რატომ ტოვებს პარლამენტს ირაკლი კოვზანაძე

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ცვლილებები საკანონმდებლო ორგანოში

პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტურია. ჯერ კიდევ მოქმედმა თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადება უკვე დაწერა, რომელიც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს განსახილველად გადაეცა. თუმცა, ირაკლი კოვზანაძე ერთადერთი დეპუტატი არ არის, რომელსაც პარლამენტიდან წასვლა სურს, უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დეპუტატობის უფლებამოსილების შეწყვეტას ფრაქცია „ქართული ოცნეის კიდევ ორი წევრი - დავით სერგეენკო და ვლადიმერ ჩაჩიბაია გეგმავს.

 

ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ, გააქტიურდა ხმები ხელისუფლების ორ - აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოში მოსალოდნელ ცვლილებებზე. თავად განსაჯეთ, კანონპროექტის განხილვას, რომლის ინიციატორი ოფიციალურად, „ქართული ოცნება“ არ ყოფილა, ლამის, სახელმწიფო გადატრიალება მოჰყვა. მართალია, აგენტების შესახებ კანონპროექტი ხელისუფლებამ უკან გაიწვია, მაგრამ ეს ფაქტი მშვიდად რომ არ ჩაივლიდა, ცხადზე უცხადესი იყო. ამას „ქართული ოცნების“ ლიდერშიფის განცხადებებიც მოწმობს, რომ ამ პროცესმა ანუ კანონპროექტის განხილვამ და შემდეგ უკან გაწვევამ გაცილებით დიდი საქმე გააკეთა, ვიდრე მის მიღებას უნდა მოჰყოლოდა.

არის ამ განცხადებაში რკინისებური ლოგიკა, რადგან პრემიერ-მინისტრმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი შეცვალა და პარალელურად, დეპუტატობის უფლებამოსილების შეწყვეტა ითხოვეს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ იმ წევრებმა - ირაკლი კოვზანაძემ (ოფიციალურად), დავით სერგეენკომ და ვლადიმერ ჩაჩიბაიამ (არაოფიციალურად), რომლებმაც ყბადაღებული კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვას მხარი არ დაუჭირეს.

ვიდრე „ვერსიის“ წყაროს ინფორმაციას გაგაცნობდეთ, თუ რატომ მიიღო ირაკლი კოვზანაძემ ასეთი გადაწყვეტილება და უკავშირდება თუ არა პარლამენტიდან წასვლა კანონპროექტის განხილვას, ვნახოთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის კომენტარი, რომელიც ამ ფაქტს უკავშირდება:

„ბატონ ირაკლის ჰქონდა სურვილი, თავის პროფესიას დაბრუნებოდა, რომელშიც იცით, რომ საკმაოდ დიდხან წარმატებულად მოღვაწეობდა, ამიტომ ეს გახდა ძირითადი მიზეზი. მე მქონდა მასთან საუბარი გასულ კვირას და სწორედ ეს სურვილი იყო განმაპირობებელი. კიდევ ერთხელ, ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენი გუნდის ყოველი წევრი, იქნება ეს გადანაცვლება, თუ ასე შემდეგ, თავადაც ისაუბრებს და დროულად გაიგებთ ყველა ინფორმაციას“.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კოვზანაძე პროფესიით მათემატიკოსი, ეკონომისტი, პოლიტიკოსი და პედაგოგია. წლების მანძილზე, მუშაობდა სხვადასხვა კომერციულ ბანკში. იყო „გაერთიანებული ქართული ბანკის“ გენერალური დირექტორი, მოგვიანებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში - „იბიარდში“ მუშაობდა, იყო „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ 2015-2016 წლებში, ირაკლი კოვზანაძე საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ფინანსური ზედამხედველობის საბჭოს თავმჯდომარე გახლდათ.

ირაკლი კოვზანაძის ბიოგრაფიის რამდენიმე მნიშვნელოვანი და საკვანძო დეტალი ერთადერთი მიზეზით გაგახსენეთ - „ვერსიის“ კონფიდენციალური და კარგად ინფორმირებული წყაროს ინფორმაციით, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე წარდგენილი იყო სებ-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად, მაგრამ სალომე ზურაბიშვილმა მის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა.

„საქართველოს ეროვნული ბანკის“ შესახებ ორგანული კანონის მიხედვით, სებ-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კანდიდატურებს ქვეყნის პრეზიდენტს გააცნობენ, რომელმაც წარდგენილი კანდიდატურებიდან ოფიციალურად უნდა შეარჩიოს სავარაუდო კანდიდატი და პარლამენტს წარუდგინოს დასამტკიცებლად. მხოლოდ ამ პროცედურის შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მომდევნო შვიდი წლის მანძილზე, სებ-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები აირჩევენ, ხმათა უმრავლესობით.

ფაქტია, რომ კომერციულ ბანკებში მუშაობის გარდა, ირაკლი კოვზანაძეს ეროვნულ ბანკში და თვით „იბიარდში“ მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ამიტომ, სრულიად ლოგიკური იყო მისი კანდიადატურა კობა გვენეტაძის პოსტზე, რომელმაც სებ-ის პრეზიდენტობის შვიდწლიანი ვადა უკვე დაასრულა.

„ვერსიის“ წყაროს ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილზე განაწყენებული ირაკლი კოვზანაძე მზადაა, არა მარტო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, არამედ, დეპუტატის მანდატიც დატოვოს. თუ შალვა პაპუაშვილს დავუჯერებთ, რომელიც ამბობს, რომ კოვზანაძე თავის პროფესიას უბრუნდება, გამოდის, რომ ექს-დეპუტატი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის კათედრას უბრუნდება. გავრცელებული ინფორმაციით, სებ-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ექს-მინისტრ ნათია თურნავასაც მოიაზრებენ.

რაც შეეხება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს, ვიდრე საკანონმდებლო ორგანოში, ამ პოსტზე ახალ თავმჯდომარეს დაამტკიცებენ, კომიტეტს, დროებით თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე გაუძღვება.

 ავტორი: მაკა რუხაძე