ანა ნაცვლიშვილის ქონებრივი დეკლარაცია

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„მარცხდება „ქართული ოცნება“ და როგორც ყველა ბოროტ ძალას სჩვევია, გადაწყვიტა, თავის მარცხში გაიყოლოს მთელი ქვეყანა. ეს არ გამოუვათ! რუსული კანონი შემოიტანეს თავიდან იმიტომ, რომ ეს ქვეყანა საბოლოოდ მიაჯაჭვონ რუსეთს მაშინ, როდესაც თქვენ, ჩვენ და ამ ქვეყნის ყველა, საღად მოაზროვნე მოქალაქეს ძალიან მკაფიოდ აქვს გაკეთებული და გაცხადებული არჩევანი“, - ასე აფასებს „ლელოს“ წევრი, პარლამენტის დეპუტატი, ანა ნაცვლიშვილი „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახალ განხილვას საკანონმდებლო ორგანოში.

ამ სტატიაში კანონპროექტის ავკარგიანობაზე არ ვისაუბრებთ, მაგრამ ჩემი, როგორც ჟურნალისტის და ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქის აზრი თუ გაინტერესებთ, დაუფარავად გეტყვით - „უცხოელი აგენტების“ გამოვლენა და ქვეყნის არეულობის მიზნით, უკანონოდ გადმორიცხული ნებისმიერი ტრანზაქციის სახელმწიფო კონტროლი ამ ყბადაღებული კანონპროექტის გარეშეც შესანიშნავად შეიძლება. ამიტომ, დღეს ანა ნაცვლიშვილის ქონებრივი დეკლარაცია განვიხილოთ და ვნახოთ, როგორ ცხოვრობს საკმაოდ მდიდარი მშობლების იურისტი და ახლა უკვე პოლიტიკოსი შვილი.

ბიოგრაფია
ვიდრე დეკლარაციას განვიხილავთ, ჯერ ბიოგრაფია გავიხსენოთ. ანა ნაცვლიშვილი დაიბადა 1984 წლის 31 დეკემბერის. იურისტი და პოლიტიკოსი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე (2014-2017 წლებში), საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანი (2018 წლის 9 იანვარიდან 2018 წლის 18 დეკემბრამდე), - ასე ახასიათებს „ვიკიპედია“ ანა ნაცვლიშვილს.
2006 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი, 2007 წელს მიენიჭა ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის (უნგრეთი) სამართლის მაგისტრის წოდება, ხოლო 2013 წელს ესექსის (დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის წოდება.
2007-2008 წლებში, სტაჟირება გაიარა დიდ ბრიტანეთში, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაში „მე-19 მუხლში“ და სამხრეთ აფრიკაში, კვაზულუ-ნატალის უნივერსიტეტის სამართლის კლინიკაში.
2008-2011 წლებში მუშაობდა საქართველოში, უფლებადაცვით ორგანიზაციაში - „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ და საერთაშორისო ორგანიზაციის „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ სამხრეთ კავკასიის ოფისში.
2012 წელს მუშაობდა დიდ ბრიტანეთში, ესექსის უნივერსიტეტთან არსებულ გარდამავალი მართლმსაჯულების ქსელში, ხოლო 2013 წელს - ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისში.
2014 წლიდან მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, 2014-2017 წლებში, სამჯერ იქნა არჩეული ამავე ორგანიზაციის თავმჯდომარედ. ამავე პერიოდში, ხელმძღვანელობდა ოცდაათზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციისაგან შემდგარ კოალიციას დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის.
ანა ნაცვლიშვილი იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი (2017), სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კომისიის წევრი (2016-2017), ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მართლმსაჯულების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის კომისიის წევრი (2016).
ანა ნაცვლიშვილი არის საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების თაობაზე არაერთი კვლევისა და პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორი. სხვადასხვა დროს, ექსპერტის რანგში თანამშრომლობდა არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, მათ შორის, გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისსა და ევროპის საბჭოსთან.
მიღებული აქვს მრავალი პროფესიული სტიპენდია და სიგელი. 2017 წელს, მიენიჭა საქართველოს შვიდი უმაღლესი სასწავლებლის მიერ დაწესებული ჯილდო - „წლის უფლებადამცველი“.
2018 წლის 9 იანვარს, დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივნად. საპარლამენტო მდივნის უფლებამოსილებას ასრულებდა 2018 წლის 18 დეკემბრამდე, როდესაც იგი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანდმა, დიმიტრი გაბუნიამ შეცვალა.
2019 წლის 22 დეკემბრიდან, მამუკა ხაზარაძის პარტია „ლელოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრია.
2020 წლიდან არის საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკიდან: „ლელო საქართველოსთვის“.

ქონებრივი დეკლარაცია
ანა ნაცვლიშვილმა ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს, 2024 წლის 29 თებერვალს ჩააბარა. დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ჰყავს მეუღლე - გიორგი ნოზაძე და ორი შვილი - ლაზარე და მარიამი.
დეკლარაციის მიხედვით, ანა ნაცვლიშვილის მეუღლის სახელზე რეგისტრირებულია 102.88 კვ. მეტრი არასაცხოვრებელი ფართი ნუცუბიძის ფერდობზე, რომელიც მისთვის 2016 წელს უჩუქებიათ. ამავე მისამართზე, გიორგი ნოზაძის 100%-იან საკუთრებაშია 91.5 კვ. მეტრი ფართობის ბინა, რომელიც 2016 წელს უჩუქებიათ.
ანა ნაცვლიშვილის სახელზეა რეგისტრირებულ ერთი არასაცხოვრებელი ფართი - სარდაფი და სამი ბინა - ორი თბილისში და ერთი ქუთაისში. ქუთაისის ბინა მისთვის უჩუქებიათ, ხოლო თბილისის ბინებში - ერთი 37 500 აშშ დოლარიმ ხოლო მეორეში - 35 000 აშშ დოლარი გადაუხდია.
გიორგი ნოზაძის სახელზე რეგისტრირებული მსუბუქი ავტომანქანა - 2020 წლის ჯიპი Grand Cheroke, რომელიც 15 000 აშშ დოლარად შეუძენია. დეკლარაციიდანვე ირკვევა, რომ გიორგი ნოზაძეს შვილების სწავლის გადასახადის სახით, 6 150 ლარი გადაუხდია.
რაც შეეხება წლიურ შემოსავალს, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გიორგი ნოზაძის, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოში საელჩოს უსაფრთხოების თანამშრომლის შემოსავალი 42 377 ლარია, ანა ნაცვლიშვილის, როგორც პარლამენტის წევრის - 46 855 ლარი, ხოლო, როგორც საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის - ჯიპა, ლექტორის წლიური შემოსავალი - 8 441 ლარი.

ავტორი-მაკა რუხაძე