ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა - რა სიახლეებზე ისაუბრა პრემიერმა

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ეკონომიკური ზრდა გვაქვს საკმაოდ მაღალი, ჩვენ აპრილში გვქონდა 7.5 % ეკონომიკური ზრდა, რაც მიმდინარე ძალიან რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე არის ძალიან დამაიმედებელი, ძალიან კარგი და ძალიან პოზიტიური. იანვარ-აპრილში ჩვენი ეკონომიკური ზრდა გამოდის 7.3 %, რაც ერთ-ერთი სამაგალითოა მთელ მსოფლიოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, რომ აპრილში 20%-ით არის გაზრდილი ექსპორტის მოცულობა.

„ასევე მინდა გითხრათ, რომ აპრილში 20%-ით არის გაზრდილი ექსპორტის მოცულობაც და წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლების ზრდამ 100%-ს გადააჭარბა. ზრდა ფიქსირდება მშენებლობის სექტორში, საფინანსო, სადაზღვევო საქმიანობის, ტრანსპორტის, დასაწყობების, ინფორმაციის, კომუნიკაციის სექტორებში. ზოგადად მთლიანობაში ძალიან პოზიტიური დინამიკა გვაქვს და რა თქმა უნდა, ამას სჭირდება შენარჩუნება. ამის პირველი, მთავარი განმაპირობებელი არის ის მშვიდობიანი პერიოდი რაც ჩვენ გვაქვს ქვეყანაში. მშვიდობა არის ამის მთავარი საფუძველი და ჩვენი სწორი პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი მთავრობა ახორციელებს.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბიზნესსექტორში ბრუნვა პირველ კვარტალში საკმაოდ გაზრდილია. ფაქტები მინდა მოვიყვანო, 15%-ით არის დაახლოებით გაზრდილი ბიზნესსექტორის ბრუნვა პირველ კვარტალში და შეადგინა 44 მლრდ ლარი, რაც რა თქმა უნდა, პირდაპირ პასუხობს იმას, რაც გითხარით და პირდაპირ არის ასახული ყველაფერზე.

ასევე, გამოშვების ზრდაში ზოგადად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ვაჭრობის ზრდამ, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, მშენებლობის, განთავსების საშუალებების და ა.შ. ყველა მიმართულებით გვაქვს პოზიტიური დინამიკა,“- განაცხადა პრემიერმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მაღალი ინფლაციის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, მოკლე ვადით მიზნობრივ დონეზე მეტად შემცირებული ინფლაცია, გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების დამატებით ნორმალიზებას შეუწყობს ხელს.

„რაც შეეხება ინფლაციას. მოგეხსენებათ, რომ ინფლაცია ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო ჩვენი მთავრობის და არა მხოლოდ ჩვენი მთავრობის, მთავრობების და ზოგადად, მთელი მსოფლიოს ეკონომიკის. ინფლაციის დონემ მაისში შეადგინა 1.5%, რაც ძალიან კარგია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მაღალი ინფლაციის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, ეს მოკლე ვადით მიზნობრივ დონეზე მეტად შემცირებული ინფლაცია, გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების დამატებით ნორმალიზებას შეუწყობს ხელს. აქვე, შედარებისთვის მინდა გითხრათ, რომ თუ შევხედავთ რეგიონს, ან ევროპის ქვეყნების ავიღებთ, იქ ჯერ კიდევ ორნიშნა ინფლაცია აქვთ. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ლიტვაში 15 %-მდე არის ინფლაციის დონე, პოლონეთში - 14.7%, ჩეხეთში - 12.7%, ბულგარეთში - 12%, რუმინეთშიც ანალოგიურად - 11%. ჩვენს სამეზობლოშიც საკმაოდ მაღალია ინფლაცია, ცენტრალური აზიის ქვეყნებში, მაგალითად ყაზახეთში - 16.8% და ა.შ. ჩვენთან, როგორც მოგახსენეთ, მაისში 1.5% არის ინფლაციის დონე, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია და ეს პირდაპირ არის დადასტურება იმისა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ, ჩვენმა მთავრობამ სწორი პოლიტიკა გაატარა. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება შენარჩუნება. ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები, რომელიც შეეხებოდა, თუნდაც მედიკამენტების ფასების შემცირებას, საწვავის ფასების შემცირებას, სურსათზე ფასები შემცირებას, ეს ყველაფერი აისახა საერთო კალათაში. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება კიდევ უფრო მეტი მუშაობა და მეტი კოორდინაცია, მეტი კონტროლიც და მონიტორინგიც. მაგალითისთვის გეტყვით, რომ მოლდოვაში როდესაც ვიყავით ახლა შეკრებაზე, რამდენიმე ქვეყნის ევროპულ ლიდერთან მქონდა საუბარი ინფლაციის დონეზე. როდესაც მკითხეს რამდენი იყო ჩვენთან მიმდინარე ინფლაცია, მათთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, ევროკავშირის წევრი ქვეყნები განიხილავენ ახლა, ჯერ არ არის საბოლოოდ გადაწყვეტი, მაგრამ განიხილავენ სურსათის ფასებზე ფიქსირებული განაკვეთების დაწესებას, ე.წ. დაქეფვას. ჩვენ დაველოდებით ამ გადაწყვეტილებას, დავამუშავებთ მათ მაგალითებს და ვნახავთ, შევხედავთ ჩვენთან მიმდინარე ტენდენციას. მაგრამ, როგორც ვიცი, მას შემდეგ, რაც ჩვენ დავიწყეთ ეს კამპანია და საუბრები გვქონდა არაერთი იმპორტიორებთან, დისტრიბუტორებთან, ფასები წამოსულია საგრძნობლად. ეს ყველაფერი ჰაერიდან არ მოსულა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აისახა“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, 15.6%-ს მიაღწია სიღარიბის დონემ, რაც ჯერ კიდევ არის დიდი პრობლემა, მაგრამ ისტორიული მინიმუმია.

