადანაშაულეს სიცრუეში.

დებატების პირველი ნაწილი ეკონომიკას ეხებოდა. რესპუბლიკელების კანდიდატმა, ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დემოკრატიული პარტია დაადანაშაულა ოთხწლიანი მმართველობის პერიოდში ამერიკული ეკონომიკის დანგრევაში, კამალა ჰარისს „მარქსისტი“ უწოდა და განაცხადა, რომ ჰარისის პროგრამა ბაიდენის პროგრამის ასლია.

დემოკრტების კანდიდატმა, ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობამ შეერთებულ შტატებს დაუტოვა „დიდი დეპრესიის“ შემდეგ ყველაზე დიდი უმუშევრობა და განაცხადა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში „შესაძლებლობების ეკონომიკის“ მშენებლობას აპირებს.

პრეზიდენტობის კანდიდატების პირველი ტელედებატების დროს ტრამპმა ისევ გაიმეორა, რომ შეუძლია უკრაინაში ომი 24 საათში დაასრულოს. დონალდ ტრამპმა პირდაპირი პასუხი არ გასცა დებატების წამყვანის შეკითხვას, სურს თუ არა, რომ ომში უკრაინამ გაიმარჯვოს. რესპუბლიკელების კანდიდატის პასუხი იყო, რომ ომის შეწყვეტა უნდა, რადგან მილიონობით ადამიანი იღუპება.

ტრამპის განცხადებით, მას კარგი ურთიერთობა აქვს როგორც უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან, ისე რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან, რომლებიც მას, განსხვავებით ბაიდენისგან, პატივს სცემენ და შეუძლია, რომ კონფლიქტის მოგვარებას ჯერ კიდევ პრეზიდენტად არჩევამდე მიაღწიოს.

კამალა ჰარისმა დონალდ ტრამპს შეახსენა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მასთან იბრძვის და არა ჯო ბაიდენთან. დემოკრატების კანდიდატის განცხადებით, აშშ-ის ნატოელი მოკავშირეები მადლიერი არიან, რომ ტრამპი პრეზიდენტი აღარ არის.

ჰარისის თქმით, ტრამპი რომ პრეზიდენტი იყოს, დღეს პუტინი კიევში იჯდებოდა და მზერა მიპყრობილი ექნებოდა დანარჩენი ევროპისკენ. კამალა ჰარისმა ვლადიმირ პუტინს უწოდა დიქტატორი, რომელსაც შეუძლია ტრამპი სადილად შეჭამოს.

59 წლის კამალა ჰარისი აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტია, ისევე როგორც პირველი შავკანიანი და აზიური წარმოშობის ვიცე-პრეზიდენტი. მანამდე ჰარისი კალიფორნიის შტატის პირველი ქალი გენერალური პროკურორი იყო.

კამალა ჰარისი პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში ჩაერთო მას შემდეგ, რაც 21 ივლისს შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ დემოკრატიული პარტიის და ქვეყნის ინტერესების გამო საარჩევნო მარათონს ეთიშება, პრეზიდენტად კენჭს აღარ იყრის და მხარს კამალა ჰარისის კანდიდატურას უჭერს. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში კამალა ჰარისი აშშ-ის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდება.

რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი, 78 წლის მილიარდერი ბიზნესმენი დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი იყო 2017 წლის 20 იანვრიდან 2021 წლის 20 იანვრამდე. 2020 წლის ნოემბრის არჩევნებში მეორე ვადით კენჭისყრისას ტრამპი დამარცხდა დემოკრატ ჯო ბაიდენთან, თუმცა მარცხს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ არჩევნები გაყალბდა.

2021 წლის 6 იანვარს, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება. მასობრივი არეულობების შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის პოლიციელი. კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამო ბრალდებულია 1000-ზე მეტი პირი. საქმე აღძრულია ტრამპის წინააღმდეგაც.

აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 5 ნოემბერს გაიმართება.