გაძვირდება თუ არა პური

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

10 ივნისიდან, იმპორტირებულ ფქვილზე საიმპორტო გადასახადი დაწესდება. მართალია, ახალი რეგულაცია მხოლოდ ხუთი თვის მანძილზე იმოქმედებს, მაგრამ საზოგადოების ნაწილი აღშფოთებულია და ფიქრობს, რომ ამის გამო, შესაძლოა, პური გაძვირდეს. სამაგიეროდ, გამორიცხული არაა, მზესუმზირის ზეთი გაიაფდეს, რადგან რუსული მზესუმზირის ზეთზე საექსპორტო გადასახადი ივნისში განულდება. არადა, მაისში, 1 ტონა ზეთზე ეს გადასახადი 1.122 რუბლი ანუ 14 აშშ დოლარი იყო.

 

რატომ შევა ძალაში 10 ივნისიდან იმპორტირებულ ფქვილზე საიმპორტო გადასახადი? ირკვევა, რომ საქართველოს ხორბლის მწარმოებელთა ასოციაცია და ფერმერები, თურმე, დიდი ხანია, ხელისუფლებისგან ამ გადაწყვეტილების მიღებას ითხოვდნენ. ასოციაციის ხელმძღვანელის, ლევან სილაგავას განცხადებით, ამ გადაწყვეტილების საშუალებით, წისქვილები შეუფერხებლად შეძლებენ მუშაობას, ხოლო ადგილობრივი ფერმერები - პროდუქციის რეალიზაციას და რაც მთავარია, ახალი მოსავლის მიღებაზე ფიქრს. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ გადაწყვეტილებაში ისაა, რომ პური არ გაძვირდება.

„თავისი არსით, ეს გადაწყვეტილება შესაბამისობაშია იმასთან, რასაც დიდი ხანია, ვითხოვდით. მოგეხსენებათ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც წისქვილების მუშაობა, ასევე, ადგილობრივი ხორბლის მიღება, რაც მემარცვლე ფერმერებს უჩენს მოტივაციას, სამომავლოდ ისევ მოიყვანონ ხორბალი. პურის ფასი კი დაზღვეულია. ასე რომ, ბიზნესის ნაწილში, ეს სამმხრივად სასარგებლო გადაწყვეტილება გახლავთ. მოსახლეობისთვისაც სასარგებლო გადაწყვეტილებაა, რადგან გიმეორებთ, ამ რეგულაციაში პურის ფასის გადაზღვევის მექანიზმი ჩადებულია. 1 ტომარა ფქვილის ფასი 52 ლარის ფარგლებში იქნება და ეს ფასი სწორად ჯდება კალკულაციაში, რათა პური არ გაძვირდეს, ხოლო წისქვილებმა მუშაობის გაგრძელება შეძლონ“, - აღნიშნა ლევან სილაგავამ.

მისი თქმით, ადგილობრივი ფერმერები შეძლებენ, საკუთარი ხორბალი ადეკვატურ ფასად გაყიდონ. მთლიანობაში, რეგულაციის მოქმედების დრო ანუ ხუთი თვე, ზუსტად ახალი მოსავლის მიღებამდე პერიოდია. ლევან სილაგავა ამბობს, რომ ხუთი თვის შემდეგ, შესაძლოა, რეგულაცია გაგრძელდეს, რაც დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორი მოსავალი გვექნება.

„გარდა ამისა, საგადასახადო რეჟიმი, რომელიც აქამდე უსამართლო იყო, ფაქტობრივად, გამოსწორდა. სწორედ ეს არის მექანიზმი, რომლითაც სახელმწიფო, მსოფლიოში, ხორბლის ბაზარზე არსებულ კონიუნქტურას უპასუხებს. ჩვენ არასდროს მოგვითხოვია, რომ სასათბურე პირობები გვქონოდა, უბრალოდ, გასასწორებელი იყო გადახდის რეჟიმი, რომელიც გასწორდა და ახლა უკვე მუშაობს შეჯიბრებითობის პრინციპი“, - აცხადებს ლევან სილაგავა.

რაც შეეხება პურისა და პურ-პროდუქტების შესაძლო გაძვირებას, ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ამ ეტაპზე, პური - არა, მაგრამ შესაძლოა, სხვა პურ-პროდუქტები გაძვირდეს, თუმცა გაძვირება დრამატული ნამდვილად არ იქნება:

„რასაკვირველია, პურ-პროდუქტები გაძვირდება, თუმცა ჯერ არა - ახალი რეგულაცია ძალაში 10 ივნისიდან შევა. მანამდე, ფქვილი ახლაც შემოდის და საკმაოდ დაბალ ფასად, რაც ხელოვნურია, თუმცა ბაზარი გაჯერებულია და მარაგების გაკეთება შესაძლებელია. არ მგონია, რომ ეს ახალი გადაწყვეტილება დრამატულად აისახება, თუმცა სხვა სახის პურ-პროდუქტები, კერძოდ, ტორტი, ნამცხვარი, ავსტრიული და გერმანული პური პირველადი დანიშნულების პროდუქცია არ გახლავთ. შესაძლოა, სწორედ ეს პროდუქტები გაძვირდეს, მაგრამ ძალიან მცირედით“, - დააზუსტა ლევან სილაგავამ.

პურის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, ამჟამად მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, სოციალურ პურზე ფასი არ გაიზრდება:

„როდესაც ეს იდეა გაჩნდა და კონკრეტულმა ასოციაციებმა მოთხოვნა დააყენეს იმპორტირებულ ფქვილზე საიმპორტო გადასახადი დაწესებულიყო, უნდა ითქვას, რომ სამთავრობო უწყებები ხაზგასმით იცავდნენ პოზიციას, რომ პური არ უნდა გაძვირებულიყო. ჩვენ მაშინ ვთქვით, რომ ერთი ტომარა ფქვილის ფასის ოპტიმალური ფასი 50 ლარი უნდა ყოფილიყო, მეხორბლეები კი 55 ლარს ასახელებდნენ, თუმცა საბოლოოდ, 52 ლარზე შევჯერდით. ჩვენ ვიცით, რომ დროებითი გადასახადი დაწესდება და ეს იქნება, დაახლოებით, 200 ლარის ფარგლებში, 1 ტონაზე. რომ გადავიანგარიშოთ, ეს გადასახადი 1 ტომარაფაქვილზე, დაახლოებით, 51-52 ლარია და შესაბამისად, ახალი რეგულაცია პურის ფასზე არ აისახება“, - განმარტა მალხაზ დოლიძემ.

მისი თქმით, გასაგებია, რომ ადგილობრივი წარმოების განვითარება აუცილებელია, თუმცა აქამდე, პურის ქარხნებს მეტი მოგება რჩებოდათ, თანაც საკმაოდ მოკლე დროში. პარალელურად, პურის ქარხნებს უჩნდებოდათ შანსი, ეს მოგება ისევ წარმოებაში ჩაებრუნებინათ და ქარხნები განევითარებინათ:

„მით უფრო, რომ სულ მალე, ჩვენთან HACCP-ის სტანდარტი უნდა დაინერგოს. თუმცა, მთავრობამ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. ჯერჯერობით, ჩვენი ქვეყანა სრულად თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე არაა გადასული, არადა, ჯერ ამაზე უკეთესი, არავის არაფერი მოუგონებია. თავისუფალ პირობებში გაქვს, როგორც ფასის, ასევე ხარისხის არჩევანის საშუალება“, - აცხადებს მალხაზ დოლიძე.

 

ავტორი-მაკა რუხაძე