აუდიტის რომელ ანგარიშებს სწავლობს გენერალური პროკურატურა

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აჭარაში განხორციელებული აუდიტის ანგარიშები პროკურატურაშია

აჭარაში განხორციელებული აუდიტის ანგარიშები სახელმწიფო აუდიტორებმა წელიწადნახევრის წინ გადააგზავნეს გენერალურ პროკურატურაში. ამ თემას კიდევ ერთხელ იმიტომ მივუბრუნდით, რომ ორიოდე დღის წინ, ქობულეთსა და ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად, ინფრასტრუქტურაც დაზიანდა და მოსახლეობაც დაზარალდა. სტიქიურ უბედურებასთან ადამიანი უძლურია და ეს შოვის ტრაგედიამაც დაგვანახა, თუმცა ჩვენ, ადამიანებს შეგვიძლია პრევენციული ზომების მიღება - სტიქიისგან მიყენებული ზარალის და მინიმუმ, რისკების შესამცირებლად. დიახ, უნებართვო მშენებლობები, ნაპირსამაგრი სამუშაოების უგულებელყოფა ზრდის სტიქიური უბედურების მასშტაბებს, თორემ ვიდრე კაცობრიობა არსებობს, წვიმაც მოვა, თოვლიც, სეტყვაც, რასაც ქარიშხალიც მოჰყვება, ხანდახან ზღვაც ადიდდება და შტორმი ამოვარდება...

მაშ, ასე, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ბათუმის, ხელვაჩაურის, ქობულეთის მერიისა და აჭარის სამინისტროების საქმიანობას პროკურატურა სწავლობს. ანგარიშები, რომლებიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გადააგზავნა, თავის დროზე, „ვერსიამ“ დეტალურად განიხილა, სათითაოდ, თითოეული მუნიციპალიტეტის მაგალითზე.

ბათუმის მერია

დავიწყოთ ბათუმის მერიის აუდიტით, რომლის მიხედვით, მუნიციპალიტეტი ვერ უზრუნველყოფს უნებართვო მშენებლობების შეჩერებას და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების უკანონო გამოყენებას, რაც არამართლზომიერი ქმედების რისკებს წარმოშობს. სახელმწიფო აუდიტორების საპასუხოდ, ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ ნაკლოვანებების ნაწილი, რაც ქვეყნის მთავარმა მაკონტროლებლებმა დააფიქსირეს, პანდემიის ბრალია. რაც მთავარია, აუდიტის დასკვნაში აღნიშნული რეკომენდაციების უმეტესი ნაწილი ბათუმის მერიამ 2021 წელს უკვე შეასრულა, ხოლო რეკომენდაციების ნაწილს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახლაც ასრულებენ.

„ბათუმის მუნიციპალიტეტის სუსტი შიდა კონტროლის პირობებში, არარაციონალურად გახარჯულია საწვავი. არ არის დაცული მთავრობის მიერ შემუშავებული რეგულაციები სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობასთან დაკავშირებით, რომლის გათვალისწინების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა 20 916 ლარამდე საბიუჯეტო სახსრების დაზოგვა. ყოველივე ეს, ავტოპარკის ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ ერთიანი პოლიტიკის განხორციელების ხელისშემშლელი გარემოებაა და ვერ უზრუნველყოფს საბიუჯეტო სახსრების ეკონომიურ და რაციონალურ ხარჯვას... მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სხვა დაწესებულებების დაკვეთით აშენებული 68.8 მილიონი ლარის ღირებულების შენობა-ნაგებობების აღრიცხვასთან დაკავშირებით არსებული შეუთანხმებელი საკითხები უარყოფითად მოქმედებს აქტივების მოვლასა და სათანადო ექსპლუატაციაზე, რამაც შესაძლოა დამატებითი ფინანსური ხარჯები გამოიწვიოს“, - ვკითხულობთ აუდიტის ანგარიშში.

ამავე ანგარიშიდან ირკვევა, რომ აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა ბათუმის ნაპირდაცვის პროექტი, რომლის ღირებულება 55 000 006 ლარი იყო. ბათუმის მერიის წარმომადგენლის მიერ, სახელმწიფო აუდიტორებისთვის წარდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ სანაპირო ზოლზე აშენდა 1 750 მეტრი სიგრძის ნაპირსამაგრი ნაგებობა ანუ ქვის წყობა, დაიგო ბულვარის ახალი საფარი, პლაჟი შეივსო ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით. ნაპირსამაგრი სამუშაოების დასრულების შემდეგ კი წამოიჭრა საკითხი ქონების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით.

„საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის პოზიციის შესაბამისად, ნაპირსამაგრი ნაგებობა შედის ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში და მიღება-ჩაბარების აქტით უნდა გადაეცეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტს. შემდგომში მერიამ უნდა განახორციელოს პროექტის ფარგლებში შექმნილი ქონების მოვლა-პატრონობის ღონისძიებები, მათ შორის, სანაპირო ზოლის კვება ანუ ინერტული მასალის შეტანა. ბათუმის მერიის განმარტებით კი, შესაბამისი დახმარების გაწევის გარეშე, ის ვერ აიღებს პასუხისმგებლობას აღნიშნული საქმიანობის განხორციელებაზე. მერიის შესაბამისი პასუხისმგებელი პირების განმარტებით, აღნიშნული ნაგებობა აუდიტის პერიოდისთვის არ არის მიღებული ექსპლუატაციაში, თუმცა, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდთან შეთანხმებით, დაგეგმილია სათანადო ღონისძიებების გატარება ობიექტის მიღებისა და ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად“.

აუდიტის მიმდინარეობისას ჩატარებული დათვალიერებით აღმოჩნდა, რომ ნაგებობის მოვლა-შენახვა უზრუნველყოფილი არ იყო, სანაპირო ზოლშიც არ იყო შეტანილი ინერტული მასალა, რის შედეგადაც ზღვაში აღმოჩნდა სანაპიროს გარკვეული ნაწილი. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ არსებობდა რისკი, მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსით შექმნილი ქონება, მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით სახელმწიფოს სხვადასხვა სტრუქტურას შორის შეუთანხმებლობის გამო, დაზიანებულიყო, რაც დამატებითი ფინანსური რესურსის ხარჯვას გამოიწვევდა.

გარდა ამისა, აუდიტის მიერ მოპოვებული ინფორმაციის შესაბამისად, გარემოს ეროვნული სააგენტოს ბალანსზე ირიცხება ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე არსებული 13 337 285 ლარის საწყისი ღირებულების ნაპირსამაგრი ნაგებობები, რომელთა ქალაქ ბათუმის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით, სააგენტოს არაერთი მიმართვის მიუხედავად, მერიამ უძრავი ქონება არ მიიღო.

აჭარის სამინისტროები

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების, კერძოდ, ფინანსთა და ეკონომიკის, განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის მიერ, 2020 წელს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი. სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვის დროს, ბაზრის კვლევა რიგ შემთხვევებში არ ჩატარებულა ან/და ჩატარებული კვლევა ფორმალურია და არ ემსახურება პოტენციური მიმწოდებლების გამოვლენისა და შემსყიდველი ორგანიზაციისათვის მისაღები ხელშეკრულების პირობების განსაზღვრის მიზნებს. მეტიც, ბაზრის არასათანადო კვლევის შედეგია შესყიდვის სავარაუდო ღირებულების არასწორად განსაზღვრა.

„2020 წელს, 98 შემდგარი ტენდერიდან 39 შემთხვევაში, ფიქსირდება 20%-იანი და მეტი ეკონომია. შედეგად, შესყიდვების ჯამური სავარაუდო ღირებულება შემცირდა 2 004 522 ლარით. ამასთან, მთლიანი ტენდერების 26% გაიმართა ერთი პრეტენდენტის მონაწილეობის პირობებში, სადაც შესყიდვების ჯამური სავარაუდო ღირებულება შემცირდა მხოლოდ 111 116 ლარით ანუ 8%-ით. ბაზრის კვლევის ნაკლოვანებების გამო, ტენდერში/კონკურსში კონკურენციის არარსებობა ან/და გამარტივებული შესყიდვის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება იწვევს არაეკონომიურ ხარჯს.

სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ღონისძიების შეუფერხებლად ჩატარების საფუძვლით, გამარტივებული წესით განხორციელებულია ისეთი საქონლის შესყიდვა, რომელზეც ტენდერის დროულად გამოცხადება არ გამოიწვევდა ღონისძიების შეფერხებით ჩატარებას“.

