რა დარღვევები გამოვლინდა ბათუმში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

არამიზნობრივად გაფლანგული საბიუჯეტო სახსრები - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა

სახელმწიფო აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ 2020-2021 წლებში, ბათუმის მუნიციპალიტეტმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა არამიზნობრივად გაფლანგა. მეტიც, ინფრასტრუქტურული პროექტები მთელი რიგი დარღვევებით განახორციელა, მათ შორის, ფინანსური რესურსების მართვაში, სახელმწიფო შესყიდვებსა და მშენებლობა-რეაბილიტაციაში.  

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ბათუმში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებით დაინტერესდა. აუდიტის დასკვნა, რომელიც უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, ბათუმის მუნიციპალიტეტის პროგრამის - „მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება“ ფარგლებში, 2020-2021 წლებში გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესაბამისობას ეხება. რა თქმა უნდა, როგორც მოსალოდნელი იყო, აუდიტის შედეგად, უამრავი დარღვევები გამოიკვეთა, რომლებსაც „ვერსიაში“ განვიხილავთ.

ხარვეზები ფინანსური რესურსების მართვაში

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტის წლიურ ბიუჯეტებზე დაყრდნობით, მუნიციპალური პროგრამის - „მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება“ ფარგლებში, 2020-2021 წლებში დაზუსტებულმა გეგმამ 201 042 007 ლარი, ხოლო საკასო ხარჯმა - 171 205 094 ლარი შეადგინა.

„2020-2021 წლებში, გეგმით გათვალისწინებული აუთვისებელი თანხების დინამიკა ზრდადია და ეს გარემოება ძირითადად გამოწვეულია ინფრასტრუქტურული ღონისძიებების შესრულებისთვის განხორციელებული შესყიდვის პროცედურების არასათანადო წარმართვით, ასევე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაოების შემცირების ხარჯზე წარმოშობილი ეკონომიით. მათ შორის, „საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და მშენებლობა“ - 14 267 624 ლარი; „სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია და მოვლა-პატრონობა“ - 3 704 631 ლარი; „საცხოვრებელი სახლების მშენებლობა-რეაბილიტაცია“ - 1 834 203 ლარი; „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მხარდაჭერა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება“ - 1 243 620 ლარი და სხვა“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

ამასთან, სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტს გააჩნდა შეჩერებული და შეწყვეტილი ინფრასტრუქტურული ღონისძიებები, რომლებიც აუდიტის პერიოდში არ განხორციელებულა და მუნიციპალიტეტმა ვერ მიიღო პროგრამით გათვალისწინებული მოსალოდნელი შედეგები.

შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“, სუბსიდიის სახით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 17 847 376 ლარი მიიღო. არადა, შპს-ს, საკუთარი შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით, აუთვისებელი ნაშთი, ჯამში - 4 951 845 ლარი გააჩნდა. ეს გარემოება მიუთითებს, რომ სათანადო ანალიზის გარეშე განისაზღვრა გასაცემი სუბსიდიის მოცულობა.

„შპს-ის საკუთარი შემოსავლების ზრდა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან სუბსიდიის სახით დასაფინანსებელი თანხების შემცირების ერთ-ერთი საფუძველია. აუდიტორული პროცედურებით ირკვევა, რომ აუდიტის პერიოდში, შპს-ს, მის საკუთრებაში არსებული მუნიციპალური ავტობუსების გარე ფასადი - 5 154.3 კვ.მ. ფართი, ელექტრონული აუქციონით, რეკლამის განთავსების უფლების მიღებისათვის, 2020 წელს გაცემული აქვს 30 წლის ვადით და ერთჯერადი გადახდით მიღებული აქვს 4 100 000 ლარი. შედეგად, მთლიანი სარეკლამო ფართის ოცდაათწლიანი ვადით უფლების გადაცემoთ მაშინ, როდესაც ასეთ გრძელვადიან პერიოდში რადიკალურად იცვლება საბაზრო პირობები, შესაძლოა, შპს-მ დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობა დაკარგოს, ამასთან, ვერ იქნეს უზრუნველყოფილი პროცესისადმი მოცემულ ბაზარზე ოპერირებადი სხვა სუბიექტების დაინტერესების ზრდა“.

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ 2020-2021 წლებში, ბათუმის მუნიციპალიტეტს აუთვისებელი დარჩა ჯამური ბიუჯეტის 14.8%, რაც ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვა-განხორციელების ხარვეზებსა და საბიუჯეტო რესურსების მართვაში არსებულ ნაკლოვანებებზე მიუთითებს. ამასთან, შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ 30-წლიანი ვადით და სარეკლამო სივრცის სრულ მოცულობაზე უფლების გადაცემა წარმოშობს რისკს, რომ გრძელვადიან პერიოდში დაიკარგოს დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობა.