„სიღარიბე არის ისტორიულ მინიმუმზე 15.6%-ს მიაღწია სიღარიბის დონემ, რაც რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ არის დიდი პრობლემა, მაგრამ ისტორიული მინიმუმია. და როგორც უკვე აღნიშნა ბატონმა ლევანმა, ყველამ კარგად ვიცით, თითქმის ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა 2012 წელთან შედარებით დააღწია თავი სიღარიბეს, 1 100 000 ადამიანი იყო სიღარიბის ზღვარს ქვემოთ 2012 წელს, როცა ჩვენ ჩავიბარეთ ხელისუფლება და განახევრებულია ეს მაჩვენებელი,“- განაცხადა პრემიერმა. 

პრემიერის თქმით, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს დღეს დედაქალაქში თუ ქალაქებში თუ რაიონებში არსებული ავტოსადგურები, ეს ყველაფერი ძალიან მალე უნდა მოწესრიგდეს და წლის ბოლოდან დაიწყება ეს პროცესი.

„გახსოვთ, წინა კვირას ჩვენ დავაანონსეთ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა. ჩვენ ამის თაობაზე ბატონი ლევან დავითაშვილიც გესაუბრათ. ეს რეფორმა შეეხება საავტომობილო, სამგზავრო გადაყვანას ქვეყნის შიგნით. ეს სფერო არის მოსაწესრიგებელი. დამეთანხმებით, რომ ყველგან პრობლემებია, თუნდაც ავტოსადგურების მიმართულებით. ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს დღეს დედაქალაქში თუ ქალაქებში თუ რაიონებში არსებული ავტოსადგურები. ამას სჭირდება სპეციალური სტანდარტების შემოტანა. ჩვენ გადმოგვაქვს ევროპული სტანდარტები. ჩვენ რა თქმა უნდა, მივცემთ გონივრულ ვადებს ამ ავტოსადგურების მფლობელებს. ასევე, გადამყვან კომპანიებს თუ ცალკეულ ინდივიდებს, ფიზიკურ პირებს. აუცილებელია, რომ ჩვენი ხალხის გადაყვანა, მგზავრობა იყოს კომფორტული და უსაფრთხო. აქ ეკოლოგიაზეც არის საუბარი. მაგალითისთვის გეტყვით, რომ, ხალხის გადაყვანა ხდება ე.წ. სამარშრუტო ტაქსებით, რომელიც ხშირ შემთხვევაში არის გადაკეთებული, რაც რა თქმა უნდა, არ არის უსაფრთხო და მეორეს მხრივ, ძალიან არაკომფორტულია. მე პირველ რიგში, უსაფრთხოებაზე მინდა გავაკეთო აქცენტი. უსაფრთხოებაზე და შემდეგ კომფორტზე. ამიტომ, ამ მიმართულებით ჩვენ დავიწყეთ უკვე მუშაობა. ეს ყველაფერი აღირიცხება, უნდა იყოს მოწესრიგებული, უნდა ჩანაცვლდეს, უნდა იყოს თანამედროვე სტანდარტების სამარშრუტო ტაქსები და ეს ყველაფერი ძალიან მალე უნდა მოწესრიგდეს, სულ რაღაც წელიწად-ნახევარში და წლის ბოლოდან დაიწყება ეს პროცესი “, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, უმუშევრობა და სიღარიბე ისტორიულ მინიმუმზეა.

