„დასაქმება ისტორიულ მაქსიმუმზეა, თითქმის ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს!“ - ირაკლი ღარიბაშვილი

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი წლიური ანგარიშით პარლამენტში 30 ივნისს წარსდგება. ეს მისი რიგით მესამე წლიური მოხსენება იქნება და უკვე ცნობილია, რომ პრემიერს საკმაოდ მწვავე კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა. წლიური ანგარიში, რომელშიც დეტალურადაა ასახული ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური, თავდაცვის, უსაფრთხოების საკითხები, საკანონმდებლო ორგანოში უკვე გადაგზავნილია. მართალია, ღარიბაშვილის პარლამენტში გამოსვლამდე 23 დღეა დარჩენილი, თუმცა 5 ივნისის მთავრობის სხდომაზე, წლიური ანგარიშის რამდენიმე დეტალი ფართო აუდიტორიისთვისაც გახდა ცნობილი. მაგალითად, უკვე გადაწყვეტილია, რომ მთავრობა უკვე მუშაობს თანამედროვე, საერთაშორისო კლასის ახალი აეროპორტის მშენებლობაზე, რომელიც რეალურად შეიძლება გახდეს ჰაბი. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ამ მიზნით, თბილისში, იდეალური ადგილი ვაზიანის ყოფილი აეროდრომია. გარდა ამისა, ზუსტად ვიცით, რომ 2024 წელს, მსოფლიო ტურიზმის დღე საქართველოში აღინიშნება. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შემთხვევითი არ არის და სიმბოლურია, რომ ტურიზმის დღის მთავარი თემა იქნება მშვიდობა და ტურიზმი. მისივე თქმით, სიმბოლურია, რომ ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩასატარებლად, სწორედ ჩვენი ქვეყანა - საქართველო აარჩიეს. ახლა კი, ის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ასპექტები განვიხილოთ, რომლებზეც პრემიერ-მინისტრი ვრცლად, 30 ივნისს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრებს.

 

პრემიერის განცხადებით, ეკონომიკური ზრდა გვაქვს საკმაოდ მაღალი, რადგან აპრილში გვქონდა 7.5%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც მიმდინარე, ძალიან რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, ძალიან დამაიმედებელი, კარგი და პოზიტიური პროგნოზია. იანვარ-აპრილში, საქართველოს ეკონომიკური ზრდა გამოდის 7.3%, რაც ერთ-ერთი სამაგალითოა მთელ მსოფლიოში. პრემიერისვე თქმით, აპრილში ექსპორტის მოცულობა 20%-ით გაიზარდა:

„ასევე, მინდა გითხრათ, რომ წლის პირველ კვარტალში, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლების ზრდამ 100%-ს გადააჭარბა. ზრდა ფიქსირდება მშენებლობის სექტორში, საფინანსო, სადაზღვევო საქმიანობის, ტრანსპორტის, დასაწყობების, ინფორმაციის, კომუნიკაციის სექტორებში. ზოგადად, მთლიანობაში, ძალიან პოზიტიური დინამიკა გვაქვს, რასაც, რა თქმა უნდა, შენარჩუნება სჭირდება. ამის პირველი, მთავარი განმაპირობებელი არის ის მშვიდობიანი პერიოდი, რაც ჩვენ გვაქვს ქვეყანაში. მშვიდობა არის ამის მთავარი საფუძველი და ჩვენი სწორი პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი მთავრობა ახორციელებს.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პირველ კვარტალში, ბიზნეს-სექტორში ბრუნვა საკმაოდ გაზრდილია. ფაქტები მინდა მოვიყვანო: პირველ კვარტალში, დაახლოებით, 15%-ითაა გაზრდილი ბიზნეს-სექტორის ბრუნვა, რამაც შეადგინა 44 მილიარდი ლარი. რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ პასუხობს იმას, რაც გითხარით და პირდაპირ არის ასახული ყველაფერზე. ასევე, გამოშვების ზრდაში, ზოგადად, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ვაჭრობის ზრდამ, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, მშენებლობის, განთავსების საშუალებების და ა.შ. ყველა მიმართულებით გვაქვს პოზიტიური დინამიკა“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის სხდომაზე, ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა ქვეყანაში სამუშაო ადგილების ზრდაზე. მისი თქმით, პირველ კვარტალში, სამუშაო ადგილების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა - 42 000-ით მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა და 716 000 შეადგინა, რაც პირველ კვარტალში, ბიზნეს-სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის რეკორდული მაჩვენებელია:

„მათ შორის, 2020 წელს, ჩვენ გვქონდა პირველი კვარტლის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი. მაშინ ჯერ კიდევ არ იყო პანდემიის ეფექტი ასახული და მხოლოდ 31 000 იყო. 2020 წელს, ეს რაოდენობა ითვლებოდა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი. ახლა, სულ ორი წლის შემდეგ, 42 000-ით მეტი გვაქვს მატება პირველ კვარტალში, დასაქმების მიმართულებით. ასე, რომ ეს ძალიან სასიხარულო ინფორმაციაა“.

