საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის ანგარიში დადებითად შეაფასეს

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ეროვნული ბანკის 2023 წლის წლიური ანგარიში მოისმინეს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განცხადებით, წლიური ანგარიში “საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” ორგანული კანონის შესაბამისად არის მომზადებული და ეროვნული ბანკის საქმიანობის მიმოხილვას მოიცავს.

„საქართველოს ეროვნული ბანკის 2023 წლის წლიური ანგარიში მოიცავს, როგორც ინფლაციის პროგნოზს, ისე ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს არსებული მიკროეკონომიკური ვითარების მიმოხილვასა და იმ მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტს, რომელსაც ეროვნული ბანკი იყენებს“, -განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას ინფლაციის თარგეტირების რეჟიმით ახორციელებს.

„მონეტარული პოლიტიკა ისე წარიმართება, რომ საშუალოვადიანი პერიოდისთვის ინფლაცია მის მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იყოს და ეს მიზნობრივი მაჩვენებელი არის 3%. ფასების სტაბილურობა არსებითად მიღწეულია“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მან ისაუბრა ეროვნული ბანკის მიერ ფინანსური სისტემის სტაბილურობის შენარჩუნებისა და გამჭვირვალობისთვის გადადგმულ ნაბიჯებზე, ასევე ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებებზე. ნათია თურნავას თქმით, ძლიერი ეკონომიკური ზრდა 2024 წელსაც გრძელდება და 2024 წლის პირველი სამი თვის საშუალო ეკონომიკური ზრდა 7.8%-ია.

მისივე ინფორმაციით, არსებული ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტისა და ტენდენციების ფონზე, გაცვლითი კურსი მყარდებოდა და გამყარებულ პოზიციას ინარჩუნებს. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, საქართველოს ეროვნული ბანკი მუდმივად ახდენს საკუთარი საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაციას.

„საერთაშორისო რეზერვებში მონეტარული ოქროს დამატება სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, რომელიც დაკავშირებულია გლობალურად მომატებულ ინფლაციურ რისკებთან და გრძელვადიან პერიოდში საერთაშორისო რეზერვების მსყიდველობითუნარიანობის დაცვასთან, სწორედ მონეტარული ოქრო არის ყველაზე უსაფრთხო აქტივი, რომელიც გლობალური ინფლაციისგან ჰეჯირების საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ანგარიშის წარდგენის შემდეგ მომხსენებელმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. კომიტეტმა დადებითად შეაფასა განხილული ანგარიში.