„იცით, რომ წინა კვირას ამის თაობაზე ჩვენს ეკონომიკურ გუნდს ქონდა საუბარი, ასევე სტატისტიკის დეპარტამენტმაც გამოაქვეყნა ამის თაობაზე მონაცემები, დასაქმება არის ისტორიულ მაქსიმუმზე, შეიძლება ასე ითქვას, უმუშევრობა არის შემცირებული, ისტორიულ მინიმუმზე, ისევე როგორც სიღარიბე არის შემცირებული და არის ჩამოსული ისტორიულ მინიმუმზე,“- განაცხადა პრემიერმა.

ასევე, პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის თავმჯდომარეს ზურაბ პოლოლიკაშვილს, ეკონომიკის სამინისტროს  მადლობა გადაუხადა.

„გადაწყდა, რომ 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღე აღინიშნება საქართველოში, რაც რა თქმა უნდა, ძალიან მისასალმებელი გადაწყვეტილებაა, მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ბატონ ზურაბ პოლოლიკაშვილს და ყველას, ვინც ჩართული იყო აი ამ პროცესში, ეკონომიკის სამინისტროს და ყველას. ჩვენ ღირსეულად ვუმასპიძლებთ ძალიან ბევრი ქვეყნის დელეგაციას. შემთხვევითი არ არის და სიმბოლურია, რომ ტურიზმის დღის მთავარი თემა იქნება მშვიდობა და ტურიზმი და სიმბოლურია, რომ სწორედ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქალაქი იქნა არჩეული ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩასატარებლად. ამის თაობაზე მინდოდა მესაუბრა. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მე თავში განვაცხადე, ეს არის ახალი აეროპორტის მშენებლობა. ჩვენ ორი ოპცია გვაქვს, როგორც აღვნიშნე. ერთი, არსებულის გაფართოება, მაგრამ მეორე, ახლის აშენება, თავიდანვე სწორედ დაპროექტებული, სწორედ დაგეგმილი და გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი. აი ამ ორივე ვარიანტს დავამუშავებთ და შემდეგ, მოგვიანებით, გადაწყვეტილებას გაცნობებთ“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ჩვენ გადავწყვიტეთ 154 ახალი ავტობუსის შეძენა, რომელშიც ჩვენ გადავიხდით 53 მილიონ ლარს. ეს იქნება 8 მეტრიანი Isuzu-ს მარკის თანამედროვე, ევრო5-ის სტანდარტის ავტობუსები, რომლების რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას მოემსახურებიან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა

პრემიერის თქმით, გადავწყვიტეს 154 ახალი ავტობუსის შეძენა, რომელშიც  53 მილიონ ლარს გადაიხდიან.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური სიახლე მინდა ვაცნობო ჩვენს მოსახლეობას, განსაკუთრებით, რეგიონებში მცხოვრებ ჩვენს ხალხს. ჩვენ გადავწყვიტეთ 154 ახალი ავტობუსის შეძენა, რომელშიც ჩვენ გადავიხდით 53 მილიონ ლარს. ეს იქნება 8 მეტრიანი Isuzu-ს მარკის თანამედროვე, ევრო5-ის სტანდარტის ავტობუსები, რომლების რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას მოემსახურებიან. წლების განმავლობაში, მოგეხსენებათ, რომ არსებული შიდა საქალაქო გადაადგილება იყო დაკავშირებული პრობლემებთან და ამიტომ, ეს პროცესი მიმდინარეობს. ჩვენ კიდევ ვაპირებთ დამატებითი ავტობუსების შეძენას, რომ კიდევ უფრო მეტად კომფორტული იყოს გადაადგილება ჩვენი ხალხისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.