აუდიტის შედეგად ისიც გაირკვა, რომ სამინისტროებმა განახორციელეს 1 071 664 ლარის ღირებულების სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლებიც შემსყიდველმა ორგანიზაციებმა ჩაიბარეს საექსპერტო დასკვნისა და ინსპექტირების ჯგუფის შეფასების საფუძველზე, თუმცა შესრულებული პროექტების ადგილზე დათვალიერების შედეგად, აუდიტორთა ჯგუფმა ხარვეზები გამოავლინა. მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი ხელშეკრულებებით შესრულებულ სამუშაოებზე მოქმედებს საგარანტიო ვადები, შემსყიდველ ორგანიზაციებს გონივრულ ვადებში არ აღმოუჩენიათ ხარვეზები და არც მათი აღმოფხვრის მიზნით გაუტარებიათ კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებები.

„ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, მაჭახელას ხეობაში, ეთნოსოფლის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის (განვითარების გეგმა-კონცეფცია) შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, 2018 წლის 11 ივლისს, გამოაცხადა კონკურსი. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება განისაზღვრა 423 700 ლარით, დღგ-ის გარეშე. კონკურსში მონაწილეობდა ერთი პრეტენდენტი, რომლის შეთავაზებულმა ფასმა შეადგინა 385 000 ლარი, დღგ-ის გარეშე. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ღირებულება, დღგ-ის ჩათვლით, 454 300 ლარი იყო. სამინისტრომ ვერ წარმოადგინა ბაზრის კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. გარდა ამისა, არსებობს იმის რისკი, რომ სამინისტროს სათანადოდ არ შეუსწავლია ყველა კვალიფიციური მოსაზრება განვითარების გეგმა-კონცეფციასთან დაკავშირებით“.

სახელმწიფო აუდიტორების ხელთ არსებული დოკუმენტებით, მაჭახელას ხეობაში, ეთნოსოფლის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის (განვითარების გეგმა-კონცეფცია) შედგენის მომსახურება შესყიდულია 454 300 ლარად. არადა, ანალოგიური შინაარსისა და მნიშვნელობის სხვა სახელმწიფო შესყიდვებში, 100 000 ლარით ნაკლებია გადახდილი.

ქობულეთის მერია

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ ქობულეთის მერიას არ ჩაუტარებია ფინანსური აქტივების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია, რომელიც 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 19 523 656 ლარს შეადგენდა. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებული ინვენტარიზაცია არ მოიცავდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ყველა უძრავ ქონებას, რომლის ინვენტარიზაცია, მოქმედი რეგულაციების თანახმად, სამ წელიწადში ერთხელ მაინც ტარდება. ინვენტარიზაციის დადგენილი წესით ჩაუტარებლობის გამო, მუნიციპალური ქონების ნაწილი ჯერ კიდევ არ ირიცხება მუნიციპალიტეტის ბალანსზე.

„გარდა ამისა, 8 ინფრასტრუქტურული პროექტის სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის ხარჯთაღრიცხვებში გათვალისწინებული იყო არსებული აქტივების დემონტაჟი და ამის შედეგად მიღებული ვარგისი სამშენებლო მასალისა და სხვა დაუზიანებელი აქტივის დასაწყობება. შესაბამის მიღება-ჩაბარებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციით, დემონტაჟის სამუშაოები შესრულებულია და ქონება დასაწყობებულია, თუმცა მათი ინვენტარიზაცია და მუნიციპალიტეტის ბალანსზე ასახვა არ მომხდარა. აღსანიშნავია, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ვერ წარმოადგინა ინფორმაცია ვარგისი ქონების ფაქტობრივი მდგომარეობის, მოცულობისა და განთავსების ლოკაციების თაობაზე. გამომდინარე ქონების დემონტაჟის შემდეგ გასული პერიოდისა, მაღალია რისკი, რომ ქონება განადგურებულია ან/და იმყოფება მესამე პირების არამართლზომიერ მფლობელობაში. აღნიშნულის გამო, აუდიტის ჯგუფს არ აქვს შესაძლებლობა განახორციელოს ქონების იდენტიფიცირება და ინვენტარიზაცია“.