 

ხარვეზები მშენებლობა-რეაბილიტაციაში

სახელმწიფო აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ფარგლებში შესრულებულ სამუშაოებზე, შემსყიდველის მიერ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტებით, შესრულებულად ნაჩვენებია და მიმწოდებელს აუნაზღაურდა 54 989 500 ლარი, მათ შორის, ფარული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 24 653 999 ლარს.

„მიღება-ჩაბარების ეტაპზე წარდგენილი ექსპერტის დასკვნით ირკვევა, რომ მიმწოდებლის მიერ ინსპექტირების წინაშე სრულყოფილად არ იქნა დასმული სატენდერო წინადადებით და ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებული შეკითხვა ინსპექტირების სფეროსთან დაკავშირებით. კერძოდ, ნაცვლად იმისა, რომ ექსპერტს დაედასტურებინა ყველა შესრულებული სამუშაოს შესაბამისობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან, დასმულია მხოლოდ ერთი შეკითხვა - შესრულებული სამუშაოების ფორმა N2-ის ინსპექტირებასთან მიმართებით. ინსპექტირების ანგარიშების საფუძველზე გადახდილია შესრულებული სამუშაოების ღირებულება, თუმცა წარდგენილი ანგარიშებით არ დასტურდება შესრულებაში მითითებული ფარული სამუშაოების მოცულობა და ფარულ სამუშაოებზე გამოყენებული მასალების ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობა, კერძოდ, გამოყენებული მასალები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედ ყველა სამშენებლო ნორმასა და სტანდარტს“.

ანგარიშების მიხედვით, ექსპერტის მიერ აზომვები ჩატარდა მხოლოდ ხილულ სამუშაოებზე, ხოლო ის სამუშაოები, რომლებიც განეკუთვნება ფარულ სამუშაოთა კატეგორიას და რომელთა ზუსტი მოცულობების დადგენა ინსპექტირების ჩატარების პერიოდისთვის ტექნიკურად შეუძლებელი იყო, ექსპერტმა გაითვალისწინა მიმწოდებლის მიერ წარდგენილი ფარული სამუშაოების აქტების მიხედვით, თუმცა რიგ შემთხვევებში, ფარული სამუშაოს აქტების რიგითი ნომერი და სამუშაოს შესრულების აქტის შედგენის თარიღი ურთიერთშეუსაბამოა. ამასთან, ერთი დღის შესრულებაში ნაჩვენებია ისეთი დიდი მოცულობის სამუშაოები, რომლის ფაქტობრივად შესრულება მაღალი რისკის შემცველია.

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტში არსებულმა კონტროლის სისტემის შედეგად, რიგ შემთხვევებში, ვერ გამოვლინდა ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ფარგლებში შესრულებულ სამუშაოებზე არსებული ხარვეზები, ასევე, ექსპერტიზის დასკვნაში ასახული კვლევის შედეგების ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის შეფასება და აზომვითი სამუშაოების სრულყოფილად განხორციელება.

 

ხარვეზები საპროექტო დოკუმენტაციაში

სახელმწიფო აუდიტორებმა დარღვევები გამოავლინეს საპროექტო დოკუმენტაციაშიც. კერძოდ, ინფრასტრუქტურული სამუშაოებისათვის მერიის მიერ შესყიდული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით, სამუშაოების სავარაუდო ღირებულება განისაზღვრა 84 676 973 ლარით. შესყიდვის პროცედურები განხორციელდა 77 შემთხვევაში, პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებზე.

„ხელშეკრულებით შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება შემცირდა 11 092 234 ლარით და შეადგინა 73 584 739 ლარი, ხოლო ხელშეკრულებებში სისტემატურად განხორციელებული ცვლილებებითა და საბოლოოდ, ფაქტობრივად შესასრულებელი სამუშაოების მიხედვით, რეალური ფასი კვლავ შემცირდა 5 202 345 ლარით, რამაც შეადგინა 68 382 394 ლარი. ჯამში, პროექტებით განსაზღვრულ ფასსა და ხელშეკრულების შესრულების საბოლოო ფასს შორის სხვაობამ, არანაკლებ, 294 579 ლარი შეადგინა. მიუხედავად ამისა, შემსყიდველს შესაბამისი აქტივობა არ განუხორციელებია და პროექტის ავტორებზე გადახდილია სრული სახელშეკრულებო ღირებულება, არანაკლებ, 265 401 ლარი“.

სახელმწიფო აუდიტორებისთვის წარდგენილი დოკუმენტების შესწავლით გაირკვა, რომ შესასრულებელი სამუშაოების ფასების შემცირება, ძირითადად, საპროექტო დოკუმენტაციის ხარვეზით შედგენამ განაპირობა. არასრულყოფილად შედგენილი პროექტების გამო, სისტემატურად იცვლებოდა ხელშეკრულებათა პირობები, დადგენილ დროში ვერ დასრულდა სამუშაოები და არსებული სამუშაოების შემცირების ხარჯზე დაემატა სხვა ახალი სამუშაოები.