მისივე თქმით, უმუშევრობა და სიღარიბე ისტორიულ მინიმუმზეა. ღარიბაშვილის განცხადებით, ამის თაობაზე, მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა წინა კვირას იმსჯელა. გარდა ამისა, სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურმა - „საქსტატმაც“ გამოაქვეყნა ახალი მონაცემები, რომლითაც დასტურდება, რომ დასაქმება ისტორიულ მაქსიმუმზეა. ღარიბაშვილის თქმით, შეიძლება ითქვას, რომ უმუშევრობა შემცირდა და ისტორიულ მინიმუმზეა ისევე, როგორც სიღარიბე შემცირდა:

„2012 წელთან შედარებით, თითქმის, ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს. 1 100 000 ადამიანი  იყო სიღარიბის ზღვარს ქვემოთ 2012 წელს, როცა ჩვენ ჩავიბარეთ ხელისუფლება და ახლა განახევრებულია ეს მაჩვენებელი. შედარებისთვის, 2010 წელს, უმუშევრობის დონე იყო 27%, ახლა 17%-ზეა ჩამოსული და ათ წელიწადში, ამხელა პროგრესია. თუ არ ვცდები, სიღარიბის მაჩვენებელი 37-38%-ზე იყო 2010-2011 და 2012 წლებში. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი მხოლოდ სიტყვები კი არ არის, გამყარებულია ფაქტებით“.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სიღარიბის დონემ 15.6%-ს მიაღწია, რაც ჯერ კიდევ დიდი პრობლემაა, მაგრამ ეს მაჩვენებელი ისტორიული მინიმუმია. მისივე თქმით, მაღალი ინფლაციის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, მოკლე ვადით, მიზნობრივ დონეზე მეტად შემცირებული ინფლაცია, გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების დამატებით, სიტუაციას დაასტაბილურებს:

„რაც შეეხება ინფლაციას, მოგეხსენებათ, რომ ეს ერთ-ერთი, მთავარი გამოწვევა იყო ჩვენი მთავრობისა და არა მხოლოდ ჩვენი მთავრობის, ზოგადად, მთავრობების და მთელი მსოფლიოს ეკონომიკის. ინფლაციის დონემ მაისში შეადგინა 1.5%, რაც ძალიან კარგია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მაღალი ინფლაციის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, ეს ანუ მოკლე ვადით, მიზნობრივ დონეზე მეტად შემცირებული ინფლაცია, გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების დამატებით, სიტუაციის ნორმალიზებას შეუწყობს ხელს. აქვე, შედარებისთვის მინდა გითხრათ, რომ თუ შევხედავთ რეგიონს, ან ევროპის ქვეყნების ავიღებთ, იქ ჯერ კიდევ ორნიშნა ინფლაცია აქვთ. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ლიტვაში 15%-მდეა ინფლაციის დონე, პოლონეთში - 14.7%, ჩეხეთში - 12.7%, ბულგარეთში - 12%, რუმინეთში - 11%. ჩვენს სამეზობლოშიც საკმაოდ მაღალია ინფლაცია, ცენტრალური აზიის ქვეყნებში, მაგალითად, ყაზახეთში - 16.8% და ა.შ.

ჩვენთან, როგორც მოგახსენეთ, მაისში - 1.5% არის ინფლაციის დონე, რაც ძალიან კარგია და ეს პირდაპირ იმის დადასტურებაა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ, ჩვენმა მთავრობამ სწორი პოლიტიკა გაატარა. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება შენარჩუნება. ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები, რომლებიც შეეხებოდა, თუნდაც მედიკამენტების ფასების შემცირებას, საწვავის ფასების შემცირებას, სურსათზე ფასები შემცირებას, ეს ყველაფერი აისახა საერთო კალათაში. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება კიდევ უფრო მეტი მუშაობა და მეტი კოორდინაცია, მეტი კონტროლიც და მონიტორინგიც. მაგალითისთვის გეტყვით, რომ როდესაც ახლა, მოლდოვაში ვიყავით შეკრებაზე, რამდენიმე ქვეყნის ევროპულ ლიდერთან მქონდა საუბარი ინფლაციის დონეზე. როდესაც მკითხეს რამდენი იყო ჩვენთან მიმდინარე ინფლაცია, მათთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, ევროკავშირის წევრი ქვეყნები განიხილავენ ახლა, ჯერ არ არის საბოლოოდ გადაწყვეტილი, მაგრამ განიხილავენ სურსათის ფასებზე ფიქსირებული განაკვეთების დაწესებას, ე.წ. დაქეფვას. ჩვენ დაველოდებით ამ გადაწყვეტილებას, დავამუშავებთ მათ მაგალითებს და ვნახავთ, შევხედავთ ჩვენთან მიმდინარე ტენდენციას. თუმცა, როგორც ვიცი, მას შემდეგ, რაც ჩვენ დავიწყეთ ეს კამპანია და საუბრები გვქონდა არაერთ იმპორტიორთან, დისტრიბუტორთან, ფასები წამოსულია საგრძნობლად. ეს ყველაფერი ჰაერიდან არ მოსულა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აისახა ეკონომიკაზე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

ავტორი-მაკა რუხაძე