სახელმწიფო აუდიტორების რეკომენდაციით, საჯარო ქონების ეფექტიანი მართვისთვის, ქობულეთის მერიამ უნდა შეიმუშაოს კონტროლის ისეთი მექანიზმი, რომელიც უზუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში/მართვაში არსებული ყველა ქონების აღწერას, მისი ღირებულებით შეფასებას და ბალანსზე ასახვას, ხოლო არარსებული ქონების ბალანსიდან ჩამოწერას შესაბამისი პროცედურებით.

ხელვაჩაურის მერია

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ ხელვაჩაურის მერიამ 2 884 841 ლარის ღირებულების მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა განახორციელებინა გამოცდილების არმქონე იურიდიულ პირს, რომელსაც საბაზრო ფასთან შედარებით, ზედმეტად გადაუხადეს 194 586 ლარი, ხოლო სატრანსპორტო ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე, 45 064 ლარი აანაზღაურეს. აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ამ საცხოვრებელი სახლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდა 2019 წელს. სახლი ეკომიგრანტებისთვის იყო განკუთვნილი.

„წარმოდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მიმწოდებელს - შპს „მშენებელთა ჯგუფს“, საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის შესაბამისი გამოცდილება არ გააჩნია და ფაქტობრივად, ეს სამუშაო მას არ შეუსრულებია. საპროექტო დოკუმენტაცია მოამზადა და პროექტის ინსპექტირება განახორციელა მესამე მხარემ და რეალური ღირებულება შეადგენს 75 000 ლარს. აღნიშნული დასტურდება ქვეკონტრაქტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით, თუმცა მერიას ამ მომსახურებისათვის მიმწოდებელზე გადახდილი აქვს 10 000 ლარით მეტი ანუ 85 000 ლარი“.

აუდიტის ანგარიშით ისიც ირკვევა, რომ ამასთან ერთად, გენერალური პროკურატურა ხელვაჩაურში, წყალმომარაგების კუთხით შესრულებული სამუშაოებითაც უნდა დაინტერესდეს. მიზეზი აუდიტის ანგარიშში დეტალურადაა ახსნილი:

„ხელვაჩაურის ორ სოფელში ჭაბურღილის მოწყობისთვის, წყლის რესურსის განსაზღვრის მიზნით, გეოლოგიური კვლევისათვის, ბიუჯეტიდან გადახდილია 45 000 ლარი. კვლევის შედეგების გათვალისწინებით, მერიამ სოფელ განახლებაში, წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოებზე გასწია 134 829 ლარის ხარჯი, რომელიც მოიცავდა სატუმბის, რეზერვუარისა და საქლორატოროს მშენებლობას, ასევე, მაგისტრალის არსებულ ჭაბურღილზე დაერთებას, თუმცა განხორციელებული აუდიტორული პროცედურების შედეგად გამოვლინდა, რომ მოსახლეობას სასმელი წყალი არ მიეწოდებოდა. მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, აღნიშნული გამოწვეულია წყლის მარაგის დაწევით, თუმცა შესაბამისი დოკუმენტური დასაბუთება ვერ იქნა წარმოდგენილი. ამასთან ერთად, ანალოგიური მიზეზის გამო, არ გამოიყენება მეორე სოფელში მოწყობილი ჭაბურღილიც“.

გარდა ამისა, 2019-2020 წლებში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა, შპს „ხელვაჩაურის წყალკანალის“ საშუალებით, წყალსადენის სათავე ნაგებობებისა და რეზერვუარის მოვლა-ექსპლუატაციისათვის დაქირავებულ ფიზიკურ პირებზე შრომის ანაზღაურებისათვის გადაიხადა 800 985 ლარი. მუნიციპალიტეტში არსებული 66 ერთეული წყალსადენის რეზერვუარის მოვლა ექსპლუატაციისათვის შპს „ხელვაჩაურის წყალკანალში“ დასაქმებულია 81 შტატგარეშე თანამშრომელი და ჯამში გაცემულია შრომის ანაზღაურება 431 000 ლარის ოდენობით. დასაქმებულ პირებს უნდა განეხორციელებინათ წყლისა და შენობა-ნაგებობის რეცხვა-გასუფთავება, თუმცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით ვალდებულების ჯეროვნად შესრულება აუდიტორების ხელთ არსებული დოკუმენტებით არ დასტურდება.

ავტორი: მაკა რუხაძე