„ქალაქ ბათუმში, სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენასთან დაკავშირებით გაფორმდა ხელშეკრულება, შესყიდულია საპროექტო დოკუმენტაცია და გადახდილია ჯამში, 16 271 ლარი. წარმოდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ პროექტის საფუძველზე განხორციელდა სახელმწიფო შესყიდვა და გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „გზები“, რომელთანაც 1 688 496 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულებაზე გაფორმდა ხელშეკრულება. ამავე დროს, სამუშაოების მიმდინარეობის ეტაპზე, მიმწოდებლის მოთხოვნის საფუძველზე, ხელშეკრულებაში ცვლილება სხვადასხვა მოტივით, ხუთჯერ განხორციელდა. კერძოდ, შეიცვალა მილების სახეობა და პარამეტრები, შემცირებულია სანიაღვრე არხის, სანიაღვრე ჭების და გადახურვის ფილების მოცულობები. აღნიშნული ხარვეზების მიხედვით, შემცირებულია პროექტით გათვალისწინებული ცალკეული სამუშაოს დასახელება და ღირებულება ჯამში, 471 640 ლარს შეადგენს, რაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული მთლიანი სამუშაოების 22%-ია. ანალოგიური ხარვეზებია დაშვებული ქალაქ ბათუმში, ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენისას“.

სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ ქუჩების კეთილმოწყობისა და რეაბილიტაციის სამუშაოების სავარაუდო ღირებულება შეადგენს 3 045 510 ლარს, სამუშაოების მიმდინარეობის ეტაპზე, ხელშეკრულებაში ოთხჯერ განხორციელდა ცვლილება, საბოლოო ფასი განისაზღვრა 2 143 575 ლარით. დოკუმენტაციით დადგინდა, რომ პროექტის მიხედვით გათვალისწინებული სამუშაოები შეუსაბამო აღმოჩნდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ მოცულობებთან. შედეგად, შეიცვალა მიწის ვაკისის, საგზაო სამოსის, ხელოვნური ნაგებობების, მიწისქვეშა კომუნიკაციების სამუშაოების მოცულობები და პარამეტრები. ამასთან, ქალაქ ბათუმში, ცენტრალური პარკის გარე განათების მოწყობის სამუშაოების ხელშეკრულება ითვალისწინებდა 775 000 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულებას, თუმცა პროექტში არსებული ხარვეზების გამო, სატენდერო წინადადებით გათვალისწინებული 638 273 ლარის სამუშაოები ფაქტობრივად არ შესრულებულა.

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურული სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურებისთვის, 77 შემთხვევაში, შემსყიდველის მიერ პროექტის მიმწოდებელზე ბიუჯეტიდან გადახდილია ხელშეკრულებით გათვალისწინებული 265 401 ლარი, თუმცა მიღებულია ხარვეზებით შედგენილი პროექტები და რიგი ინფრასტრუქტურული სამუშაოები დადგენილ ვადებში ვერ იქნა განხორციელებული.

შესყიდვა - არაერთგვაროვანი მიდგომით

სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ ქალაქ ბათუმში, ამორტიზებული ლიფტების დემონტაჟისა და ახალი ელექტრონული ლიფტების მონტაჟის სამუშაოების შესრულებისათვის, კეთილმოწყობის სამმართველოს მიერ, 2020 წელს გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობდა სამი პრეტენდენტი. ორი პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია. მათ შორის, პირველი - არასაკამარისი გამოცდილების მოტივით, მეორე - პრეტენდენტის მიერ ტექნიკური დოკუმენტაცით წარდგენილი ფასი შეადგენდა 533 721 ლარს, სატენდერო წინადადების ფასი - 530 000 ლარს.

„შემსყიდველის მიერ, პრეტენდენტს ეთხოვა ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტება, თუმცა არ დააზუსტა და მიეცა დისკვალიფიკაცია. რაც შეეხება მესამე პრეტენდენტს, მის მიერ შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებული დეტალური ხარჯთაღრიცხვების მიხედვით შესასრულებელი სამუშაოების ფაქტობრივი ღირებულება შეადგენს 547 000 ლარს, ნაერთი ფასების ცხრილის მიხედვით წარმოდგენილია 545 000 ლარი და შეთავაზებული ფასიც შეადგენს 545 000 ლარს. თუმცა, გაირკვა, რომ სატენდერო კომისიას არ უმსჯელია დეტალური ხარჯთაღრიცხვის, ნაერთი ფასების ცხრილისა და შეთავაზების ფასს შორის შეუსაბამობაზე და პრეტენდენტი დაზუსტების მოთხოვნის გარეშე გამოცხადებულია გამარჯვებულად“.

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ ქალაქ ბათუმში, ამორტიზებული ლიფტების დემონტაჟისა და ახალი ელექტრონული ლიფტების მონტაჟის სამუშაოების შესყიდვის პროცესში გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენა, არაერთგვაროვანი მიდგომით განხორციელდა.

ავტორი: მაკა რუხაძე